Get All Access for $5/mo

ქართველი ანტრეპრენერები კონცეპტუალური სტუმარ-მასპინძლობის მიღმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტუმარ-მასპინძლობა და მასთან ერთად რესტორაციის სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებებია, რომლით დაინტერესების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება. გემოვნებიანი სივრცეების შემოთავაზების მსურველები სულ უფრო მეტია, თუმცა ღირებული, პერსპექტიული, მდგრადი, კონკურენტუნარიანი ბიზნესბრენდის შექმნა საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. სფეროს სწრაფმა განვითარებამ კონცეფციური ბრენდების გარდაუვალობა გამოიწვია, რომელიც თითოეული მათგანის მკაფიო ინდივიდუალიზმსა და მიზნობრივ განვითარებას უზრუნველყოფს. სწორედ კონცეფციიდან გამომდინარე იქმნება ყველა დეტალი. თუ როგორ უნდა შეიკრას კონცეფცია, რა პრინციპების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს პროექტი და როგორ უნდა მართოს შემდეგ ის მფლობელმა დინამიკაში, ამ ყველაფრის შექმნისა და მხარდაჭერისთვის "გასტრონავტი" და მისი პარტნიორები საკუთარ ძალიხმევას არ ზოგავენ. ავთენტურ პროექტებს სთავაზობენ ერთი მხრივ დამკვეთებს, მეორე მხრივ კი ფართო საზოგადოებას და გასტროკულტურას მეტ ღირებულებას სძენენ. ამ მხრივ არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და პრინციპებზე კი Entreprenur-ს "გასტრონავტის" თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ლალი პაპაშვილი და დიზაინერი ესმა ხეცურიანი ესაუბრნენ.

"ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას, უპირველესად აუცილებელია პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარება. პროექტის შექმნის შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის დინამიკაში უწყვეტად მართვა და მისი ყოველი დეტალის მოვლა, რათა ყველაფერი პირვანდელი კონცეფციისა და ჩანაფიქრის ხაზით განვითარდეს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, ჩვენი გუნდისა და დამკვეთის მუდმივი კომუნიკაცია პროექტზე მუშაობის დასრულებისა და დამკვეთისთვის მისი ჩაბარების შემდეგაც, რადგან სტუმარ-მასპინძლობა და სარესტორაციო სფერო მარტივი საქმიანობა სულაც არაა და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. აქ არ არსებობს წვრილმანები. ჩვენი თანამშრომლობა პური-გულიანიდან იწყება და ჩვენი საერთო პროექტები, როგორც ცოცხალი ორგანიზებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს", – ამბობენ ესმა და ლალი.

სფერო მთელ მსოფლიოში მართლაც სწრაფი ტემპით ვითარდება და დამკვეთებიც სულ უფრო ხშირად მიმართავენ საკონსულტაციო კომპანიებს. თანამედროვე სამყარო და ბაზარი საკმაოდ ინფორმირებული და მომთხოვნი მომხმარებლით გამოირჩევა. შესაბამისად, მათი სურვილების, საჭიროებებისა და მოთხოვნების სათანადოდ საპასუხოდ, ამ სერვისისა და პროდუქტის ავტორებს დიდი შრომა, პასუხისმგებლობა და ნაყოფიერი კოლაბორაცია მართებთ. ვიდრე თანამედროვე მომხმარებელი კონკრეტულ სივრცეს ესტუმრება, უნდა იცოდეს, თუ სად მიდის და რას უნდა ელოდოს იქ. ამ განწყობის შექმნაში კი მას წინასწარ ბრენდის ის მახასიათებლები ეხმარება, რომელიც საერთო კონცეფციის ნაწილია და რომლის გარშემო მთელი პროექტი და მისი თითოეული დეტალი ერთიანდება.

"ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთის საქმეში გაცნობიერება. ხშირად მან ბოლომდე არ იცის, რა უნდა და რისთვის აკეთებს. ჩვენ ვეხმარებით სწორი ხაზის მიგნებაში. იმისათვის, რომ საქმემ გაამართლოს, აუცილებელია, წამოწყების მიზანი კარგად ესმოდეს. ასევე, უნდა აცნობიერებდეს მის მრავალმხრივობასაც, რადგან ამ ყველაფერს არაერთი სირთულე ახლავს და ეს მხოლოდ საინვესტიციო საკითხებს არ ეხება. ამ ნაბიჯისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყოს ადამიანი და საქმის მნიშვნელობას ფილოსოფიურ ჭრილში კარგად იაზრებდეს. ყველა დეტალი საერთო საზრისიდან უნდა გამომდინარეობდეს და ღრმა კონცეფციის მატარებელი იყოს. ჩვენთან მოსულ რესტორნის გახსნის მსურველს მუდმივად ვუხსნით ამ ყველაფრის მნიშვნელობას და იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ საკითხების შეკავშირებაზე. ამით ბრენდს გრძელვადიან პერსპექტივას ვუქმნით და ჩამოშლის რისკისგან ვიცავთ", – გვეუბნება ლალი პაპაშვილი.

"ხშირად ჰგონიათ, რომ სწორი პროდუქტის შექმნა მხოლოდ დიზაინს ან რომელიღაც ერთ მხარეს მოიცავს. სინამდვილეში, მთლიანობაში კარგ პროდუქტს უამრავი დეტალი აყალიბებს. ამისათვის ეფექტურ ვიზუალურ მხარეს არაერთი რამ ემატება: გემოები, მუსიკა, უნიფორმები, სურნელი, რომელიც ტრიალებს და ა.შ. ეს ყველაფერი ერთი კონცეფციის ქვეშ იკვრება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ვაშლს მივირთმევთ, მისმა ვიზუალმა კი არა, გემომაც უნდა გაამართლოს და მირთმევის შემდეგ მართლა ვაშლის გემო უნდა აღმოაჩნდეს და არა მარწყვის. ამასთანავე, შიგთავსი და კურკაც ვაშლისებრი უნდა ჰქონდეს და არა სხვა რამის. ყველაფერი ერთმანეთს უნდა ავსებდეს. დამკვეთებთან ერთად ბევრს ვმუშაობთ, რათა მართლაც ღირებული პროდუქტი შეიქმნას", – ამბობს ესმა ხეცურიანი.

მზარდი კონკურენციიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ კონკურენტუნარიანი გასტროსივრცის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ინვესტორმა პროფესიონალთა ჯგუფი შეკრიბოს და მხოლოდ საკუთარ ხედვებს არ ენდოს. ახალი სივრცეები კი სწრაფად მრავლდება, რაც სფეროს განვითარებასთან ერთად, არსებულ კონკურენციასაც მნიშვნელოვნად ზრდის. წარმატების შენარჩუნება და უწყვეტად ზრდა კი საკმაოდ რთულია, რადგან მთავარი, სივრცის ეფექტიანად გახსნის შემდეგ იწყება. დინამიკაში ყველა დეტალს სწორი მართვა და სათანადო ყურადღება სჭირდება, რათა სამოქმედო ხაზმა საწყის კონცეფციურ ჩანაფიქრს არ გადაუხვიოს.

"კონცეფციის დინამიკაში მართვა ცალკე ხელოვნებაა. "გასტრონავტი" მმართველებს ე.წ. art direction მიმართულებითაც უზრუნველყოფს, რადგან საოპერაციო მართვასთან ერთად, ეს მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტების ჩაბარების შემდეგაც, გარკვეული კომენტარები მმართველ ჯგუფთან ყოველთვის გვაქვს. ჩვენს პარტნიორებთან მეგობრულ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ და საჭირო რჩევებს მათთვის არასდროს ვიშურებთ. ისინიც მუდამ მოგვმართავენ რეკომენდაციებისთვის და ასე ვქმნით უწყვეტ ღირებულ ბრენდს ანტრეპრენერულად. რის შექმნაშიც მონაწილეობა გვაქვს მიღებული, მისი ბედიც ყოველთვის გვაღელვებს და მასზე ზრუნვას უსასყიდლოდ ვაგრძელებთ. ძალიან გვინდა, თითოეულმა ბრენდმა საკუთარი მისია და მიზანი გაამართლოს", – ლალი პაპაშვილი.

"გასტრონავტის" ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ბუტიკური სასტუმრო "ესკიზის" კომპლექსია თელავში, რომლის პროექტზეც დიზაინერ ესმა ხეცურიანთან და კომპანია "კოპეშიასთან" ერთად, გუნდმა 2 წლის განმავლობაში იმუშავა. კონცეფცია 100-გვერდიან ფაილსა და ბრენდის უამრავ ასპექტს აერთიანებს.

"ესკიზზე 2 წელი ვიმუშავეთ, ძალისხმევა არ დავიშურეთ, რადგან ძალიან გვინდა საქართველოში ბევრი ძლიერი და ლამაზი პროექტი არსებობდეს. გავაკეთეთ ბრენდის კონცეფცია, ფილოსოფია, ბრენდ-ბუქი, ნეიმინგი და ბრენდინგი. აგრეთვე დიდი შრომა გავწიეთ პროექტის დიზაინსა და ვიზუალიზაციაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ჰაერიდან არ იქმნება და მას სხვა წინაპირობები ახლავს. ჩვენ შევისწავლით იმ გარემოს, სადაც ესა თუ ის ობიექტი მდებარეობს, რა ხდება მის ირგვლივ, რა ისტორიული წინაპირობები აქვს ამ ობიექტს, რაიონს, სადაც ის მდებარეობს და ა.შ. ეს ყველაფერი გვეხმარება ამბის ცოდნაში და შემდეგ სწორედ ამ ამბის მიხედვით ვქმნით ყველაფერს, მათ შორის დიზაინსაც", – გვეუბნება ესმა.

ლალი პაპაშვილი კი ესკიზზე მუშაობის დაწყებას იხსენებს, რომელიც ერთგვარ ისტორიულ თავგადასავლად იქცა და მასზე მუშაობამ გუნდი მე-19 საუკუნეში ამოგზაურა.

"სასტუმროს ესკიზის ისტორია თბილისში პლეხანოვზე მდებარე სასტუმრო "პრესტიჟიდან" იწყება, რომლის რებრენდინგიც გადაწყდა. ჩვენთან მოვიდა დამკვეთი და გადავწყვიტეთ მუშაობის დაწყება. ისტორიულად, ეს უბანი საარქივო მასალებითაც გამოვიკვლიეთ. გარკვეულწილად, მას უკვე ვიცნობდით, რადგან აქვე, ახლოს, რესტორან "ბარბარესთან" გვიმუშავია. ჩავატარეთ ისტორიული კვლევა და აღმოვაჩინეთ შენობის მე-19 საუკუნის ესკიზი და ნახაზი. ესკიზი იყო საოცრად დახვეწილი ნამუშევარი და გადავწყვიტეთ ეს სიტყვა სახელად გამოგვეყენებინა, რადგან ბუტიკურ კონცეფციას ძალიან უხდებოდა, შემდეგ კი მთელი კონცეფციაც ესკიზური ხასიათით გაგვეკეთებინა. ადგილს მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი თავშეყრის ხასიათი შევუნარჩუნეთ. როდესაც პროექტი დავასრულეთ, დამკვეთმა გვითხრა, რომ კახეთშიც სურდა სასტუმროს გაკეთება. როგორც აღმოჩნდა, თელავშიც ძველი ისტორიული შენობა უნდა გადაკეთებულიყო სასტუმროდ. ამიტომ აქაც ესკიზის ხაზის დაცვით წავედით. ამასთანავე, მასში სინთეზურად გარკვეული კახური ელემენტები და სარელაქსაციო ხასიათიც შევიტანეთ".

"ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ პროდუქტის მიმართულება და ამბავი ჩემამდე სწორი მიმართულებით მოვიდა, რამაც ძალიან გამიმარტივა დიზაინზე მუშაობა. გადავწყვიტეთ, კუთხის ეთნიკური ელემენტებიც დაგვემატებინა, რადგან კახეთია და გვსურდა მისი ხასიათი გვეჩვენებინა. ეს უნდა ყოფილიყო თბილისის ესკიზის გაგრძელება, თუმცა ადგილობრივი ხასიათით, რაც შევძელით კიდეც. ამასთანავე, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძესთან კოლაბორაციით გავაკეთეთ კონცეპტუალური ფოტო სერია და ესკიზის ინტერიერის კედლები თემატური ტილოებით გავაცოცხლეთ", – იხსენებს საინტერესო გამოცდილებას ესმა ხეცურიანი.

თელავში "ესკიზის" სტუმრობის შემდეგ, საინტერესო კონცეპტუალურ სივრცესთან ერთად, შეფ თამთა კიკალეიშვილის საავტორო ხედვით შექმნილი მენიუც დაგხვდებათ, რომელსაც ქართულ კერძებთან დაკავშირებით ახლებური ხედვა აქვს. სწორედ ამ საინტერესო ხედვის გამო შესთავაზა თამთას კანდიდატურა "გასტრონავტმა" "ესკიზს". აღსანიშნავია, რომ აქ კერძები ადგილობრივი პროდუქტებით იქმნება, რაც ღირებულებათა ჯაჭვს უფრო აძლიერებს. გუნდმა ამაზეც იფიქრა.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის შემატებამ "გასტრონავტის", ესმა ხეცურიანისა და მათი მეგობარი კომპანიების პორტფოლიო კიდევ უფრო გაამდიდრა. თუმცა ნაყოფიერი პროექტების შექმნისთვის, მათთან მომავალი თანამშრომლობის მსურველებს, კარგად უნდა ესმოდეთ, რატომ სურთ სტუმარ-მასპინძლობისა და სარესტორაციო სფეროში შემობიჯება. აუცილებელია წინასწარ იაზრებდნენ იმ ღირებულებებს, ფილოსოფიასა და მიზანს, რომელსაც მათი პროექტი უნდა ატარებდეს. ყველა დეტალისთვის დათმობილი სათანადო ფიქრი და ყურადღება კი მომავალში პერსპექტიული და მდგრადი ბრენდის შექმნა-განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. იდეებისა და ფიქრების მდგრად ბრენდებად გარდაქმნაში კი მათ პროფესიონალები დაეხმარებიან, რისთვისაც "გასტრონავტი" და მისი პარტნიორები ყოველთვის მზად არიან. ამჯერად მათი შემოქმედებითი ენერგია ახალი თაობის გასტრონომიული დუქანის - "რიგის" შექმნისკენაა მიმართული.

სფეროს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის "გასტრონავტს" არაერთი გეგმა და მიზანი აქვს. ახლო მომავალში სერვისების ჩამონათვალს ის მართვა-მენეჯმენტსაც შემატებს და საკუთარ კომპეტენციებს პროექტების სწორი მართვისკენ მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მართვის დინამიკურ პროცესებში მათი თანამონაწილეობა პროექტს გაცილებით მდგრადს გახდის. ეს დამკვეთისთვისაც დიდ კომფორტსა და საიმედოობას წარმოადგენს, რადგან ბიზნესის უწყვეტ განვითარებაში პროფესიონალები ჩაერთვებიან. საბოლოო ჯამში კი, სტუმარ-მასპინძლობისა და რესტორაციის სფერო ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც თავის მხრივ ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორი იქნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"