ჯორჯიიდან საქართველოში, საქართველოდან რეგიონში Be Group-ს ზარალების მართვა McLarens-თან ერთად ახალ ეტაპზე გადაჰყავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

360 წლის წინ, 2 სექტემბრის ერთ არც ისე მშვენიერ კვირა ღამეს, ლონდონში, ტომას ფაინერის კუთვნილ საცხობში, პუდინგ ლეინზე ხანძარი რომ არ გაჩენილიყო, ზარალის შემფასებლის პროფესია დღეს ან იარსებებდა, ან არა. მეტად სავარაუდოა, რომ რაღაც დროს, მორიგი ხანძრის, მიწისძვრის ან წყალდიდობის დროს, რომელიმე ქვეყანაში, მავანს მაინც მოუვიდოდა აზრად დაზღვევის საჭიროება, თუმცა ფაქტია, რომ პირველად ეს იდეა, როგორც გამოსავალი, სწორედ ლონდონში დაიბადა 1666 წელს, როცა დედაქალაქი ცეცხლმა მოიცვა და ოთხი დღის განმავლობაში გაანადგურა იმდროინდელი ევროპის სიდიდით მესამე ქალაქის მეხუთედი. ზარალი მაშინ 10 მილიონ ფუნტს აღწევდა, დღევანდელი კურსით კი 2 მილიარდზე მეტს.
სწორედ ამ უდიდესი ხანძრის შემდეგ გაჩნდა შენობების ცეცხლისგან დაზღვევა, როგორც პროდუქტი და შესაბამისად – ზარალის შემფასებელიც. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის მზღვეველები უკვე აქტიურად იყენებდნენ შემფასებლების ექსკლუზიურ მომსახურებას და დღეისთვის გლობალურ ბაზარზე მოქმედი ზარალების მმართველი უმსხვილესი კომპანიების გზაც სწორედ იმ პერიოდიდან იღებს სათავეს.
მთლად მე-18 საუკუნიდან და მთლად ლონდონიდან არა, მაგრამ 1932 წელს შოტლანდიიდან იღებს სათავეს სადაზღვევო ზარალების შემფასებელი McLarens, რომელიც 2004 წელს ჯორჯიის შტატში, ატლანტაში მოქმედ Maxson Young-თან შერწყმის და შემდგომი გამსხვილების შედეგად გარდაიქმნა სადაზღვევო ზარალების მართვის გლობალური ბაზრის ლიდერად.
მიმდინარე წლის აპრილიდან კი, თითქმის ასწლიანი გამოცდილების McLarens უკვე ქართულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი ადგილობრივი პარტნიორის, Be Group-ის სახით. თავის მხრივ, Be Group სადაზღვევო ზარალების შეფასების ქართული ბაზრის პიონერია და სულ რაღაც შვიდი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებს McLarens-ის გლობალური სტანდარტით მომსახურებოდა, თუმცა ამ მიზნამდე მისვლა მარტივი არ ყოფილა.
შვიდი წლის წინ, როდესაც Be Group-მა საქმიანობა დაიწყო, საქართველოში სადაზღვევო ზარალების დამოუკიდებელი შემფასებლის პროფესია თითქმის არ არსებობდა. მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ნდობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ზარალის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობას კი ბაზარი მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში თუ წარმოიდგენდა... თუმცა, არა ისინი, ვინც ამ პროფესიის სათავეებთან იდგნენ.
Be Group-მა და მისმა დამფუძნებლებმა – გიორგი ბარბაქაძემ და ზუკა ჭყოიძემ – ქართულ ბაზარზე სადაზღვევო ზარალების მართვის კულტურა და პროფესიული სტანდარტი, ფაქტობრივად, ნულიდან შექმნეს. შვიდ წელში კი შეძლეს არა მხოლოდ გაეათმაგებინათ ზარალის შეფასების ყოველთვიური სტატისტიკა, არამედ ეს მიღწევები საინტერესო გაეხადათ გლობალური მოთამაშისთვისაც და შედეგად, დღეს Be Group ერთადერთი კომპანიაა ქართულ და რეგიონულ ბაზარზეც, ვინც უკვე McLarens-თან ერთად აფასებს მსხვილ ზარალებს. ჯერ ქართულ ბაზარზე, ხოლო შემდეგი ეტაპი უკვე რეგიონში გაფართოებაა – რა თქმა უნდა, კვლავ McLarens-თან ერთად.
კომპანიის დამფუძნებლებს სწამთ, რომ გლობალური მოთამაშის შემოსვლა საქართველოში რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრაა და მზად არიან სამომავლოდაც შეიტანონ წვლილი სადაზღვევო ბიზნესის შემდგომ განვითარებაში არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით.
Be Group-ისთვის გლობალურ მოთამაშესთან პარტნიორობის გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხარისხის დადასტურება იყო და ამისთვის კომპანიამ შიდა სტანდარტების ოპტიმიზაციასთან ერთად ISO სერტიფიცირებასაც მიმართა, რათა McLarens-ის მიერ პარტნიორებისთვის დაწესებული მკაცრი სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო McLarens დაგვერწმუნებინა, რომ ვართ სანდო პარტნიორები, ვისაც შეუძლიათ ენდონ და ასევე გვეჩვენებინა მთლიანად ბაზრის პოტენციალი", – იხსენებს Be Group-ის აღმასრულებლი დირექტორი და CEO გიორგი ბარბაქაძე.
"საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ამ მიმართულებით მინიმალურად არის ათვისებული და მას სჭირდება მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა, რათა მომხმარებლის მხრიდან სანდოობა გაიზარდოს. პარტნიორებს დავანახეთ პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში, რაც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა".

საერთო ღირებულებები, საერთო ხედვა და ამბიცია – McLarens-ის პერსპექტივა
კითხვაზე, რა მიზეზებით შეაჩერა McLarens-მა არჩევანი Be Group-ზე, როგორც მის ოფიციალურ პარტნიორზე საქართველოსა და რეგიონში, გლობალური ლიდერის პასუხი მკაფიოა: ძლიერი პროფესიული რესურსი, მყარი პოზიცია ქართულ ბაზარზე და კავკასიის რეგიონში გაფართოების ამბიცია. ყველა ჩამოთვლილი კი აბსოლუტურ თანხვედრაშია მაკლარენსის ღირებულებებსა და მიზნებთან.
"McLarens წარმოდგენილია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აშშ-ის, კანადის, კარიბის ზღვის, ლათინური ამერიკის, ავსტრალიისა და აზიის ბაზრებზე. როგორც მზღვეველთა და ბროკერთა უმეტესობა, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს გლობალურ წარმომადგენლობას ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, რომლებსაც გულდასმით ვარჩევთ და როგორც წესი, ვეძებთ მათ, ვინც იზიარებს ჩვენს მიდგომებს ზარალების შეფასებასა და რეგულირებაში, არის "მიწოდებაზე" ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტს ჩვენსავით საკუთარი საქმიანობის ცენტრში აყენებს. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ ბალანსის აუცილებლობას იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყონ ადგილობრივი ბაზრის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და პრაქტიკის შესატყვისი მომსახურება, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა გლობალურ დონეზე.

ჩვენ Be Group საკუთარ პარტნიორად იმ მიზეზით ავირჩიეთ, რომ ის აერთიანებს ძლიერ პროფესიულ რესურსს და მყარად დამკვიდრებულ პოზიციას ქართულ ბაზარზე, რასაც ემატება ამბიცია, გაავრცელოს საკუთარი სერვისები ქვეყნის ფარგლებს მიღმა კავკასიის რეგიონში. ამასთან, Be Group-ის ფოკუსი მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაზე, რასაც ასახავს მისი ISO 9001 აკრედიტაცია, ზუსტად იმეორებს McLarens-ის მიდგომებს", – ამბობს ნილ ბოლდუინი, McLarens-ის კომერციული განვითარების აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ კომპანიას სურს გააძლიეროს საკუთარი პოზიცია რეგიონში Be Group-თან ერთად, რადგან ხედავს მზარდ მოთხოვნას, განსაკუთრებით სპეციალიზებული მომსახურების ნაწილში, რაც საზღვაო გადაზიდვების მიმართულების ათვისებას გულისხმობს.

"ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების დიდი ნაწილი 20 წელზე მეტს ითვლის და ზუსტად ასეთივე გრძელვადიანი თანამშრომლობის პოტენციალს ვხედავთ Be Group-თანაც", – დასძენს ბოლდუინი.
კომპანიისთვის, რომელმაც 7 წელში მარტომ შეძლო ბიზნესის ნულიდან შექმნა და გლობალური დონის სტანდარტებამდე მიყვანა, 20-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივა გლობალურ ლიდერთან, ბევრს ნიშნავს. არანაკლებ ბევრს ნიშნავს ეს პარტნიორობა საქართველოსა და რეგიონისთვისაც, რადგან McLarens-ს შორს მიმავალი გეგმები აქვს და ამ გეგმებში Be Group მისი მთავარი საყრდენია კავკასიაში. გლობალური ბაზრის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ BeGroup გააძლიერებს მის პოზიციას რეგიონში კორპორაციული და უძრავი ქონების სექტორის კლიენტებისთვის გლობალური სტანდარტის მომსახურების გაწევით და შესთავაზებს მათ ეფექტურ გადაწყვეტილებებს სპეციალიზებული მიმართულებებით, როგორიცაა საზღვაო თუ სახმელეთო გადაზიდვები.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ Be Group შეასრულებს ჰაბის ფუნქციას McLarens-ის სერვისებისთვის საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც და ეს იქნება წინაპირობა ახალი ერთობლივი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებისთვის", – აცხადებს ნილ ბოლდუინი McLarens-ის სახელით.
ჭეშმარიტება და სამართლიანობა – ვინ არის დამოუკიდებელი შემფასებელი
ტერმინი "ზარალის შემფასებელი" (loss adjuster) პირველად 1941 წელს გამოიყენეს, როცა ბრიტანეთში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შემფასებელთა ასოციაცია ფუძნდებოდა. ეს იყო იმ ექსპერტთა გაერთიანება, ვინც აქტიურად ერთვებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი ზარალების რეგულირებაში. მოგვიანებით ამ ასოციაციას მიენიჭა სამეფო ქარტია და მიიღო საკუთარი გერბიც, დევიზით "ჭეშმარიტება და სამართლიანობა" – ამ ორი სიტყვის კომბინაცია და მათ უკან მდგომი აზრი დღემდე წარმოადგენს ზარალის დამოუკიდებელი შემფასებლის მთავარ პრინციპსა და ფასეულობას.
არცთუ უსაფუძვლოდ. სადაზღვევო ბიზნესში გადამწყვეტი მომენტი მაშინ დგება, როცა დამზღვევი დაზარალდა და მან უნდა მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია – სწორედ ამ სამართლიანი კომპენსაციის სწორად და მიუკერძოებლად დადგენაა ზარალების დამოუკიდებელი შემფასებლის მთავარი ფუნქცია. თუმცა, ქვეყანაში, სადაც დაზღვევის კულტურა ჯერაც განვითარების ეტაპზეა, ხშირად სწორედ აქ ჩნდება წინასწარი ეჭვი მომხმარებლების მხრიდან – იქნებ შეფასება ობიექტური არ აღმოჩნდეს? იქნებ ზარალი სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ შეფასდეს? მიღირს თუ არა დაზღვევა, თუ შეფასება შესაძლოა მიკერძოებული იყოს?
"მომხმარებლისთვის უმთავრესია რწმენა იმისა, რომ ზარალის შემთხვევაში ის ობიექტურად ანაზღაურდება და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორობაც McLarens-თან. საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მიმართ ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება, თუმცა, მომხმარებლებში ჯერ კიდევ არსებობს უნდობლობა. ამდენად, თუ იარსებებს ობიექტური და სანდო შემფასებელი, მომხმარებელიც ხედავს, რომ მცირე ყოველთვიური პრემია რეალურად და სამართლიანად იცავს მას ბევრად დიდი ფინანსური დანაკარგისგან. პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დაზარალებულმა გადახდილ პრემიაზე ასჯერ და ათასჯერ მეტი ანაზღაურება მიიღო", – ამბობს გიორგი ბარბაქაძე და განმარტავს, რომ ზარალის დამოუკიდებელი შემფასებლისთვის არ არსებობს მხარე.
"ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ფაქტები, როგორც ჭეშმარიტება, ასევე დამდგარი ზიანი და კონტრაქტის პირობები, როგორც სამართლიანი კომპენსაციის საფუძველი. ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ აბსოლუტური სიმართლე", – დასძენს ზუკა ჭყოიძე, Be Group-ის თანადამფუძნებელი.

Be Group McLarens-ის სტანდარტით დღეს ფარავს როგორც უძრავი (საცხოვრებელი და კომერციული), ისე მოძრავი ქონების დაზიანების შეფასებას. მათ შორის, აფასებს საოფისე, სამრეწველო და სპეციალიზებული ტექნიკის, სამშენებლო და სამეურნეო მანქანა-დანადგარების ზიანს. ასევე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზიანს ხანძრის, წყალდიდობის თუ ქურდობის შედეგად და სატრანსპორტო ტვირთების ზიანს თუ ტრანსპორტირებისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ რისკებს.
კომპანია წლებია თანამშრომლობს ქართული სადაზღვევო ბაზრის ყველა მოთამაშესთან, ხოლო McLarens-თან პარტნიორობის შემდეგ, უკვე არაერთი მსხვილი ზარალი შეაფასა გლობალური ლიდერის ჩართულობით. მათ შორის 2026 წლის ივნის-ივლისში გახშირებული უხვი ნალექის, სეტყვისა და დატბორვების შედეგად Be Group-მა McLarens-ის ჩართულობით შეაფასა რამდენიმე მსხვილი ზარალი. მათ შორის შემთხვევა, სადაც სეტყვამ კომპანიას ასობით ძვირადღირებული ავტომობილი დაუზიანა, ასევე მსხვილი საწარმოო და კომერციული ობიექტების ქონებრივი ზარალები.
"დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნას ყოველთვის გადამწყვეტი როლი აქვს ზარალის ანაზღაურებაში, რადგან სწორედ ამას ეყრდნობა სადაზღვევო კომპანია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. განსაკუთრებით გამორჩეულია ის ქეისები, რომლებზეც უშუალოდ McLarens-თან ერთად, მისი უშუალო ჩართულობითა და სტანდარტებით ვიმუშავეთ", – აღნიშნავს გიორგი ბარბაქაძე ჩვენთან სუბრისას.
McLarens-ის ჩართულობით შეფასებული ზარალები იმის დასტურია, რომ ბაზარზე გლობალური მოთამაშის შემოსვლამ ზოგადად, ზარალების დამოუკიდებელი შემფასებლის და შესაბამისად, Be Group-ის მიმართ ნდობა გაზარდა.
"ის ფაქტი, რომ ჩვენი შეფასების უკან McLarens-ის გლობალური სტანდარტი დგას, ობიექტურობის დამატებით გარანტიად იქცა ბაზრისთვის. ამ ფონზე, მიკერძოებულობის შანსი ნულია და ეს, საბოლოო ჯამში, მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ ზრდის ნდობას. მეორე მხრივ, ჩვენ McLarens-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანით არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი გადავიყვანეთ ახალ ეტაპზე, არამედ მთლიანად რეგიონში სადაზღვევო სექტორის განვითარებაში შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, რადგან McLarens მთლიან რეგიონს უყურებს, როგორც შესაძლებლობას", – დასძენს ზუკა ჭყოიძე.
როგორ იწრთობოდა ნდობა
ყოველი დიდი წარმატების უკან დგას იდეა, რომელიც თავიდან შესაძლოა გლობალური მასშტაბის მქონედ სულაც არ გამოიყურება, ხშირად მისი ავტორებისთვისაც კი. Be Group ამის საუკეთესო მაგალითია.
2019 წელს გიორგი ბარბაქაძემ და ზუკა ჭყოიძემ Be Group თავდაპირველად შექმნეს როგორც საბუღალტრო აუთსორსინგის ბიზნესი. კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მათ ბიზნესსაქმიანობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა სთხოვა. ეს ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ სწორედ ამ შემთხვევიდან დაიწყო Be Group-მა ზარალების შეფასების მიმართულების განვითარება, რაც შემდგომ კომპანიის ძირითად საქმიანობად იქცა. მოგვიანებით კი, საბუღალტრო მომსახურების მიმართულება ცალკე ბიზნესად განვითარდა და შედეგად, 2024 წელს Countman შეიქმნა.
-------Countman ჩანართი----(ფოტო - გაიმარტივე ბუღალტერია ვექტორული ფაილი)
პირველად იყო ბუღალტერი, ანუ Countman
ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა BE group (Business Engineering Group) შეიქმნა როგორც საბუღალტრო სერვისების პირველი აუთსორსული კომპანია ქართულ ბაზარზე, ნულოვანი ინვესტიციითა და დიდი გეგმებით, მისი დამფუძნებლებისთვისაც კი რთული წარმოსადგენი იყო, რომ გავიდოდა ორი წელი და ჰოლდინგი ორ მიმართულებად გააგრძელებდა საქმიანობას.
ის, რითაც Be Group-მა რეალურად დაიწყო, დღეს Countman-ის სახელს ატარებს, ანუ ერთგვარი სუპერგმირის, რომელიც დღეს ასობით მცირე და საშუალო კომპანიას უმარტივებს ბუღალტერიას, არიდებს რუტინულ ანგარიშს და აძლევს საშუალებას, მეტი რესურსი მიმართოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.
Countman-ის კლიენტები ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც სტაბილურ, კორპორაციულ კარიერას ამჯობინა საკუთარი შეექმნა. ამით ისინი ძალიან ჰგვანან კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებმაც დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვეს ფინანსურ სექტორში მუშაობით, დაინახეს ბიზნესის რეალური საჭიროება და გადაწყვიტეს: შეექმნათ საკუთარი, სხვების დასახმარებლად.
დამფუძნებლებმაც თავად გაიარეს გზა, როცა მცირე გუნდითა და შეზღუდული ბიუჯეტით, ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდნენ სტარტაპს და დღის განმავლობაში არაერთი როლის თუ ფუნქციის შესრულება უწევდათ, ამიტომ მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა კარგია, როცა ბუღალტერიას სხვა გიგვარებს, შენ კი ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირდები. სწორედ ამას სთავაზობს დღეს Countman საკუთარ კლიენტებს.
და ეს ყველაფერი არ არის – კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. Countman-ის გუნდმა განვლილ წლებში მიღებული გამოცდილებით ისწავლა, რომ თანამედროვე ბუღალტერია მხოლოდ გასული პერიოდის მაჩვენებლების აღრიცხვა კი არა, მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობაა. მათ შორის, ტექნოლოგიურიც.

"დღეს ბაზრის მოთხოვნებს სამი ძირითადი მიმართულებით ვპასუხობთ: ხელოვნური ინტელექტი და ოპერაციული სიჩქარე, რაც იმას ნიშნავს, რომ AI ინსტრუმენტებს აქტიურად ვიყენებთ დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავების, ანალიტიკისა და ინფორმაციის სწრაფი ძიებისთვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ საკუთარი შიდა ჩატბოტის შექმნაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, კლიენტებთან კომუნიკაცია და სტანდარტულ მოთხოვნებზე რეაგირება 24/7 რეჟიმში, რეკორდულ დროში უზრუნველვყოთ. მეორე მხრივ, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებით, მაქსიმალურად ვამცირებთ რისკებს. კლიენტებთან ვნერგავთ თანამედროვე ERP სისტემებს, ხოლო შიდა ოპერაციებსა და დავალებების ნაკადს ვმართავთ გამართული CRM არქიტექტურით. ეს მიდგომა სრულად გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორზე დამოკიდებულებასა და მექანიკურ შეცდომებს. და მესამე – ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, პროფესიული ექსპერტიზის გაძლიერებას, რადგან კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგიები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ძლიერი პროფესიონალები მართავენ. ამიტომ, გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებში ინვესტირება Countman-ის აბსოლუტური პრიორიტეტია. ამასთან, ჰიბრიდული და მოქნილი სამუშაო გარემო კი საშუალებას გვძლევს, მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ ბაზარზე საუკეთესო ტალანტები", – ამბობს ბაჩო ხეცაძე, Countman-ის საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც კომპანიის სათავეებთან მდგომმა გუნდმა ბაზრის განვითარებასთან ერთად ისწავლა, არის შემდეგი: წარმატებული საბუღალტრო სერვისი კლიენტს მხოლოდ წესების დაცვაში კი არ ეხმარება, არამედ დროის, რესურსისა და ნერვების დაზოგვაში ბიზნესის მშვიდად საკეთებლად.
თუკი 2017 წელს ბაზარზე პრაქტიკულად პიონერები იყვნენ, ბოლო წლებში კონკურენცია გამძაფრდა და სულ უფრო მეტი მოთამაშე ჩნდება, ვინც ბიზნესს ბუღალტერიის აუთსორსინგს სთავაზობს, თუმცა Cauntman-ს თავისი უნიკალური ნიშა აქვს.
"Countman-ის ყველაზე დიდი ღირებულება არის დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება ვლინდება როგორც გაყიდვების პროცესში, ისე გუნდსა და მთლიანად სამუშაო პროცესში, რაზეც რეალურად დგას კომპანიის შიდა სტრუქტურა. ეს დამოკიდებულება არის იმის გარანტი, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი იყოს კმაყოფილი ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებით. განსხვავებული სპეციფიკის ბიზნესთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება გვაქვს, რამაც დაგვანახა, რომ კომპანიას საკუთარი დროისა და რესურსის მთავარი მიზნისკენ მიმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამ მისიას ვემსახურებით ჩვენც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, სტარტაპები გავათავისუფლოთ ნეგატიური გამოცდილებისგან, რადგან მათთვის საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთული, კომპლექსური პროცესია, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზე ფოკუსირებას ურთულებს", – ამბობს კოკი გახარია, Countman-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Countman ქართულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი ბუღალტრული კომპანიაა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, სამომავლოდ კი კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს: გარდა იმისა, რომ სურს განიმტკიცოს ადგილობრივ ბაზარზე ლიდერის პოზიცია, გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც. ამ მიზანს უკვე აქვს მყარი საფუძველი: პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული გამართული და სანდო სისტემა, რომელიც უკვე მზად არის ბევრად დიდი გამოწვევებისთვის უცვლელი მისიით – გაუმარტივოს ბუღალტერია ნებისმიერ ბიზნესს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
Be Group-ის სათავეებთან მდგომ ორივე თანადამფუძნებელს ერთი მიზანი ამოძრავებდა, კომპანია გამხდარიყო ობიექტური და საუკეთესო რეპუტაციის მქონე ზარალების შემფასებელი, რომელიც სამართლიანი და სანდო იქნებოდა როგორც დამზღვევისთვის, ისე მზღვეველისთვის, თუმცა იმ გადმოსახედიდან გლობალურ პარტნიორობაზე არ უფიქრიათ.
ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკულმა ცოდნამ, ბაზრის სიღრმისეულმა ანალიზმა და დაუღალავმა შრომამ საბოლოოდ გარდაუვალ აუცილებლობად წარმოაჩინა გლობალური სტანდარტების ინტეგრაცია და სწორედ აქ გამოჩნდა McLarens-იც, რომელმაც, თავის მხრივ, ცხადად დაინახა შეთავაზებული სერვისების სანდოობაც და ბაზრის პოტენციალიც.
მეორე მხრივ, Be Group-ის წარმატება მისმა მრავალპროფილურმა სტრუქტურამ განაპირობა. ზარალის შეფასება ხომ ყოველთვის ინდივიდუალურია – შენობის ჩამონგრევას ერთი სახის ექსპერტიზა სჭირდება, სტიქიისგან განადგურებულ კომერციულ ობიექტს – მეორე, ხოლო ბიზნესის შეჩერებით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგს კი სულ სხვა ტიპის ანალიზი.
შესაბამისად, კომპანიაში ერთ გუნდად მუშაობენ ინჟინრები – უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურული და კონსტრუქციული დაზიანებების შესაფასებლად, ფინანსისტები და აუდიტორები – ბიზნესის ფინანსური ზარალისა და სასაქონლო მარაგების აღრიცხვისთვის, რისკ-მენეჯერები – პრევენციული აუდიტისა და მოსალოდნელი სადაზღვევო რისკების პროგნოზირებისთვის.
"ჩვენთვის მთავარია არა უბრალოდ რიცხვების დათვლა, არამედ სიღრმისეული ტექნიკური სიზუსტე. ამიტომ მუდმივად ვდებთ ინვესტიციას ჩვენი გუნდის განვითარებაში. ამჟამად Be Group-ის შემფასებლები გადიან ბრიტანული CILA-ს (Chartered Institute of Loss Adjusters) გადამზადების პროგრამას. CILA-ს მიერ სერტიფიცირებული კადრები ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ, საერთაშორისო თამაშის წესებს დაამკვიდრებენ", – აღნიშნავს გიორგი ბარბაქაძე.
ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის შიდა ორგანიზაციული კულტურა ორ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა – კვალიფიკაციასა და ნდობას. ორივე ამ მიმართულების გამტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ISO სერტიფიცირებამ.
"ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს მიზანთან – გავმხდარიყავით გლობალური დონის მოთამაშე შესაბამის პარტნიორთან ერთად. რეალურად, უკვე მიღწეული პროგრესისა და წარმატების მიღმა, აისო სერტიფიცირებამ დამატებითი ბენეფიტი შეგვიქმნა მაკლარენსთან მოლაპარაკების პროცესში – ეს იყო გარანტი, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი გლობალური სტანდარტის შესაბამისია", – ამბობს ზუკა ჭყოიძე და დასძენს, რომ გლობალური სტანდარტი მხოლოდ სადაზღვევო ზარალების კი არა, რისკების შეფასებაზეც ვრცელდება.
ეს ქართული სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. რისკის შეფასება, ე.წ. Risk Survey საქართველოში აქამდე ფუფუნების საგანი იყო ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორისთვის.
როცა რისკები წინასწარ ცნობილია, ანუ Risk Survey
აქამდე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს: ჰიდროელექტროსადგურებს, ქარხნებს თუ დიდ სავაჭრო ცენტრებს საერთაშორისო დონის რისკ-აუდიტისთვის სხვა ქვეყნებიდან უწევდათ ექსპერტების მოწვევა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე გლობალური სტანდარტი არ იყო. დღეს ეს სერვისი ადგილზეა ხელმისაწვდომი Be Group-ის დამსახურებით, McLarens-ის სტანდარტითა და ექსპერტიზით.
რისკების გამოკვლევის პროცესი ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე ტარდება ობიექტის სიღრმისეული ტექნიკური და საექსპლუატაციო ანალიზი, რომელიც ავლენს პოტენციურ საფრთხეებს, იქნება ეს ხანძარი, სტიქია, ტექნიკური გაუმართაობა თუ სხვა ტიპის წყვეტა საქმიანობაში. შემდეგ მოდის უშუალოდ სადაზღვევო რისკის შეფასება: რაოდენობრივი და თვისებრივი გაანგარიშება, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სავარაუდოა საფრთხის დადგომა და რა ფინანსური მასშტაბის შეიძლება იყოს ის.
რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი? ერთი მხრივ, მზღვეველს აღარ უწევს სადაზღვევო პირობების შეთავაზებისას ვარაუდებსა და ზედაპირულ განაცხადებზე დაყრდნობა, რადგან ჩატარებული კვლევა მას აძლევს ზუსტ სურათს, თუ როგორ დააწესოს ინდივიდუალური, სამართლიანი პრემია ზოგადი ტარიფის ნაცვლად. მეორე მხრივ, ბიზნესის მფლობელი იღებს საერთაშორისო დონის შეფასებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა სუსტი წერტილები აქვს საინვესტიციო ობიექტს და, შესაბამისად, როგორ შეიძლება ფინანსური დანაკარგის არიდება, ჯერ კიდევ ზარალის დადგომამდე.
პარტნიორობის შეთანხმებიდან რამდენიმე თვის თავზე Be Group-ს უკვე აქვს ქართულ ბაზარზე McLarens-თან ერთად მსხვილი სადაზღვევო რისკის შეფასების შემთხვევები. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქართულ ბიზნესს ბაზარზე გლობალური მოთამაშე სჭირდებოდა და იპოვა კიდეც. იგივე ითქმის მთლიანად რეგიონზეც.
ზარალის შეფასების ოთხი ფილტრი და AI
როგორ იქმნება ზარალის შეფასების რეპორტი, რომელსაც უპირობოდ ენდობა როგორც ადგილობრივი სადაზღვევო სექტორი, ისე თავად McLarens? Be Group-ის მოდელი მრავალმხრივი გადამოწმების სისტემას ეფუძნება, სადაც ადამიანურ ექსპერტიზას თანამედროვე ტექნოლოგია ავსებს.
შემთხვევის ადგილზე პირველი შესვლიდან საბოლოო იურიდიულ დასკვნამდე, თითოეული განაცხადი გადამოწმების ოთხ საფეხურს გადის: ექსპერტის დასკვნა, ანდერრაიტერების შემოწმება, REPO აუდიტი, დაბოლოს – ხელოვნური ინტელექტის ვერიფიკაცია.
თავდაპირველად პროფილური სპეციალისტი ადგილზე სწავლობს და აღწერს მიყენებულ ზიანს. შემდეგ ანდერრაიტერები ადგენენ, რამდენად შეესაბამება მონაცემები სადაზღვევო პოლისის პირობებს. ამის შემდეგ რეპორტინგისა და ტექნიკური დეტალების სიღრმისეულ აუდიტს REPO სპეციალისტები ატარებენ. დაბოლოს, საქმეში ერთვება ხელოვნური ინტელექტი – Be Group-ის მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც რეპორტის კრიტიკულ ნაწილებს ამოწმებს და ამოიცნობს იმ წვრილმან ადამიანურ შეცდომებს თუ უზუსტობებს, რაც შესაძლოა ყველაზე დაკვირვებულ თვალსაც კი გამოეპაროს.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ნებისმიერი ინფორმაცია იყოს გადამოწმებული. ხელოვნური ინტელექტი აღვჭურვეთ იმ ცოდნით, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. წინასწარ დავაიდენტიფიცირეთ რეპორტის ის კონკრეტული ნაწილები, რაც ადამიანური შეცდომის გამო შესაძლოა გამორჩენილი იყოს. AI ამ ხარვეზებს სრულად აღმოფხვრის", – გვიხსნის გიორგი ბარბაქაძე.
ახალი ყოველდღიურობა McLarens-თან ერთად
ბიზნესის წარმატებას ორი კრიტერიუმი ზომავს – რიცხვები და რეპუტაცია. Be Group-ის შემთხვევაში ამ დროისთვის ორივე საზომი საუკეთესო შედეგს აჩვენებს: 2019 წლიდან დღემდე კომპანიის ექსპერტთა გუნდმა 300 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ზარალი შეაფასა და ეს მხოლოდ რიცხვები არ არის. ეს იმასაც მოწმობს, რომ კომპანიას ენდობიან.
და მაინც, რა დგას ამ ნდობის მიღმა? რატომ ეყრდნობიან დღეს ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები და მსხვილი ინვესტორები სწორედ Be Group-ის დასკვნებს?
"ჩვენი მთავარი ღირებულებებია მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. ზარალის შეფასების პროცესში ჩვენ ვართ შუამავალი სადაზღვევო კომპანიებსა და დამკვეთებს შორის – ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ზარალის ობიექტური შეფასება. დაზღვეულს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ შეფასებას ახორციელებს სადაზღვევო კომპანია საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ასევე, სადაზღვევო კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია ისეთი სანდო პარტნიორი, რომელიც მომხმარებელთან წარმოჩინდება ობიექტური და გამჭვირვალე მომსახურებით. სწორედ ეს ნდობა აძლიერებს სადაზღვევო სექტორის რეპუტაციას და მეტ ბიზნესს უჩნდება სურვილი, დააზღვიოს საკუთარი აქტივები", – ამბობს ირაკლი დათიშვილი, Be Group-ისა და Countman-ის საოპერაციო დირექტორი.
ამ ისტორიაში სიტყვა "ობიექტურობა" ლამაზი მარკეტინგული გათვლა კი არა, სტანდარტით გამყარებული რეალობაა. მას უტყუარი საფუძველი აქვს: საერთაშორისო ISO 9001 სერტიფიცირება, რომელიც კომპანიას მსოფლიოში აღიარებულმა ავტორიტეტულმა ორგანომ, Bureau Veritas-მა, მიანიჭა. ამას კი ემატება McLarens-ის ნდობაც, რადგან მან რეგიონში საკუთარ სახედ და წარმომადგენლად სწორედ Be Group აირჩია, თანაც გრძელვადიანად და დიდი გეგმებით.
ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ დაკვეთის მიღებიდან საბოლოო დასკვნის გაცემამდე, ყოველი ნაბიჯი გაწერილია უმაღლესი გლობალური სტანდარტით, ხარისხის მრავალდონიანი კონტროლის მექანიზმებით, სამოქმედო გეგმებითა და ყოველდღიური მონიტორინგით. შედეგად, ის, რაზეც ბევრი კომპანია მხოლოდ საუბრობს – ადამიანური შეცდომისა და ოპერაციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა – Be Group-ში რეალურად მუშაობს.
დღეს Be Group სადაზღვევო ზარალების შემფასებელი ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზეც და მთლიანად რეგიონშიც, რომელსაც გააჩნია გლობალური გიგანტის ოფიციალური პარტნიორობა და სხვადასხვა სპეციალიზაციის ექსპერტების ერთიანი გუნდი. სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ არ უწევთ სპეციალისტის ცალკე ძებნა – იქნება ეს მცირე ქონებრივი დაზიანება, ბიზნესის შეჩერებით გამოწვეული ფინანსური ზარალი, მსხვილი ხანძარი თუ ლოგისტიკური ინცინდენტი – რადგან არსებობს Be Group და მას ყველა ამ მიმართულებით ჰყავს შესაბამისი პროფილის საერთაშორისო დონის ექსპერტი.
სწორება რეგიონზე: რა იქნება შემდეგ?
თუკი McLarens ქართულ და რეგიონულ ბაზარს 20-წლიან პერსპექტივაში უყურებს, Be Group-ის მენეჯმენტს მთლად მომდევნო 20 წლის არა, მაგრამ მინიმუმ მომდევნო 5 წლის მკაფიო ხედვა აქვს, თუ განვითარების რა დონეს უნდა მიაღწიოს ერთი მხრივ თავად კომპანიამ და მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონმა სადაზღვევო პროდუქტებისა და ზარალების შეფასების თვალსაზრისით.
კომპანიისთვის მომდევნო წლების გეგმაა რეგიონში ექსპანსია McLarens-თან ერთად და თანამშრომლობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებთანაც. მეორე მხრივ კი, საკუთარი სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწა – სიზუსტის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, ხარისხის კიდევ უფრო მკაცრი და მრავალეტაპიანი კონტროლი, რათა ზარალები უმოკლეს ვადებში და მაქსიმალური სიზუსტით შეფასდეს.

ამ გეგმას თან ახლავს ფიზიკური გაფართოებაც. სულ ახლახან Be Group-მა, Countman-თან ერთად, ოფისი შეიცვალა და გლობალური პარტნიორობის აღსანიშნავად, დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულად მიმზიდველ არქიტექტურულ ნაგებობაში დაიდო ბინა – Giorgi Khmaladze Architects-ის მიერ შექმნილ საოფისე სივრცეში, სანდრო ეულის ქუჩაზე.
მინისა და მონოლითის კომბინაციით შექმნილი ეს ოთხსართულიანი მოდერნისტული საოფისე შენობა გეომეტრიული ფასადით სიმბოლურად ეხმიანება კომპანიის გეგმებს: არსებულს და უკვე შექმნილს შემატოს ახალი შესაძლებლობები, ახალი მიმართულება, ახალი ბაზრები და ჰორიზონტი.
ამდენ სიახლეში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. კომპანია აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რასაც სადაზღვევო ზარალებისა და რისკების შეფასება სიზუსტის ახალ დონეზე აჰყავს.
დაბოლოს, – შემდეგი თაობის აღზრდა. ვინაიდან ზარალების დამოუკიდებელი შემფასებლის პროფესია რეგიონში ჯერ კიდევ ახალია, Be Group თავად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორი იქნება თაობათა ცვლა ამ სფეროში. კომპანია გეგმავს სპეციალური სტაჟირების, სწავლებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების, მათ შორის CILA-ს მხარდაჭერის პროგრამებს.
"ჩვენი ხედვაა, რომ Be Group გახდეს პლატფორმა, რომელიც საქართველოში არა მხოლოდ სანდო შეფასებებს უზრუნველყოფს, არამედ პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზებასაც უწყობს ხელს, ხოლო ქვეყანას რეგიონულ ჰაბად აქცევს სადაზღვევო ზარალების შეფასებაში", – აცხადებს ირაკლი დათიშვილი.
ჰაბი აქ უბრალოდ არ არის ნახსენები. რამდენადაც McLarens ოპერირებს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიულ სექტორში – ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ავიაციისა და საზღვაო გადაზიდვების ჩათვლით – Be Group-ის მიზანია, მისი სერვისების ჩამონათვალი თანხვედრაში იყოს გლობალური პარტნიორის მასშტაბებთან იმისთვის, რომ რეგიონში ერთობლივმა სინერგიამ განსაკუთრებული წარმატებით იმუშაოს.
ამ სინერგიის შედეგი კი სარგებლის მომტანია როგორც ქართული, ისე რეგიონის სადაზღვევო ბაზრისთვის – McLarens-ის გამოცდილებაზე წვდომა Be Group-ს რეგიონულ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც ყველანაირი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი აქვს იმისთვის, რომ მართოს ნებისმიერი სირთულისა და სპეციფიკის ზარალი, მათ შორის ისეთი, რომელზეც ამ დრომდე ადგილობრივ და რეგიონის ბაზარს წვდომა უბრალოდ არ ჰქონდა. ახლა კი აქვს: Be Group McLarens-ის სტანდარტით საქართველოში უკვე ოპერირებს, შემდეგი ეტაპი მთლიანად რეგიონია.