ქართველი სტარტაპერები სან-ფრანცისკოში მიღებულ გამოცდილებას აფასებენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 ქართული სტარტაპი, უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც "სილიკონ ველის" სტუმრობს. ისინი უკვე წარსდგნენ თავიანთი იდეებითა და ბიზნეს გეგმით მსოფლიოს წამყვანი ინვესტორების წინაშე.
მათთვის, ეს არის დასაწყისი ახალი, უფრო მასშტაბური საქმიანობის, ხოლო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის, მთელი ეს პერიოდი, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება.
გაიგეთ, როგორ აჯამებენ სან-ფრანცისკოში მიღებულ გამოცდილებას, თითოეულ პროდუქტიულ დღეს ქართველი სტარტაპერები.
"სან-ფრანცისკოში ჩამოსვლის შემდეგ გვქონდა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი, გვქონდა შეხვედრები როგორც 500 სტარტაპის მენტორებთან, ასევე სხვადასხვა დიდი კომპანიის წარმომადგენელთან. რაც მთავარია, მივიღეთ გამოცდილება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. ვნახეთ, როგორია მაგალითად ნეთვორქინგი. შევეხეთ უშუალოდ VC-ებს, Angel-ებს, ვიყავით მათთან შეხვედრაზე და უშუალოდ დავინახეთ თუ რა აინტერესებთ, რა სჭირდებათ და განვითარების რა ეტაპზე, რისი დანახვა უნდათ, რომ ჩვენ ყველანი მზად ვიყოთ ამისთვის." - შაკო ჯალაბაძე, Cargon
"რეალურად, მართლა ესე არის რომ ჩვენც, მე ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამ კულტურის ნაწილი გავხდით მეორე დღიდანვე, იმიტომ რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყავით ჩვენი პროდუქტს წარდგენისთვის, მაგრამ ყოველი შეხვედრის შემდეგ ვიღაც ისეთ საინტერესო ან ინვესტორს, ან ამ მიმართულების, ჩვენ შემთხვევაში ფინანსური ტექნოლოგიების სპეციალისტს ხვდები, რაღაც ისეთ უკუკავშირს იგებ, რომლითაც შემდეგ პატარა ცვლილებებს აკეთებ შენივე საუბარში, შენს პროექტზე." - გეგა წურწუმია, Payze
"პროექტი დაგვეხმარა სწორი პროცესების, მატრიცისა და ანალიტიკის დადგენაში და გამოწვეების, გაყიდვების და ბიზნეს განვითარების მიმართ მიდგომების ჩამოყალიბებაში. ამასთან ერთად, ადამიანურ დონეზეც, საოცარი გამოცდილება მივიღეთ. ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით და დარწმუნებული ვარ, რომ მათთან კავშირზე დავრჩებით." - მაიკლ ლაზარენკო, Agrolabs
"ვფიქრობ, რომ სილიკონ ველი არ არის მხოლოდ ადგილი, არამედ ეს არის უფრო მაინდსეტი და ტემპი. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომას, ამ განწყობას ჩვენ თბილისში, ქარდილშიც ჩავიტანთ და იმავე ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას." - ზურა ბაკურიძე, Cardeal.ge