Get All Access for $5/mo

კოდალა - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დამფუძნებელი: კოტე სვანაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით გაიმართა და წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" და "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში". გარდა ამისა, სიახლე ჯილდოებსაც შეეხო და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითოეულ გამარჯვებულს მისთვის სასურველი და კომპანიისათვის საჭირო ჯილდოს არჩევა შეეძლება: ახალი ვებგვერდის, ბრენდინგის, ან საკომუნიკაციო მხარდაჭერის სახით. წელს, ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "აჭარა ჯგუფი", ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა სპა-რეზორტი "ლოპოტა". კონკურსმა გააერთიანა ის ქართული კომპანიები, რომლებმაც, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავიანთი ბიზნესის განვითარების ინოვაციური გზები მონახეს.

გაგაცნობთ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულს "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის"

"კოდალა"
დამფუძნებელი: კოტე სვანაძე

სოციალური საწარმო "კოდალა" ქართულ ბაზარზე 2016 წელს კოტე სვანაძემ დააფუძნა და მას შემდეგ აქტიურად ეწევა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას. "კოდალა" ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება სათამაშოების უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს და თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. "კოდალას" ხის ასაწყობი სათამაშოები ავითარებს ბავშვის წარმოსახვასა და მეხსიერებას, ეხმარება მას თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს ბავშვმა შეიგრძნოს ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის. 2020 წლიდან კი ორგანიზაციამ დაიწყო ხის საბავშვო ავეჯისა და დეკორაციული ნივთების წარმოებაც.

გარდა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებისა, კომპანია ხელს უწყობს შშმ-პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დასაქმებას. ამ ეტაპისთვის საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთაგანაც 16 არის შშმ-პირი. ამასთან, პანდემია "კოდალასთვისაც" გამოწვევად იქცა და როგორც ყველა ბიზნესში, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა ჰქონდათ, თუმცა კომპანიამ მოძებნა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა − "კოდალას" ბაზაზე გახსნეს სოციალური მეწარმეობის სკოლა, სადაც ხორციელდება კადრების გადამზადება ინოვაციური სწავლების მეთოდებით და მათი შემდგომი დასაქმება საწარმოში. სკოლაში გადამზადებას გადიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.

მიმდინარე წლამდე აღნიშნულ ბიზნესს, გარდა სოციალური ზეგავლენისა, მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები და წარმატების ისტორიები დაუგროვდა. 2018 წლიდან "კოდალა" ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წელს BGCC (The British Georgian Chamber of Commerce)-ის მხარდაჭერით დაიწყო პროდუქციის ექსპორტი ინგლისის ბაზარზე. დღეისათვის, სრული დატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებელია ყოველთვიურად 8 000-დან 10 000 ერთეულამდე სათამაშოს წარმოება.

ჯილდო "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის" განსაკუთრებული დატვირთვის მქონე აღმოჩნდა კომპანიის დამფუძნებლისთვის:

"აღნიშნულ ჯილდოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. "კოდალა" დაფუძნების დღიდან ორიენტირებულია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაზე. სოციალური მეწარმეობის შესახებ, საზოგადოებაში დღემდე არასწორი დამოკიდებულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, სოციალურმა საწარმომ აუცილებლად სხვისგან უნდა მიიღოს მხარდაჭერა და ასე გაიტანოს თავი. ამ ნომინაციაში გამარჯვებით ჩვენი კომპანია დიდ წვლილს შეიტანს აღნიშნული სტერეოტიპის შეცვლაში და დამაჯერებლად შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ სოციალური მეწარმეობა არის წარმატებული ბიზნესმოდელი, თვითკმარი და განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი, როგორც მოწყვლადი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის", − აცხადებს კოტე სვანაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კოტე სვანაძის განმარტებით, კომპანია ჯილდოს მიღების შემდეგ შეეცდება, შეიმუშაოს ახალი სტრატეგია წარმოების განვითარების კუთხით და მოიძიოს პოტენციური ინვესტორები. გეგმებს შორის ასევე აქვთ ქართული ხარისხიანი ნაწარმის შესახებ ცნობადობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მხრივ კი, კომპანიას უკვე აქვს დაწერილი საკუთარი წარმატების ისტორია − 2017 წელს CSRDGE-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმზე "კოდალა" გახდა მთავარი ნომინაციის − "წლის სოციალური საწარმოს" გამარჯვებული და აღიარებულ იქნა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად. თიბისის ჯილდო კი დაეხმარებათ, სოციალური მეწარმეობა აქციონ ქვეყნის მომავლისა და განვითარების მნიშვნელოვან წყაროდ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს