Get All Access for $5/mo

"კლასტერები განვითარებისთვის" 4-წლიანი საქმიანობის შემდეგ, წარმატებით დასრულდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" (C4D), რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) 2019 წლიდან ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებდა, დასრულდა.

პროექტის მიზანია, საქართველოში ბიზნესკლასტერების შექმნის გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა. ბიზნესკლასტერები ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს აერთიანებს, რომელიც ხელს უწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას, ინოვაციებსა და კონკურენტუნარიანობას. ბიზნესკლასტერების უპირველესი მიზანია, შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის კლასტერის მონაწილეებს შორის სინერგიის, ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

პროექტის განმავლობაში ტექსტილის, სამშენებლო მასალებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში მთელი საქართველოს მასშტაბით 4 კლასტერი შეიქმნა, რომელიც მთლიანობაში 124 მცირე და საშუალო მეწარმეს აერთიანებს. ესენია, GAFA − საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, GCMC − სამშენებლო მასალების კლასტერი და ტურიზმის ორი კლასტერი კახეთსა და იმერეთში.

7 ივნისს, პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, "კლასტერები განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელმა და GIZ-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა კრისტიან კაუფჰოლდმა პროექტის მიმდინარეობა შეაჯამა და კლასტერების მიერ მიღწეულ მთავარ გამოწვევებზე, წარმატებებსა და შედეგებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მან PMCG Research-თან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვით, პროექტის ბენეფიციართა საერთო კმაყოფილებამ 91.5% შეადგინა.

კვლევის თანახმად, კლასტერის წევრთა 75,5%-ის შემთხვევაში წლიური ბრუნვა გაიზარდა ან შენარჩუნდა Covid 19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად. გარდა ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეთა ნახევარზე მეტი (57.4%) აცხადებს, რომ მათი ბრუნვა მინიმუმ 10%-ით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი კმაყოფილების მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი ინტერვენციების მიმართ, როგორებიც იყო "ინდივიდუალური მომსახურება და ექსპერტიზა" (86.1%), "ტრენინგები და სემინარები" (80.6%) და "ადგილობრივი ბაზრის ხელშეწყობა" (70.2%).

პიტერ ფიშერი, დომინიკ პაპენჰაიმი

რას მოიაზრებს პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის"?

კლასტერები საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს. ბიზნესკლასტერების მუშაობის მეთოდი უკვე დანერგილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის ბაზარზე არსებობს კლასტერის წარმატების ქეისები. ამ ეტაპზე პროექტი საქართველოში კლასტერული მიდგომის დანერგვას უწყობს ხელს და ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება-გაძლიერების მიზანს ემსახურება.

Entrepreneur-თან საუბრისას, "კლასტერები განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელმა და GIZ-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა კრისტიან კაუფჰოლდსმა აღნიშნა, რომ C4D-ის მთავარი მიზანი, საქართველოსა და მის რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა გახლდათ, რისთვისაც სამ ძირითად სექტორში − ტექსტილში, სამშენებლო მასალებსა და ტურიზმში, კლასტერების განვითარების სტიმულირება და მხარდაჭერა დაისახეს მიზნად.

კრისტიან კაუფჰოლდი

"ჩვენი პროექტის მიზანი გახლდათ ინოვაციური თანამშრომლობის მექანიზმების მეშვეობით გაგვეძლიერებინა კერძო სექტორის აქტორების ბიზნესეფექტიანობა აღნიშნულ სფეროებში. ასევე, მიზნად დავისახეთ, ბიზნესის განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება. ჩვენი პროექტის ზოგიერთი მოსალოდნელი შედეგები მოიცავდა კლასტერების განვითარების ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას, საკვანძო უწყებების შესაძლებლობების განვითარებას, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში", და რაც მთავარია, ბაზარზე ორიენტირებული კლასტერების შემუშავებასა და პილოტირებას", − აღნიშნავს კრისტიან კაუფჰოლდსი.

კრისტიანის თქმით, ტანსაცმლის, სამშენებლო მასალებისა და ტურიზმის სექტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ შეარჩიეს აღნიშნული ინდუსტრიები პროექტის სამიზნე ობიექტებად.

"Covid-19-ის პანდემიამდე, ტურიზმმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის მშპ-სა და დასაქმებაში, ხოლო სამშენებლო მასალების სექტორი მოიცავდა ინდუსტრიის წამყვან პროვაიდერებს. ამ სექტორებზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს მათი წვლილის გაზრდასა და გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკაში", − აღნიშნავს იგი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ევროპის კლასტერული ანალიზის სამდივნოდან (ESCA), საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციისთვის (GAFA) და საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერისთვის Bronze Label ჯილდოს მინიჭება, მიუთითებს ინდუსტრიების პოტენციალსა და მზადყოფნაზე საერთაშორისო მასშტაბით თანამშრომლობისთვის.

"ასეთი აღიარება კიდევ უფრო ამართლებს ამ სექტორებზე ფოკუსირებას და იძლევა შესაძლებლობას გააფართოოს მათი ბაზრის წვდომა და თანამშრომლობა ისეთი პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა ევროპის კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმა", − აღნიშნავს კრისტიანი.

"კლასტერები განვითარებისთვის" პროექტის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. თავდაპირველად ორგანიზაციების საჭიროებები შეფასდა − ჩატარდა გასაუბრებები წევრ კომპანიებთან, რათა მათი მიმდინარე საჭიროებები და გამოწვევები გამოევლინათ. საბოლოოდ, ის სფეროები განისაზღვრა, რომლებიც სამომავლო თანამშრომლობისთვის ყველაზე პროდუქტიული იქნებოდა, ამას კი არაერთი შეხვედრა თუ ერთობლივი ღონისძიება მოჰყვა, სადაც საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი კლასტერის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სამომავლო ღონისძიებები და გეგმები განიხილეს.

"საჭიროებების შეფასების საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავეთ სერვისების მთელი სპექტრი, რომელიც მორგებულია კლასტერების სპეციფიკურ საჭიროებებზე. ეს სერვისები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ბაზარზე წვდომა, გაციფრულება და მდგრადობა. ჩვენ მიზნად ვისახავდით მიზანმიმართული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის სავაჭრო გამოფენების მხარდაჭერას, დახმარებას პარტნიორების მოძიების საშუალებებსა და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანად მართვაში", − აღნიშნავს კრისტიან კაუფჰოლდსი.

მთელი ამ დროის განმავლობაში პროექტი ორიენტირებული გახლდათ კლასტერების, როგორც ორგანიზაციების, გაძლიერებაზე და მოიცავდა მათ კონსულტაციებს ეფექტიანი ასოციაციების ფუნქციონირებაზე, ძლიერი ქსელური შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და თანმიმდევრული საკომუნიკაციო პოლიტიკის განხორციელებაზე. პროექტის განმავლობაში კლასტერებთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობდა მათი მყარი სტრუქტურისა და ეფექტიანი ოპერაციების უზრუნველსაყოფად.

4-წლიანი საქმიანობის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელები არაერთ დაბრკოლებას გადააწყდნენ, თუმცა მიზნობრივი სერვისების, ექსპერტიზის გაზიარებისა და პარტნიორობის დამყარების გზით მათ ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შეძლეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პანდემია და COVID-19-ის გავლენა იყო წევრი კომპანიების გაყიდვებზე. როგორც კრისტიანი აღნიშნავს, იმ პერიოდში ბევრმა კომპანიამ განიცადა გაყიდვების შემცირება, განსაკუთრებით კი ტრადიციულ საექსპორტო მიმართულებებში.

"ამ გამოწვევის დასაძლევად ჩვენ წევრებს მიზნობრივ ბაზარზე შესვლის სერვისები მივაწოდეთ, კომპანიებს ბაზრის მოთხოვნების, ბიზნეს პრაქტიკისა და გაბატონებული სავაჭრო პოლიტიკური ჩარჩო-პირობების გააზრებაში დავეხმარეთ. ასევე, ახალი ბაზრების შესწავლასა და ზარალის კომპენსაციის ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავებაშიც გავუწიეთ შესაბამისი დახმარება", − აღნიშნავს იგი.

კიდევ ერთი გამოწვევა მდგრადობის სერტიფიკაციას შეეხებოდა. C4D პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მცირე და საშუალო კომპანიებს ხშირად უჭირთ ამ სფეროში ნავიგაცია. საკითხის გადასაჭრელად კი პროექტმა მიიღო წვდომა საერთაშორისო ექსპერტიზაზე და პროექტის მონაწილეებს საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა მდგრადობის პრაქტიკულ ასპექტებში. გარდა ამისა, მათ დაამყარეს პარტნიორობა სერტიფიცირების ორგანოებთან, რათა წევრებისთვის შეეწყოთ ხელი. გლობალური ქსელების შექმნა და თანამშრომლობა ასევე საკუთრივ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა სექტორულ ასოციაციებთან და ინდუსტრიის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებით, კლასტერების წევრებისთვის შესაძლებლობების ღირებული ქსელი შეიქმნა.

"რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი კომპლექსური პროექტი, ჩვენც არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. მაგრამ მთლიანობაში, მე მჯერა, რომ ჩვენი გუნდის შრომამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო და შევძელით მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე", − აღნიშნავს კრისტიან კაუფჰოლდსი.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია − GAFA

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია 40-მდე წევრი კომპანიისგან შედგება, რომელიც ტექსტილის მწარმოებლებს, მოდის დიზაინერებს, ტანსაცმლის ფაბრიკებსა და ატელიეებს აერთიანებს.

GAFA-ს მისიაა, ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიების წარდგენა, რეკლამა და მხარდაჭერა, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე, წევრი კომპანიების შესაბამისი უნარებითა და ხელსაწყოებით აღჭურვა, რაც კონკურენტუნარიანობას შესძენს მათ მდგრადი წარმოების, პროდუქტის ხარისხის, მოდის დიზაინის, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნისა და საერთაშორისო ბრენდინგის მიმართულებით.

გიორგი ჩემინავა, ქეთი მეფარიშვილი, ნიკა მამუკელაშვილი

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასოციაცია ოთხი მიმართულებით მუშაობს: ბაზრების მოძიება − GAFA ეხმარება თავის წევრებს ახალი ბაზრების მოძიებასა და გაყიდვების გაზრდაში; მდგრადობის უზრუნველყოფა − GAFA არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტანსაცმლის კლასტერი, რომელიც საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს გარემოს, თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვას. წევრი კომპანიების გაციფრულება; BPO და სამუშაო ძალის სერვისი − ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და პროფესიონალი სამუშაო ძალის რაოდენობრივი ზრდა.

ერთი მხრივ GAFA არის ფორუმი ინფორმაციის გაცვლისა და ტანსაცმლის სექტორში ცოდნის გაღრმავებისთვის. იგი საკუთარ წევრებს ეხმარება აკონტროლონ და გაფილტრონ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ყველაზე აქტუალურია მათთვის. საშუალებას აძლევს კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება ძალიან ძვირი იყოს მათთვის. ორგანიზებას უწევს ტრენინგებს და რაც მთავარია, თავის წევრებს მსოფლიოს მთავარ "მოთამაშეებთან" აკავშირებს, ქმნის სინერგიის შესაძლებლობას და შესაბამისად, წარმოადგენს რეალურ ღირებულებას.

"კლასტერი თავიდანვე დაფუძნებული იყო საჭიროებების ანალიზზე. გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ყველა წევრ კომპანიას აერთიანებდა. თითოეული მიმართულებით ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, შევძელით სხვადასხვა ბაზრის ათვისება. ევროკავშირის ბაზარზე საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ყველა ძირითადი შოურუმი მოვიცავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წევრ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ შოურუმებში და წარადგინონ თავიანთი ბრენდები. გარდა ამისა, ქართული ბრენდები გავაცანით ტოკიოს შოურუმს. ზოგადად, იაპონიის ბაზარზე შეღწევა და მათთვის ბრენდების გაცნობა ძალიან დიდი გამოწვევაა, ამ პროექტის ფარგლებში კი ეს შევძელით", − აღნიშნავს GAFA- მენეჯერი ქეთი მეფარიშვილი.

პროექტის განმავლობაში GAFA-მ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. განხორციელდა უამრავი ღონისძიება კომპანიების გაციფრულების, მდგრადობისა და სამუშაო ძალის გასაზრდელად.

"ჩვენ შევძელით ის, რომ პირველად ტანსაცმლისა და მოდის სექტორს აქვს მდგრადობის, ანუ შეფასების ხელსაწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წევრ კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ თვითშეფასების სისტემა და იხილონ, რამდენად მდგრადია მათი ბიზნესი. საჭიროებისამებრ რა სახის დახმარებაც იქნება საჭირო, მობილიზებული გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მათ დაეხმარებიან", აღნიშნავს ქეთი მეფარიშვილი.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი − GCMC

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) 20-მდე მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორში საქმიანობენ. გაერთიანების მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს წევრი კომპანიების პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, საოპერაციო სტანდარტის ოპტიმიზაციასა და განვითარებაში.

რომან ბადალიანი, ირმა თოფურია

წევრ კომპანიებს GCMC ძირითადად 4 ტიპის მომსახურებას სთავაზობს, როგორებიცაა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა, წარმოების ხარისხის გაუმჯობესება, საჯარო სექტორთან მედიაცია და კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა, ეს სერვისების მცირე ჩამონათვალია, რადგან კომპანიების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სია მუდმივად ახლდება.

GCMC ყურადღებას ამახვილებს ინოვაციებსა და ხარისხზე, წარმოების პროცესების დიგიტალიზაციაზე, ე.წ. "ჭკვიანი ტექნოლოგიების" ადაპტირებაზე, ასევე, ხარისხის მართვის სისტემათა დანერგვის მხარდაჭერასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის გამყარებაზე. იგი წევრ ორგანიზაციებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღებაში ეხმარება. გასული 4 წლის განმავლობაში წევრი კომპანიები სამჯერ მონაწილეობდნენ "კავკასუს ბილდში", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მშენებლობისა და ინტერიერის სფეროში. კომპანიები ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ბათუმში, სომხეთში, პოლონეთში, ყაზახეთსა და გერმანიაში გამართულ სამშენებლო მასალების გამოფენაში.

თამაზ დაუშვილი, მარიამ ცაიშვილი

კლასტერი აქტიურად უწევს ორგანიზებას B2B-შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შემსყიდველებთან. GCMC აქტიურად ცდილობს წევრ კომპანიებს ევროპული სტანდარტის დანერგვაში დაეხმაროს, რაც ევროპულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, GCMC დონორი ორგანიზაცია PTB-ის პარტნიორი გახდა, რომელიც სტანდარტებისა და სერტიფიცირების მიმართულებაზე მუშაობს.

კლასტერი კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლსაც ასრულებს, რათა თანამშრომლობის პროცესი ორივე მხარისთვის უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს.

"ყველას აქვს გარკვეული პრობლემა ან ხარვეზი, რეალური ცვლილებების მიღწევა კი დამოუკიდებლად რთულია. ამიტომ, კლასტერი სხვა ასოციაციებთან თანამშრომლობით ვცდილობთ, ჩვენი ხმა, რომელიც სახელმწიფოსთან მივა, კიდევ უფრო ძლიერი იყოს. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით: USAID-ის, GIZ-ისა და ICCA-ის მხარდაჭერით შესყიდვების კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე პაკეტი მოვამზადეთ, გარკვეული ნაწილი კი გათვალისწინებული იყო. ამ თემაზე კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას. ვთანამშრომლობთ პროგრამასთან "აწარმოე საქართველოში", რათა სამშენებლო მასალების სექტორს ექსპორტის მიმართულებით გაეწიოს მხარდაჭერა", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი, GCMC-ის მენეჯერი.

ტურიზმის კლასტერი კახეთსა და იმერეთში

კახეთის ავთენტური ტურიზმის კლასტერი 35-მდე მეწარმეს, ხოლო იმერეთის კლასტერი 30-მდე მეწარმეს აერთიანებს, რომლებიც ადგილობრივი ღვინის, გასტრონომიული ტურიზმის, ხელნაკეთი ნივთების, ავთენტური სასტუმროებისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში საქმიანობენ.

სხვა კლასტერების მსგავსად, ტურიზმის კლასტერებშიც ბრენდების გაციფრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც სოციალური მედიამარკეტინგისა და ონლაინგაყიდვების კუთხით გააქტიურებას გულისხმობს. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ტურიზმის კლასტერს გამოარჩევს, კლასტერში შემავალ კომპანიებს შორის თანამშრომლობა, პროდუქტების ერთმანეთში გაცვლა და მათი რეალიზაციაა.

ირაკლი როსტომაშვილი, ოთარ ტაბატაძე

"მაგალითად, ერთი კომპანიის პროდუქტს, რომელიც მცენარეებისგან საპონს ამზადებს, კლასტერის სხვა კომპანია უწევს რეალიზაციას. ასევე არის ჯემების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ღვინისგან, საფერავისა და რქაწითლისგან სხვადასხვა ჟელატინსა და ჯემს ამზადებს, რომლებსაც ამჟამად ამ კლასტერის სხვა კომპანიები ყიდიან", აღნიშნავს ოთარ ტაბატაძე, კახეთის კლასტერის მენეჯერი.

აღსანიშნია ისიც, რომ კლასტერებს შემუშავებული აქვთ მარშრუტები ტურისტებისა თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელიც მათ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებასა და ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. მარშრუტის განმავლობაში ვიზიტორები გასტრონომიულ გამოცდილებას იღებენ, ასევე ეცნობიან ინფორმაციას მეღვინეობაზე, ესწრებიან დეგუსტაციას, ათვალიერებენ ადგილობრივ ხელნაკეთი ნივთებს − შალი, თექა, ხალიჩა თუ სხვა.

ავთენტური ტურიზმის კლასტერში საკმაოდ ხშირია კოლაბორაცია − კომპანიები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, ეს თანამშრომლობა კი მათ პროდუქტების ექსპორტზე გატანაშიც უწყობს ხელს. თანამშრომლობა არა მხოლოდ კლასტერის შიგნით შემავალ კომპანიებს შორის, არამედ უშუალოდ კახეთისა და იმერეთის ცალკეულ კლასტერს შორისაც მიმდინარეობს.

გასული წლების განმავლობაში, კლასტერების წევრი კომპანიები არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას ესტუმრნენ. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ 2023 წელს საქართველოს წარდგენა ITB Berlin-ზე, რომელსაც ორივე კლასტერის წარმომადგენელი მეღვინეები ესწრებოდნენ. გამოფენაზე შესაძლებელი იყო ქართული ღვინის, ჩაისა და სხვა წასახემსებლების დეგუსტაცია. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს საუბრები ბრიტანეთსა და ესპანეთში გამოფენების დაფინანსებაზე, რაც ადგილობრივი მეწარმეებისთვის განვითარების საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა.

"წევრებს ვთავაზობთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფესტივალებთან ურთიერთობას. იმერეთის კლასტერის მხარდაჭერით შეიქმნა Street Food ფესტივალი, რომელიც პირველი იყო ქუთაისში და დიდი შედეგები გვაჩვენა. ფესტივალს ჩვენი კლასტერის წევრი კომპანიები ესწრებოდნენმეღვინეები, კვების ობიექტები და ხელნაკეთი ნივთები", − აღნიშნავს აკაკი საღინაძე, იმერეთის ტურიზმის კლასტერის მენეჯერი.

ეიდან რაფტერი, ITB BERLIN

როგორი იყო სახელმწიფოს ჩართულობა პროექტში?

კლასტერების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან და მის უწყებებთან, განსაკუთრებით კი სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში". კრისტიანის თქმით, ამ თანამშრომლობამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინიციატივები წარმოქმნა, რომლებმაც დადებითი გავლენა იქონია კლასტერებსა და ზოგადად, ბიზნესეკოსისტემაზე საქართველოში.

"პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება იყო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიერ კლასტერული პოლიტიკის ჩარჩო-სახელმძღვანელოს და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. ჩარჩო ხელს უწყობს კლასტერებისა და კლასტერული ინიციატივების მზარდ დინამიკას, ინოვაციებისა და ბიზნესეკოსისტემის სხვა აქტორებთან ურთიერთქმედებას, რათა ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები დააკმაყოფილოს. სამწუხაროდ, ეს ჩარჩო არ ამოქმედდა, რადგან შეიცვალა მთავრობის ჩარევების ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად", − აღნიშნავს კრისტიან კაუფჰოლდსი.

კრისტიანის თქმითვე, თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა benchmarking, რათა ხუთი ქართული კლასტერი ევროპული მასშტაბით შეფასებულიყო. შედეგად, ორმა კლასტერმა − GAFA-მ და GCMC-მ Bronze Label მოიპოვა, ამ აღიარებამ კი გაზარდა მათი ხილვადობა ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმაზე, რაც კლასტერებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პარტნიორულ პროგრამებში.

პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სააგენტოსთვის "აწარმოე საქართველოში" ზემოქმედების შეფასების ჩარჩოს შემუშავებაში. ეს ჩარჩო სააგენტოს საშუალებას აძლევს მუდმივად შეაფასოს საკუთარი პროექტების ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედება, მათი ეფექტურობა თუ ეფექტიანობა და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. C4D-ის მხარდაჭერით დაინერგა მონაცემთა მართვის სისტემა და გამოკითხვის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც მონაცემების შეგროვების, შეფასების, ვიზუალიზაციისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, პროექტმა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარი დაუჭირა არსებული სერვისების გადახედვაში და ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი სერვისების განვითარებაში.

მართალია პროექტი დასრულდა, თუმცა თითოეული კლასტერის შემთხვევაში მიღწეული პროგრესისა და პოტენციალის გათვალისწინებით, არსებობს შანსი, მათ შემდგომი მხარდაჭერა სხვა დონორებისა და დაინტერესებული მხარეებისგან მოიპოვონ. როგორც კრისტიანი აღნიშნავს, ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმაზე მოპოვებული აღიარება, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან დამყარებული თანამშრომლობა, შეიძლება იყოს ღირებული აქტივი კლასტერებისთვის მომავალი საქმიანობისა და დაფინანსების შესაძლებლობების ძიებაში.

"პროექტში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტო "აწარმოე საქართველოში". სავარაუდოა, რომ ისინი გააგრძელებენ კლასტერების მხარდაჭერას და ჩართვას, რადგან აცნობიერებენ მათ მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს კლასტერებისთვის შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობაში, პროექტის დახურვის შემდეგაც კი", − აღნიშნავს იგი.

ამრიგად, ახლა კლასტერები მზად არიან, დამოუკიდებლად განაგრძონ საქმიანობა მათ აქვთ მდგრადი სტრუქტურა, საწევრო გადასახადი ფინანსური სტაბილურობისთვის და კიდევ არაერთი რესურსი განვითარებისთვის. გასული წლების განმავლობაში თითოეულმა კლასტერმა გამოავლინა საკუთარი პოტენციალი, რითაც ისინი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მიმზიდველი პარტნიორები გახდებიან, შემდგომი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ