You can be on Entrepreneur’s cover!

ჯადოსნურ საახალწლო ბაზრებს თიბისი სტარტაპერი და თიბისი Z მასპინძლობენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საახალწლო სამზადისი სულ უფრო მეტად მძაფრდება, ამ სანუკვარი პერიოდის მოახლოებასთან ერთად ყველა, დიდი თუ პატარა სადღესასწაულო განწყობას იქმნის, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო დროის გატარების მოლოდინში. ცხადია, სტარტაპერი რის სტარტაპერია, ასეთ ამბავს რომ გამოაკლდეს და წელსაც, ტრადიციულად დედაქალაქის რამდენიმე წერტილში, არაჩვეულებრივი საშობაო-საახალწლო ბაზრობების თანამასპინძელი იქნება.

წელს, სტარტაპერის ჩანაფიქრის განხორციელებას, თიბისი Z-იც შეუერთდა და საახალწლო ჯადოქრობა დედაქალაქელებს და თბილისის სტუმრებს მთელი 22 დღის განმავლობაში: ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში დახვდებათ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ის ახალგაზრდა, ამბიციური სტარტაპები, რომლებიც თავიანთ ანტრეპრენერულ გზას ახლა იწყებენ, ამიტომ ვერც Entrepreneur გამოაკლდებოდა ამ მოვლენას და გვსურს უკეთ გაგაცნოთ საშობაო ბაზრობები და მათი მონაწილეები.

თბილისის საშობაო ბაზარი დედაენის ბაღში

24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე, დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები, განსაკუთრებულად მორთული დედაენის ბაღის საშობაო სოფლის მონახულებას შეძლებენ. მონატრებული თავშეყრები, ღია ცის ქვეშ გემრიელი კერძების დაგემოვნება, მუსიკა, გართობა და მხიარულება ისაა, რასაც დედაენის ბაღის საშობაო ბაზრობის სტუმარს უხვად დახვდება. ხანგრძლივი პანდემიური განშორების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება საყვარელი ბენდების და DJ-ების მოსმენა და საახალწლო განწყობის ამაღლება. გარდა ამისა, ამ საშობაო ფუსფუსის ნაწილი იქნება კინოჩვენებები, ატრაქციონები, ზღაპრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად ელოდებიან საყვარელი დღესასწაულის დადგომას. Entrepreneur დედაენის ბაღში გასულ შაბათ-კვირას გამართული ბაზრობის მონაწილეებს ესაუბრა:

Chizzzy - ჩიზზზი - ამ ინოვაციური პროდუქტის იდეა, რომელიც მომხმარებელს აჭარული ხაჭაპურის მარტივ და სწრაფად გამოსაცხობ ალტერნატივას სთავაზობს, სტარტაპერ გიორგი ბოჭორიშვილს გაუჩნდა. „ჩიზზზის" მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 10 წუთში თავისი ხელით მოამზადოს იდეალური აჭარული ხაჭაპური და უამრავი დრო დაზოგოს. ჯერჯერობით სტარტაპის პროდუქციას მხოლოდ ქუჩის „ფუდ-ფესტივალებზე" შეხვდებოდით, იანვრიდან კი მაღაზიებშიც შეძლებთ „ჩიზზზის" აღმოჩენას. საშობაო ბაზარი გვეხმარებაჩიზზზის" გუნდს კომუნიკაცია გვქონდეთ ჩვენს სამიზნე აუდიტორიასთან, მოვახდინოთ პროდუქტის რეალიზაცია და მივიღოთ შეფასება მომხმარებლებისგან", - ამბობს Entrepreneur-თან საუბრისას გიორგი ბოჭორიშვილი, „ჩიზზზის" დამფუძნებელი.

„დამნაშავის ლოგიკა" - ეს არის 6 კაციანი გუნდის მიერ შექმნილი დეტექტიური ჟანრის სამაგიდო თამაში, რომლის თითოეული დეტალი გუნდის წევრების მუშაობის და უზარმაზარი შრომის ნაყოფია. თამაში გაყიდვაში მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ჩაეშვა და უკვე 26 დეკემბრისთვის, „დამნაშავის ლოგიკა" სრულად ამოიყიდა. ამ თამაშით თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი დაინტერესდა და უკვე ბევრი ელოდება ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სტარტაპერის დამსახურებაც არის. ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის და ბედნიერი ვართ, რომ ეს შანსი მოგვეცა", - ამბობს ანანო ჩიხლაძე, „დამნაშავის ლოგიკის" ერთ-ერთი შემქმნელი.


Dreamcatcher – ამ ორიგინალური, ზოდიაქოს ქვებით გაწყობილი ხელნაკეთი „სიზმრის მჭერების" ავტორი დიანა ხარებავაა. დიანა მუშაობს, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ისე მისი საავტორო დიზაინის პროდუქციაზე და მისი „დრიმქეჩერები" ამშვენებს ოთახებისა და მანქანების ინტერიერს. გამოფენა-გაყიდვა მეხმარება საზოგადოებას უფრო კარგად გავაცნო ჩემისიზმრის მჭერები" და მათი ლეგენდები. ასევე მოვიპოვო ცნობადობა და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემი ონლაინ მაღაზიის შესახებ", - ამბობს დიანა Entrepreneur-თან საუბრისას. „სიზმრის მჭერები" ინდიელების ტომებიდან მოდის, რომელთაც მიაჩნდათ, რომ „დრიმქეჩერის" რგოლი სიცოცხლის წრე იყო, ნაქსოვი ბადე კი ცუდ სიზმრებს აკავებდა. ბუმბულების საშუალებით ადამიანამდე მხოლოდ კარგი სიზმრები აღწევდა და ასევე ოცნებების ახდენაში ეხმარებოდა. ზოგ ადამიანს ამ მითების სჯერა, ზოგი კი „სიზმრის მჭერს" უბრალოდ ინტერიერის გასალამაზებლად იყენებს.

ბადირეიშვილი Art - უკვე 5 წელია, რაც ბაზარზე ეს ხელნაკეთი, საავტორო დიზაინის მქონე ნივთების ბრენდი გამოჩნდა. მისი სულისჩამდგმელი ხათუნა ბადირეიშვილი თავად ამზადებს და ხატავს ნივთებს, რომელთა აღმოჩენაც, დედაენის ბაღში, საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ბიზნესისთვის ეს გამოფენა. მე პირადად ვხვდები მომხმარებელს და ვაცნობ ჩემს პროდუქციას, რაც პირდაპირი კომუნიკაციაა ჩემი ხელნაკეთი ნივთების მომხმარებელთან. ხარისხის მიმართ უნდობლობა პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - აცხადებს ხათუნა ბადირეიშვილი.
„დადარი" - სოციალური საწარმო, რომელიც ხის სათამაშოებსა და აქსესუარებს ამზადებს. ქართულ ბაზარზე „დადარი" 2018 წლიდან გამოჩნდა და საკმაოდ დინამიურად ვითარდება. გაფართოვდა მათი ასორტიმენტი, გაიზარდა გუნდი, აშშ-სა და გერმანიის ბაზარზეც შევიდნენ და უკვე მოქმედი გვერდიც აქვთ „ამაზონზე". „დადარის" პროდუქცია ყველა გამოფენაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად უცხოელ ტურისტებს აინტერესებთ, გამოფენები გვეხმარება ჩვენი ცნობადობა უფრო ამაღლდეს ქართულ ბაზარზე. ამ გამოფენებზე უფრო ხელშესახები ხდება ჩვენი პროდუქცია და მომხმარებლები ადგილზე ნახულობენ რამდენად ხარისხიან პროდუქტს ვქმნით", - ამბობს თეონა გეთიაშვილი, „დადარის" მენეჯერი.

ქარავანი ორბელიანის მოედანზე

ორბელიანის მოედანი ერთ-ერთი ხშირი თავშეყრის ადგილი გახდა და ამ მხრივ, ახალი წელიც არ იქნება გამონაკლისი - ჯადოსნური ქარავანი 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ძველი თბილისის უბნებში მოეწყობა და მომხმარებლებს სამეწარმეო ბაზრობასა და სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. „ქარავანი" Windfor's-ის პროექტია, რომელმაც უკვე არაერთხელ უმასპინძლა სტუმრებს ორბელიანის მოედანზე. საშობაო ბაზრობაზე ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანისთვის იქნება წარმოდგენილი კუთხე. გარდა ამისა, სტარტაპებსა და მეწარმეებს დაეთმობათ სივრცე საკუთარი პროდუქტის გაზიარებისთვისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ამასთან, 22-ვე დღის განმავლობაში „ქარავნის" სცენა დაეთმობათ ქართველ მუსიკოსებს, რომლებიც შეეცდებიან მაქსიმალურად ამაღლებული განწყობა შეუნარჩუნონ სტუმრებსა და პროექტის მონაწილეებს. Entrepreneur გაგაცნობთ „ქარავანის" მონაწილეებს:

Dum Dum-დამ დამ - ეს ბრენდი ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ წარმატებით აწარმოებს ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს. პირველი პროდუქტი, რომელიც „დამ დამმა" ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა, ფერადი წელის ჩანთები იყო და სწორედ ეს იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად. ბრენდის საფირმო ნიშანია - ფერადი პრინტები ნაჭრის ქსოვილზე, თუმცა აწარმოებენ ნატურალური ტყავისა და ნაჭრის კომბინაციის ჩანთებსაც. „ჩვენი პროდუქციის გაყიდვის ძირითადი არხები სოციალური ქსელები და ონლაინ პლატფორმებია. პროდუქციის შესაქმნელად დაახლოებით 150-მდე სახეობის პრინტს ვიყენებთ, ამიტომ მომხმარებლისთვის რთულია ონლაინ შერჩევა სასურველი მოდელის, შესაბამისად, ჩვენთვის ბაზრობებზე მონაწილეობის მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება ფიზიკურად გაეცნონ პროდუქტს, შეაფასონ ხარისხი და უკეთ აღიქვან ფერები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ, ბაზრობები ძალიან გვეხმარება ახალი მომხმარებლების მოძიებაში", - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ქეთი ქარსელაძე.

სამეფო თამაში - 2019 წელს სამმა მეგობარმა, მარიამ ალხაზაშვილმა, ლიკა დილევსკაიამ და სალომე ბეჟიტაშვილმა, დააფუძნეს კომპანია „საით", რომელიც მომხმარებელს თბილისში და მიმდებარე რეგიონებში ტურებს სთავაზობდა. აღმოჩნდა, რომ მოგზაურთა მოყვარულებს განსაკუთრებული ინტერესი ხარისხიანი და უნიკალური სუვენირებისკენ იყო მომართული. ბაზრის მოთხოვნის საპასუხოდ, შექმნეს აბრეშუმის ყელსახვევების მოდელები, რომელიც ტურების გავლის პერიოდში დაგროვილი ფოტომასალის მიხედვით შეიმუშავეს. ყელსახვევებზე ასახულია მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის სადარბაზოების ფოტომასალები. მოგვიანებით, მეგობრებმა კიდევ ერთი პროექტი, საქართველოს სამეფო კარის სამაგიდო შემეცნებითი თამაში შექმნეს. აღსანიშნავია, რომ „სამეფო თამაში" 2021 წელს, პანდემიის პერიოდში გამოვიდა ბაზარზე და ცდილობს, დასამახსოვრებელი გახადოს საქართველოს 9 მნიშვნელოვანი ეპოქის ისტორია - ადამიანები, მოვლენები და ფაქტები. „ზოგადად, ბაზრობები უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ფინანსური მოგებისა, აგროვებ კონტაქტებსა და პოტენციურ პარტნიორებს. ამასთან, გეძლევა საშუალება, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიაწვდინო ხმა და მეტად გაზარდო ბრენდის ცნობადობა", - ამბობს მარიამ ალხაზაშვილი.

ართო - ტრადიციული სამზარეულოს ე.წ. Street food ვერსიის შემუშავების იდეით ანთებულმა დეიდაშვილებმა, ნინე წირღვავამ და მარიამ ჯიქიამ, საკუთარი დედების მიერ მოგროვებული რეცეპტების გამოყენებით კომპანია „ართო" შექმნეს. ბიზნესი სულ რაღაც 3 თვეა არსებობს და აღსანიშნავია, რომ იგი ქარავანზე დაიბადა და ამ დრომდე მხოლოდ აღნიშნულ ბაზარზე ფუნქციონირებს. „საშობაო ბაზრობამ ნათლად დაგვანახა, როგორ შეიძლება ქართული სამზარეულო გადაკეთდეს ე.წ. Street Food-ად. სტარტაპერმა მოგვცა შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი პროდუქტი მაშინ, როდესაც ჯერ სულ ახლები ვიყავით ბაზარზე და ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული იყო. ამასთან, ბიზნესებს აქტიურად გვეხმარებიან რეკლამასა და განვითარებაში. იცი, რომ ამ მარკეტზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება და აქ გეძლევა შანსი, მოიზიდო მეტი მომხმარებელი", - ამბობს ნინე წირღვავა.

ჩაუფინე - ამ გასართობი ალკოჰოლური ნაკრების იდეა 2020 წელს, თაკო ვარამაშვილმა და ირინკა აბაშიძემ შეიმუშავეს. ბაზარზე მათი პირველი გამოჩენა საახალწლო ყუთებს უკავშირდებოდა, რომელმაც უამრავი მომხმარებელი შესძინა სტარტაპს. კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულში პირველად მოხვდა ქარავანზე და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ბაზრობებზე. „ბაზრობებს სტარტაპებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, უამრავი ტურისტი სტუმრობს გამოფენას და გეძლევა საშუალება, წარადგინო შენი პროდუქტი. ყველაზე მეტად გვახარებს ის, რომ ბაზრობის პერიოდში შევიძინეთ უამრავი ლოიალური მომხმარებელი, მეტწილად - ახალგაზრდები, რომლებიც, ყველაზე ხშირად სტუმრობენ მსგავსი ტიპის ბაზრობებს. ის ფაქტი, რომ თიბისი მუდმივად ცდილობს, აამოქმედოს სტარტაპების ხელშეწყობის მექანიზმები და პოპულარიზაცია გაუწიოს კომპანიას სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, გვეხმარება, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას მიაწვდინო შენი იდეის ხმა", - აცხადებს თაკო ვარამაშვილი.

ლე პონჩიკ - ამ კომპანიამ მიზნად დაისახა ადამიანებში ბავშვობის გემოები და ბებიების მიერ მომზადებული საკვების ემოციები გააღვიძოს. „ლე პონჩიკის" იდეა დებმა, ქეთევან და დოდოშკა სალაყაიებმა და თამარ ბაბუხადიამ შეიმუშავეს. კომპანია აკეთებს როგორც ხარისხიან დესერტებს შაქრის მინიმალური შემცველობით, აგრეთვე - სხვადასხვა კერძს, რომელსაც ქართული გაუყინავი ხორცისგან ამზადებენ. „ლე პონჩიკის" დაარსებიდან უკვე 7 წელია გასული და მას შემდეგ ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს გაამდიდროს პროდუქტების გემოვნური თვისებები და არ გამოიყენოს ქიმიური ნაზავები. „სტარტაპერი გვეხმარება იმაში, რომ ბრენდის შესახებ ცნობადობა უფრო ავამაღლოთ და ამასთან, გავიდეთ ახალ მომხმარებლებზე - იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ნამყოფი ჩვენს ფილიალში. სასიამოვნოა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება საშობაო ბაზრობაზე და ამით ჩვენც ახალი მომხმარებლები შევიძინეთ", - დოდოშკა სალაყაია.

ნუფ-ნუფი - ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე უკვე მეოთხე წელია არსებობს კომპანია „ნუფ-ნუფი", რომელიც ხისგან დამზადებულ ასანთის კოლოფებსა და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს ამზადებს. პროდუქტი, თითქმის 1 წელია, წარმატებით იყიდება Amazon-ისა და Etsy-ის პლატფორმების მეშვეობით. გარდა ამისა უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ პროდუქტი ფიზიკური სახითაც შევიდეს სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიებში. ამ ეტაპისთვის, „ნუფ-ნუფი" მიუნხენის მაღაზიებში იყიდება და იანვრისთვის გუნდი გეგმავს შეიტანოს ხელნაკეთი ნივთები გერმანიის სხვა ქალაქებსა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. „საშობაო ბაზრობა, რომელიც კარგად არის ორგანიზებული, ძალიან სასარგებლოა ბიზნესისთვის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის კუთხით. გვიხარია, რომ აქ ვართ და აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენაში", - ბექა ცხოვრებაძე, დამფუძნებელი.

ფენქეიქერი - 2021 წლის 3 აგვისტოს ქართულ ბაზარზე დესერტების ახალი და საინტერესო ბიზნესი „ფენქეიქერი" გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ტაილანდურ ვაფლებსა და ფენქეიქებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებლები, პაპუნა დორეული და ნათია შავაძე, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასა და ქსელურ ობიექტად გარდაქმნას გეგმავენ - ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი ობიექტი აქვთ, თუმცა, ახლო მომავალში, რამდენიმე ობიექტის გახსნასაც ფიქრობენ. პაპუნა დორეული Entrepreneur-თან საუბრისას სტარტაპერის საშობაო ბაზრის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს: „სტარტაპერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კომპანიებს, რომლებიც სულ ახლახან გავიხსენით და დიდი ისტორია არ გვაქვს, წარმატებისკენ გვიხსნის კარს. გვეხმარებიან, რომ ხალხმა უკეთ გაგვიცნოს, დააგემოვნონ მენიუები და დაიმახსოვრონ ჩვენი გემოები".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"