მაი ვერძაძე – ბიზნესის მართვის ფილოსოფია და წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაია ვერძაძე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვისთვისაც კარიერული წარმატება ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი იყო. ოჯახში, სადაც დედა განათლებული, წარმატებული და აქტიური ქალი იყო, პროფესიული რეალიზაციის სურვილი მისთვის ბუნებრივად ჩამოყალიბდა.

ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მომავალში წარმატებული და ძლიერი ქალი იქნებოდა. "დედა ჩემთვის Iconic person იყო", - იხსენებს მაია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მაგალითზე გაიზარდა.

თავდაპირველად საჯარო სამსახურში მუშაობაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ სრულიად განსხვავებულ გზას დაადგა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 25 წლის გახდა, მეგობარმა ბიზნესპროექტში ჩართვა რომ შესთავაზა.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყება მანამდე არასდროს უფიქრია, გამოწვევას არ შეუშინდა. ეს ნაბიჯი აღმოჩნდა გადამწყვეტი - პროექტმა, რომელსაც საფუძველი მაშინ ჩაეყარა, დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და Hill Inn-ის სახელით არის ცნობილი.

ბიზნესის დასაწყისში მაიას მთავარი მიზანი საკუთარი თავისთვის დამტკიცება იყო – შეძლებდა თუ არა დამოუკიდებლად მუშაობას? წარმატების მიღწევას? თითოეული გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ კითხვებზე პასუხს იძლეოდა.

"თავიდან ეს თითქოს ჩემი პირადი გამოწვევა იყო", - ამბობს ის, თუმცა დროთა განმავლობაში ბიზნესის მართვის მოტივაციამ უფრო ღრმა და სოციალური მნიშვნელობა შეიძინა. ახლა მისთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია ის შეგრძნებაა, რომელიც საღამოს, დაძინებამდე ერთი წუთით მოდის – შეგრძნება იმისა, რომ იმ დღეს ვიღაცის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი შეცვალა.

წლების გამოცდილებამ მაია ახალ გამოწვევებამდე მიიყვანა. ბიზნესის მართვასთან ერთად დღეს ის ინვესტორიცაა და AXEL-ის (Georgian Business Angel Network) მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს. ამ სივრცემ შესაძლებლობა მისცა, ქვეყნის წამყვან ბიზნესმენებთან ერთად საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიეღო და საინტერესო სტარტაპერების საქმიანობას გასცნობოდა.

"აქსელი" ძირითადად ტექნოლოგიური მიმართულების სტარტაპებზეა ორიენტირებული, რაც მაიასთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შესანიშნავი საშუალებაა. მისი შეფასებით, ეს პლატფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

"თუ ერთი სიტყვით უნდა შევაფასო AXEL-ი, ეს არის – პროგრესი", გვეუბნება მაია. ამ სივრცეში ჩართულობა მას საშუალებას აძლევს, არა მარტო განვითარდეს, არამედ საკუთარი წვლილიც შეიტანოს სხვა ბიზნესების ზრდაში.

ბიზნესში ქალებისთვის გენდერული სტერეოტიპები ხშირად სერიოზულ გამოწვევად იქცევა, თუმცა მისთვის ეს დაბრკოლება არასდროს ყოფილა.

"დავძლიე გენდერული სტერეოტიპები, პირველ რიგში, დავძლიე საკუთარ თავში", - აღნიშნავს იგი და იხსენებს შემთხვევებს, როცა მისმა პროფესიონალიზმმა სხვებისთვის წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენები დაანგრია.

მაიას ბიზნესფილოსოფია მარტივია - შექმნას ისეთი პროდუქტი ან სერვისი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს ეხმიანება. მისი ყოველი ახალი პროექტი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

Hill Inn-ის შექმნის იდეაც აქედან დაიბადა. ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზისას მიხვდა, რომ ბაზარზე არ არსებობდა სივრცე, რომელიც განმარტოებისა და სიმყუდროვის მოყვარულ დამსვენებლებს კომფორტულ გარემოს შესთავაზებდა. Hill Inn-მა ეს ნიშა შეავსო და დღეს უკვე ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს იკავებს.

მაიას ერთ-ერთი ბოლო პროექტი სილამაზის ინდუსტრიას უკავშირდება. Folie - ეს არის პრემიუმ კლასის სილამაზის სალონი, რომელიც პარტნიორთან ერთად დააარსა.

Folie მომხმარებლებს თანამედროვე, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტერილიზაციისა და მსოფლიო ბრენდების პროდუქციას, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებასა და ხარისხს უზრუნველყოფს.

"სფეროს სიღრმისეული ცოდნა არ მაქვს, რაც, შესაძლოა, უპირატესობაც იყოს. ეს მაძლევს საშუალებას, ბიზნესს მომხმარებლის თვალით შევხედო", - ამბობს მაია. მისი ხედვა და პარტნიორის პროფესიონალიზმი ერთმანეთს იდეალურად აბალანსებს.

Folie-ს განვითარების გეგმა საკმაოდ ამბიციურია - მიზნად აქვთ, ბაზრის ლიდერები გახდნენ და ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაანგრიონ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ამ მიმართულებით პროფესიული სასწავლებლის შექმნა იქნება, სადაც დამწყები სპეციალისტები როგორც ტექნიკურ, ასევე მომსახურების სფეროში აუცილებელ უნარებს შეიძენენ.

გარდა ამისა, მაია აგრძელებს აქტიურ ჩართულობას AXEL-ის საქმიანობაში და მენტორობას სტარტაპერებისთვის. მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესების განვითარებაა, არამედ ახალი თაობის მხარდაჭერაც, რომ მათაც შეძლონ წარმატების მიღწევა ქართულ ბაზარზე.