Get All Access for $5/mo

"კოლაიდერ სფეისი" - როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის კომფორტული სამუშაო სივრცე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამუშაო სივრცე "კოლაიდერ სფეისი" 2021 წელს, კოვიდპანდემიის დროს გაიხსნა - მაშინ, როდესაც ადამიანები იძულებულნი იყვნენ, სახლიდან ემუშავათ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს მოეწონა დისტანციურად მუშაობა, გარემო პირობებიდან გამომდინარე, სახლიდან მუშაობა მათთვის დიდ დაბრკოლებად იქცა.

სწორედ მაშინ გამოჩნდა ბაზარზე "კოლაიდერ სფეისი", რომელმაც მომხმარებლებს მისცა საშუალება, თავად აერჩიათ, როგორ გარემოში სურდათ მუშაობა. კომპანიას ორი განსხვავებული სტილის ფილიალი აქვს. ვაკის ფილიალი გაყოფილია ორ ნაწილად. მომხმარებლებისთვის არსებობს სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირი საუბარი უწევს და შეუძლია საკუთარი სამუშაო მაგიდიდანვე ისაუბროს და მეორე, მშვიდი სივრცე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სიჩუმეში მუშაობა უფრო მოსწონს. "კოლაიდერ სფეისის" მეორე ფილიალი ალექსიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის უფრო მეტად ფორმალურ გარემოს სთავაზობს მომხმარებლებს. შედეგად, მომხმარებლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, იმუშაონ იმ სივრციდან, რომელიც მათ კომფორტულ, მაგრამ ამავდროულად, ოფიციალურ გარემოს უქმნის.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2021 წელს, კორონავირუსის პერიოდში გავხსენით კომპანია (როდესაც ფიზიკურად კურსებიც კი აღარ ტარდებოდა, ბიზნესები იხურებოდა და საკმაოდ რთული პერიოდი იყო ახალი წამოწყებებისთვის), რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება ნამდვილად საჭიროებდა სიმამაცესა და განსაკუთრებულ რწმენას იმისა, რომ ნამდვილად შევძლებდით მიზნის ასრულებას.

პირველი გამოწვევა იყო - სივრცე მოგვეწყო ისე, რომ დაგვეცვა ყველა რეგულაცია, ყოფილიყო უსაფრთხო მომხარებლებისთვის და აქ მოსულებს, ისედაც დასტრესილებს, სიმშვიდის შეგრძნება ჰქონოდათ. მეორე მხრივ კი - სივრცე უნდა ყოფილიყო კომფორტული. დიზაინსა და სარემონტო სამუშაოებშიც პირადად ვიყავი ჩართული და ყველა დეტალზე თავად ვზრუნავდი.

მეორე გამოწვევა გახლდათ ცნობიერების გაზრდის საკითხი. როგორც უკვე ვახსენე პირველები არ ვიყავით ბაზარზე, თუმცა ცნობიერება საერთო სამუშაო სივრცის მაინც დაბალი იყო, ასევე საკმაოდ დიდი კონკურენტი გვყავდა, სწორედ ამიტომ თავიდანვე სწორად დავსახეთ მიზანი. ჩვენი აუდიტორია გამოვყავით და ყველა სერვისი თუ კომუნიკაცია სრულად ავაწყეთ ამ აუდიტორიაზე - პატარა ჯგუფებზე, ინდივიდებზე, ფრილანსერებსა და პატარა კომპანიებზე", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანანო ჭიჭაღუა, "კოლაიდერ სფეისის" დამფუძნებელი.

ახალგაზრდა ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ კიდევ უფრო მეტად დაანახვა გუნდის მნიშვნელობა. ანანო ჭიჭაღუას აზრით, კარგი გუნდის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა და კარგი თანამშრომელი უკვე უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი კომპანიისთვის. გუნდი კი პრობლემების გადალახვით ძლიერდება - იმ ყოველდღიური თუ არაყოველდღიური გამოწვევებით, რომელიც კომპანიას საქმიანობის გზაზე ხვდება.

"აუცილებლად უნდა დაიწყოთ - კარგად აწონოთ, ყველა ცუდი თუ კარგი სცენარი განსაზღვროთ და სცადოთ. თუნდაც ერთხელ რომ არ გაგიმართლოთ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ. აუცილებლად სცადეთ, გარისკეთ. შეიძლება არაფერი გამოვიდეს, თუმცა პიროვნულად მაინც გაიზრდებით. ეს არის ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში. ეს საკმაოდ რთული გზაა, ვინაიდან ქალების მიმართ მეტი მოლოდინია, რომ ახალი ინიციატივა ვერ გაამართლებს. ბევრჯერ იქნება ეტაპი - ეჭვის, რომ ვერ აკეთებ, ვერ შეძლებ საქმის ბოლომდე მიყვანას, თუმცა მთავარი რწმენა, მონდომება და მიზანია.
ძალიან ხშირად შემექმნა პრობლემა თუ გამოწვევა იმის გამო, რომ ქალი ვარ. სარემონტო პროცესის დროს მქონია შემთხვევა, უარი უთქვამთ ჩემთან საუბარზე და სანაცვლოდ უპასუხიათ - "მამაკაცს დამალაპარაკე". ყოფილა სიტუაცია, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიგრძნია ჩემ მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება, მარტო იმიტომ, რომ ქალი ვარ. რეალურად, 2021 წლიდან სულ მიწევს იმის დამტკიცება, რომ ამ ბიზნესს მარტო ვმართავ, ოჯახის წევრი "მამაკაცები" არ მეხმარებიან",
- აღნიშნავს რესპონდენტი.

აღსანიშნავია, რომ ანანო ჭიჭაღუა მეორე კომპანიასაც წარმატებით მართავს. სულ მალე 1 წელი შეუსრულდება პროექტს, სახელწოდებით "კოლაიჯენს", რომელიც საზოგადოებას სასერტიფიკატო კურსებს სთავაზობს.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ანანო ჭიჭაღუა სექტემბრიდან "კოლაიდერ სფეისის სისტემაშიც" გეგმავს ცვლილებების შეტანას. ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ ბიზნესის განვითარება მუდამ მოძრაობაში უნდა იყოს და პასუხობდეს მომხმარებლების მუდმივად ცვალებად საჭიროებებს:

"სამომავლო გეგმებსა და ზოგადად საქმიანობაში ინსპირაციას მაძლევს სურვილი იმის დამტკიცებისა, რომ - დიახ, ქალი ვარ. დიახ, 2 კომპანიას ვმართავ მარტო და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. ინსპირაციას მაძლევს სურვილი, რომ რაღაც უკეთესი შევქმნა - ყველასთვის უკეთესი, ადამიანებისთვის სასარგებლო, საჭირო.

ასევე, უნდა ვახსენო გუნდიც - ძალიან გუნდური მოთამაშე ვარ. სწორედ ჩემი გუნდი და მათი გვერდში დგომა და მუდმივი მზაობა მაძლევს მოტივაციას, ყველა ჩემს გიჟურ იდეას ფრთები შევასხა და განვახორციელო".

ინსპირაცია

ვინ არის ანტრეპრენერი?

პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია