Get All Access for $5/mo

ლუკა გურგენიძე - 20 წლის პროგრამისტი, რომელიც Meta-ს გუნდს მომავალი წლიდან შეუერთდება "Vanderbilt-ში ვიყავი პირველი ქართველი სტუდენტი და ამით კიდევ ერთი გზა გავხსენი მათთვის, ვისაც აშშ-ში სურს სწავლის გაგრძელება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლუკა გურგენიძე

სულ ცოტა ხნის წინ, Entrepreneur-ის მკითხველისთვის ცნობილი გახდა, რომ Meta-ს (ყოფილი Facebook) ოჯახს ქართველი პროგრამისტი, 20 წლის ლუკა გურგენიძე შეუერთდა, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტში სტაჟირებას მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

ცხადია, Entrepreneur დაინტერესდა ამ ამბით. ვეცადეთ მეტი დეტალი გაგვერკვია ლუკას კარიერულ გზასთან დაკავშირებით და გვსურს ჩვენს მკითხველს ამ შთამბეჭდავი პროფესიული ტრამპლინის ისტორია გავუზიაროთ.

"2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირების პოზიციებზე ჩემი აპლიკაციის გაგზავნა დავიწყე და მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო Facebook (სექტემბერში რებრენდინგი ჯერ არ იყო განხორციელებული). დაახლოებით თვენახევარში, მივიღე მოწვევა გასაუბრებაზე, რომელიც ჩამიტარდა 30 ნოემბერს. ეს იყო ტექნიკური გასაუბრება, ე.წ. phone screen, რომელზეც Meta-ს გამოცდილი პროგრამისტი ამოწმებდა ჩემს ცოდნას და შესაძლებლობებს. მან ორი ამოცანის ამოხსნისთვის ჯამში 40 წუთი მომცა და ამ დროში უნდა მომესწრო პირობის გააზრება, მისთვის დამაზუსტებელი კითხვების დასმა, ამოცანის ამოხსნა და ინტერვიუერისთვის ახსნა, თუ რატომ იყო ჩემი კოდი სწორი. ეს პროცესი საკმაოდ რთულია, მითუმეტეს დროის სიმცირის გათვალისწინებით. პირველმა გასაუბრებამ კარგად ჩაიარა. ორივე ამოცანა დროულად ამოვხსენი და მეორე დღეს, მეორე გასაუბრების მოწვევაც მივიღე, რომელიც 13 დეკემბერს ჩაინიშნა. ეს იყო ანალოგიური ტექნიკური გასაუბრება (virtual on-site interview), რომელიც რომ არა კოვიდი, ჩატარდებოდა პირისპირ, კალიფორნიაში. ამ ეტაპსაც კარგად გავართვი თავი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო რთული ამოცანები დამისვეს. დაახლოებით ორ კვირაში კი სამსახურის შემოთავაზება მომივიდა. რა თქმა უნდა, ბევრი არც მიფიქრია და დავთანხმდი. მუშაობას მაისიდან მენლო პარკში, კალიფორნიაში გავაგრძელებ, "მეტას" სათაო ოფისში. ჯერ არ ვიცი ზუსტად რომელ გუნდში ვიმუშავებ, ამას მარტი-აპრილის პერიოდში გავიგებ. იმედი მაქვს, მუშაობა მათ ახალ Metaverse-სთან და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პროექტებზე მომიწევს. რაც შეეხება ინტერვიუსთვის მომზადებას, Leetcode-ით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველი დღე ამ თვენახევრის განმავლობაში. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მეტ დროს უთმობენ ვარჯიშს და ინტერვიუებისთვის მეცადინეობას თუმცა მე უნივერსიტეტში ვსწავლობ და მაღალი ნიშნების შენარჩუნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროცესში მეხმარებოდნენ ჩემი რეკრუტერებიც, რომლებიც ძალიან სწრაფად და დროულად პასუხობდნენ ყველა ჩემს შეკითხვას", - აცხადებს ლუკა გურგენიძე.

ლუკამ კომაროვის სახელობის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა 2019 წელს დაამთავრა და ამავე წელს, სწავლა ნეშვილში, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით გააგრძელა. როგორც ლუკა გვიამბობს, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აშშ-ში სწავლა და მთელი მეთორმეტე კლასი ამ ჩანაფიქრის განხორციელებისათვის სამზადისს დაუთმო. "Vanderbilt-ში ვიყავი პირველი ქართველი სტუდენტი და ამით კიდევ ერთი გზა გავხსენი მათთვის, ვისაც აშშ-ში სურს სწავლის გაგრძელება. ახლა ჩემს უნივერსიტეტში უკვე 4 ქართველი სწავლობს და იმედია წელს კიდევ შემოგვიერთდებიან".

რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, ლუკამ მეგობრებთან ერთად შექმნა ვებსაიტი - Profesori.ge, რომელიც ქართველ სტუდენტებს ეხმარება ანონიმურად შეაფასონ მათი პროფესორები და ამით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს დახვეწასა და განვითარებაში შეუწყონ ხელი. 2021 წელს კი, მან ამიერკავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროსთვის - Episode Hotels, შექმნა სრულიად ფუნქციონალური ვებსაიტი, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას სასტუმროს ინოვაციურობის შესახებ და დაჯავშნონ ოთახები. სწავლის პარალელურად, ლუკა Vanderbilt University-ის ინფორმაციული ტექნოლოგიის ცენტრში მუშაობს, სადაც კამპუსში არსებულ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს უწევს პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და აგვარებს სხვადასხვა სახის ტექნიკურ პრობლემებს. "ვებ დეველოპმენტი ძალიან საინტერესოა და ჩემი გამოცდილებაც უმეტესად ამ სფეროშია, თუმცა ყველაზე მეტად მიზიდავს Blockchain და AI. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ვიმუშავებ პროექტებზე ამ განხრით", - აღნიშნავს ლუკა გურგენიძე.

ლუკას თქმით, საქართველოდან ამერიკაში სტუდენტად წასვლა ძალიან რთულია. როდესაც მან აშშ-ში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ახლობლები მას ევროპის უნივერსიტეტებში ურჩევდნენ ძალების მოსინჯვას, თუმცა ლუკამ საკუთარ მიზანს არ გადაუხვია და მის განხორციელებას უამრავი დრო და ენერგია დაუთმო. "ზაფხულში, სკოლის არდადეგებზე, დასვენების მაგივრად SAT-ის და Toefl-ის გამოცდებისთვის ვმეცადინეობდი, უნივერსიტეტებზე ინფორმაციას ვეძებდი და აპლიკაციებს ვავსებდი. ამან შედეგები გამოიღო და ახლა ზუსტად იქ ვარ სადაც მინდოდა" , - Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს ახალგაზრდა პროგრამისტი, - "გამარჯვება, როგორც წესი, ჩუმად მიხარია. არ მიყვარს ზედმეტი ემოციების გამოხატვა და არც სხვისთვის ჩემი წარმატების თავზე მოხვევა. ხოლო, მარცხს რაც შეეხება, ჩემი მიზნების შესრულებას იქამდე ვცდილობ სანამ არ გამომივა".

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა ლუკა ქართველ ახალგაზრდებს, რაზეც იგი გვპასუხობს: "ყველას ვურჩევდი, რომ ის გააკეთონ რაც სიამოვნებთ. არ მინდა, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას ვურჩიო პროგრამირების სწავლა, თუმცა აუცილებლად მოვუწოდებ ყველას, გაეცნონ, თუ რა შესაძლებლობებია ამ სფეროში და რამდენგვარი რამის შექმნა შეუძლია პროგრამისტს. ნებისმიერი მოსწავლისთვის თუ სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია შრომისმოყვარეობა, რასაც ქართული განათლების სისტემა, სამწუხაროდ, არც გვასწავლის და არც გვაჩვევს".

ლუკა გურგენიძე მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს დღევანდელ სწრაფად ცვლად სამყაროს და ჰქონდეს ინფორმაცია ყველა ახალ ტექნოლოგიასა და ინოვაციაზე. "ზუსტად ვერ ვიტყვი, რას ვაპირებ უახლოეს მომავალში, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ Meta-ში აუცილებლად ვიმუშავებ და 2023 წელს დავამთავრებ უნივერსიტეტს. შემდეგ რა მოხდება დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს ამ დროში ბევრი საინტერესო შესაძლებლობა მომეცემა და ახალი გამოწვევების მისაღებად მზად ვარ", - განაცხადა ლუკამ, Entrepreneur-თან საუბრისას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში