მეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - ''ქართული ქსოვილი'' უერთდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს "ქართული ქსოვილი", მეამა შეუერთდა. ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას.
ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, მეამამ, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, მეამა ქოლექთისთვის ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული, ყავისა და ჩაის ორი სასმლის წამყვანი ინგრედიენტი ბადაგი იქნება და ისინი ქართული ქსოვილის ორნამენტებით დამზადებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან.
კოლაბორაციის ფარგლებში, მეამას მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან მეამა ქოლექთის 15 ლოკაციაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეძლებენ. მეამა ქოლექთის ახალი კოქტეილების შექმნა არის ორ ბრენდს შორის კოლაბორაციის დასაწყისი, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს, მეამას სხვა პროდუქტებიც დაემატება.
"თიბისისა და ხელოვნების სასახლის ამ საინტერესო წამოწყებას ყოველთვის ვგულშემატკივრობდით და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა მათთან ერთად ვაგრძელებთ "ქართული ქსოვილის" პოპულარიზაციის პროექტს.
თანამშრომლობის ფარგლებში მეამა ქოლექთისთვის შეიქმნა ყავისა და ჩაის ახალი კოქტეილები, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული ყურძნის ბადაგია. ამ კოქტეილებისთვის კი ამოვირჩიეთ ის პატერნები, რომლებიც საუკეთესოდ ასახავდა ახალი სასმელების ხასიათს და ქართული ქსოვილის ორნამენტები დავიტანეთ მეამა ქოლექთის ჭიქებსა და ჰოლდერებზე.
ეს ჩვენი დიდი კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია. ყავის მოყვარულებს მეამა "ქართული ქსოვილისთან" ერთად ბევრ არომატულ თავგადასავალს უმზადებს. - ნათია ჩომახაშვილი, მეამას მარკეტინგის დირექტორი.
ხელოვნების სასახლემ ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. 2018 წელს გამოიცა წიგნი "ქსოვილი საქართველოდან", სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე ორნამენტია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს რამდენად მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო თუ სასულიერო სამოსი.
ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.
"პროექტი, რომელიც თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა, მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევას, ტრადიციების აღდგენასა და მათ თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებას ისახავს. თიბისისთვის, რომლის მთავარი პრიორიტეტი მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი "ქართული ქსოვილი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია", ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.