მანუსკრიპტი – პირველი ქართული პრემიუმ კლასის ბლოკნოტი 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მანუსკრიპტი" პირველი ქართული პრემიუმ კლასის ბლოკნოტია, რომელიც აერთიანებს ქართული წერისა და წიგნის კინძვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, კალმითა და მელნით წერისთვის შექმნილ უნიკალურ მასალებსა და მისი დამფუძნებლების მრავალწლიან ყოველდღიური წერის გამოცდილებას.
"მანუსკრიპტზე" მუშაობა სამი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სრულყოფილი ბლოკნოტის შესაქმნელად. ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით საუკეთესო მასალებს და ვქმნიდით საცდელ ეგზემპლარებს, ერთი წლის განმავლობაში ვტესტავდით პროტოტიპებს, ვხვეწდით და ვამოწმებდით არა მხოლოდ კონკრეტულ მომენტში როგორ ფუნქციონირებდა, რამდენად ლამაზი ან მოსაწონი იყო, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას რა თვისებები ექნებოდა, რა ხარვეზებს აღმოვაჩენდით, რომელი მასალა უფრო მდგრადი იქნებოდა, ხოლო ტყავი სხვადასხვა პირობებში როგორ პატინას მიიღებდა. საბოლოოდ სწორედ ერთი წლის წინ, 2025 წლის აპრილში, წიგნის ბაზრობაზე წარვუდგინეთ პირველად საზოგადოებას "მანუსკრიპტის" საჯიბე და საჩანთე კომპლექტები, წიგნაკები და რვეულები", – ამბობს ტორესა მოსი, მწერალი და "მანუსკრიპტის" თანადამფუძნებელი.
"მანუსკრიპტის" უკან დგას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდი: წიგნის დიზაინერი ნინო კუბლაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თინათინ ყიფიანი, მწერალი ტორესა მოსი და კალმების კოლექციონერი სანდრო კვიციანი – კალმის წვერების ერთადერთი ოსტატი საქართველოში.
"მანუსკრიპტის" პროდუქტები მოიცავს საჩანთე და საჯიბე ზომის მრავალჯერადი გამოყენების ტყავის ყდებს, ორივე ზომის 98-ფურცლიან ხელით შეკერილ წიგნაკებს და 40-ფურცლიან სტეპლერზე აკინძულ რვეულებს სუფთა, ხაზიანი და წერტილებიანი ფურცლებით. კომპლექტები მოიცავს ტყავის ყდას შესაბამისი ზომის ერთი რვეულით და წიგნაკით. გარდა ამისა, შესაძლებელია შიგთავსების შეძენა ცალკეც.
"მანუსკრიპტი" გამორჩეულია თავისი დიზაინით, შერჩეული მასალებითა და მისი ექსკლუზიურობით, რადგან დამზადების ყველა პროცესი, ტყავის დამუშავებიდან კინძვის ჩათვლით, ხელით სრულდება. მის დასამზადებლად ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართულ ტყავს, რომელიც მუშავდება ხელით, ცვილით, ტრადიციული ქართული მეთოდით და განსხვავდება მსოფლიოში აქამდე ცნობილი ყველა ტყავისგან თავისი შეხებით, პატინით, რომელსაც დროთა განმავლობაში იღებს და განუმეორებელი ფაქტურით.
წიგნაკების და რვეულების ასაკინძად ვიყენებთ იაპონურ Tomoe River-ის 52-გრამიან თეთრ ქაღალდს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თხელი ფურცელია. ის იდეალურია ყველა ტიპის კალმით წერისთვის, უძლებს მელანს, არ იჟღინთება, მეორე მხარეს ნაწერი არ გადის, აქვს აბრეშუმივით რბილი ზედაპირი და იდეალურად გადმოსცემს მელნის ფერს. Tomoe River-ის ქაღალდი დღემდე მხოლოდ ერთ იაპონურ ქარხანაში იწარმოება და მისი შეძენა რითეილზე შეუძლებელია. ის ჭავლური კალმების მოყვარულთა ერთ-ერთი მთავარი არჩევანია მსოფლიო მასშტაბით და მელნების ტესტირების ოქროს სტანდარტად ითვლება", – აღნიშნავს ტორესა მოსი.
წიგნაკებისა და რვეულების შიდა ყდებად გამოიყენება გერმანული მჟავაგაცლილი ქაღალდი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები და არქივები იყენებენ ექსპონატებისა და დოკუმენტების შესანახად. "მანუსკრიპტის" ყველა წიგნაკი იკერება ხელით, წიგნის კინძვის ტრადიციული მეთოდით, თითოეულ პროდუქტს ენიჭება ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი და გადის ხარისხის კონტროლს.
"მანუსკრიპტი" შექმნილია წერით სიამოვნებისთვის. ადამიანებისთვის, ვისთვისაც წერა არა უბრალოდ საჭიროება, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესი, კულტურა, თვითგამოხატვის საშუალება და თერაპიაა. მათთვის, ვისთვისაც დეტალები მნიშვნელოვანია და ვინც ნივთებში მათი დიზაინისა და ფუნქციურობის მიღმა ხედავს ამბავს, რომელსაც ეს ნივთი ჰყვება, რადგან პირველ რიგში, ჩვენთვის "მანუსკრიპტი" არის მედიუმი, რომლითაც ვცდილობთ მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ წერის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე კულტურის შესახებ. პროდუქტის გამოჩენამდე საქართველოში არ არსებობდა ნამდვილი პრემიუმ კლასის ბლოკნოტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ისეთ ბრენდებთან კომბინაციაში, როგორებიც არის Aurora, Visconti, Montblanc, Montegrappa, Graf von Faber-Castell, Namiki, Sailor და ა.შ. შესაბამისად, თავად ჩვენ, დამფუძნებლებს გვიწევდა, ბლოკნოტები გამოგვეწერა ავსტრიიდან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, რაც დაკავშირებულია დამატებით დროსა და ხარჯებთან", – ამბობს ტორესა მოსი.
"მანუსკრიპტის" თანადამფუძნებლის თქმით, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს დაბრუნება თანამედროვე წერის კულტურის მსოფლიო რუკაზე და ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ღირსეულად დადგება საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების გვერდით.
"ჩვენი მეზობელი სომხეთი მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია კალმის ბრენდით Benu და წარმოაჩენს წერის საკუთარ მდიდარ ტრადიციებს და კულტურას. თურქეთი კალმისა და ბლოკნოტების რამდენიმე ბრენდითაა წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე და სტამბულში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ კალმების ფესტივალს ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას.
ამ მხრივ ჩვენ გამქრალი ვართ მსოფლიო რუკიდან და ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომლიც მოჰყვებოდა ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, რომელიც დღესაც გრძელდება. ის ჰყვება ამბავს შენზე, შენს პიროვნებაზე, შენს გემოვნებაზე, შენს დეტალებისადმი მგრძნობელობაზე, შენს წერის კულტურაზე და ამავდროულად, ჰყვება მდიდარი ტრადიციის მქონე, მრავალფეროვან და საინტერესო ქართულ კულტურაზე", – აღნიშნავს ის.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე – manuscripti.io, ასევე პარტნიორ მაღაზიებში, სადაც წარმოდგენილია პრემიუმ კლასის საწერი ინსტრუმენტები: Engraver, Geosm, Drawbox და "სანტა ესპერანსა". ფასები 12 ლარიდან იწყება და 258 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე მანუსკრიპტი მხოლოდ ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ივნისიდან იგეგმება საერთაშორისო გაყიდვების დაწყება, ხოლო 2026 წლიდან პროდუქცია ევროპულ ბაზრებზეც გამოჩნდება.
ბრენდი აქტიურად ერთვება საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში – მიმდინარე წლის ივნისში "მანუსკრიპტი" საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იქნება ნიდერლანდებში Dutch Pen Show-ზე, ხოლო ნოემბერში – Istanbul Pen Show-ზე. აპრილში კი "მანუსკრიპტი" მომხმარებლებს თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეხვდება.