Get All Access for $5/mo

მელბურნში კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ შშმ პირები მუშაობენ აქ გუნდის ყველა წევრი, სტუმარი და გულშემატკივარი თანასწორი და თანაბარუფლებიანია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

virgin.com

ბოლო ათწლეულებია, საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულფასოვანი ინტეგრაციის საკითხი განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა. არადა, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ადამიანები სოციუმში უფლებრივად თანასწორნი ვართ, გვაქვს მსგავსი ინტერესები, მისწრაფებები, სურვილები და მოტივაცია საკუთარი თავის რეალიზების.

IDFI-ის მონაცემებით, საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი 34.4%-ია, ეკონომიკურად აქტიურია - 38,8%, ხოლო დაქირავებით მომუშავე შშმ პირთა მაჩვენებელი კი 4,8%-ს უტოლდება, რაც კრიტიკულად დაბალია განვითარებული მსოფლიოს ტენდენციებთან შედარებით.

ის, რომ შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ნგრევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა აუცილებელი და დაძლევადია, ნათლად ჩანს ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში დაარსებული კაფე "All Tings Equal"-ის მაგალითზე, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, ამ მიმართულებით საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგა.

2020 წლის დასაწყისში, შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გულშემატკივარმა და ინკლუზიური სწავლების ცენტრ "Giant Step"-ის დამფუძნებელმა ამანდა კუბსმა, გახსნა კონცეპტუალური კაფე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრების შეცვლის საშუალებას აძლევს.

დაწესებულება, სახელად "All Things Equal" ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც შშმ პირთა სოციუმში აქტიურ ჩართულობას და დაახლოებას ისახავს მიზნად.

ერთხელაც, Giant Step-ის კურსდამთავრებულთა ჯგუფმა მასპინძლობის სფეროში დასაქმების ინტერესი და მზაობა გამოხატა, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე. მაშინ, როცა შშმ პირთა მშობლები თავიანთი შვილების მონდომებისა და ენთუზიაზმის დაკმაყოფილების საშუალებას ეძებდნენ, ამანდა დაეხმარა ჯგუფს ისეთი ადგილის შექმნაში, სადაც თანამშრომლები, მათი მეგობრები და სტუმრები შეიკრიბებოდნენ, ერთად ისაუზმებდნენ, მიირთმევდნენ ყავას, გაერთობოდნენ და შშმ პირთა სოციალიზაციის პროცესს შეუწყობდნენ ხელს. კონცეპტუალური კაფეს საქმიანობის გამართვასა და ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც Giant Steps-ის, ასევე შშმ პირთა მხარდამჭერი ორგანიზაციის Flying Fox-ის მენტორები და თანამშრომლები და უკვე 2020 წლის თებერვალში, "All Things Equal"-მა შეძლო პირველი სტუმრებისთვის გაეღო კარი. ამ კაფეში, არა მხოლოდ გემრიელ სასმელებსა და კერძებს, არამედ თბილ, მეგობრულ გარემოსა და საინტერესო გამოცდილებას შემოგთავაზებენ.

თითოეულ ახალ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პიროვნული თვისებები და მისწრაფებები გამოავლინოს სხვადასხვა დარგში. შშმ პირები სწავლობენ იმ ძირითად მიმართულებებს, რაც კაფეში მუშაობის დროს გამოადგებათ, იქნება ეს ჭურჭლის რეცხვა, ყავის მომზადება, ნამცხვრის გამოცხობა თუ მიმტანობა და შემდეგ, საკუთარი ინტერესებისა და უნარების მიხედვით ირჩევენ სასურველ პროფესიას.

"All Things Equal" "Giant Step"-ის კურსდამთავრებულებს სოციუმში სრულფასოვან წევრებად დამკვიდრებაში ეხმარება. სტუმართმოყვარე გარემო, მოქნილი გრაფიკი და უშრეტი ენთუზიაზმი, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს.

შესანიშნავი ყავის, საუზმეების, ადგილმდებარეობისა და დასაქმების სამიზნე შესაძლებლობების გარდა, კაფე გამორჩეულია საკუთარი ორიგინალური მენიუთი, რომელიც შექმნილია "Arts Project Australia"-ის სტუდიაში, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე მხატვრების მიერ. სტუდიის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებში, მონაწილეობას იღებენ გამოფენებსა და სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც მათ თავიანთი შემოქმედების წარმოჩინებაში ეხმარება.

"All Things Equal" არის ადგილი, რომელმაც მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანები იმ იდეის გარშემო გააერთიანა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გუნდის ყველა წევრი, სტუმარი და გულშემატკივარი თანასწორი და თანაბარუფლებიანია. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და არასწორი შეხედულებების მსხვრევა, არამარტო აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს და ახლებურად დაგვანახებს სამყაროს, არამედ საბოლოოდ გააქრობს იმ ხელოვნურ ბარიერებს, რაც ჩვენ თავადვე შევქმენით შშმ პირებთან ურთიერთობაში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი