ლიტერატურული "ოსკარი" – უარები და მილიონები – არის თუ არა ლიტერატურა ბიზნესი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შემოდგომის სეზონი განსაკუთრებული ციებ-ცხელებით გამოირჩევა ლიტერატურული სამყაროსთვის. სწორედ ამ სეზონზე ველოდებით სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ნომინანტებს, გრძელ თუ მოკლე სიებს და ბოლოს გამარჯვებულებს. რას ნიშნავს ეს მარათონი? არის კი ეს მხოლოდ წიგნის მოყვარულებისთვის ახალი და გემოვნებიანი ლიტერატურის აღმოჩენის გარანტი? და როგორია ეს გზა ლიტერატურულ სამყაროში?

დღეს ვეცდები მოკლედ გაგაცნოთ ის გზა, რომელსაც ტექსტი გამომცემლობიდან კონკურსამდე გადის.

როგორც ყველაფერი, ლიტერატურაც ჩვეულებრივი ბიზნესია თავისი გამოწვევებით, სირთულეებით, გამარჯვებებით, სიახლეების სწავლით. როგორც ყველა ინდუსტრიაში, ჩვენთანაც არსებობს პრემიები, ჯილდოები, აღიარებები... ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ლიტერატურული სამყარო საათებს ითვლის, 22 სექტემბერს, ლონდონის დროით საღამოს 7 საათზე, გამოვლინდება ბუკერის პრემიის მოკლე სია. მკითხველისთვის ეს ახალი წასაკითხი წიგნების ჩექლისთი იქნება, თუმცა რა ხდება აქეთ, გამომცემლების მხარეს? აქეთ მოლოდინია, ვინ აღმოჩნდება მოკლე სიაში, ვინ გაიმარჯვებს... მოკლე სიაში მოხვედრა თავისთავად ნიშნავს საერთაშორისო აგენტების ჩართვას უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომ ეს წიგნები სწრაფად ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე. მოკლე სიაში გადასვლა ავტომატურად ნიშნავს ბესტსელერობის კანდიდატობას, შესაბამისად, ახლა გამომცემლები მსოფლიო მასშტაბით ცდილობენ გამოიცნონ, რომელი სათაური გახდება მათ ქვეყანაში პოპულარული და ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს წიგნის თარგმნისა და გამოცემის უფლებების მოპოვება.

სტარტაპის მასშტაბირებაზე ან ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანაზე ფიქრისას, პირველ რიგში, ნდობის ფაქტორსა და სწორ პოზიციონირებაზე ვსაუბრობთ. თუმცა იფიქრებდით, რომ ზუსტად იგივე კანონზომიერებები მართავს ლიტერატურულ კონკურსებს, იქნება ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ბუკერის პრემია, თუ ჩვენთან ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ლიტერატურული პრემია საბა?

მიუხედავად იმისა, რომ ბუკერის პრემია მკაცრად ორიენტირებულია მხატვრულ პროზაზე და არამხატვრული ლიტერატურა აქ არ მონაწილეობს, მისი მარკეტინგული და რეპუტაციული მექანიზმი უნივერსალური გაკვეთილია ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის.

ბიზნესში პროდუქტის წარმატებას ხშირად წინ უძღვის ათობით უარი ინვესტორებისგან. ლიტერატურაშიც ზუსტად ასეა. მოგიყვებით დუგლას სტიუარტის წიგნზე "შუგი ბეინი", რომელიც 30-მდე გამომცემლობამ დაიწუნა და მხოლოდ პატარა, დამოუკიდებელმა გამომცემლობამ გამოსცა. სანამ ბუკერის ჟიურიმ არ შეამჩნია, პროდუქტი ბაზრის ნიშურ სეგმენტში იკარგებოდა. გამარჯვებისთანავე კი წიგნის გაყიდვები ზოგჯერ კვირაში თითქმის 2 000%-ით გაიზარდა, ხოლო ავტორი მყისიერად გლობალურ ბრენდად იქცა და ფინანსურადაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის აუთსაიდერის ტრიუმფის კლასიკური მაგალითი, როცა ერთი ავტორიტეტული რეკომენდაცია მთელ წესებს ცვლის. როგორ მუშაობს ეს სისტემა ქართულ ბაზარზე? ან ადგილობრივი პრემიები, მაგალითად, როგორიცაა საბა და მის მოკლე სიაში მოხვედრა ან/და მასში გამარჯვება იმავენაირად აისახება ქართული ტექსტების გაყიდვაზე? რთული სათქმელია.

კიდევ უფრო საინტერესოა 2019 წლის გახმაურებული გლობალური ქეისი, როცა ბუკერის ჟიურიმ წესი დაარღვია და პრემია მსოფლიო დონის ვარსკვლავ მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს შორის გაყო. ეს იყო იდეალური სინერგია: ეტვუდის გლობალურმა აღიარებამ უზარმაზარი ყურადღება მიიზიდა, რამაც ავტომატურად აიტაცა ევარისტოს წიგნიც და ბაზარი მანამდე უცნობი პროდუქტისთვის გახსნა. ზუსტად ამ ტრიუმფის გამო ქართულად გამოიცა ევარისტოს წიგნი "გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი". თუმცა, სამწუხაროდ, ევარისტოს ამ ტექსტს ქართველ მკითხველში ისეთი გამოხმაურება არ მოჰყვა, როგორიც ბუკერის პრემიის გამარჯვებულის ტექსტს უნდა ჰქონოდა.

მაგრამ მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ გაყიდვები არ არის. რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ანტრეპრენერის მკითხველს? იმიტომ, რომ ტოპწიგნების (მხატვრულის მათ შორის) პერსონაჟები და სიუჟეტები რეალურად მენეჯმენტისა და ადამიანურ ბიზნესკონტექსტში სტრატეგიული აზროვნების მასტერკლასია. მაგალითად, ბრიტანელ-იაპონელმა მწერალმა კაზუო იშიგურომ (რომელიც მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა) 1989 წელს ბუკერის პრემია მიიღო წიგნისთვის The Remains of the Day. ეს წიგნი უძლიერესი კვლევაა პროფესიონალური მენეჯმენტის, ერთგულების, დისციპლინისა და ლიდერობის შესახებ. როცა მას ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ რესურსების მართვა და ემოციური ინტელექტი ზუსტად ისეთივე თავსატეხია მენეჯერისთვის, როგორიც სტრატეგიული ფინანსური ნაბიჯები (ამ წიგნზე საინტერესო დისკუსია შეგიძლიათ ნახოთ ბაბლჰედის პოდკასტის ეპიზოდში "ბოსის კრიტიკული 3 შეცდომა").

გლობალურად, ბუკერის მოკლე სიაში მოხვედრაც კი ავტომატურად უზრუნველყოფს ტირაჟის მრავალჯერად ზრდას, ხოლო გამარჯვება გაყიდვებს 800-დან 2 000%-მდე აფეთქებს. ერთი წიგნი მყისიერად ტრანსფორმირდება მულტინაციონალურ პროდუქტად.

ახლაც, როცა გლობალური ბუკერისა თუ ადგილობრივი საბას სეზონის ფავორიტების განხილვები ცხელია, მთავარი დასკვნა ასეთია: პროდუქტის ხარისხი მხოლოდ ნახევარი საქმეა. საბოლოოდ, ბაზარს ხარისხთან ერთად აფეთქებს სოციალური მტკიცებულება, ავტორიტეტი და ის მთავარი ადამიანური ღირებულებები, რომლებსაც შენი საქმის სიყვარული და ცნობისმოყვარეობა მოსდევს.

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“