Cyber Week Sale! 50% Off All Access

კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

საბუკოს (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) მიზანია საქართველოში გავრცელებული ველური სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნება. ორგანიზაცია კახეთის რეგიონში სხვადასხვა აქტივობის გზით მხარს უჭერს ადგილობრივ ფერმერებს, ინარჩუნებს ბიომრავალფეროვნებას, ნერგავს საძოვრების მდგრადი მართვის მიდგომებს და აძლიერებს ადგილობრივ თემს. პროექტი "კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის" გაგრძელებაა პირველი ფაზის პროექტის: "მდინარე ივრის ჭალის ტყისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის". პირველი ფაზის აქტივობები განხორციელდა 2019-2022 წლებში, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა პროექტის გაგრძელების საჭიროება და პოტენციალი. შესაბამისად, გუნდმა შეიმუშავა ახალი საპროექტო განაცხადი, რომლის განხორციელება დაიწყო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. პროექტის მეორე ეტაპი არის ხუთწლიანი (2022-2027) და მისი ბიუჯეტი 4.5 მილიონი დოლარია.

პროექტი ხორციელდება კემბრიჯის უნივერსიტეტის კონსერვაციული ინიციატივის ფარგლებში და დაფინანსებულია "საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების" პროგრამით, არკადიას ფონდის მიერ. პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიისა და ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციები, CNF − კავკასიის ბუნების ფონდი და სხვა.

აქტივობების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას, ჭაჭუნას აღკვეთილს, სამუხის დაცულ ტერიტორიას, კოწახურას ზურმუხტის ქსელს. პროექტის მეორე ფაზა ხელს უწყობს შექმნას ცხოველებისა და ადამიანების თანაარსებობისთვის ჰარმონიული გარემო.

დაცული ტერიტორიის ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საბუკომ შეიმუშავა ჭაჭუნას აღკვეთილის გეგმა, ხოლო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის პარტნიორებთან ერთად განაახლა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მმართველობის გეგმა. მეორე ფაზის ფარგლებში იგეგმება სამუხისა და კოწახურას მენეჯმენტის გეგმის შემუშავება.

2019 წლიდან საბუკო აღნიშნულ ტერიტორიებზე მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის სოციო-ეკონომიკურ გამოკითხვებს ფერმერებთან, ასევე, იკვლევს ადგილობრივების დამოკიდებულებას ველურ ბუნებასთან. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, პროექტის გუნდმა რამდენიმე სიახლე დანერგა. კერძოდ, როტაციული ძოვება, რაც ხელს უწყობს საძოვრის აღდგენასა და ბალახის მრავალფეროვანი სახეობების შენარჩუნებას. ამასთანავე, მოეწყო ქვაყრილი, რომელიც ხელს უწყობს მდინარის დონის აწევასა და დატბორვას. დალის წყალსაცავი, რომელიც ჭალის ტყეს ორ ნაწილად ყოფს, ჭალის ტყის ფლორისტული შემადგენლობის მხრივ განასხვავებს წყალსაცავის ზედა და ქვედა წელს.

"პროექტის არეალი ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. საპროექტო ტერიტორიაზე გვხვდება საძოვრები, ჭალის ტყე. პროექტის მიზანია, აღნიშნული ლანდშაფტის შენარჩუნება და აღდგენა ველური ბუნების სხვადასხვა წარმომადგენლისთვის", − ალექსანდრე მიქელაძე, პროექტის მენეჯერი.

საბუკო მხარს უჭერს საძოვრების მდგრად მართვას პროექტის არეალში, რადგან ეს ტერიტორია შესაძლოა გადაიქცეს სახნავ-სათეს ტერიტორიად, რაც მონოკულტურების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და შეცვლის ამჟამინდელ ლანდშაფტს.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

"ჩვენი საპროექტო ტერიტორია, ანუ ნახევარუდაბნოს ტიპის ლანდშაფტი საკმაოდ მოწყვლადი ტერიტორიაა, რომელზეც ბევრი ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორი ზემოქმედებს. საბუკო მაქსიმალურად ცდილობს გაატაროს ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც მიმართულია ტერიტორიის აღდგენაზე ან იმ ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების შესარბილებლად, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ ჰაბიტატზე. ამ ეტაპზე ძუძუმწოვრების კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება მიმდინარეობს. შესაბამისად, პროექტის ტერიტორიაზე ვაპირებთ ფოტოხაფანგების განთავსებას ცხოველების მონიტორინგის მიზნით. კვლევა ემსახურება ფოცხვერისა და მგლის საბინადრო გარემოს იდენტიფიკაციას, მათი ქცევის შესწავლას გარემო-პირობების ცვლილებებთან მიმართებაში. გარდა ამისა, სამომავლოდ დაგეგმილია ფოცხვერზე GPS-გადამცემის დამაგრებაც", − ზურაბ გურგენიძე, კონსერვაციის მენეჯერი.

საძოვრების მდგრადი მართვა საკმაოდ დიდი და რთული სამუშაოა. საბუკო თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან ამ მიმართულებით. სამუშაო გუნდმა პროექტის განაცხადსა და აქტივობებში გაითვალისწინა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხედვაც. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია საძოვრების მდგრადი მართვა, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ფერმერების მიერ საძოვრის შენარჩუნება და მართვა. საბუკოს მიერ შემუშავებული საძოვრების მართვის გეგმის დოკუმენტი იყო ერთ-ერთი პირველი ნიმუში, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საძოვრების მდგრადი მართვა, საძოვრების ნაკვეთებად დაყოფა, როტაცია, დატვირთვის ნორმის განსაზღვრა და ა.შ. პროექტის პირველი ფაზის პერიოდში, საბუკომ შეიმუშავა საძოვრის მდგრადი მართვის გეგმა 4 000 ჰა-ზე მეტი საძოვრისთვის. პროექტის მეორე ფაზის ნაწილში მიმდინარეობს 25 000 ჰა საძოვრის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება.

"მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა პროექტის დასაწყისშივე იყოს მოაზრებული, რადგან აძლიერებს თანამშრომლობას, ამაღლებს ცნობიერებასა და ჩართულობის ხარისხს. ინიციატივის განხორციელებამდე ჩავატარეთ მოკვლევა და პოტენციურად ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებას გავეცანით", − ალექსანდრე მიქელაძე, პროექტის მენეჯერი.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, საბუკოს აქტიური ურთიერთობა აქვს ადგილობრივებთან. თუმცა, მთავარ გამოწვევად ადგილობრივებთან მუდმივი კომუნიკაცია და ნდობის მოპოვება რჩება. საბუკო სხვადასხვა აქტივობის განხორციელებით გეგმავს ცნობიერების ამაღლებას პროექტის სიკეთეების შესახებ.

"ჩვენი კომუნიკაცია ადგილობრივებთან ძირითადად ინდივიდუალური შეხვედრებით ხორციელდება, რადგან პროექტის ტერიტორიაზე მობილური კავშირგაბმულობა პრაქტიკულად არ მუშაობს. ვგეგმავთ საინფორმაციო ბროშურების მომზადებას და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განთავსებას. ასევე, ვაპირებთ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოყენებას, მათთვის ყოველდღიური ინფორმაციის მისაწოდებლად − იქნება ეს ცვლილება კანონში, რჩევები მდგრად ძოვებასთან დაკავშირებით, ან ამინდის პროგნოზი. სამიზნე აუდიტორია ერთი მხრივ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები/საჯარო მოხელეები, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივები და ფერმერები/მეცხვარეები. ფიზიკური შეხვედრების გარდა, ვგეგმავთ ჩვენი ციფრული საკომუნიკაციო არხების გამოყენებას ინფორმაციის გასავრცელებლად", − ლონდა ბერია, კომუნიკაციების მენეჯერი.

საბუკომ მოახერხა სასიკეთო ცვლილებებისთვის მიეღწია, რაც პროექტში ადგილობრივი ფერმერების ჩართვასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სოციო-ეკონომიკურ კვლევაშიც ითვალისწინებენ ადგილობრივ ფაქტორებს, ფერმერებისა და ველური ბუნების თანაარსებობის საკითხებს, ბიომრავალფეროვნებასა და გენდერს.

"ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლოა უცხოდ აღიქვამდეს ახალ ინიციატივას. საბუკო 2019 წლიდან მუდმივად აწარმოებს ამ ხალხთან კომუნიკაციებს, შესაბამისად, სიუცხოვის მომენტი დაძლეულია, მეტიც − თავად ფერმერებისგან მოდის უკვე მზადყოფნა და სურვილი, დანერგონ ჩვენი მიდგომები, როგორებიცაა მაგალითად როტაციული ძოვება", − ალექსანდრე მიქელაძე, პროექტის მენეჯერი.

მდგრადი მართვის შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანესია ყველა ჩართული მხარის თანამონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება. ფერმერების მიდგომა, იყოლიონ მეტი სული ცხვარი, ნიშნავს ადგილობრივი საძოვრების აქტიურ გამოყენებას, რაც ზრდის დეგრადაციის რისკს. თავის მხრივ, ეს იწვევს ფერმერისთვის მეტ დანახარჯს, რადგან საძოვრის საფარის არარსებობის, ან მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ფერმერი იძულებულია დამატებით შეიძინოს საკვები ცხოველებისთვის.

"ჩვენ მიერ ჩატარებულ სოციო-ეკონომიკურ გამოკითხვებში ფერმერებთან ნათლად ჩანს მათი დამოკიდებულება, რომ ყოველწლიურად ბალახის საფარი უარესდება და მეტი დანახარჯი აქვთ ცხვრის გამოკვებაზე. საძოვრების არამდგრადი გამოყენება ხელს უწყობს ეროზიასაც. აღნიშნული პრობლემის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტეთ ფერმერების გაძლიერება ისე, რომ ცხვრის რაოდენობის გაზრდა მათთვის არ ყოფილიყო მიზანი. ჩვენ აქცენტი გავამახვილეთ ფასეულობათა ჯაჭვის განვითარებაზე, რაც გულისხმობს ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობასა და ექსპორტზე გატანას", − ალექსანდრე მიქელაძე, პროექტის მენეჯერი.

პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში რეალიზაციის საკითხზე, საბუკო თანამშრომლობს ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქართული ცხვრის ყველის ექსპორტზე გატანის პოტენციალის მოკვლევა და შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის მატყლის რეალიზება უფრო მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე მოგებასთან, კვლევა ამ ნაწილსაც მოიაზრებს.

პროექტის მდგრადი მიზნები უმნიშვნელოვანესია. საბუკო პროექტის პერიოდის განმავლობაში გეგმავს ისეთი აქტივობების დანერგვასა და ყოველდღიურობაში ინტეგრაციას, რომლის გაგრძელებასაც ფერმერები დამოუკიდებლად შეძლებენ პროექტის დასრულების შემდეგ. სისტემური მიდგომა კი ხელს შეუწყობს ადამიანისა და ველური ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას კახეთის რეგიონში.

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

3 ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლებსაც ლიდერებმა თანამშრომლების შესანარჩუნებლად უნდა მიმართონ

ნებისმიერი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სათანადო ადამიანების დაქირავება, და შემდეგ მათი შენარჩუნებაა

როგორ დავიწყო ბიზნესი

გადაზიდვა მარტივად!

STYX – გადაზიდვის ბიზნესის ახლებური გააზრება

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!