Mega Kids საბავშვო შემეცნებით პროდუქტებს გვთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mega kids ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო შემეცნებით პროდუქციას, გასაფერადებელ რიცხვებს, გასაფერადებელ ქართულ და ინგლისურ ანბანს, გამოსაჭრელ და დასაწებებელ ფიგურებს აწარმოებს.

ბრენდის მიზანია, ბავშვებისთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახადოს. ამისთვის იგი სპეციალიზებულ საგანმანათლებლო და გასართობ პროდუქტებს ქმნის.

"ბავშვებში სწავლისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება ხშირად რუტინულად მიმდინარეობს. ჩვენი პროცესი ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. გვსურს, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც საგანმანათლებლოც იქნება და გასართობიც.

ამისთვის ვამზადებთ სხვადასხვა თემატიკის გასაფერადებლებს, "გამოჭერი და დააწებე" აქტივობებს, ანბანის, რიცხვებისა და სეზონური თემატიკის მასალებს", - ნათია გაბიჩვაძე, Mega Kids-ის დამფუძნებელი.

როგორც ნათია გვიყვება, იდეა რამდენიმე წლის წინ დაებადა, თუმცა მისი განხორციელება 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო. აქტივობები და თემატური მასალები თანდათან უფრო მრავალფეროვანი გახადა.

"ჩემი მიზანი იყო, ქართულ ბაზარზე შემომეტანა ახალი მიმართულება, რომელიც ბავშვებისთვის სახალისო, ხელმისაწვდომი და ინოვაციური იქნებოდა. ვფიქრობ, ახალი საქმის დაწყება სიმამაცესა და სიმტკიცეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე ინოვაციური იდეა შემოგაქვს.

უამრავი დაბრკოლება არსებობს – დაწყებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდით, დამთავრებული სათანადო ფინანსების არქონით, რაც თავიდან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო".

ნათია იხსენებს, რომ სტარტაპისთვის სტაბილური რესურსები არ ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე კომპანიის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა, რაც მისთვის დიდი მოტივაცია გახდა და მუშაობა უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელა.

"ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზრის საჭიროებების უკეთ გაგება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. ეს გამოწვევა ჯერ დაძლეული არ არის, რადგან რეკლამების გაშვება, მომხმარებლამდე ინფრომაციის მიტანა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ შეძლებისდაგვარად წინ მივიწევთ".

ნათიას შთაგონების წყარო მომხმარებლის უკუკავშირი, კმაყოფილი მშობლები და ბედნიერი ბავშვები არიან.

"როცა მშობლები მეუბნებიან, რომ ჩვენი პროდუქტები მათ ბავშვებს სწავლის პროცესში ეხმარება და სიხარულს ანიჭებს, უდიდეს მოტივაციას ვიღებ, რომ მუშაობა გავაგრძელო და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები შევქმნა".

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში Mega Kids პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. კომპანია ახალ თემატურ პროდუქტებზე მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასა და განვითარების საფეხურს მოიცავს.

"ჩემი მიზანია, საერთაშორისო ბაზარი მოვიცვა და Mega Kids, როგორც ქართული ბრენდი, უცხოელ მომხმარებელს გავაცნო".