ლურჯი ოკეანე - 2024 წლის შეჯამება და 2025 წლის გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?თამთა ჯაფარაშვილი
ხელმძღვანელი, "ლურჯი ოკეანე"
2025 წელი "ლურჯი ოკეანისთვის" სიმბოლური და საიუბილეოა - უკვე ათი წელია, რაც ჩვენს მკითხველს მსოფლიოს წამყვანი ანტრეპრენერების, მენეჯმენტ-კონსულტანტებისა და აზრის ლიდერების ბესტსელერ წიგნებს ვთავაზობთ ქართულ ენაზე და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესგანათლებას, ფაქტებზე აგებული აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას, თვითშემეცნებასა და ბიზნესის კეთებას ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე, ფოკუსირებით.
გასულ წელს რამდენიმე მიმართულებით შევაფასებ. პირველი, და გამომცემლისთვის ალბათ ყველაზე მთავარი, სწორ დროს შერჩეული სიახლეები და ამ გამოცემების მიმართ მკითხველის განწყობაა, რაც ყველაზე უკეთ გაყიდვების მაჩვენებელსა და ციფრებში გამოიხატება. 2024 წლის მაისში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთ სიახლედ რობერტ გრინის "ძალაუფლების 48 კანონი" წარვადგინეთ, რომელმაც გაყიდვების რეკორდი მოხსნა და 2024 წლის ბესტსელერი თარგმნილი წიგნების კატეგორიაში 8300-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით მესამე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მომდევნო ორ ადგილსაც "ლურჯი ოკეანის" ბესტსელერები: "ატომური ჩვევები" და "იკიგაი" იკავებენ.
2024 წელს გამოცემული წიგნებიდან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თანამედროვე ბრენდინგის ლეგენდის, მარტი ნიუმაიერის "ბრენდის უფსკრული" და მსოფლიოს უდიდესი ჰეჯ-ფონდის დამფუძნებლის, რეი დალიოს "პრინციპები". "ბრენდის უფსკრული" ექსკლუზიურად რეგიონის ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე, Ad Black Sea 2024-ზე წარვადგინეთ. "პრინციპები" კი ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, საკონსულტაციო სააგენტო "ჯეპრასთან" თანამშრომლობით გამოვეცით.
ქართველი მკითხველისთვის რელევანტური და აქტუალური ლიტერატურის შეთავაზება თავისთავად გულისხმობს მსოფლიო საგამომცემლო სიახლეებისა და ტრენდებისთვის ყურადღების მიქცევას. სწორედ ასე გაგვიჩნდა ახალი საგამომცემლო პროექტის, "პანაცეას" დაწყების იდეა. პროექტის მიზანი მსოფლიოს მედიცინის წამყვანი სპეციალისტების უახლესი ნაშრომების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და ამ გზით ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი, დაბალანსებული წესისა და დღეგრძელობის ხელშეწყობაა. სერიის პირველი წიგნი "ხანგრძლივი სიცოცხლე: დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება" (Outlive: The Science and Art of Longevity) გამოცემის დღიდან დღემდე New York Times-ის ბესტსელერების სათავეშია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პროექტის პრეზენტაცია გადავდეთ, მაგრამ უახლოეს კვირებში პრეზენტაციაც გაიმართება და შესაბამის კომუნიკაციასაც დავიწყებთ.
გასული წლის შეფასებისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო დოქტორ ფილიპ კოტლერის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველი ქართული გამოცემა - ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ქართული კომპანიების წარმატების ისტორიებს ქეისურად შეისწავლის, უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამის ნაწილი ხდება და გლობალურ აუდიტორიაზე წვდომას გულისხმობს. "ლურჯი ოკეანე", როგორც ქვეყნის წამყვანი ბიზნესგამომცემელი, პროექტის ადგილობრივი პარტნიორია. AWE კონსალტინგთან, რეგიონში, UAE-ში, საფრანგეთსა და ბელგიაში Kotler Impact-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან ერთად შევარჩიეთ კომპანიები, რომლებიც საკუთარი სტრატეგიებითა და ინოვაციური მიდგომებით მარკეტინგის სფეროში მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ, სიახლეს ნერგავენ და მომავლის ტენდენციებს ქმნიან: TBC, "საქართველოს ბანკი", PSP, VELI.store, Socar Petroleum Georgia, "ევროპული სკოლა", "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" (GAU) და "კავეა + "ცვალებადი ნიშნების" ერთობლივი ქეისით, თავად Entrepreneur Georgia და "ლურჯი ოკეანე" და აშ.
"ლურჯი ოკეანისთვის" და პირადად ჩემთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სპიკერობის შესაძლებლობა მსოფლიო მარკეტინგულ სამიტზე (World Marketing Summit 2024). WMS მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ასობით პროფესიონალს აერთიანებს როგორც ბიზნესის, ისე აკადემიური და სამთავრობო წრეებიდან და ონლაინფორმატში მილიონობით მაყურებელი ჰყავს. სპიკერებს შორის იყვნენ მარშალ გოლდსმიტი, ჰერმან საიმონი, მარტა როჯერსი, მარკო ლანდი და ა.შ. WMS უნიკალური საშუალებაა გამოცდილების, წარმატების ისტორიისა თუ მიმდინარე გამოწვევების გასაზიარებლად, შენი ბრენდის, ინდუსტრიისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად.
2025 წელზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი და ამ გამოწვევების მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკურ შედეგებზე. წლის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემა, 32 წლის self-made მილიონერის, ინოვაციური ანტრეპრენერის, სტივენ ბარტლეტის "CEO-ს დღიური" (მისი ამავე სახელწოდების საავტორო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტის მიხედვით) უკვე გამოვეცით. "ლურჯი ოკეანისა" და "პანაცეას" 20-მდე ახალ დასახელებას შორის იქნება საუკეთესო ბიოგრაფად აღიარებული, ათობით ენაზე გამოცემული მწერლის, ვოლტერ ისააკსონის "ილონ მასკი", გიორგი აბრამიშვილის წინასიტყვაობით. სიმბოლურია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და გამორჩეული ინოვატორის მრავალმხრივი, ინტიმური ისტორიის ქართულენოვანი გამოცემა ამერიკულ პოლიტიკაზე მისი გავლენის გაძლიერებასა და მნიშვნელობის კიდევ უფრო მეტად ზრდას ემთხვევა.
"ლურჯი ოკეანის" ერთი-ერთი მთავარი ამოცანა დიალოგის სივრცის შექმნაა ბიზნესსა და ბიზნესლიტერატურას შორის. სწორედ ამიტომ გაზაფხულზე ვიწყებთ "ბიზნესსალონს" - ყოველთვიური შეხვედრების ციკლს მმართველი რგოლის მენეჯერებისთვის. გასული წლის დეკემბერში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, წლის შემაჯამებელი ღონისძიება Crossover-ი გადავდეთ, თუმცა წელს Crossover-ი დაბრუნდება უფრო მასშტაბური ფორმატითა და საერთაშორისო სპიკერების ჩართულობით.