ჯანსაღი კვება კომპრომისების გარეშე: მაკუნა გურგენიძის FOODGOOD-ის გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის დაწყება, განსაკუთრებით კი კონკურენტულ გარემოში, ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული. თუმცა, მაკუნასთვის გაბედულება არ ყოფილა მხოლოდ წამიერი ემოცია. ეს იყო გაცნობიერებული ნაბიჯი, რომელიც ეფუძნებოდა ანალიზს, გამოცდილებასა და მზაობას – აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გუნდსა და კომპანიის მომავალზე. მისი ხედვით, სიმამაცე სწორედ გაურკვევლობის პირობებში საკუთარი ხედვის ნდობა და სისტემური მიდგომების დანერგვაა.

"ბიზნესი არ არის მხოლოდ იდეა – ეს არის პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გამძლეობა. გაბედულება სწორედ იმაშია, რომ მიუხედავად გაურკვევლობისა, ნაბიჯს დგამ და საკუთარ ხედვას ენდობი. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ დაწყებული საქმე დღეს უკვე სისტემურ და განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბდეს".

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადამიანს ხშირად რთული არჩევანის წინაშე აყენებს: დრო თუ ჯანმრთელობა? სწორედ ამ ხედვამ და ბაზარზე არსებული პოტენციალის დანახვამ განაპირობა ის, რომ მაკუნა გურგენიძემ FoodGood განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

როდესაც მან ბრენდი შეიძინა, მისი მთავარი მიზანი იყო არსებული კონცეფციის გაძლიერება, ოპერაციული სისტემის დალაგება და ხარისხის სტანდარტების გამკაცრება. მაკუნას ხედვა იყო, FoodGood ჩამოყალიბებულიყო არა უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტად, არამედ ჯანსაღი ცხოვრების სტილის სანდო ბრენდად.

ქაოსიდან სისტემამდე: ზრდის მტკივნეული, მაგრამ საჭირო გაკვეთილები

როგორც ნებისმიერ ანტრეპრენერს, მაკუნასაც მოუწია საწყისი ეტაპის ქაოსთან გამკლავებამ. ყველაზე დიდი გამოწვევა პროცესების სისტემურობაში გადაყვანა აღმოჩნდა. პერიოდი, როდესაც ერთდროულად გიწევს სტრატეგიაზე ფიქრი და ყველაზე პატარა ოპერაციულ დეტალებზე პასუხისმგებლობის აღება – პროდუქტის ხარისხიდან ფინანსურ დისციპლინამდე ნებისმიერი ლიდერისთვის ყოველი გადაწყვეტილება დიდი გამოცდაა. სწორედ ამ დროს ისწავლა მაკუნამ პრიორიტეტების მკაცრად დალაგება.

ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო იმ შესაძლებლობებზე "არა"-ს თქმის სწავლა, რომლებიც სტრატეგიულ მიზნებს არ ემსახურებოდა. რესურსების სიმწირის პირობებში ამგვარმა მიდგომამ კომპანიას საშუალება მისცა, ქაოსური ზრდიდან სისტემურ განვითარებაზე გადასულიყო. ამ პროცესში მაკუნა ჩამოყალიბდა ლიდერად, რომელიც გადაწყვეტილებებს არა ემოციაზე, არამედ სტრუქტურასა და გრძელვადიან ხედვაზე აფუძნებს.

"დამოუკიდებელმა ბიზნესმა მასწავლა, რომ პასუხისმგებლობა არ არის ტვირთი – ეს არის თავისუფლების ფასი. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, თავიდანვე იფიქრონ სისტემაზე და არა მხოლოდ იდეაზე. იდეა მხოლოდ დასაწყისია, წარმატებას კი ქმნის დისციპლინა, ფინანსური კონტროლი და სწორი გუნდი".

სტერეოტიპების მიღმა: პროფესიონალიზმი, როგორც მთავარი პასუხი

ქალი ლიდერის როლში ყოფნისას მაკუნასაც მოუწია გენდერულ სტერეოტიპებთან შეხებამ. საზოგადოებაში ხშირად არსებობს წინასწარი განწყობა, რომ ქალი მენეჯმენტში უფრო ემოციური იქნება ან ნაკლებად მკაცრი. თუმცა, FoodGood-ის ხელმძღვანელმა საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ თანმიმდევრულობა და რეალური შედეგი ნებისმიერ სტერეოტიპზე ძლიერია. მისი თქმით, როდესაც ხედვა მკაფიოა, სქესი მეორეხარისხოვანი ხდება.

მაკუნასთვის ანტრეპრენერობა არ არის მხოლოდ ბიზნესის ფლობა; ეს არის უნარი, დაინახო შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები მხოლოდ სირთულეს ხედავენ. ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი და სისტემის შექმნა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლის.

მისთვის მთავარი ინსპირაცია კმაყოფილი მომხმარებელი და იმის განცდაა, რომ მისი საქმიანობა საზოგადოებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.

"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც შესაძლებლობას ხედავს იქ, სადაც სხვები სირთულეს ხედავენ. ის ქმნის ღირებულებას, იღებს პასუხისმგებლობას და მუდმივად ვითარდება. ქალებს ვეტყოდი: თავდაჯერება არ ჩნდება მანამდე, სანამ პირველ ნაბიჯს არ გადადგამთ. დაიწყეთ მცირე ნაბიჯით, მაგრამ მკაფიო ხედვით".

გეზი საერთაშორისო ბაზრისკენ: თბილისიდან ბარსელონამდე

FoodGood-ის განვითარების გეგმა ისეთივე სისტემურია, როგორიც მისი მართვის სტილი. უახლოეს პერიოდში კომპანია ფოკუსირებული იქნება ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. მაკუნას მიზანია, ბრენდი პოზიციონირდეს როგორც ჯანსაღი სწრაფი კვების ყველაზე სანდო ალტერნატივა.

სამომავლო რუკა მკაფიოდ არის გაწერილი: 2026 წლის ბოლომდე FoodGood თბილისში ოთხი, ხოლო ბათუმში ერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი, რაც რეგიონულ დონეზე მყარ ქსელს ნიშნავს. თუმცა, ყველაზე ამბიციური ნაბიჯი 2027 წელსაა დაგეგმილი – პირველი საერთაშორისო ფილიალის გახსნა ბარსელონაში. ეს იქნება სტრატეგიული ნახტომი ქართული კონცეფციის გლობალურ ბაზარზე გასატანად.

"ჩვენი მიზანია, კომპანია გადაიზარდოს ბრენდად, რომელიც მხოლოდ პროდუქტს არ ყიდის – ის ქმნის ცხოვრების სტილს, ხარისხის სტანდარტსა და კონკურენტუნარიან ქართულ კონცეფციას საერთაშორისო ბაზარზე", – ამბობს მაკუნა ინტერვიუს დასასრულს.