M team - პირველი ქართული უძრავი ქონების სააგენტო, რომელმაც დუბაის ბაზარზე დაიწყო ოპერირება
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"უძრავი ქონების სააგენტო M Team" საშუამავლო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების მეპატრონესა და კლიენტს ერთმანეთთან აკავშირებს და ამაში გარკვეული სახის საკომისიოს იღებს. კომპანია ირაკლი მესხმა თითქმის 4 წლის წინ დააფუძნა და მას შემდეგ საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს "მაკლერების" შელახული რეპუტაცია შეცვალოს და ბროკერობის სანდო სისტემას ჩაუყაროს საფუძველი ქართულ ბაზარზე.
"ბევრს ვმოგზაურობ და ვხედავ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული სფერო ძალიან განვითარებული და პოპულარულია − მაგალითად, ამერიკასა და დუბაიში ბროკერობა ყველაზე პრესტიჟული სამსახურია. ჩვენთან "მაკლერებს" აფერისტებად, გადამგდებებად და სხვა არასასურველი ტერმინებით მოიხსენიებენ. ბევრს მაკლერი და ბროკერი ერთი და იგივე ჰგონია. მინდოდა შემექმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანის მუშაობა დაფასებული იქნებოდა, აღნიშნული სფერო კი მეტად პრესტიჟული", − აღნიშნავს M Team-ის დამფუძნებელი, ირაკლი მესხი.
ინოვატორი ქართულ ბაზარზე
M Team ერთადერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტოა, რომელმაც ფილიალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გახსნა, კერძოდ კი დუბაის ბაზარზე გავიდა. თითქმის 4 თვეა, რაც კომპანიის ახალი ფილიალი აქტიურად ფუნქციონირებს და ადგილობრივებსა თუ უცხოელებს დუბაის მასშტაბით ბინების შეძენასა თუ გაქირავებაში ეხმარება. როგორც ირაკლი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, დუბაიში გადასახადები ნაკლებია, რაც ოპერირების შესაძლებლობას აადვილებს.
"ზოგადადაც ბევრი საკითხი ბევრად მარტივია საქართველოსთან შედარებით, თუმცა მუშაობის სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებულია", − აღნიშნავს ირაკლი მესხი.
იმისთვის, რომ უძრავი ქონების მეპატრონეებმა და კლიენტებმა დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ, M Team თითოეულ გარიგებას ხელშეკრულების საფუძველზე აფორმებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გარიგების გაფორმების შემდეგ კომპანია საკომისიოს მხოლოდ უძრავი ქონების მეპატრონისგან იღებს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ ბინას აჩვენებენ კლიენტს. მსგავსი სისტემის საფუძველზე, კომპანიის ორივე მომხმარებელი კმაყოფილი რჩება - კლიენტს სასურველ მომსახურებას სთავაზობენ და ამაში თანხას არ იღებენ, მეპატრონეს კი საკუთარი ქონების გაყიდვასა თუ გაქირავებაში ეხმარებიან.
იმისთვის, რომ კომპანიის სერვისი მეტად სანდო და სრულყოფილი იყოს, ხელშეკრულებაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია. მაგალითად, უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მეპატრონეს ერთი წლის განმავლობაში ეყოლება კლიენტი, თუ ასე არ მოხდა, მიმდინარეობს საკუთრების ხელახალი გაქირავება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ბინის ხელახლა გაქირავება ვერ შეძლო, მაშინ იგი უძრავი ქონების მეპატრონეს აღებული თანხის ნახევარს უბრუნებს, რაც აუცილებლად ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წლების განმავლობაში მათ მიმართ არცერთი საჩივარი ან უკმაყოფილება არ დაფიქსირებულა, რადგან M Team მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს.
M Team-ის გუნდი და სამომავლო გეგმები
თითქმის 4-წლიანი მუშაობის განმავლობაში M Team-მა განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო. ბიზნესი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 2 ადამიანისგან შედგებოდა, დღეს 70-ამდე თანამშრომელსა და 3 ფილიალს აერთიანებს. ორი მათგანი თბილისის მასშტაბით ოპერირებს, ერთი კი, როგორც აღვნიშნეთ, დუბაიში მდებარეობს.
საინტერესოა ასევე კომპანიის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურაც. გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს კომპანიის შიგნით განვითარებისა და სხვადასხვა პოზიციის დაკავების არაერთი შესაძლებლობა აქვთ, M Team მუდმივად ზრუნავს მათ წახალისებასა და მხარდაჭერაზე. მაგალითად, იმართება ყოველკვირეული შეჯიბრებები და ყოველთვიური დაჯილდოებები. კვარტალში ერთხელ კომპანია რამდენიმე საუკეთესო თანამშრომელს ავლენს, რომლებსაც საზღვარგარეთ დასასვენებლად უშვებს.
M Team-ის გუნდში მოსახვედრად აუცილებელი არ არის მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე, მთავარია გქონდეს ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის შეგრძნება.
"აღნიშნული სფერო თითქმის არსად ისწავლება და ზოგადად საქართველოში ამ სფეროს მიმართ ძალიან ვიწრო ხედვა აქვთ ადამიანებს. მე სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს დაგროვებული გამოცდილება, გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაციებიც მოვიძიე, სიახლეებს გავეცანი და მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, საქართველოში რისი დანერგვა შეიძლებოდა. სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარდა M Team და სწორედ ამ ხედვას ვასწავლით მათ, ვინც ჩვენთან მოდის. გამოცდილი ფიზიკურად ვერ მოვა და რაკი ეს სფეროც არ ისწავლება, ახალ თანამშრომლებს გამოცდილებას არ ვთხოვთ, ადგილზე შევასწავლით", − ამბობს ირაკლი მესხი.
პანდემია M Team-ისთვისაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, განვითარების სწორი ხედვისა და სტრატეგიის შედეგად კომპანიამ შეძლო ბაზარზე საკუთარი ადგილის შენარჩუნება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ირაკლის თქმით, დუბაიში ახალი ფილიალის გახსნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საქართველოდანაც. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, დუბაის ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ერთ-ერთი საუკეთესო სერვისის შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კომპანია აღნიშნულ მიზნებს მიაღწევს, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა და ადგილობრივებისთვის საინტერესო შეთავაზებების მიწოდება.