Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის, "კაბადონის" დამფუძნებელმა, ხატია ირემაძემ პირველად ენის სწავლა სკოლის დამამთავრებელ კლასში დაიწყო, როდესაც სოფელში სპეციალური პროგრამით გამოგზავნეს ინგლისური ენის პედაგოგი, რომელმაც, რესპონდენტის თქმით, რეკორდულ დროში მოახერხა მოსწავლეებისთვის ენის სწავლება, რაც ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულით დაგვირგვინდა.
"უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ენა როგორც გრამატიკულად, ისე ლექსიკურად საკმაოდ კარგად ვიცოდი, მაინც უდიდესი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდი და ფაქტობრივად, პრაქტიკულად ვერაფერს ვიყენებდი. სამწუხაროდ, ისე დავასრულე 4-წლიანი სწავლა, რომ საკუთარი თავის რეალიზება საერთოდ ვერ შევძელი. ყველაზე მძაფრად კი პრობლემას სკოლაში, ბავშვებთან მუშაობის დაწყების შემდეგ შევეჯახე, რის გამოც საკუთარ თავში არსებული ყველა ნაკლი და პრობლემა ერთად დამატყდა თავს", – იხსენებს ის.
ხატია ირემაძე აღნიშნავს, რომ პირველი ყველაზე დიდი კრიზისი და საკუთარ თავთან ბრძოლა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო – არაერთხელ განცდილი წარუმატებლობის, მარცხის და დაცემის შემდეგ მიხვდა, რომ უნდა ებრძოლა, ეს ბრძოლა კი იმით იქნებოდა განსხვავებული წარსულისგან, რომ თავის თავსა და მასში არსებულ ყველა პრობლემას ძალიან კარგად იცნობდა და აღიარებდა.
სწორედ აქედან დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა – ასწავლიდა და სწავლობდა, ეცნობოდა სიახლეებს, წინასწარ ამუშავებდა მასალებს და თავს მაქსიმალურად აიძულებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას.
"ამის შემდეგ შევძელი ჩემი შესაძლებელობების რეალიზებაც, სწავლაც და უდიდესი გამოცდილების დაგროვებაც. ვიბრძოლე და გავიმარჯვე. იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ცალკე ჩემი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის შთაგონების წყაროც სწორედ ეს იყო. მივხვდი, რომ თუ ასე, სახლის სივრცეში გავაგრძელებდი მუშაობას, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მოსწავლეებიც შეიძლება იმავე სირთულეების წინაშე აღმოჩენილიყვნენ, რის გავლამაც მე მომიწია.
ამიტომ, როგორც მათი შესაძლებლობების, ასევე ჩემი იდეებისთვისაც უნდა მიმეცა გასაქანი და ყველა ის ნაკლი და ხარვეზი აღმომეფხვრა, რასაც მოსწავლეები რეალურად ენის შესწავლის დროს აწყდებიან. სწორედ ამიტომ ვცდილობ გადავცე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა; წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; მოვიზიდო ყველა შესაძლო პროგრამა, რომელიც ენის სწავლის პრაქტიკულ ნაწილში დაეხმარებათ; შევქმნა ყველა რესურსი, რომ ენაზე ყოველმხრივ იმუშაონ; დავეხმარო კომპლექსების მოხსნასა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში; ჩამოვაყალიბო და შევქმნა პროექტები, რომლებიც მათ უცხო ენაზე აქტიურად კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. დაბოლოს, ავუნაზღაურო მათ ის ყველაფერი, რაც მე თავის დროზე ენის შესწავლის დროს დამაკლდა", – ამბობს ხატია ირემაძე.
"კაბადონის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბაზარზე არსებული გარემო კონკურენტულია, განათლება კი მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო სფეროა, ამიტომ მსგავსი იდეის განხორციელება საკმაო გაბედულებასა და სიმამაცეს საჭიროებს.
"ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც შემთხვევით ჩატარებულ ტესტირებაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლეები უკვე საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყვნენ და თეორიულად ძალიან კარგ ცოდნას ფლობდნენ, პირველი ჩემი გამოწვევა სწორედ ის იყო, თუ რა შემეთავაზებინა მათთვის ისეთი, რაც ენის პრაქტიკაში გამოყენებას შეუწყობდა ხელს. ჩემთვის, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი კავშირები და ნაცნობობა უცხოელი ენის პედაგოგის თუ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების მოსაძიებლად, საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის მოძიება, თუმცა, საბოლოოდ მოვახერხე და დღეს ჩემს ცენტრში არაერთი უცხოელი პედაგოგი მუშაობს და არაერთ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ, რასაც ერთ-ერთ ძვირფას მიღწევად მივიჩნევ", – აღნიშნავს პედაგოგი.
ხატია ირემაძე ამბობს, რომ საქმიანობის განმავლობაში რაიმე მძიმე გენდერულ სტერეოტიპთან გამკლავება არ უწევდა, რაც, მისი თქმით, მეტწილად განაპირობა იმან, რომ ჩვენს საზოგადოებაში განათლების მიმართულება და მით უფრო პედაგოგობა "ქალისთვის ყველაზე შესაფერის პროფესიად" აღიქმება:
"ეს კი, ჩემი აზრით, უკვე თავისთავადაა გენდერული სტერეოტიპების ნაწილი, თუმცა ნებისმიერი ქალისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ვინც საკუთარი საქმის წამოწყებას გადაწყვეტს, ყველაზე დიდი გამოწვევა ის ოქროს შუალედია, რომლის პოვნა კარიერასა და ოჯახის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობებს შორის გიწევს".
ხატია ირემაძე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ, პირველ რიგში, ასწავლა, როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი, როგორ გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და იბრძოლოს საკუთარი მიზნების მისაღწევად, იყოს უფრო თავდაჯერებული და არ შეუშინდეს სიახლეებს.
"ერთხელ ჩემმა ერთ-ერთმა წარჩინებულმა მოსწავლემ მითხრა, თქვენი მაგალითიც როგორი მოტივაციის მომცემია ჩვენთვის, რადგან როცა პირველად მოვედი, ბინის ერთ პატარა საძინებელში ვმუშაობდით, ახლა კი სადამდე მოხვედითო. მაშინ მას პირობა მივეცი, რომ ჩემი მაგალითი თუ ოდნავი მოტავაციის მომცემი მაინც იქნებოდა მისთვის ან მისი თაობისთვის, აუცილებლად ბევრჯერ და ხმამაღლა ვისაუბრებდი ჩემი განვლილი გზის შესახებ. სკოლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, ჩემ მიერ მიღწეული ყველა წარმატება დროულ, სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს უკავშირდება. ამ გზაზე არაერთხელ დამარცხების და დაცემის მიუხედავად, ხელახლა ფეხზე წამომდგარი ორმაგი ძალებით ვაგრძელებდი ბრძოლას, რისი შედეგიცაა დღევანდელი წარმატება. ამით იმის თქმა მინდა ნებისმიერი ქალის/გოგონასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება ან, უბრალოდ, კარიერის შექმნა სურს – ნუ დაელოდებით მაგიურ ძალებს ან განგებას, იმოქმედეთ, დაიწყეთ, გადადგით შესაბამისი ნაბიჯი. მართალია, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ დამერწმუნეთ, წარმატებაც არ დააყოვნებს. ყველა ქალს ზღვა შესაძლებლობები აქვს. თუ რამდენად სწორად, თანმიმდევრულად და საზრიანად გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, ეს თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული", – ამბობს ის.
ხატია ირემაძის აზრით, ანტრეპრენერი არის ყველა ის ადამიანი, ვინც ქმნის
ღირებულ და მნიშვნელოვან პროდუქტს ქვეყანაში.
"ინსპირაციას მაძლევენ ჩემი მოსწავლეები. მუდმივად მათ მიღწეულ შედეგებსა და საჭიროებებზე დაკვირვება მაიძულებს, რომ დღითიდღე უფრო მეტი და მეტი გავაკეთო რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის განათლების ხარისხის შესაქმნელად. მუდმივად იმაზე ფიქრი, შევუქმნა მათ ყველა საჭირო რესურსი, რაც მაღალ დონეზე ენის შესწავლისთვის არის საჭირო, მაძლევს საშუალებას, განვვითარდე, ვეძიო და ვიპოვო" – აღნიშნავს ხატია.
"კაბადონის" დამფუძნებლის უპირველესი მიზანია უკვე მიღწეული წარმატების გაღრმავება, ბიზნესის გამყარება და განვითარება.
"მინდა შევქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთული სასწავლო გარემო და რესურსები, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. ჩემი ყველაზე დიდი მიზანია "კაბადონი" გახდეს რეგიონში უცხო ენების სწავლების ნიმუში და ერთ სივრცეში შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს ყველა ის მომსახურება (დაწყებული ენის სწავლიდან, დამთავრებული საერთაშორისო დონის განათლების მიღებით), რაც ენის სრულყოფილად და მაღალი დონის ცოდნისთვის არის საჭირო", – ამბობს ხატია ირემაძე, "კაბადონის" დამფუძნებელი.