Get All Access for $5/mo

ლიდერატორი - "იღბლიანი ბილეთი" კარიერული ზრდისკენ - ქეთუნა ლუკაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე წლებია სხვადასხვა საინტერესო პროექტის მხარდამჭერია. განათლებაზე წვდომის ზრდა, კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ეკოლოგიაზე ზრუნვა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც ბანკი სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ახორციელებს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია "ლიდერატორიც" - სტუდენტური პროგრამა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკის 40-მდე დეპარტამენტში მიიღონ სამუშაო გამოცდილება.

ბანკი უკვე 5 წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს. ამ დროის მონაკვეთში 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა მენეჯერული პოზიციის პროფესიონალების უშუალო მენტორინგის ქვეშ, ხოლო მათგან 95%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.

ქეთუნა ლუკაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. იმ გზაზე, რომელიც მან ლიდერატორობიდან საცალო ბიზნესის განვითარების მენეჯერობამდე გაიარა, თავად ქეთუნას გავესაუბრეთ.

- მოგვიყევი შენზე, სად და რა ფაკულტეტზე სწავლობ? როგორ გადაწყვიტე ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ამჟამად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსელი ვარ, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ფინანსების მიმართულებით. ლიდერატორის პროგრამის შესახებ პირველ კურსზე გავიგე. ჩემი უფროსკურსელი მეგობრები აღფრთოვანებულები საუბრობდნენ პროგრამაზე და ბუნებრივია, მეც დავინტერესდი. მალევე მოვიძიე საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და დავიწყე შესარჩევი ეტაპისთვის მზადება.

- როგორი იყო შესარჩევი პროცესი / რა რეკომენდაციებს მიცემდი მათ, ვისაც სურს მომავალში ლიდერატორობა?

მახსოვს თავდაპირველად დიდი შეხვედრა გვქონდა, სადაც საქართველოს ბანკის თანამშრომლები და წინა წლის ლიდერატორები გვესაუბრებოდნენ პროგრამასა და ზოგადად, იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ლიდერატორი მოიცავს.

გვირჩიეს არ გვენერვიულა და უბრალოდ ჩვენი თავი ვყოფილიყავით. რომ ვთქვა გავითვალისწინე და არ ვინერვიულე მოვიტყუები, თუმცა ჩემი მიმართულების შერჩევის ეტაპები ძალიან საინტერესო იყო - დამხვდა უშუალო ხალხი, რომელიც უბრალოდ არ მოგცემდა შესაძლებლობას გენერვიულა და ამის გამო შენი თავი ვერ წარმოგეჩინა.

ყველაზე კარგი, რაც შემიძლია ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ვურჩიო არის ის, რომ არ გაუშვან ხელიდან ეს შანსი და აუცილებლად მიიღონ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან ლიდერატორი არის "იღბლიანი ბილეთი" კარიერული ზრდისკენ.

- რა მიმართულებით გაიარე ლიდერატორის პროგრამა?

პროგრამის განმავლობაში როტაციის პრინციპით სხვადასხვა მიმართულებებით მომეცა სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, მათ შორის: საცალო საბანკო მომსახურება, SOLO, ციფრული მიმართულება და მომხმარებლის გამოცდილება.

ამ პერიოდში ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია შეხვედრა და მუშაობა. მათი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის, განსაკუთრებით კი კარიერის საწყის ეტაპზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საჭირო რამ იყო.

ლიდერატორმა ძალიან გამზარდა, ამ ყველაფერში კი თანამშრომლების უშუალო ჩართულობა დამეხმარა - მისვლის დღიდან აქტიურად ჩამრთეს სხვადასხვა პროექტებში, თუ დახმარება მჭირდებოდა ყველანაირად მეხმარებოდნენ, მიხსნიდნენ ჩემთვის ახალ და უცხო საკითხებს.

როდესაც უშუალოდ პროგრამას იწყებ და ამ გარემოში ხვდები ცხადი ხდება, რომ ეს გამოცდილება არა მხოლოდ კარიერულად, არამედ პიროვნულადაც გზრდის. რეალურად ურთიერთობა გაქვს თვითრეალიზებულ ადამიანებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და მათი რჩევები უმნიშვნელოვანესია.

საბოლოოდ საოცარი ცხრა თვიანი პერიოდის შემდეგ, საცალო ბანკინგის მიმართულებით მივიღე შემოთავაზება და ახლა საცალო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვარ.

- როგორია შენი ერთი დღე ლიდერატორად

ლიდერატორის ერთი დღე არის მენტორისა და ლიდერატორის კოლაბორაციის ხელოვნება. ეს დღე არის მენტორთან ერთად კონკრეტულ პროექტზე მუშაობა, კითხვების დასმა და საინტერესო პასუხების მიღება, მსგავს პროექტებზე კარგი თუ ცუდი გამოცდილების გაზიარება სხვების მხრიდან.

ამის შემდეგ თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი გამოგიჩნდა, სხვა ლიდერატორებთან შეხვედრა და მათთან ემოციების გაზიარება. ალბათ, ესეც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილია ლიდერატორობიდან, რომ გაქვს შესაძლებლობა სამუშაო სივრცეში, შენს მეგობრებს, რომლებიც ასევე ლიდერატორები არიან, შეხვდე და ესაუბრო სხვადასხვა თემებზე.

- რა არის შენთვის წარმატება?

ყოველთვის, როდესაც სიტყვა წარმატებაზე ვფიქრობდი სულ მიტივტივდებოდა რომ უბრალოდ წინსვლაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ლიდერატორის შემდეგ ამ სიტყვას უკეთესი სახელი დაერქვა და ეს არის "არ გაჩერდე". "ჩემთვის წარმატება არის არგაჩერება და გზის გაგრძელება რამდენადაც რთულად არ უნდა გეჩვენებოდეს იგი"- ამბობს ქეთუნა.

ინფორმაციისთვის, ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით. ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია