ქართული პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აწარმოე გაყიდვები საზღვრების გარეშე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ელექტრონული კომერცია მსოფლიოს იპყრობს. შენაძენის ონლაინ გაკეთების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. თუკი 2016 წლისთვის ონლაინშოპინგზე საერთო გაყიდვის მაჩვენებლის 7,4% მოდიოდა, 2018 წლისთვის მაჩვენებელი გაიზარდა და 8,8% შეადგინა. ელ. კომერციის პლატფორმები ყველაზე განვითარებული დიდ ბრიტანეთშია. აქ გაყიდვის მაჩვენებლების 18% ონლაინშოპებზე მოდის, ჩინეთში საერთო გაყიდვის მაჩვენებლის 16,6%-ს ონლაინ გაყიდვები შეადგენს, ხოლო ნორვეგია მესამე ადგილს იკავებს 12,7%-ით.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 4 ონლაინშოპერიდან მინიმუმ ერთი კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობს ელექტრონული კომერციის ბრენდების ვებგვერდებს. რაც შეეხება ერთი ონლაინშემსყიდველის მიერ დახარჯულ საშუალო თანხას, ამ შემთხვევაში, პირველ პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანაში თითო ონლაინშოპერი, საშუალოდ, წლის განმავლობაში 1804 დოლარს ხარჯავს, ხოლო მეორე პოზიციას 1629 დოლარით დიდი ბრიტანეთი იკავებს.
ეპოქაში, რომელშიც ერთი click-ით ათასობით დოლარის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ბრენდებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა უჩნდებათ. უპირველესად, რაც შეიძლება დროულად მიაწოდონ პროდუქტი შემკვეთს; პროდუქტის დაუზიანებლად მიტანა უზრუნველყონ; შეძენის პროცესი გაამარტივონ და მარტივ პროცედურად აქციონ.
საქართველოში, სტარტაპეკოსისტემის განვითარებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ელექტრონული კომერციის პლატფორმებით წარმოდგენილი ბრენდების რაოდენობა. ახალშექმნილი კომპანიები არა ფიზიკური, არამედ ონლაინმაღაზიის შექმნით მრავალ ხარჯს უვლიან გვერდს. გარდა ამისა, იდეის გაჩენისთანავე აცნობიერებენ, რომ ექსპორტი ბიზნესის უმეტესი ტიპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქართული პროდუქტის საზღვარგარეთ მიწოდება მათთვის პრიორიტეტთა სიაში წამყვან პოზიციას იკავებს.
"საქართველოს ფოსტა" ქართული ბრენდების საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად წლებია ზრუნავს. კომპანიის მორიგი ინიციატივა სწორედ ქართული e-commerce კომპანიების ხელშეწყობისთვის შეიქმნა.
პროექტის "ქართული პროდუქტი მსოფლიოს" ფარგლებში ღია ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა. ონლაინმაღაზიაში ელექტრონული პლატფორმის ინტეგრაცია მარტივი პროგრამული ჩარევით ხდება. ონლაინმაღაზიის გვერდზე კი ტრანსპორტირების მოდული ჩნდება, რომელიც მომხმარებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.
"პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე", − აცხადებს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
"საქართველოს ფოსტა" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საქართველოდან გამოწერილი პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. კომპანიები კი, რომლებიც "საქართველოს ფოსტის" ღია პლატფორმის ვებსაიტზე ინტეგრაციას ახდენენ, კურიერის მომსახურებით, უფასო ექსპორტის დეკლარაციით, განვლადობის, ე.წ. თრექინგკონტროლით, ამანათის დაზღვევითა და შემკვეთამდე ამანათის მიწოდების სერვისით არიან უზრუნველყოფილი.
საერთაშორისო გზავნილების მიწოდების ვადა 3-6 სამუშაო დღეს შეადგენს, ადგილობრივი შეკვეთის შემთხვევაში − 1-3 სამუშაო დღეს. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას "საქართველოს ფოსტა" იღებს, ზარალის ანაზღაურების ზედა ზღვარი კი 10 ათასი ლარით განისაზღვრება. მომხმარებელს შეკვეთილი ამანათის თრექინგკონტროლი როგორც ვებსაიტის, ისე მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია.
"საქართველოს ფოსტის" ახალ სერვისს საქართველოში არსებული არაერთი კომპანია იყენებს. მათ შორისაა ICR, "ლილო შოპი" და სამოსის თუ აქსესუარების მწარმოებელი/გამყიდველი ბრენდები.