Get All Access for $5/mo

კომპანია 42digital-მა საერთაშორისო უსაფრთხოების ბრენდის Bitdefender-ის Country Partner სტატუსი მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

42digital IT ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ავითარებს საკუნსულტაციო, დანერგვისა და პროფესიონალურ მომსახურებას სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულებით: ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება, DevOps, და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები. კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არასტანდარტული მიდგომებით გამოირჩევა, რასაც გამოცდილი გუნდით, სიახლეებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული სამუშაო სტილით ახერხებს.

ქართული კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიისთვის 42digital-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და საერთაშორისო უსაფრთხოების ბრენდის, Bitdefender-ის Country Partner-ის სტატუსი მოიპოვა, რაც გუნდს შესაძლებლობას მისცემს, გააფართოვონ საპარტნიორო ქსელი და დანერგონ საერთაშორისო პრაქტიკა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

Bitdefender-თან ახალი საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ქართული კომპანიებისა და Bitdefender-ის პარტნიორებისთვის Entrepreneur 42digital-ის პროდუქტის განვითარების მენეჯერ - მარიამ წოწონავასა და კიბერუსაფრთხოების ინჟინერ - მაიკო სვანიძეს ესაუბრა.

მარიამ, მაიკო, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ Bitdefender-ის შესახებ და რას მოიცავს Country Partnership?

მარიამი: Bitdefender საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ლიდერი კომპანიაა, ხოლო ჩვენი კომპანიისთვის Country Partnership სტატუსის მონიჭება კი სტანდარტული საპარტნიორო ჯაჭვიდან გადახვევას და ბაზარზე ოპერირების განსხვავებული სტრუქტურის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტულად Bitdefender-ის შემთხვევაში საქართველოში, ისე, როგორც სხვა 150-ზე მეტ ქვეყანაში, მწარმოებელს ჰყავს რეგიონალური დისტრიბუტორები, რომლებიც უკავშირდებიან პარტნიორებს, პარტნიორებს კი თავის მხრივ საბოლოო მომხმარებლამდე მიაქვთ პროდუქტი და ასე ფუნქციონირებს მიწოდების ჯაჭვი. Country Partnership სტატუსის ფარგლებში, რეგიონალური დისტრიბუტორის რგოლი ქრება და მის ფუნქციებს ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, ამავდროულად განვაგრძობთ საბოლოო მომხმარებლებთან კომუნიკაციას. საქართველოში არსებული სხვა პარტნიორები ჩვენი ჩართულობით უკავშირდებიან მწარმოებელს, რაც გვეხმარება მათთან აქტიური ურთიერთობა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საპარტნიერო ქსელი. Bitdefender-ისთვის ეს არასტანდარტული პრაქტიკაა და სულ რამდენიმე ქვეყანაში ჰყავს Country Partner. ამ სტატუსით თითქმის ვუთანაბრდებით Bitdefender-ის წარმომადგენლობას ქვეყანაში.

მაიკო: Country Partner სტატუსში 42digital ოპერირებს არამარტო ბრენდის წარმომადგენლის როლში, არამედ თავის თავზე იღებს ტექნიკური Support-ის პირველი ხაზის მოვალეობებს. ეს ნიშნავს, რომ ბიტდეფენდერის ყველა მომხმარებელს პირველად ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ქართულენოვანი ტექნიკური გუნდი, და არა რეგიონის რომელიმე დიდ ქვეყანაში განთავსებული სერვის ცენტრის სპეციალისტები. ამით ავტომატურად იხსნება დროის სხვაობით და ენობრივი ბარიერით გამოწვეული დაბრკოლებები. გარდა ამისა, მწარმოებელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის საშუალებას- პროდუქტის განვითარებაში და ახალი ფუნქცინალის დამატებაში. Bitdefender ითვალისწინებს ქართველი მომხმარებლების აზრს და სურვილებს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიისთვის .

ვინ არიან პარტნიორობის ბენეფიციარები? თქვენ გარდა, არსებობს თუ არა სხვა წარმომადგენელი საქართველოდან?

მარიამი: Country Partner სტატუსი ქვეყნის მასშტაბით გვაძლევს მისი ბენეფიტებით მუშაობის საშუალებას. საქართველოში შეგვიძლია ბენეფიციარების ორი ჯგუფი გამოვყოთ: კომპანიები, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობისთვის სჭირდებათ კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, მაიკო დამეთანხმება, რომ დღეს თითქმის ყველა მცირე და საშუალო, და ყველა დიდი კომპანია ერთიანდება ამ ჯგუფში, მეორე ნაწილი კი არიან IT კომპანიები, რომლებიც აწვდიან სხვადასხვა ტექნოლოგიას საბოლოო მომხმარებლებს, მათ შორის ანტივირუსის პროგრამულ უზრუნველყოფას. პროდუქტების ტექნიკური პარამეტრებისა და მაღალი ეფექტიანობიდან გამომდინარე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს ბაზარზე არაერთმა IT კომპანიამ მოიპოვა Bitdefender-ის საპარტნიოტო სტატუსი. ჩვენი, როგორც Country Partner-ის ინტერესია ჯანსაღი კონკურენციის ხელის შეწყობა, ჩვენი პარტნიორი კომპანიების ტექნიკური სპეციალისტებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ტექნიკური სპეციალისტების სწავლა და განვითარება. ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების რიცხვის ზრდა კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება მთლიანად ინდუსტრიის გინვითარებაზე.

რა სარგებლის მომტანი იქნება პარტნიორობა თქვენი კომპანიისთვის?

მარიამი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ Bitdefender-ის მხრიდან მსგავსი ნდობის გამოცხადება 42 digital-ის პოზიციონირებას ბაზარზე ხელს უწყობს. გარდა ამისა, მწარმოებელთან უშუალო კომუნიკაცია გვეხმარება გაცილებით ნაკლები დრო დავხარჯოთ კომუნიკაციის ჯაჭვში და დროულად მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ორივე მხრიდან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაო პროცესის მარტივად წარმართვისთვის, არამედ Country Partner სტატუსი იმასაც მოიცავს, რომ 42 digital პირველი გაიგებს მწარმოებლის სიახლეებზე, შესაძლებლობა გვექნება დავნერგოთ განახლებული ტექნოლოგიები და საუკეთესო პრაქტიკები, რის შესახებაც ჩვენი გამოცდილების გარდა, Bitdefender-ისგან ვიღებთ ინფორმაციას. საბოლოოდ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი კომპანიის ზრდისათვის და ასევე ჩვენი, როგორც გუნდის გამოცდილების გაღმავებისთვის.

რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რითიც თქვენი კომპანია შეარჩიეს Country პარტნიორად და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ გზაზე?

მარიამი: ჩვენი გუნდი წლებია თანამშრომლობს Bitdefender-თან და უკვე დააგროვა უნიკალური ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება ამ ბრენდთან მიმართებაში. ჩვენ ვვითარდებოდით და ვიზრდებოდით ბრენდთან ერთად, ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვიცით მომხმარებლის ტკივილი და მოთხოვნები. ამ დაგროვებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ განაპირობა ეს უდიდესი ნდობა, რაც მწარმოებელმა გამოგვიცხადა. რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, კომერციული თვალსაზრისით, Bitdefender-ს ყველა ქვეყანაში გააჩნია ზრდის და განვითარების გეგმა. ამ გეგმის შესრულება -ბაზრის წილის შენარჩუნება და ზრდა, ახალი კლიენტების მოძიება, არსებული კლიენტების ხარისხიანი მომსახურება და მხარდაჭერა - ვენდორის გლობალური განვითარების სტრატეგიის ნაწილია. მოგეხსენებათ, საქართველოს ბაზარი განსხვავდება სხვა ქვეყნების ბაზრებისგან, მას გააჩნია თავისი სპეციფიკა. Country Partner-ის სტატუსის მოპოვებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები- ჩვენ მიღწეული შედეგებით დავარწმუნეთ მწარმოებელი რომ შეგვიძლია მისი გლობალური სტრატეგიის შესაბამისი გეგმის მომზადება და შესრულება. დავარწმუნეთ ჩვენი ხედვის უნიკალურობაში და იმაში, რომ საქართველოს ბაზარზე ბრენდის განვითარება ჩვენი ჩართულობით უფრო ეფექტური იქნებოდა.

ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული პარტნიორობა და რამდენად კრიტიკულია კიბერუსაფრთხოების სფერო ისეთი განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

მაიკო: კიბერდამნაშავეებისთვის არ არსებობს გეოგრაფიული საზღვრები, დიდი ან პატარა სამიზნე კომპანიები, საქართველო გლობალური ეკოსისტემის ნაწილია, და ქართველ მომხმარებლებს თუ კომპანიებს ემუქრებათ ზუსტად იგივე საფრთხეები, რაც გლობალური ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს. მე ვიტყოდი, რომ გლობალური საფრთხეებიის მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარება ორმაგად და სამმაგად კრიტიკულია. Bitdefender გლობალურ გუნდთან თანამშრომლობით ჩვენი კომპანია, და საქართველოში არსებული სხვა პარტნიორი კომპანიების ტექნიკური სპეციალისტები, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლისკენ.

პარტნიორობის ფარგლებში, რა აქტივობებს გეგმავთ დარგის განვითარებისთვის და რა ახალ შესაძლებლობებს შექმნით ქართული კომპანიებისთვის?

მაიკო: იგეგმება ტექნიკური ფორმატის შეხვედრები და ვორქშოფები, სადაც ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებს ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებს და ახალ დამატებულ ფუნქციონალს გავუზიარებთ..

როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო განვითარების ხედვა და მიზნები?

მარიამი: 42 digital გეგმავს საპარტნიორო და სამომხმარებლო ქსელის გაფართოვებას და მიღებული გამოცდილების საქართველოს ბაზარზე სხვა საინტერესო და გლობალური მწარმოებლების მოზიდვაში გამოყენებას. ბოლოს კი ამ გამოცდილების ქვეყნის გარეთ შეთავაზებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი