METI – ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ჯანსაღი პროტეინ ბარი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
METI წარმოადგენს პროტეინ ბარს, რომელიც შედგება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ინგრედიენტებისგან. კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, თათული ოქრიაშვილის თქმით, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაიწყო დღიური ცილის რაოდენობის შევსებაზე და სურდა სწრაფი, მოსახერხებელი და თან ჯანსაღი ცილის წყარო დაემატებინა თავის რაციონში.
"ცილის დანამატებს შორის ყველაზე მოსახერხებელი პროტეინ ბარია, რადგან შეგიძლია ყველგან ატარო, თუმცა პროტეინ ბარების უმრავლესობა, რაც საქართველოში გვაქვს, შეიცავს უამრავ ხელოვნურ დანამატს. ეს კი ჩემთვის არ იყო კარგი გამოსავალი.
აქედან გაჩნდა იდეა, რომ გვეწარმოებინა ჯანსაღი პროტეინ ბარი, რომელიც სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება და გაძლევს საჭირო ენერგიას არა მხოლოდ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, არამედ სხვა ნებისმიერ დროს, როცა სწრაფი, დაბალანსებული, მაღალცილოვანი სნექი გვჭირდება. ამასთან, პროტეინ ბარების უმრავლესობა შეიცავს შრატის ცილის ფხვნილს, რაც ბევრისთვის მომნელებელ სისტემას აღიზიანებს. ჩვენი ბარები შეიცავს კვერცხის ცილის ფხვნილს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გადამუშავებული ცილის სახეობაა და თან მარტივია მოსანელებლად. უამრავი ადამიანი მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ სწორედ ამის გამო ვერ ჭამდნენ პროტეინ ბარებს და ახლა დაიწყეს მიღება METI-ს დამსახურებით. შრატის ცილიდან გამომდინარე, ასევე, პროტეინ ბარების დიდი ნაწილი, გემოთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს – ჩვენი ერთ-ერთი განმასხვავებელი კი ბარის სიგემრიელე და განსხვავებულობაა, რაც ჩვენი ბრენდშეფის, თინა ვაშაკიძის დამსახურებაა. გვაქვს ბარები კურკუმის, ქოქოსის, მიწისთხილისა და კაკაოს გემოებით და დიდი აქცენტი გვაქვს ინგრედიენტების ხარისხზე, – ამბობს თათული ოქრიაშვილი.
თათული ოქრიაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ გაყიდვები 2025 წლის სექტემბერში დაიწყო – ისეთ პერიოდში, როდესაც ბაზარზე გარკვეული გაურკვევლობა და ეკონომიკური გამოწვევები არსებობდა, მათ შორის ნედლეულის ფასების ზრდა.
"ამ პირობებში ბიზნესის დაწყება, რა თქმა უნდა, საჭიროებდა გამბედაობას, თუმცა ჩვენთვის ეს უფრო გააზრებული რისკი იყო, ვიდრე სპონტანური ნაბიჯი. გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ის, რომ ვხედავდით მზარდ მოთხოვნას ფუნქციურ და ჯანსაღ პროდუქტებზე, რაც დაკავშირებულია როგორც კვების ცნობადობის ზრდასთან, ისე ფიზიკური აქტივობის მზარდ ტენდენციასთან. ასევე, ჩემი და ჩემი წარმოების პარტნიორების, მარიტას და ლეკოს, გამოცდილებამ ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემაში გვასწავლა ლინ (lean) მიდგომა – მცირე ნაბიჯებით ტესტირება, სწრაფი უკუკავშირი და რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება. სწორედ ამ ფილოსოფიით გადავწყვიტეთ პროდუქტის წარმოება დაგვეწყო უკვე არსებულ "ინებე"-ს საწარმოში. ამ ყველაფერმა მოგვცა საფუძველი, რომ რთულ გარემოშიც კი გაგვეკეთებინა გააზრებული და პასუხისმგებლიანი არჩევანი", – აღნიშნავს ის.
კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თავად პროტეინ ბარის, როგორც პროდუქტის, ცნობადობის გაზრდა იყო – რას წარმოადგენს, რა ფუნქცია აქვს და ვისთვის არის განკუთვნილი.
"ხშირად ვხვდებოდით ადამიანებს, ვისთვისაც ეს პროდუქტი ახალი იყო და გვიწევდა ახსნა, რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო მათ ყოველდღიურობაში. ეს გამოწვევა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე ერთჯერადი, რასაც აქტიური კომუნიკაციითა და მომხმარებლისთვის საგანმანათლებლო კონტენტით ვუმკლავდებით სოციალურ მედიაში. დღეს ეს უკვე ჩვენი ბრენდის ნაწილია: არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს, არამედ ვუზიარებთ ცოდნასაც. და, რა თქმა უნდა, სიტყვიერი ახსნაც არ გვეზარება", – ამბობს ის.
თათული ოქრიაშვილის თქმით, კომპანიისთვის მთავარი მოტივაციის წყარო მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირია და ის სიყვარული, რასაც მათი მხრიდან ხედავენ.
"თითქმის ყოველდღე ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით გემოსთან დაკავშირებით, რაც გვაძლევს მოტივაციას. ბევრი ისტორია დაგვიგროვდა – ადამიანები ჩამოდიან თბილისში, სინჯავენ ჩვენს ბარებს, ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში და მოგვმართავენ, რომ პროდუქტი გავუგზავნოთ იტალიაში, საბერძნეთში, ამერიკაში და ა.შ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ერთხელ მომხმარებელმა ლოქერით გაგზავნა გვთხოვა, რომ დღეში ორზე მეტის ჭამა არ შეძლებოდა. ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად უყვართ პროდუქტი.
ინსპირაციას გვაძლევს ისიც, რომ ბევრისთვის METI აღარ არის მხოლოდ ვარჯიშთან დაკავშირებული საკვები დანამატი, არამედ ჯანსაღი და დაბალანსებული სნექია, რომელიც ყოველდღიურობაში თან აქვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათაც, ვისაც ადრე შრატის ცილაზე დამზადებული ბარების მიმართ აუტანლობა ჰქონდათ, ახლა შეუძლიათ ყოველდღიურად მიიღონ პროტეინ ბარი ისე, რომ მომნელებელ სისტემაზე დისკომფორტი არ ჰქონდეთ. როცა ხედავ, რომ პროდუქტი რეალურად ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას – ეს ყველაზე დიდი ინსპირაციაა", – ამბობს ის.
თათული ოქრიაშვილის თქმით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მათი მთავარი ფოკუსი იქნება METI-ს არსებული პროდუქტის გაძლიერება: ახალი გემოების დამატება, წარმოების მასშტაბის ზრდა და ხარისხის კიდევ უფრო გამყარება. ამასთან, კომპანია განიხილავს ასორტიმენტის გაფართოებასაც – მათ შორის, ცილის სხვა ფუნქციური დანამატების წარმოებას.
"ჩვენი განვითარების ხედვა ასევე მოიცავს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. ექსპორტი გვესახება, როგორც ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯი ბრენდისთვის, რომლის მიმართაც უკვე ვხედავთ ინტერესს ქვეყნის გარეთაც, და ამ მიმართულებით დეტალებს ეტაპობრივად გავაზიარებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია, METI იქცეს სანდო, ცნობად და საყვარელ ბრენდად ჯანსაღი კვებისა და აქტიური ცხოვრების სფეროში – პროდუქტებით, რომლებიც არა მხოლოდ ავსებს საჭიროებებს, არამედ რეალურად ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას", – ამბობს METI-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თათული ოქრიაშვილი.