ხელოვნური ინტელექტი, სამოქალაქო უფლებები და "ახალი ეთიკის" აუცილებლობის საკითხი ეთიკის სტანდარტებში - ფსიქოთერაპია და "ახალი ეთიკა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ავტონომიურობისა და ზრდასრული ადამიანის უნარიანობის რწმენის პატივისცემა თანამედროვე ეთიკის კოდექსების ძირეული საფუძველი ხდება. თანამედროვე ეთიკის სტანდარტები ინაცვლებს კითხვიდან "როგორ დავიცვათ პაციენტი?" კითხვაზე "როგორ ვცეთ პატივი პაციენტის, როგორც დამოუკიდებელი, სრულფასოვანი, სამოქალაქო უფლებების მქონე პირის თავისუფლებას?" (საქართველოს კონსტიტუცია, 1995).

ეთიკის კოდექსების ამგვარი გადასინჯვა - გადათვალიერებების მომხრეები სვამენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა: "რამდენად გამართლებულია ის, რომ უკიდურესად დოგმატური და პატერნალისტური ეთიკის კოდექსები, ფსიქოთერაპიული შეხვედრების დასრულებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც კი, ყოფილ პაციენტსა და ყოფილ ფსიქოთერაპევტს ერთმანეთთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას სამუდამოდ უკრძალავენ ან მათგან მოითხოვენ ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა "მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში" განიხილონ?" (Baur, 1997). "რამდენად ზნეობრივი, გამართლებული და სამართლიანია ფსიქოთერაპიული კავშირის ამოწურვიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც კი, − დაწესებულება, რომელსაც ფსიქოთერაპევტი მიეკუთვნება, − ზედამხედველობდეს ურთიერთობებს, რომლებიც, წესით, სხვა სახის სამართლებრივი აქტებით რეგულირდება?" (საქართველოს კონსტიტუცია, 1995; California Civil Code, n.d.; Council of Europe, 1950). "შემთხვევით, მეტისმეტად უხეშად ხომ არ იჭრება განსაზღვრული ფსიქოთერაპიული მიდგომების გამავრცელებელი საზოგადოებები ზრდასრული ადამიანების გადაწყვეტილებებში? თუ − არა, რა საფუძველი აქვს ამ მტკიცებებს და, თუ - კი, რა შეიძლება შეიცვალოს ეთიკის კოდექსებში? რატომ არ განიხილავენ ეს კოდექსები ფსიქოთერაპიულ ურთიერთობას როგორც ურთიერთობის ერთ - ერთ ნაირსახეობას, რომელიც შესაძლოა, ვეღარ შეესაბამება ორ ადამიანს შორის მომხდარ ცვლილებებს?"

დოგმატური და პატერნალისტური ეთიკა და ფსიქოთერაპევტის საქმიანობა

დღესდღეობით, სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ უკიდურესად მკაცრი, ხისტ შეზღუდვებზე დაწესებული ეთიკის კოდექსები, ნებით თუ უნებლიეთ, ფსიქოთერაპევტს შესაძლო მოძალადედ და ბოროტმოქმედად პაციენტს კი, მსხვერპლად და დაუცველად მოიაზრებენ (Dineen, 1998).

ხშირად, სასჯელის მოლოდინი განმსჭვალავს არა მხოლოდ ფსიქოთერაპევტის გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის შეხვედრის მანძილზე იღებს პაციენტთან ურთიერთობაში, არამედ, მას უბიძგებს მისივე კოლეგებისგან მოსალოდნელი გამკიცხავი და განმკითხავი დამოკიდებულებისგან თავდაცვის მიზნით, წარმოჩნდეს შეუმცდარად და მცოდნედ, ასევე, მარტო დარჩეს სირთულეების წინაშე ან მხოლოდ ნაწილობრივ გაუზიაროს კოლეგებს ის, რაც მას აწუხებს ან რის წინაშეც თავს მარტოდმარტო გრძნობს მსოფლიოში მოქმედი ამჟამინდელი ეთიკის კოდექსების მიერ, ნებით თუ უნებლიეთ, აღძრული სირცხვილის წნეხის წინაშე (Pope & Vasquez, 2016).

აქედან გამომდინარე, ბევრი ფსიქოთერაპევტი ხშირად მიმართავს ხელოვნურ ინტელექტს მხარდაჭერისთვის. თუკი თავადაც გადაამოწმებთ, აღმოაჩენთ, რომ მათგან უმრავლესობა ცდილობს, გამოსავალი იპოვოს არა უშუალოდ რომელიმე პაციენტის შემთხვევის განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, არამედ, დარწმუნდეს იმაში, რომ ის ნამდვილად ეთიკურად იქცევა.

ხელოვნური ინტელექტის ფსიქოთერაპევტების მესაიდუმლედ ქცევა იმას მოწმობს, რომ, ერთი მხრივ, სასჯელის მოლოდინი გვაძრწუნებს და, მეორე მხრივ, გაკიცხვის მოლოდინი. მკაფიოდ განსაზღვრული განსაზღვრებების გარეშე კი, — რას ვუწოდებთ საზღვრების გადაკვეთას (Boundary Crossing) და რას საზღვრების დამაზიანებელ დარღვევას (Boundary Violation) — ბევრი ფსიქოთერაპევტი განმარტოებული რჩება ურთულესი და მრავალწახნაგოვანი ამოცანების და დაბრკოლებების წინაშე (Gabbard, 2016; Zur, 2017).

სავარაუდოა, რომ უკიდურესად ხისტი და მოუქნელი ეთიკის სტანდარტები კოლეგებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას აბრკოლებს, რადგან ადამიანებს სთავაზობს მზა გამოსავალს, როდესაც, შემთხვევის გულდასმით კვლევაზე დაფუძნებული გამოსავალი გვჭირდება. ამდენად, ხშირად, სუპერვიზია და ინტერვიზიაც არა ჭეშმარიტი მხარდაჭერის, არამედ, მზა გამოსავლის შეთავაზების სივრცე ხდება, სადაც თავისუფლად კი არ ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე, ჩვენს ვნებათაღელვებზე თუ დარდზე, არამედ, ვცდილობთ, პაციენტზე აღმატებულის თუ მასზე მცოდნის ნიღბის ქვეშ გავაუჩინაროთ ჩვენივე დაუცველობა, შფოთვა, შიში და თავგზააბნეულობა: ხშირად, ჩვენც, – ფსიქოთერაპევტებმაც, – არ ვიცით, რა მოვუხერხოთ ჩვენს საქმიანობაში არსებულ სირთულეებს და დაბრკოლებებს.

და რა უფრო და როდის არის ეთიკური? ის, რომ პაციენტები ჩვენზე მუდმივად დაკნინებულად გრძნობენ თავს, რადგან ჩვენ, ოდესღაც, უნებლიეთ აგვეკრძალა მიკერძოებულ ადამიანებად ყოფნა, თუ მათთან ჩვენი თავგზააბნეულობის აღიარება?

სასჯელის მოლოდინი, ხელოვნური ინტელექტი (AI) და ნეიროეთიკა

მსოფლიოში მოქმედი ბევრი ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ სასჯელს, როგორიცაა ფსიქოთერაპევტად მუშაობის უფლების ჩამორთმევა და სხვა.

დღემდე მოქმედი ეთიკის კოდექსების კრიტიკა მოიცავს დაშვებას, რომ სასჯელები უკიდურესად მკაცრი და არამართლზომიერია. გარდა ამისა, ეთიკის საბჭოები ხელმძღვანელობენ დაშვებით, რომ ფსიქოთერაპევტის, როგორც "ჩვეულებრივი მოკვდავის" აღქმა ადამიანს არ შეუძლია ფსიქოთერაპიული შეხვედრების დასრულებიდან წლების გასვლის შემდეგაც კი. ეს კი, − ამ სტანდარტების კრიტიკოსების თანახმად, − იმთავითვე ეწინააღმდეგება ფსიქოთერაპიის ჩანაფიქრს და საბოლოო წერტილს: ფსიქოთერაპევტი ადამიანისთვის "ჩვეულებრივი მოკვდავი" ხდება და ორი, ზრდასრული ადამიანი ერთმანეთში ზუსტად მოკვდავობას უზავდება (Baur, 1997).

ასევე, თანამედროვე ეთიკის კოდექსების კრიტიკა მოიცავს დაშვებას, რომ მათ საფუძველს წარმოადგენს პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის ცხოვრებაში უხეშად შეჭრის მცდელობა მას შემდეგაც კი, რაც პაციენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის ფსიქოთერაპიული კავშირი ამოიწურა და ორი ზრდასრული ადამიანის ცხოვრება აღარაა დაკავშირებული ერთმანეთთან პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის როლებით (Zur, 2017).

დღემდე მოქმედი ეთიკის სტანდარტები ან მკაცრად კრძალავენ ყოფილი პაციენტისა და ყოფილი ფსიქოთერაპევტის ურთიერთობებს, ან აწესებენ განსაზღვრული დროის მონაკვეთს, რომლის გასვლის შემდეგაც, "მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში" შეუძლიათ ყოფილ პაციენტსა და ყოფილ ფსიქოთერაპევტს სხვაგვარი ურთიერთობის დამყარება.

ამგვარი აკრძალვების საპირისპიროდ, არსებობს ნეიროანატომიის კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ, მაგალითად, ყოფილ პაციენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის ურთიერთობის დასრულებიდან კავშირის სრული გაწყვეტისთვის დადგენილი დროის მონაკვეთი არათუ ამოწურავს განუხორციელებელ სურვილებს, არამედ, გარდაქმნის დაჟინებულ, აკვიატებულ სურვილებად (Zeigarnik, 1927). ეს კი, თავის მხრივ, ზოგიერთ ადამიანს უბიძგებს, "დროის გაყვანისთვის" დაამყარონ კავშირები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მათ სასურველ ადამიანთან სიახლოვეს აგონებთ (Cozolino, 2014) და, ამდენად, ამგვარი "დათქმებით" ზიანდება არა მხოლოდ ორი ადამიანი, არამედ, ბევრი ისეთიც, რომლებზეც ირიბად აისახა ამგვარი აკრძალვების წნეხი (Feldman, 2017).

"ახალი ეთიკა" - ეთიკისა და ეთიკურობის ხედვის განახლების აუცილებლობა

ეთიკის სტანდარტები, რომლებიც ეყრდნობა დაშვებას, რომ პაციენტი იმთავითვე დაუცველია, − რადგან მას იმ ცოდნასთან არ აქვს წვდომა, რომელთანაც ფსიქოთერაპევტს, − კრიტიკის სამიზნე ხელოვნური ინტელექტის არსებობისგან გამომდინარეც ხდება: ადამიანებს შეუძლიათ, ხელოვნურ ინტელექტს დაეყრდნონ იმისთვის, რომ ფსიქოთერაპიის − როგორც დისციპლინის − განვითარების დასაწყისში არსებული უთანასწორობა პაციენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის, მეტ - ნაკლებად გააწონასწორონ. სულ მცირე, იმითი მაინც, რომ დაინტერესდნენ, რომელ ფსიქოთერაპიულ მიდგომას ეყრდნობა მათი ფსიქოთერაპევტი და ეს მიდგომა რას ეფუძნება.

სამოქალაქო უფლებების გაძლიერება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეთიკის საბჭოებს უბიძგებს, მეტად მოქნილი ეთიკის სტანდარტების შემუშავებაზე დაფიქრდნენ. დოგმატური, პატერნალისტური და უკიდურესად ხისტი ეთიკური სტანდარტები სპეციალისტებს აიძულებთ, გვერდი აუარონ ისეთი დაწესებულებების თუ ორგანიზაციების წევრობას, რომლებიც მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ქმნიან (Miller, 2022; Reamer, 2023).

ფსიქოთერაპევტები − განსაკუთრებით, კავშირ - ურთიერთობაზე დაფუძნებული და ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის სკოლების წარმომადგენლები − ცდილობენ, გვერდი აუარონ კლასიკური ეთიკის სტანდარტების მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ისეთი შეთანხმებებით, რომელიც მოიცავს ინფორმირებული თანხმობის, სამოქალაქო უფლებებისა და პაციენტის ავტონომიურობის პატივისცემას (Williams, 1997).

საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (სკბთს) მოქმედი ეთიკის სტანდარტები (სბთს, 2015) ისევე, როგორც ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების (EABCT) ეთიკის სტანდარტი (EABCT, 2020) ეყრდნობა პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის, როგორც ორი, უნარიანი ზრდასრულის ნდობას და კოლეგების მხარდამჭერი დამოკიდებულების აუცილებლობას ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის თუ ყოფილ პაციენტსა და ყოფილ ფსიქოთერაპევტს შორის უსაფრთხო ურთიერთობების დამყარებისთვის და დაშვებას, რომ ორ, უნარიან ზრდასრულს შორის ურთიერთობა შესაძლოა სამუდამოდ არ განისაზღვროს მათ შორის პაციენტი - ფსიქოთერაპევტის როლის მოთხოვნებითა და თავისებურებებით.

რა დაგვჭირდება მეტი თავისუფლებისთვის?

რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება პასუხისმგებლობის აღების უნარების გაძლიერების აუცილებლობასაც მოიცავს. მეტად დამნდობი და ნაკლებად მკაცრი ეთიკის სტანდარტები ფსიქოთერაპევტისგან მოითხოვს მეტ სასიცოცხლო ძალას, იმის მეტად გათვალისწინებას, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც ის მკურნალობს, განსაკუთრებული და განუმეორებელია და, ამდენად, შესაძლოა, მზა გამოსავალი საყრდენად არ გამოადგეს (Siegel, 2012).

იმისათვის, რომ რთული, ადამიანური გადაკვეთები და ეთიკის სტანდარტების მოსალოდნელი განვითარება არ დაგვაწვეს თავისუფლების ტვირთად (Fromm, 1941), ჩვენ დაგვჭირდება მეტი გამჭვირვალობა და ერთმანეთისთვის სანდო კოლეგებად ყოფნის კეთილი ნება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. American Psychological Association. (2017). Ethical principles of psychologists and code of conduct.

2. American Psychological Association (APA). (2022). Trends Report: The changing landscape of professional identity.

3. Baur, S. (1997). The intimate hour: Love and sex in psychotherapy. Houghton Mifflin.

4. California Civil Code. (n.d.). Section 43.93: Psychotherapist-patient sexual contact.

5. Council of Europe. (1950). European Convention on Human Rights.

6. Cozolino, L. (2014). The neuroscience of human relationships: Attachment and the developing social brain. W. W. Norton & Company.

7. Dineen, T. (1998). Manufacturing victims: What the psychology industry is doing to people. Robert Davies Multimedia Publishing.

8. European Association for Behavioural and Cognitive Therapies (EABCT). (2020). EABCT framework for ethical codes of practice.

9. Feldman, R. (2017). The neurobiology of mammalian exchange. Nature Reviews Neuroscience, 18(6), 385-399.

10. Fisher, H. E., et al. (2016). Intense, passionate, romantic love: A natural addiction? Frontiers in Psychology, 7.

11. Fromm, E. (1941). Escape from freedom. Farrar & Rinehart.

12. Gabbard, G. O. (2016). Boundaries and boundary violations in psychoanalysis. American Psychiatric Association.

13. Gottlieb, M. C. (1993). Avoiding exploitative dual relationships. Psychotherapy, 30(1).

14. Hayes, S. C., Strosahl, K. D., & Wilson, K. G. (2011). Acceptance and commitment therapy: The process and practice of mindful change. Guilford Press.

15. Hoffman, I. Z. (1998). Ritual and spontaneity in the psychoanalytic process. Analytic Press.

16. Lazarus, A. A. (1994). How certain boundaries and ethics diminish therapeutic effectiveness. Ethics & Behavior, 4(3).

17. Lazarus, A. A., & Zur, O. (2002). Dual relationships and psychotherapy. Springer.

18. Lucas, G. M., et al. (2014). It's only a computer: Virtual humans increase self-disclosure. Computers in Human Behavior.

19. McNally, R. J. (2011). What is mental illness? Belknap Press.

20. Miller, B. (2022). The mental health practitioner crunch: Why clinicians are leaving traditional systems. Journal of Clinical Psychology, 78(10).

21. Mitchell, S. A. (1993). Hope and dread in psychoanalysis. Basic Books.

22. Pope, K. S., & Vasquez, M. J. (2016). Ethics in psychotherapy and counseling: A practical guide. John Wiley & Sons.

23. Reamer, F. G. (2023). Ethics and risk management in online and distance social work. Cognella Academic Publishing.

24. Siegel, D. J. (2012). The developing mind: How relationships and the brain interact to shape who we are. Guilford Press.

25. Skjuve, M., et al. (2021). My chatbot companion: A study of human-chatbot relationships. International Journal of Human-Computer Studies.

26. Stolorow, R. D. (2007). Contexts of being: The intersubjective foundations of psychological life. Routledge.

27. Szasz, T. (1961). The myth of mental illness. Harper & Row.

28. Ta, V., et al. (2020). User experience of a conversational agent for mental health (Woebot). JMIR Formative Research.

29. Williams, M. H. (1997). Boundary violations: Do some prohibited archaic boundaries actually hamper clinical effectiveness? The Psychotherapy Patient, 10(3-4), 77-94.

30. Zeigarnik, B. (1927). On finished and unfinished tasks. Psychologische Forschung, 9.

31. Zur, O. (2017). Boundaries in psychotherapy. APA.

32. საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს). (2015). ეთიკის სტანდარტები.

33. საქართველოს კონსტიტუცია. (1995). 2018 წლის 16 დეკემბრის რედაქცია. მუხლი 9 (ღირსება), მუხლი 12 (პიროვნების თავისუფალი განვითარება).