Get All Access for $5/mo

ლიზი გოზალიშვილი გერმანული Voice-ის მეორე ეტაპზე გადავიდა ქართველი მომღერლის წარმატება ევროპაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

19 წლის ლიზი გოზალიშვილი გერმანული მუსიკალური პროექტის, Voice-ის მეორე ეტაპზე გადავიდა − ბრმა კასთინგების დროს მან მწვრთნელების ქება დაიმსახურა, თავად კი ჯოვანი ცარელას ჯგუფში აირჩია ყოფნა.

გერმანულ Voice-ში ბრმა კასთინგებზე სიმღერაც და სამოსიც სიმბოლურად შეარჩია − მან მაიკლ ჯექსონის Earth Song შეასრულა, უკრაინის დროშის ფერებში შემოსილმა, ხოლო ჟიურის წევრებთან გასაუბრებისას გადაწყვიტა, სცენა გამოეყენებინა და რუსული ოკუპაციის შესახებ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. როგორც იხსენებს, მწვრთნელების რეაქცია მისთვის ძალიან ემოციური იყო − მომავალი მწვრთნელი, ჯოვანი ცარელა ლიზის სცენაზე შეუერთდა და სიმღერა ერთადაც შეასრულეს. სწორედ ამიტომ, ფიქრობს, რომ საერთაშორისო პროექტები პრობლემებზე სასაუბროდაც უნდა გამოიყენოს.

ქართველი მუსიკოსი გერმანიაში მუსიკალურ განათლებას იღებს. მას მერე, რაც DAAD-ის პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა, ლიზი 2022 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, წელს ქალაქ ბონში დაიწყო სწავლა მუსიკალური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

როგორც ის Entrepreneur-ს უყვება, სიმღერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო − ფაქტობრივად, არც ახსოვს, როდის. კარგა ხანს მუსიკისადმი სიყვარულს მხოლოდ ჰობის სახით და დამატებით საქმიანობად აღიქვამდა. ეს დამოკიდებულება მაშინ შეიცვალა, როცა საქართველოში მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

"როცა გამოვცადე, რას ნიშნავს, უფრო ხშირად იდგე სცენაზე და ინტენსიურად გიწევდეს მუსიკალურ სფეროში მუშაობა, მივხვდი, რომ ზუსტად ეს მინდოდა. შემდეგ სტრესიც შემიყვარდა, რომელიც, როგორც წესი, პროექტებში მონაწილეობას ახლავს. ამ ერთგვარ დაძაბულობასაც თავისი ხიბლი აქვს ჩემთვის", − ამბობს ის.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობა ძალიან დიდხანს უნდოდა, თუმცა სწავლის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, თავს იკავებდა. წლევანდელ პროექტზე სრულიად ექსპრომტად დარეგისტრირდა − ზამთრის არდადეგებს საქართველოში ატარებდა და Voice-ის ვებგვერდს ათვალიერებდა, როცა სარეგისტრაციო ფორმა საიტმა შესთავაზა.

"მეგონა, დროის უქონლობის გამო, ვერ შევძლებდი მონაწილეობას, თუმცა განაცხადი მაინც გავაგზავნე, მაინტერესებდა, შემდეგ ეტაპზე გადავიდოდი თუ არა".

პროექტებში მონაწილეობისას, ცხადია, ყველა ფიქრობს გამარჯვებაზე. თუმცა ლიზი ამბობს, რომ მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარებაზე მუდმივად ფიქრი და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსიკის სფეროში მუშაობენ. მისთვის მუშაობა და ყოველდღიური პროგრესი წარმატების უდიდესი შემადგენელი კომპონენტია. ამიტომ წარმატებულ, საინტერესო მუსიკოსებთან მუშაობა ერთგვარი მოტივაციაცაა და საკუთარი თავის ახლებურად დანახვაშიც ეხმარება.

გერმანული პროექტისგანაც იმავეს ელის, რაც ქართულმა პროექტმა მოუტანა სულ რაღაც 16 წლის ასაკში. ქართულ Voice-ში მონაწილეობით გადაწყვიტა, რომ მუსიკა მის მთავარ საქმიანობად ექცია და ფიქრობს, რომ გერმანული პროექტიც რაღაც ახლის დანახვასა თუ აღმოჩენაში დაეხმარება.

მუსიკას ლიზის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. გარდა იმისა, რომ აკადემიურ განათლებას ამ სფეროს შესახებ იღებს, დღის ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ მუსიკას, ვარჯიშსა და კომპოზიციებს უთმობს. ერთ-ერთი სტრესული ეტაპი მის ცხოვრებაში სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ცხოვრების ახალი სტილის გამო სიმღერას ძველებურ დროს ვეღარ უთმობდა. როგორც ლიზი გვიყვება, შარშან გერმანიაში გადასვლის შემდეგ ერთდროულად იმდენი საქმე ჰქონდა, რომ მუსიკისთვის შესაფერისად ვერ იცლიდა.

"თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდებოდა. მით უმეტეს, როცა სიმღერისთვის დრო არ მაქვს, ეს ჩემზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება ხოლმე. "ვოისი" ამ მხრივაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო. ვფიქრობ, ამ პერიოდში უფრო ძლიერი მოტივაცია შევიძინე", − იხსენებს ლიზი ინტერვიუში.

როგორც ამბობს, ერთი გამორჩეული ინსპირაცია არ გააჩნია, რადგან საყვარელ მუსიკოსებს შორის გამორჩევა უჭირს. მისივე თქმით, ყველა მუსიკოსი, ვისაც უსმენს, გარკვეულ კვალს ტოვებს მის შემოქმედებასა და არტისტობაზე.

ლიზი გოზალიშვილი, გარდა სიმღერისა, საავტორო მუსიკის შექმნითაც არის დაკავებული. წერაც მცირე ასაკში დაიწყო და ამბობს, რომ ეს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება. მისთვის მუსიკა ის ენაა, რომლითაც ემოციებს ყველაზე უკეთ გამოხატავს.

ამ ეტაპზე მისი მთავარი საფიქრალი პროექტი და მასში სრული დატვირთვით ჩართვაა. თუმცა, გვეუბნება, რომ საავტორო მუსიკის მხრივაც მალე ექნება სიახლეები.

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ