მარკ ზაქერბერგი სუპერინტელექტის მომავალზე ვრცელ ესეს აქვეყნებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Meta-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაქერბერგმა, ვრცელი ესე გამოაქვეყნა, რომელიც სუპერინტელექტის მომავალს ეხება. ზაქერბერგი განიხილავს მის შესაძლებლობებს, შესაძლო რისკებსა და იმ პრინციპებს, რომლებითაც ტექნოლოგიურმა სამყარომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უნდა იხელმძღვანელოს. იმ ფონზე, როდესაც AI-ის განვითარებას ხშირად ახლავს კონსპირაციული პროგნოზები და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოწოდებები, Meta-ს დამფუძნებელი სრულიად განსხვავებულ, ოპტიმისტურ ხედვას აჟღერებს. მისი თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდივიდების გაძლიერება და მათთვის ცხოვრების გაუმჯობესება უნდა იყოს.
ზაქერბერგი თავის ესეში გამოყოფს რამდენიმე ასპექტს, რომლებიც, მისი აზრით, სუპერინტელექტის ეპოქის მთავარი ბირთვი უნდა იყოს.
ესეში მარკ ზაქერბერგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პროგრესი სწორედ მაშინ მიიღწეოდა, როდესაც ძალაუფლება და შესაძლებლობები ცენტრალიზებული ინსტიტუციებიდან ინდივიდების ხელში გადადიოდა. მისი ფილოსოფიის მიხედვით, ინდივიდუალური შესაძლებლობების გაზრდა სუპერინტელექტის ეპოქის მთავარი საყრდენი უნდა გახდეს. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ზაქერბერგს არაერთი გამომგონებელი და ანტრეპრენერი მოჰყავს, მაგალითად: ძმები რაიტები, სტივ ჯობსი, ბილ გეითსი. ზაქერბერგის თქმით, AI სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელება უნდა იყოს – ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ ადამიანს საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობებსა და რესურსს მისცემს.
ზაქერბერგი თავის ესეში ასევე ახსენებს პერსონალურ სუპერინტელექტს, ე.წ. 24/7 ასისტენტს. Meta-ს დამფუძნებლისთვის ინდივიდის გაძლიერების პრაქტიკული გამოხატულება პერსონალური AI-აგენტია, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის პირად მიზნებს ემსახურება. ეს ასისტენტი ადამიანს ცხოვრების ყველა სფეროში დაეხმარება.
ზაქერბერგი ასევე ყურადღებას ამახვილებს სრული კონფიდენციალურობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ინდივიდი ვერ იქნება ძლიერი და დამოუკიდებელი, თუ მის პერსონალურ ასისტენტს ინფორმაციის გადაცემა შეუძლია სხვა კომპანიისთვის. ამიტომ Meta გვთავაზობს სრულად დაშიფრულ, პირად რეჟიმს, სადაც მომხმარებლის მონაცემებსა და AI-თან ინტერაქციაზე წვდომა თავად Meta-საც კი არ ექნება.
ზაქერბერგის აზრით, ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის ასეთი მოდელი ეკონომიკურ მოდელსაც მნიშვნელოვნად შეცვლის. ეკონომიკა გახდება ბევრად მოქნილი. მცირე მეწარმეებს, მცირე სტარტაპებს თუ ცალკეულ პირებს მიეცემათ საშუალება, დიდი საკადრო რესურსის გარეშე წამოიწყონ ბიზნესი.
ზაქერბერგი არ ეთანხმება შიშს იმის შესახებ, რომ AI მასობრივად ჩაანაცვლებს სამუშაო ადგილებს. ის მიიჩნევს, რომ როგორც სამრეწველო რევოლუციამ თუ ინტერნეტის გამოჩენამ შექმნა სრულიად ახალი პროფესიები, AI-ც ასევე შექმნის ახალ სფეროებს.
Meta აგრძელებს ღია კოდის, ე.წ. Open Source მოდელების მხარდაჭერას. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემები, რომელთა შიდა პროგრამული კოდი და არქიტექტურა დაფარული არ არის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დეველოპერისთვის, მკვლევრისა თუ რიგითი მომხმარებლისთვის. ზაქერბერგის აზრით, ღია კოდის სისტემა აუცილებელია მონოპოლიის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტექნოლოგიური პროგრესი დემოკრატიული ღირებულებებით წარიმართოს.
ესეს დასკვნით ნაწილში მარკ ზაქერბერგი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ AI არ უნდა გახდეს საზოგადოების მართვის ან ჩანაცვლების იარაღი. Meta-ს მიზანია შექმნას ხელმისაწვდომი, სრულად კონფიდენციალური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პერსონალური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თითოეულ ადამიანს საკუთარი იდეებისა და პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში დაეხმარება.