"მეკრე" - კომპანია, რომელიც Citroen-ისა და OPEL-ის ბრენდებით მომხმარებელს ევროპული ავტოწარმოების ხარისხს სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "მეკრე" ქართულ ბაზარზე უკვე ორ დიდ საავტომობილო ბრენდს წარმოადგენს. 2019 წლიდან კომპანია ფრანგული ავტომწარმოებლის, Citroen-ის პარტნიორია, ხოლო 2023 წლის ბოლოს თანამედროვე გერმანული ბრენდის, OPEL-ის ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა. Opel-მა ბრენდის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო ავტომობილმა, თუმცა 2021წლიდან სრულად შეიცვალა მისი წარმოების სპეციფიკა. ახალი OPEL-ი მეტად მოერგო თანამედროვე ცხოვრების სტილს, როგორც დიზაინით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით. უახლესი ძრავით, ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემების ერთობლიობით და ციფრული შესაძლებლობებით ის თანამედროვე ავტოინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს დღითიდღე უფრო მეტად იმკვიდრებს.
როგორც კომპანია "მეკრეს" მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე ამბობს, Citroen-ისა და OPEL-ის ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოყვანის იდეა ემსახურება ახალი, საშუალო კლასის ევროპული წარმოების ავტომობილების პოპულარიზაციას. როდესაც თანამედროვე ევროპული ავტომწარმოებლის პრინციპებზე ვსაუბრობთ, ეს თავისთავად გულისხმობს მეტ ზრუნვას ეკოლოგიაზე, უსაფრთხო გადაადგილებას და კომფორტის თანამედროვე აღქმას.
"კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი ფასებითა და მოქნილი გადახდის სისტემით ხელი შეუწყოს ბაზარზე არსებული მეორადი ავტომობილების ავტოპარკის განახლების პროცესს", - ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
"მეკრეს" მიერ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ბრენდები ავტოწარმოების მსოფლიო ინდუსტრიაში თავის ინდივიდუალურ ნიშას იკავებს. Citroen-ი ფრანგული ბრენდია, რომელიც კომფორტითა და ელეგანტურობით ხასიათდება. მის ყველა მოდელს გამოკვეთილი სტილი აქვს. Citroen-ის თანამედროვე მართვის სტილი გულისხმობს მეტ უსაფრთხო გადაადგილებას, რაც თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება Opel-ს, გერმანული ბრენდი მსოფლიოს უმსხვილესი კონგლომერატის, STELLANTIS-ის ოჯახის წევრია, ახალი OPEL-ი ფერადი ვიზუალითა და ნაკლებად გადატვირთული ფუნქციონალით გამორჩევა. ბრენდის კონცეფცია გულისხმობს, მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ავტომობილი, რომელიც კომფორტული და პრაქტიკულია.
თამარ კიკნაძე:
"OPEL-ი საუკუნოვანი ბრენდია, მას წელს 125 წელი შეუსრულდა. თავისი ისტორიის განმავლობაში ბრენდმა სამართლიანად დაიმკვიდრა სანდო ავტომობილის იმიჯი, თუმცა მისი ამჟამინდელი ტრანსფორმაცია ცალსახად უპრეცედენტოა. სრულად შეცვლილია მისი სამოდელო რიგი. განახლებულია ყველა მოდელი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინამორბედთან. ექსტერიერის თუ სალონის დიზაინის ვიზუალური გარდასახვითა და ჭკვიანი ინტერფეისით "ოპელი" ნამდვილად მიეკუთვნება ავტომობილების ბოლო თაობას. ქართული ბაზრისთვის "ოპელის" განვითარების ეტაპები ნაკლებად ცნობილია, მისი როგორც ბრენდის იმიჯი ჯერ კიდევ "იაფფასიანი" და "მეორადი" ავტომობილის გარშემო ბრუნავს, თუმცა კომპანია "მეკრე" მზად არის, ეს გამოწვევად მიიღოს და ქართველი მომხმარებლის წარმოდგენა შეცვალოს. სწორი პოზიციონირებით, საზოგადოების სათანადო და დროული ინფორმირებით, "ოპელი" თანამედროვე გერმანული ავტომობილის იმიჯსაც მალე დაიმკვიდრებს".
როგორც თამარ კიკნაძე ამბობს, მომხმარებლების მხრიდან "ოპელის" მიმართ ინტერესი წლის დასაწყისშივე საკმაოდ მაღალი იყო, როდესაც ბრენდი ოფიციალური სტატუსით დაბრუნდა საქართველოში.
"ახალი მოდელების თანამედროვე ვიზუალმა და შესაძლებლობებმა ხელი შეუწყო მომხმარებლის მხრიდან ამ პროცესის სწორად წარმართვას და ახალი "ოპელის" ობიექტურად შეფასებას. დროთა განმავლობაში, საზოგადოების დამოკიდებულება OPEL-ის მიმართაც იცვლება, მომართვიანობაც პირველ და მეორე კვარტალებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია".
საქართველოს ბაზარზე OPEL-ისა და Citroen-ის პოპულარიზაციის პროცესში კომპანია "მეკრეს" მარკეტინგული სტრატეგია განსხვავებულია, თუმცა საერთო მიზანს ემსახურება. როგორც Citroen-თან, ისე OPEL- თან მიმართებაში, კომპანია "მეკრე" ცდილობს, მსგავსი კატეგორიის ავტომობილების მოხმარების უპირატესობებზე ცნობადობა მაქსიმალურად აამაღლოს, გამოკვეთოს ბრენდების ეკომეგობრული ბუნება და ისაუბროს ბრენდების მთავარ ფასეულობაზე.
წარმოდგენილი ბრენდებით "მეკრეს" სამიზნე აუდიტორია არიან მომხმარებლები, რომლებიც დროში გამოცდილ ევროპულ ხარისხსა და ნდობის ფაქტორს ანიჭებენ უპირატესობას და, ამავდროულად, დიდ ყურადღებას აქცევენ ავტომობილის ვიზუალურ მხარესა და სტილს.
კომპანიისათვის კიდევ ერთი გამოწვევა კონკურენტული გარემოა.
"სხვადასხვა გარემოებასთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მაღალია მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც ფასის მხრივ პირდაპირკონკურენციაშია საშუალო კლასის ახალ ავტომობილებთან. სირთულეების მიუხედავად, კომპანია "მეკრეს" სტრატეგიული განვითარების გეგმა საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და, ამავდროულად, მორგებულია საქართველოს ბაზრის სპეციფიკაზე".
როგორც თამარ კიკნაძე მომხმარებლებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, კომპანია "მეკრე" მუდმივი მარკეტინგული კამპანიებით, სხვადასხვა სახის მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული ლოიალურობის პროგრამებით გეგმავს საკუთარი პოზიციები ქართულ ბაზარზე მომავალში უფრო მეტად გაამყაროს.