"ლიბერთი" ბიზნესისთვის – გაზრდილი პორტფელი და გაძლიერებული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს" – ლიბერთი ბიზნესის მხარდაჭერის ახალ ეტაპს იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტების როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
უკვე ექვსი წელია, რაც "ლიბერთის" ბიზნესმიმართულებას საბანკო სექტორში აღიარებული პროფესიონალთა გუნდი მართავს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის ხაზი ბაზრის ერთ-ერთ წამყვან და გავლენიან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 2025 წელი აღნიშნული მიმართულებისთვის გამოწვევებით იყო სავსე – მათ შეძლეს როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
"ლიბერთი" აგრძელებს რეგიონებში ბიზნესთან პირდაპირ დიალოგს, თანამშრომლობს სახელმწიფო პროგრამებთან და სეზონურ კამპანიებსაც აგრძელებს მეწარმეების მხარდასაჭერად. ამ თემებზე Entrepreneur-თან "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ ისაუბრა.
ირაკლი, დავიწყოთ 2025 წლის შედეგების შეჯამებით. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, როგორც წესი, საკმაოდ სენსიტიურია ეკონომიკური გარემოს მიმართ. როგორ შეაფასებდით გასულ წელს ამ მიმართულებით და რა შედეგებით დაასრულა წელი "ლიბერთიმ" საკრედიტო პორტფელისა და მომხმარებლების ზრდის კუთხით?
2025 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილური ზრდის წელი. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკურ გარემოზე, გასულ წელს მაინც შენარჩუნდა მაღალი მოთხოვნა და აქტივობა ბიზნესების მხრიდან.
ზოგადად, ბაზარი გაიზარდა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება.
ამ ფონზე "ლიბერთი" ბანკმა შეძლო ბაზარზე უფრო სწრაფი ზრდა და, შესაბამისად, ბაზრის წილის გაზრდაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა ყველა ბიზნესმიმართულებით – როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ისე საკრედიტო პორტფელის მოცულობის მხრივ. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ ავყევით ბაზრის დინამიკას, არამედ გარკვეულწილად გადავუსწარით კიდეც მას.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესდაკრედიტებაში ყოველთვის არის სისწრაფე და მომსახურების ხარისხი. როგორ მოახერხა "ლიბერთიმ" პროცესების ოპტიმიზაცია და რა ცვლილებები განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით?
სისწრაფე და ხარისხი ამ მიმართულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, "ლიბერთი" ბანკში ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობდით პროცესების ოპტიმიზაციაზე.
დავნერგეთ უფრო მარტივი და მოქნილი საკრედიტო პროცესები, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ გადაწყვეტილების მიღების დრო და გავაძლიერეთ ციფრული არხები.
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდების განვითარებას. დღეს ბიზნესკლიენტებს ემსახურებიან პროფესიონალი თანამშრომლები, რაც ერთდროულად ზრდის როგორც მომსახურების სისწრაფეს, ისე ხარისხს.
შედეგად, მომხმარებელი იღებს უფრო სწრაფ, მარტივ და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ სერვისს.
უკვე რამდენიმე წელია, "ლიბერთი" ამ ფორმატში ხვდება მეწარმეებს. რა მნიშვნელობა აქვს ამ პლატფორმას თქვენთვის და რას იღებენ თავად ბიზნესები ასეთი შეხვედრებისგან – იქნება ეს ფინანსური გადაწყვეტილებები თუ სახელმწიფო პროგრამებზე მეტი ინფორმირებულობა?
ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. "ლიბერთი" ბანკის მიერ რეგიონებში ორგანიზებული შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ მოვისმინოთ მეწარმეების საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.
მეწარმეებისთვის ეს პლატფორმა წარმოადგენს სივრცეს, სადაც ისინი იღებენ არა მხოლოდ დეტალურ ინფორმაციას ფინანსური პროდუქტების შესახებ, არამედ ეცნობიან სხვადასხვა შესაძლებლობას – მათ შორის სახელმწიფო პროგრამებს, დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებსა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკულ მექანიზმებს.
ეს არის ორმხრივი პროცესი: ჩვენ ვიღებთ ღირებულ უკუკავშირს და ვაუმჯობესებთ ჩვენს შეთავაზებებს, ხოლო მეწარმეები იღებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება და ზრდის პოტენციალს აძლიერებს.
კარგად გვახსოვს 2020 წელი, როდესაც "ლიბერთიმ" აქტიურად გადაწყვიტა ბიზნესდაკრედიტების ბაზარზე შესვლა. დღეს, უკვე ექვსი წლის შემდეგ, როგორ შეაჯამებდით ამ გზას? რა იყო ძირითადი ნაბიჯები, რომლებმაც ბანკს კონკურენტული პოზიცია მოუტანა?
მართლაც, 2020 წელი გარდამტეხი ეტაპი იყო "ლიბერთი" ბანკისთვის – სწორედ მაშინ განისაზღვრა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად და დაიწყო მისი, პრაქტიკულად, ნულიდან განვითარება.
დღეს, ექვსი წლის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფორმაცია ბაზარზე. ეს არ არის მხოლოდ ზრდა, ეს არის სწრაფი წინსვლა ბოლო პოზიციებიდან ერთ-ერთ წამყვან მოთამაშემდე.
ამ წარმატების საფუძველში დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- ძლიერი და პროფესიონალი გუნდი
- მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები
- სწრაფი და გამარტივებული პროცესები
- აქტიური და უშუალო მუშაობა ბიზნესთან, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებში
ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო VTB Bank-ის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის წარმატებული ინტეგრაცია. შევძელით არა მხოლოდ არსებული პორტფელის შენარჩუნება, არამედ მისი ზრდა და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება.
საბოლოოდ, ამ ყველაფერმა მოგვცა შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ბაზრის წილი და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერად ჩამოვყალიბებულიყავით, რაც ყველაზე ნათლად მომხმარებელთა ნდობაში აისახება.
დაბოლოს, ვისაუბროთ 2026 წლის გეგმებზე. რას მოიცავს კამპანია "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს" და რა არის მისი მთავარი მიზანი?
2026 წელს "ლიბერთისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს", რომელიც მეწარმეების განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
ინიციატივის მიზანია, მეწარმეებს მისცეს მოტივაცია და რესურსი საკუთარი ბიზნესის გაფართოებისთვის როგორც ფინანსური, ისე საკონსულტაციო მხარდაჭერის გზით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებს ჰქონდეთ წვდომა არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ იმ ცოდნასა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ გრძელვადიან ზრდას უზრუნველყოფს.
ამ მიმართულებით "ლიბერთი" ბანკი გეგმავს, გააფართოოს დაფინანსების შესაძლებლობები და დანერგოს დამატებითი სერვისები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს საშუალებას, უფრო სწრაფად, ეფექტურად და მდგრადად განვითარდეს.