LSEM Group: "ყველაზე დიდი რისკი არ იყო ბიზნესის დაწყება – ყველაზე დიდი რისკი იყო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოუყენებლობა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემოში სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შრომითი ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტები სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იღებს. კომპანიები ამ საკითხებს ხშირად მხოლოდ კრიზისის დადგომის შემდეგ აქცევენ ყურადღებას, დაგვიანებული რეაგირება კი სერიოზულ ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს იწვევს.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა LSEM Group – საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესს შრომითი სამართლის, შრომის უსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და შესაბამისობის (Compliance) სისტემების დანერგვაში ეხმარება.
LSEM Group-მა ერთ პლატფორმზე გააერთიანა ის მიმართულებები, რომლებიც ბაზარზე ტრადიციულად ცალ-ცალკე აღიქმებოდა. კომპანიის მთავარი მისიაა, გახდეს ბიზნესის გრძელვადიანი პარტნიორი და სამართლებრივი თუ ორგანიზაციული რისკები პრევენციულად, პრობლემის გაჩენამდე მართოს. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირება LSEM Group-ს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს სერვისების მაღალი ეფექტიანობა და თანამედროვე სტანდარტები.
Entrepreneur-თან ინტერვიუში LSEM Group-ის თანადამფუძნებელი, იურისტი და მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO), ნინო არაბიძე გვიყვება, თუ როგორ იქცა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება წარმატებულ ბიზნესად, რატომ არის რისკების პრევენცია კომპანიის სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი და როგორ ცვლის უახლესი ტექნოლოგიები საკონსულტაციო სექტორს.
"LSEM Group ორი განსხვავებული პროფესიული გამოცდილების გაერთიანების შედეგია. მე და ჩემმა მეუღლემ, კახაბერ შარვაძემ, წლების განმავლობაში სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროში ვიმუშავეთ. სწორედ ამ პრაქტიკამ დაგვანახა, რომ კომპანიებს ხშირად ერთი კომპლექსური საკითხის მოგვარება რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტთან თანამშრომლობით უწევთ.
შრომის უსაფრთხოება, შრომითი ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სამართლებრივი შესაბამისობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა ბაზარზე ისინი, როგორც წესი, ცალკეულ მიმართულებებად აღიქმებოდა. სწორედ ამან გაგვიჩინა იდეა, შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ სფეროებს ერთიან სისტემაში მოაქცევდა. LSEM Group-ის მიზანი თავიდანვე იყო ბიზნესისთვის არა უბრალოდ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომლებიც რისკების პრევენციაზე, ეფექტიანობასა და გრძელვადიან შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული. ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელება გახდა ჩვენს საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებაც, რადგან გვჯერა, რომ ინოვაცია დღეს მაღალი ხარისხის სერვისის განუყოფელი ნაწილია", – ამბობს ნინო არაბიძე.
საკუთარი საქმის დასაწყებად სტაბილური კარიერისა დათმობა ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული. LSEM Group-ის დამფუძნებლებისთვის ეს ნაბიჯი მხოლოდ ბიზნესგეგმა არ ყოფილა – ეს იყო პასუხისმგებლობით სავსე გაბედული გადაწყვეტილება, რომელმაც მათი პროფესიული ცხოვრება სრულიად შეცვალა.
კითხვაზე, მოითხოვდა თუ არა ბიზნესის დაწყება განსაკუთრებულ გაბედულებას, ნინო არაბიძე განმარტავს:
"ბიზნესი არ დაგვიწყია იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა. პირიქით – ორივეს გვქონდა პროფესიული გზა, მრავალწლიანი გამოცდილება, სტაბილური საქმიანობა და პასუხისმგებლობით სავსე პოზიციები. სწორედ ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული წონა ჰქონდა. ეს იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცი, კარიერული და პოზიციური წინსვლისთვის რამდენი იშრომე. თუმცა გვჯეროდა, რომ ჩვენი ცოდნის, გამოცდილებისა და ღირებულებების გაერთიანებით შეგვეძლო ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც რეალურ ცვლილებას მოახდენდა ბიზნესგარემოში. ვფიქრობ, დღეს ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. ჩვენ არა მხოლოდ ოჯახი, არამედ პარტნიორებიც ვართ და განსხვავებული პროფესიული ხედვების გაერთიანება გვაძლიერებს. დღეს, როდესაც უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ყველაზე დიდი რისკი სინამდვილეში საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებაზე უარის თქმა იქნებოდა", – აღნიშნავს LSEM Group-ის თანადამფუძნებელი.
სტაბილური კარიერის დათმობასა და საკუთარი კომპანიის დაფუძნებას თან ახლავს გამოწვევები, რომლებიც ხშირად სცდება მხოლოდ ფინანსურ თუ ორგანიზაციულ სირთულეებს. LSEM Group-ისთვის მთავარ ბარიერად პერსონალური პროფესიული რეპუტაციის სრულიად ახალი ბრენდის სახელად გარდაქმნა იქცა. თითოეულ დამფუძნებელს ინდივიდუალურად უკვე მოპოვებული ჰქონდა ბაზრის ნდობა და მრავალწლიანი გამოცდილება, თუმცა ახალი კომპანიის პოზიციონირება ნულიდან დაიწყეს. კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ბაზრის დარწმუნება იმაში, რომ LSEM Group მაღალ სტანდარტსა და ხარისხს უზრუნველყოფდა. ამ გამოწვევას კომპანიამ თანმიმდევრული სტრატეგიით უპასუხა: აქცენტი თავიდანვე გაკეთდა პროფესიულ ეთიკაზე, ხარისხსა და ინოვაციურ მიდგომებზე. თითოეულმა წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა კი ეტაპობრივად გაამყარა ახალი ბრენდის რეპუტაცია და კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა.
როდესაც საუბარია საკონსულტაციო ბიზნესზე, მისი წარმატების მთავარი საზომი კლიენტის რეალური შედეგები და იმ სისტემის შექმნაა, რომელიც კომპანიას გრძელვადიან სტაბილურობას სძენს.
კითხვაზე, თუ რა აძლევს LSEM Group-ის გუნდს ყოველდღიურ ინსპირაციას, ნინო არაბიძე აღნიშნავს:
"ყველაზე დიდ ინსპირაციაა, როდესაც ვხედავთ, რომ კომპანიები ჩვენი მხარდაჭერით წინასწარ ავლენენ სამართლებრივ და ორგანიზაციულ რისკებს, აუმჯობესებენ შიდა პროცესებს, ქმნიან უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემოს და პერსონალურ მონაცემებს უფრო პასუხისმგებლიანად ეკიდებიან. ასეთ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კონსულტაციის გაწევით არ შემოიფარგლება – ის ბიზნესის მდგრად განვითარებას ემსახურება.
ამავე დროს, მუდმივი განვითარება ჩვენი პროფესიული კულტურის ნაწილია. თანამედროვე ბიზნესგარემო სწრაფად იცვლება და გვჯერა, რომ პროფესიონალი არასოდეს უნდა შეჩერდეს. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვსწავლობთ, ვაკვირდებით ახალ ტენდენციებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ვითვისებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, რათა ჩვენი მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მაღალი ხარისხის იყოს".
რაც შეეხება LSEM Group-ის სამომავლო ხედვას, კომპანიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მთავარი ამოცანა ბაზარზე თავის დამკვიდრებაა – როგორც პლატფორმის, რომელიც სამართალს, შრომის უსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ინოვაციებს ერთიან, მოქნილ სისტემაში აერთიანებს.
სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაცია, როგორც შიდა საოპერაციო პროცესებში, ისე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სერვისებში. LSEM Group-ისთვის ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ არსებული პროცესების გაციფრულებას არ ნიშნავს – მიზანი ისეთი თანამედროვე მიდგომების დანერგვაა, რომლებიც პარტნიორ კომპანიებს მონაცემებზე დაფუძნებული, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
გრძელვადიან პერსპექტივაში LSEM Group გეგმავს, ქართულ ბიზნესსივრცეში დაამკვიდროს მაღალი ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ინოვაციის სტანდარტი და გახდეს სანდო პარტნიორი, რომელსაც კომპანიები არა მხოლოდ კრიზისის დროს, არამედ რისკების პრევენციისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მიმართავენ.