Get All Access for $5/mo

''ლიბერთის'' პირადი საბანკო მომსახურების სათავეში გაიცანით მანანა აკობია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მანანა აკობია

Private Banking, ანუ პირადი ბანკირის მომსახურება თანამედროვე საზოგადოების მაღალშემოსავლიანი ფენის აუცილებელ და შეუცვლელ ინსტრუმენტად იქცა. Entrepreneur ამ სერვისის მნიშვნელობასა და ქართულ რეალობაში მისი განვითარების პერსპექტივებზე "ლიბერთის" პირადი ბანკირის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მანანა აკობიას ესაუბრა

ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ "ლიბერთი" ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს გადის, რომელიც ბანკის ყველა მიმართულებას თანაბრად შეეხება. ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ბანკის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად პოზიციონირებას ემსახურება − როგორც საზოგადოებისათვის, ისე უშუალოდ თანამშრომლებისათვის.

"ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგია, ბანკს ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებულ ინსტიტუციად აქცევს და ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს პირადი ბანკირის მომსახურება ასრულებს.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას სთავაზობს "ლიბერთი" მომხმარებლებს Private Banking-ის მიმართულებით. ზოგადად, რას ნიშნავს, გყავდეს პირადი ბანკირი და როგორია ამ სერვისის განვითარების დინამიკა, როგორც უშუალოდ ბანკში, ისე ზოგადად, საქართველოში.

"ინდივიდუალიზმის ეპოქაში, ადამიანები არჩევანს საკუთარი მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებულ, მათთვის მორგებულ სერვისსა თუ მომსახურებაზე აჩერებენ. პირადი ბანკირის მომსახურება სწორედ ამ მიდგომას ემყარება", − ამბობს "ლიბერთის" პირადი ბანკირის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი პირადი ბანკირი საქართველოში, მანანა აკობია.

მანანა გვიყვება, რომ ფინანსების მიმართულებით მისი დაინტერესება სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას, ახლად გახსნილ კავკასიის ბიზნეს სკოლაში, საუკეთესო სტუდენტები გაუშვეს საცდელად, სადაც მანანამ ფინანსების განხრა აირჩია, რამაც მისი სამომავლო პროფესიული ორიენტირი განსაზღვრა. ვინაიდან ამ სასწავლებლის რეპუტაცია საკმაოდ მაღალი იყო, მის კურსდამთავრებულებს დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ შეხებიათ. 2001 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, მანანამ მუშაობა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, ოპერატორის პოზიციაზე დაიწყო. დაბალი თანამდებობიდან კარიერის დაწყება, თანამშრომელს ბანკის სტრუქტურის ძირფესვიანად შესწავლისა და მასთან დაახლოების საშუალებას აძლევს, ამიტომაც წარმატებული და სანიმუშო მუშაობის ფონზე, მანანა აკობია მალევე დააწინაურეს. სწორედ აქ იწყება მისი შთამბეჭდავი კარიერული თავგადასავალი.

მანანა, როგორი იყო თქვენი კარიერული გზა და როგორ შედგა თქვენი დაახლოება "ლიბერთისთან"?
პირველი საბანკო გამოცდილება, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სხვა ბანკში შევიძინე, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას ვფლობდი. 2001 წელს, ოპერატორის პოზიციიდან დავიწყე და 2005 წელს უკვე პირად ბანკირად დავინიშნე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი პირადი ბანკირი ვიყავი. ეს მიმართულება მაშინდელი საქართველოს საბანკო სექტორში სრულიად ახალი იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროცესებში მომიწია მონაწილეობის მიღება.

რაც შეეხება უშუალოდ "ლიბერთის", 2009 წელს როცა იმდროინდელ "სახალხო ბანკში" მენეჯმენტი შეიცვალა, ახალ გუნდს შევუერთდი და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ვხელმძღვანელობ პერსონალური მომსახურების მიმართულებას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში დინამიკურად იზრდება და ვითარდება ჩვენს ბანკში. "ლიბერთის" პირადი ბანკინგი მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელს სიახლეები, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

მეტი სიცხადისთვის, გთხოვთ განვმარტოთ, რას ნიშნავს პირადი ბანკირის მომსახურება?
ჩვენს მიზნობრივ სეგმენტს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები წარმოადგენენ, რომლებსაც, მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე, ნაკლები დრო რჩებათ პირადი საჭიროებისთვის საბანკო მომსახურების მისაღებად. შესაბამისად, მათი მოთხოვნები განსხვავებულია. თავისთავად, ეს გარემოება პირადი ბანკირის აქტიური ჩართულობის საჭიროებას განსაზღვრავს. გამარტივებული პროცედურების მეშვეობით კი, მომხმარებელს უადვილდება ბანკთან ურთიერთობა და სასურველი სერვისების მიღება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებისთვის შექმნილი კომფორტული გარემო ურთიერთობას ორმხრივად სასიამოვნოს ხდის. ჩვენთან პირადი ბანკირის მომხმარებლები ექსკლუზიურ შეთავაზებებს და მომსახურებას იღებენ.

როგორ და რა მიმართულებით ეხმარება მომხმარებელს "ლიბერთის" პირადი ბანკირი?
ჩვენი მიზანია საკუთარ მომხმარებლებს და მათ ოჯახის წევრებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, დავეხმაროთ პირადი ფინანსების მართვასა და მიზნების მიღწევაში. გვინდა, ჩვენი კლიენტებისათვის მოვიაზრებოდეთ, როგორც ბანკი მათი ოჯახისთვის და ბიზნესისთვის.

მოგეხსენებათ, პირადი ბანკირის მომსახურება ე.წ. ნიშურია, მომხმარებელთა შეზღუდულ სპექტრს მოიცავს და შესაბამისად, "ლიბერთიც" პრიორიტეტულად მიიჩნევს ხარისხს, და არა კლიენტთა რაოდენობას. ჩვენთვის მთავარია, საკუთარ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ჩვენი სერვისი მათთვის განსაკუთრებული, მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული იყოს.

რომელი უპირატესობებით სარგებლობს პირადი ბანკირის მომხმარებელი? რა სახის მომსახურებას სთავაზობთ?
ყველა მომხმარებელს მიმაგრებული ჰყავს პირადი ბანკირი, რომელიც მათი ერთადერთი საკონტაქტო პირია ბანკში. გარდა ამისა, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლებისთვის შევიმუშავეთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურებები. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ მივყვეთ ბაზრის ტენდენციებს, ვავითარებთ ციფრულ არხებს და ვზრდით შეთავაზებების მრავალფეროვნებას.

ვინ არის თქვენი მომხმარებელი და საზოგადოების რომელ სეგმენტთან მუშაობთ?
ჩვენს სეგმენტს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები წარმოადგენენ. ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ კლიენტებს და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენი პორტფელის 25%-ს არარეზიდენტი კლიენტები წარმოადგენენ და ისინი უკვე დიდი ხანია სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. საინტერესოა, რომ უცხოელი კლიენტების უმეტესობა საქართველოში პირადი ბანკირის მომსახურებას გაცილებით კომფორტულად, მარტივად და ხელმისაწვდომად მიიჩნევს, ვიდრე თავიანთ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე უცხოელი კლიენტებისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსხვილ ფინანსურ ოპერაციებთან გვაქვს.

როგორ შეეხო "ლიბერთის" ტრანსფორმაციის პროცესი თქვენს გუნდს? რა ხელშესახებ ცვლილებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?
ტრანსფორმაციის პროცესი მთელ ბანკს შეეხო და რასაკვირველია, პირადი საბანკო მომსახურების მიმართულებაც არ ყოფილა გამონაკლისი. ყალიბდება გარკვეული პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ბანკი უნდა დაეყრდნოს. ახალი "ლიბერთი" − ესაა მარტივი, გასაგებ ენაზე მოსაუბრე, ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მზრუნველი ბანკი. ის მთავარ აქცენტს ამახვილებს ადამიანზე და მის საჭიროებებზე, რაზეც დაფუძნებულია პირადი ბანკირის მიმართულება. თვალნათლივ ჩანს, რომ ბანკი არ ჩერდება, ვითარდება და ერთობლივად მივდივართ უნივერსალიზაციისკენ. ცხადია, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში.

როგორია პირადი საბანკო მომსახურების მომავალი "ლიბერთიში" და ზოგადად, საქართველოში? რამდენად მაღალია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ინტერესი ამ სერვისის მიმართ?
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა მოსახლეობამ ბევრი შეიტყო პირადი ბანკირის სერვისის შესახებ და მათი ინტერესი მუდმივად იზრდება. ჩემი 20-წლიანი გამოცდილების შედეგად, შემიძლია აღვნიშნო − მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო იზრდება სერვისების ელექტრონული სახით მიწოდება, პირადი ბანკირის მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ურთიერთობებს.

მომხმარებლებს ესაჭიროებათ ადამიანი, რომელიც მათ კომპეტენტურ რჩევას მისცემს და დაეხმარება ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში. ჩვენი მომხმარებლების უმეტესობასთან უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კავშირი ბევრად მყარია, ვიდრე მხოლოდ ბანკირისა და მომხმარებლის ურთიერთობა. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ბანკირებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ ჩართულნი. მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთ საკითხებშიც დავეხმაროთ, რომლებიც საბანკო მომსახურებასაც სცდება. თუნდაც, მაგალითად, კლიენტებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქ ქონების შეძენა სურთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და იმ პროცესების შესახებ, რომელიც უნდა გაიარონ შესყიდვის განმავლობაში. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი ნამდვილად არის, საკუთარ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომელიც მათ მოლოდინს აღემატება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი