Lename – ბავშვობის საოცნებო პროფესიით შთაგონებული ბრენდი, რომელიც ქალებს სრულად ხელნაკეთ და ლიმიტირებულ კოლექციებს სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Lename-ის დამფუძნებლის, ელენე გიორგაძის კარიერასა და ბიზნესიდეას საფუძველი ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაეყარა. ეს ისტორია ბებიასთან არის დაკავშირებული, რომელიც 40 წლის განმავლობაში მაშინდელი ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი იყო. ელენემ პირველად სწორედ მასთან ერთად გაიცნო ქსოვილებისგან სამოსის შექმნის პროცესი და სწორედ ამ გარემომ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი ინტერესები.
დრო გავიდა და ელენე გიორგაძემ Lename დააფუძნა – ბრენდი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, ქართული მოდის სცენაზეა. Lename მცირე, ხელნაკეთი უმეტესად ე.წ. კაფსულა კოლექციების მწარმოებელი ბრენდია. თითოეული პროდუქტი თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია და მცირე რაოდენობით მზადდება.
"ის, რასაც უკვე 10 წელზე მეტია ვაკეთებ, ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის – ბებიის დამსახურებაა. ის 40 წლის განმავლობაში მაშინდელი ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი იყო და პირველად სწორედ მასთან ერთად ვეზიარე ამ გარემოს. მთელი ბავშვობა ვხედავდი უზარმაზარ მანქანებს, როგორ იქსოვებოდა ქსოვილები და შემდეგ ამ ქსოვილებისგან როგორ იქმნებოდა სამოსი. შესაბამისად, არასდროს, არცერთი წამით არ მიფიქრია რაიმე სხვა პროფესიასა და საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის პროფესია საქართველოში მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მაინც ზუსტად ვიცოდი, რომ ნებისმიერი ფორმით ამ პროცესის ნაწილი უნდა ვყოფილიყავი", – ამბობს ელენე.
ბევრი მცდელობის შემდეგ ელენე გიორგაძის სურვილი რეალურ ნაბიჯად იქცა: ერთ დღეს ქსოვილი იყიდა, კაბის თარგი გამოჭრა, მკერავს მიუტანა და ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა. ეს იყო Lename-ის პირველი გაყიდული კაბა – მომენტი, როცა ელენემ დაინახა, რომ ნამდვილად შეუძლია არაფრისგან რაღაც რეალური შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დიზაინს, არამედ მდგრადობასაც – ბრენდი ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას ისახავს მიზნად და რამდენიმე სეზონის შემდეგაც იყენებს დარჩენილ მასალას, მათ შორის აქსესუარების დასამზადებლად, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნარჩენებს.
"დღეს Lename ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის – ეს ჩემი პერსონალური ბრენდია, რომლის უკანაც მთელი ჩემი ფიზიკური და ემოციური რესურსი დგას. ჩემი მიზანია, რომ კოლექციები მრავალი წლის განმავლობაში ქალების გარდერობში დარჩეს და მათთან ისეთივე ემოციური კავშირი ჰქონდეთ, როგორიც მე მაქვს", –აღნიშნავს ელენე.
ბიზნესის დაწყება არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ეს ინდუსტრია რეალური ნაბიჯების გადადგმას იწყებდა. ამ პირობებში Lename-ის დაარსება გამბედაობას მოითხოვდა. მცირე ფინანსური რესურსითა და მომხმარებლის სკეპტიკური დამოკიდებულების ფონზე, ელენე გიორგაძემ პირველი საკერავი მანქანა შეიძინა, სამუშაო სივრცე იქირავა და პირველი პროდუქტი გაყიდა. როგორც თავად ამბობს, გამოცდილებამ უზარმაზარი მოტივაცია მისცა – მიუხედავად რთული ფინანსური და ტექნიკური გამოწვევებისა, Lename დღემდე ინარჩუნებს მაღალ ხარისხსა და ბრენდის იდენტობას.
"როცა საკუთარი საქმისადმი სიყვარული ძლიერია – ეს უზარმაზარ მოტივაციას გაძლევს".
ელენე გიორგაძის თქმით, მისთვის ყველაზე რთული ფინანსური მხარე იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საკუთარ თავს უფრო შემოქმედებით სფეროში ხედავდა და ბიზნესის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. დიზაინერული ხედვა და ესთეტიკა მისთვის ბუნებრივი სივრცე იყო, თუმცა ბიუჯეტირება, ხარჯების დაგეგმვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნდა.
თუმცა, როგორც თავად ამბობს, ანტრეპრენერის საქმიანობა მუდმივი სწავლის პროცესია. საჭიროებამ აიძულა სწრაფად აეთვისებინა ის უნარები, რომლებიც თავდაპირველად უცხო და რთული ჩანდა. ეს სწავლა ჯერაც არ დასრულებულა – დღემდე გრძელდება და ბრენდის განვითარების პარალელურად, თავადაც იზრდება, როგორც ანტრეპრენერი.
ელენე გიორგაძე ტექნიკურ გამოწვევებზეც საუბრობს, რომლებიც წარმოების პროცესს ახლდა და ნაწილობრივ დღემდე თან სდევს. მათ შორისაა ხარისხიანი მასალის მოძიება, კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის ჩამოყალიბება და ამავდროულად, ისეთი ფასის შენარჩუნება, რომელიც ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, სწორედ ამ გამოწვევებმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ განაპირობა, რომ დღეს Lename უფრო გამართული სტრუქტურით მუშაობს. დაგროვილი პრაქტიკა გუნდს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად უპასუხოს ახალ გამოწვევებსა და ბაზრის ცვლილებებს ისე, რომ ბრენდის იდენტობა და ხარისხი უცვლელი დარჩეს.
Lename-ის დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია საქართველოში ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება, სფეროს მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ წინააღმდეგობებით არის სავსე. განსაკუთრებით ხშირად ის აღიქმება, როგორც მხოლოდ ესთეტიკური ან შემოქმედებითი სივრცე და არა სრულფასოვანი, ეკონომიკურად მდგრადი ბიზნესი. ამ კონტექსტში ქალ ანტრეპრენერებს ხშირად უწევთ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ გენდერული სტერეოტიპების გადალახვაც.
მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ელენე გიორგაძე საკუთარ პროფესიულ გზას უკვე არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ანტრეპრენერულ ჭრილშიც აფასებს. მისი თქმით, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა ყოველდღიური დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და შინაგანი სიმტკიცის გამოცდაა – პროცესი, რომელიც თანაბრად ზრდის როგორც ბრენდს, ისე მის დამფუძნებელს.
"ჩემმა არც თუ ისე პატარა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი – არა მხოლოდ ბიზნესში – არის დისციპლინა, პასუხისმგებლობა და მოთმინების უნარი. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სწრაფად სწავლობ მათგან. ერთადერთი, რასაც გულწრფელად ვურჩევდი ყველას, არის იმის გააზრება, რომ არ არსებობს სწორი დრო, სწორი ადგილი ან სრული მზადყოფნა. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ და იმ რესურსებით, რაც გაქვთ".
ელენე გიორგაძის ხედვით, ანტრეპრენერის საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესის მართვა ან ფინანსური შედეგების მიღწევა. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც სცდება პირად ინტერესებს და ახდენს გავლენას გარემოზე, ადამიანებსა და საზოგადოებაზე.
"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომლის უკან არა მხოლოდ ბიზნესი დგას, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა – საკუთარ როლზე, გარემოსა და სხვა ადამიანებზე. მთავარი მხოლოდ ციფრები არ არის – მნიშვნელოვანია სწორად იპოვო საკუთარი ადგილი ამ სამყაროში და დადო თუნდაც ერთი პატარა აგური, რომ ის უკეთესი გახდეს".
ელენე გიორგაძის ინსპირაციის წყარო მრავალფეროვანია, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მთავარი ყოველთვის ერთია – სიყვარული. ეს გრძნობა ვრცელდება ყველაფერზე: საქმეზე, პროცესზე, ადამიანებსა და მომავლისადმი დამოკიდებულებაზე, რომელსაც ხშირად წინასწარ ვერ განსაზღვრავ.
"მომავალში არ იცი, რა მოხდება. როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გქონდა და ცდილობ გეზი შეუცვალო – ეს იმდენად აზარტული და სასიამოვნო გრძნობაა, რომ გაიძულებს უფრო მეტი და უკეთესი აკეთო", – ამბობს Lename-ის დამფუძნებელი.
ელენე გიორგაძის განვითარების ხედვა მკაფიოდ განსაზღვრულია: აქცენტი ექსპორტის გაძლიერებასა და ხარისხის მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე კეთდება, რაც, მისი აზრით, ბრენდის გრძელვადიანი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.
"მჯერა, რომ ბრენდს დიდი პოტენციალი აქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ამ გზას. გარდა ამისა, მაქვს კომუნიკაცია რამდენიმე პიარსააგენტოსთან პარიზსა და ლოს-ანჯელესში და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს", – ელენე გიორგაძე.