"ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდი" — რეპერი, რომლის ოსტატობასაც თავად Jay-Z აღიარებდა თბილისში მოდის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2003 წელს Jay-Z – მ "The Black Album"-ში ჩაწერა სტრიქონი, რომელსაც დღემდე ციტირებენ: უნარი რომ იყიდებოდეს, ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდიო. ეს კომპლიმენტიც იყო და ერთგვარი დიაგნოზიც. ჰიპ-ჰოპის უმსხვილესი კომერციული ვარსკვლავი აღიარებდა, რომ არსებობს რეპერი, რომელიც უკეთ წერს, მაგრამ ნაკლებს ყიდის. Kweli ამ შეფასებას არასდროს გაქცევია — მისი მთელი კარიერა სწორედ იმის ძიებაა, რას ნიშნავს წერო უნაკლოდ ინდუსტრიაში, რომელიც სულ სხვა რამეს აფასებს – სწორედ Talib Kweli იქნება თბილისის პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალის ჰედლაინერი.
ბრუკლინი, წიგნის მაღაზია და სახელი
Talib Kweli Greene 1975 წლის 3 ოქტომბერს ბრუკლინში დაიბადა. სახელი მშობლებმა მიზანმიმართულად შეურჩიეს: "Talib" არაბულად მაძიებელს, სტუდენტს ნიშნავს, "Kweli" სუაჰილიზე — სიმართლეს. ორივე მშობელი უნივერსიტეტის პროფესორია, ძმა — Jamal Greene — კოლუმბიის უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს სწავლობდა. ამ გარემოდან ჰიპ-ჰოპში მოსვლა თავისთავად განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობდა.
ოთხმოცდაათიანების შუა ხანებში Kweli Nkiru Books-ში მუშაობდა — ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს აფროამერიკულ წიგნის მაღაზიაში. 1998 წელს, როდესაც მაღაზია დახურვის პირას აღმოჩნდა, მან და Mos Def-მა (დღეს Yasiin Bey) ის გამოისყიდეს და საგანმანათლებლო ცენტრად აქციეს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ბიოგრაფიული შტრიხი: ორმა ახალგაზრდა რეპერმა პირველი შემოსავალი წიგნებში ჩადეს, სანამ სადებიუტო ალბომს გამოუშვებდნენ
Black Star — ალბომი, რომელმაც ჟანრის ვექტორი შეცვალა
"Mos Def & Talib Kweli Are Black Star" 1998 წელს Rawkus Records-მა გამოუშვა. ჰიპ-ჰოპი მაშინ Bad Boy-ისა და გლამურული "ბლინგის" ეპოქას გადიოდა. ეს ჩანაწერი კი ჯაზურ სემპლებზე, DJ Hi-Tek-ის მშრალ დრამებსა და ორ მეგობარს შორის გახსნილ დიალოგზე იდგა. ტრეკი "Definition" Boogie Down Productions-ის კლასიკურ მელოდიას იყენებდა და ძალადობის თემას უღრმავდებოდა — იმ დროს, როცა ჟანრს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული Biggie-სა და Tupac-ის მკვლელობის ტრავმა. "Respiration" (Common-ის მონაწილეობით) კი სიმღერაზე მეტად ქალაქის სუნთქვაზე დაწერილი პოემა იყო.
ალბომს ჩარტები არ მოუგია, თუმცა მან საბოლოოდ გამოკვეთა "conscious rap" — ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს ტექსტის სიღრმესა და სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებს. მეორე ერთობლივ ალბომს მსმენელი ოცდაოთხი წელი ელოდა: "No Fear of Time" 2022 წელს გამოვიდა, Madlib-ის ექსკლუზიური პროდიუსირებით და მხოლოდ პოდკასტ-პლატფორმა Luminary-ზე — სტრიმინგ-სერვისებზე ალბომი პრინციპულად არ განუთავსებიათ.
Reflection Eternal და სოლო კარიერა
Hi-Tek-თან ერთად შექმნილმა დუეტმა Reflection Eternal 2000 წელს "Train of Thought" გამოუშვა — ჩანაწერი, რომელსაც ბევრი Kweli-ს შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს. "The Blast" და "Move Somethin'" დღემდე ბუმ-ბეპ სეტების კლასიკად რჩება. დუეტის მეორე ალბომი, "Revolutions per Minute", ათი წლის შემდეგ გამოვიდა.
2002 წლის "Quality" რეპერის პირველი სოლო ალბომია, რომელზეც საკვანძო ტრეკი "Get By" გვხვდება. ეს სიმღერა მის შემოქმედებას ორ ეტაპად ყოფს. ბითი ახალგაზრდა Kanye West-მა ააწყო Nina Simone-ის "Sinnerman"-ის სემპლზე. Kanye მაშინ მხოლოდ პროდიუსერი იყო; Kweli-მ ის ტურნეში წაიყვანა მანამ, სანამ "The College Dropout" გამოვიდოდა. მოგვიანებით Kanye-ს სადებიუტო ალბომის ტრეკზე "Get Em High" Kweli და Common სწორედ ამ მეგობრობის ნიშნად გამოჩნდნენ.
"The Beautiful Struggle" (2004) მეიჯორ-ლეიბლთან თანამშრომლობის პერიოდია: The Neptunes-ისა და Just Blaze-ის ბითები, Mary J. Blige ჰუკზე. "Lonely People-ში" The Beatles-ის "Eleanor Rigby-ის" სემპლი ისმის — იმდროინდელი ჰიპ-ჰოპისთვის იშვიათი და ძვირადღირებული ნაბიჯი. კრიტიკამ ალბომი კომერციული კომპრომისების გამო დაიწუნა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში Kweli ფართო აუდიტორიამ გაიცნო.
2007 წლის "Eardrum" კი კომერციული პიკი აღმოჩნდა: ალბომმა Billboard 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. მოწვეულ არტისტთა სია ნათლად აჩვენებს მის სტატუსს ინდუსტრიაში — Kanye West, Roy Ayers ("In the Mood"), Justin Timberlake ("The Nature"), Norah Jones ("Soon the New Day"), UGK, KRS-One და will.i.am. ალბომი მისმა საკუთარმა ლეიბლმა, Blacksmith-მა გამოსცა Warner Bros.-ის დისტრიბუციით.
დამოუკიდებლობა, როგორც შემოქმედებითი მოდელი
"Eardrum-ის" შემდეგ Kweli მთავარ სისტემას საბოლოოდ ჩამოშორდა. 2011 წელს მან Javotti Media დააფუძნა, რომლის ეგიდითაც გამოვიდა "Gutter Rainbows", "Prisoner of Conscious", "Gravitas" და "Radio Silence". 2013 წელს "Gravitas" პირდაპირ საკუთარი ვებგვერდიდან გაყიდა — სტრიმინგისა და ტრადიციული მაღაზიების გვერდის ავლით, ჯერ კიდევ Bandcamp-ის მასობრივ პოპულარობამდე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კოლაბორაციული ალბომები: Madlib-თან ერთად ჩაწერილი "Liberation" (2007) Stones Throw-ს საიტზე მხოლოდ ერთი კვირით განთავსდა უფასოდ და შემდეგ სამუდამოდ წაიშალა. "Liberation 2" 2023 წელს გამოვიდა, კვლავ Luminary-ზე. ამას მოჰყვა 9th Wonder-თან შექმნილი "Indie 500" (2015), Diamond D-სთან ჩაწერილი "Gotham" (2020) და J. Rawls-თან ერთობლივი "The Confidence of Knowing" (2024). პროექტის "Native Sons" მეორე ნაწილში (2025) მან Black Thought-ს, Busta Rhymes-სა და De La Soul-ის Posdnuos-ს ერთ ტრეკზე მოუყარა თავი.
პარალელურად არსებობს Idle Warship — ექსპერიმენტული ელექტრონული პროექტი მომღერალ Res-თან ერთად, რომლის 2011 წლის ალბომმა "Habits of the Heart" დაამტკიცა, რომ Kweli-ს შესაძლებლობები კლასიკური ბუმ-ბაპის ფარგლებს სცდება.
საკვანძო კოლაბორაციები
Kweli-ს მოწვეული არტისტის სტატუსით ჩაწერილი ტრეკები ბოლო ოცდახუთი წლის ჰიპ-ჰოპის ერთგვარი რუკაა:
- "Just to Get By (Remix)" — ერთ ბითზე თავმოყრილი Mos Def, Jay-Z, Kanye West და Busta Rhymes;
- "Like That" (Black Eyed Peas) — ერთობლივი ნამუშევარი John Legend-თან, Q-Tip-თან და CeeLo Green-თან;
- "The Dreamer" — გამორჩეული კუპლეტი Anderson .Paak-ის ალბომიდან "Malibu" (2016);
- "Push Thru" — კოლაბორაცია Kendrick Lamar-თან და Curren$y-სთან (2012), რომელიც Kendrick-ის საკულტო ალბომის, "good kid, m.A.A.d city-ს" გამოსვლისთანავე ჩაიწერა.
2005 წელს Dave Chappelle-მა ბრუკლინში უფასო კონცერტი გამართა და დოკუმენტური ფილმი "Dave Chappelle's Block Party" გადაიღო. Kweli, Mos Def, Kanye West, Common, The Roots, Erykah Badu და Lauryn Hill — ეს ფილმი იმ ეპოქის ყველაზე ავთენტური დოკუმენტია, სადაც Kweli ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად გვევლინება.
კადრს მიღმა: აქტივიზმი და პოდკასტი
2014 წელს, ფერგიუსონის პროტესტების დროს, Kweli ქუჩაში იდგა და CNN-ის პირდაპირ ეთერში Don Lemon-ს ეკამათებოდა მედიის მხრიდან პროცესების მიკერძოებულ გაშუქებაზე. ეს ეპიზოდი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მისი აქტივიზმი რითმებს მიღმაც გრძელდება.
2021 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "Vibrate Higher: A Rap Story", ხოლო საავტორო პოდკასტში "People's Party" წლებია ჟანრის პიონერებს ესაუბრება — ხშირად უფრო სიღრმისეულად, ვიდრე ამას მუსიკალური მედია ახერხებს.
დღეს სცენაზე ის ხშირად DJ-ის ამპლუაშიც დგას: Serato-ს აპარატურით თავად ატრიალებს ვინილის კლასიკურ სემპლებს, საკუთარ კატალოგს და პარალელურად ლაივ-რეპს ასრულებს. ეს არ არის მარტივი გზა — ეს იმ ადამიანის ხელწერაა, ვისთვისაც ჰიპ-ჰოპი არა მხოლოდ რეპი, არამედ მთლიანი კულტურაა.
17 ოქტომბერს Talib Kweli Factory Tbilisi-ში, თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის ფარგლებში წარდგება. თბილისს ეწვევა რეპერი, რომელსაც Jay-Z-მ უბადლო ლირიკოსი უწოდა, Kanye West-მა პირველი ჰიტი დაუწერა, Madlib-მა ორი ალბომი შეუქმნა და რომელიც ამ აღიარების მიუხედავად, უკვე მეოთხედი საუკუნეა უცვლელ კითხვას სვამს: ვისთვის ვწერთ და რატომ.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია TKT.GE-ზე: https://tkt.ge/event/506040/tbilisi-hip-hop-festival