Get All Access for $5/mo

''მიველ ვნახე ვენახი…'' რას გვასწავლის ვენახი? მევენახეობა ის საქმეა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბით ყველა ქართველმა უნდა აკეთოს!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინის სამშობლოში მევენახეობა და მეღვინეობა ბოლო წლებში კვლავ პოპულარულ საქმედ იქცა. ბევრმა მიატოვა კიდეც ქალაქი და საკუთარ სოფელს დაუბრუნდა. ვისაც სოფელი არ ჰქონდა, მიწა შეიძინა, ვაზი დარგო და მევენახეობას მიჰყო ხელი.

ამ პოპულარულ ტრენდს არც მე ჩამოვრჩენილვარ და გურიის ულამაზეს სოფელ ბუკისციხეში, მდინარე სუფსის ხეობაში, შარაშიძეების გორზე, წინაპრების მამულში, რომელიც დღეს "გურიის რესპუბლიკის" სახელს ამაყად ატარებს, მცირე ვენახს ჩავუყარე საფუძველი. მიზნად კი, გურული ვაზის ენდემური ჯიშების აღდგენასა და პოპულარიზაციაში ჩემი მცირედი წვლილის შეტანა დავისახე.

თავიდან ყველაფერი თითქოს მარტივად და სახალისოდ დაიწყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი საქმე ბევრად რთული აღმოჩნდებოდა, ვიდრე წარმომედგინა. თუმცა აბა ანტრეპრენერი რის ანტრეპრენერია, თუ სირთულეებმა შეაშინეს და გზადაგზა შემხვედრმა დაბრკოლებებმა დასახული მიზნის მიღწევაზე ხელი ააღებინეს?

სწორედ ამ წინააღმდეგობებმა დამარწმუნეს იმაში, რომ მევენახეობა ის საქმეა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბით ყველა ქართველმა უნდა აკეთოს! და ეს არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციის გასაგრძელებლად და წინაპრების პატივსაცემად, არამედ იმიტომაც, რომ გამოცდილება, რომელსაც ამ საქმიდან ვიღებთ, არა მხოლოდ მევენახეობაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში – ბიზნესში, პროფესიულ საქმიანობასა და, თუ გნებავთ ცხოვრებაშიც გამოგვადგება.

მაშ ასე, რას გვასწავლის ვენახი? რას გვასწავლის ისეთს, რაც შესაძლოა სკოლამ და ფორმალური განათლების ინსტიტუტებმაც ვერ გვასწავლოს?

აღმოვაჩინე, რომ გვასწავლის სწორედ იმას, რაც ყველაზე მეტად გვაკლია და ყველაზე მეტად გვჭირდება უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად.

ამიტომაც მოგვცა ღმერთმა ასეთი მიწა და ჰაერი, რომ ვენახს ჩვენთვის არა მხოლოდ საუკეთესო ვაზი და მისგან დაწურული გამორჩეული ღვინო, არამედ ჭკუაც ესწავლებინა.

შრომისმოყვარეობა

შრომა შესაძლოა ყველას არ უყვარდეს, მაგრამ ვენახისა და ვაზის სიყვარული ისე ჩაგითრევთ, რომ თქვენში ჯერ კიდევ შემორჩენილი სიზარმაცე ამ დიდი გრძნობის წინაშე უძლური აღმოჩნდება და საბოლოოდ მუხლჩაუხრელი მუშაობის ჩვევა გამოგიმუშავდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური იქნება თუ გონებრივი, ვენახი შრომას შეგაყვარებთ და თავად მიხვდებით, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი და რომ ბევრი შრომისა და ჯაფის გარეშე არაფერი გამოდის.

მოთმინება

მოთმინებითა შენითა მოიპოვე სიმშვიდე შენიო, ნათქვამია და ამ აღმატებული თვისების გამომუშავებაში სწორედ ვენახთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. ვენახი გასწავლით, რომ მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა. ქართველებს ხომ ყველაფერი სწრაფად გვინდა! მოუთმენლები ვართ! სად შეგვიძლია სამი და ოთხი წელი ლოდინი? დღეს ჩადებული ინვესტიციის ხვალვე დაბრუნება და მოკლე დროში გამდიდრება გვინდა. ვენახი კი გვახსენებს, რომ ბუნებას თავისი კანონზომიერება აქვს და რამდენიმე წლის იმის ლოდინში გატარება მოგიწევს, თუ როდის მოისხამს შენი ვენახი პირველ ნაყოფს. სამაგიეროდ, პირველ მოსავალს რომ აიღებ, მიხვდები, რომ ლოდინი ამად ღირდა და ქართულმა ხალხურმა ანდაზამ – ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, დროს ნამდვილად გაუძლო.

მიზანდასახულობა

ხომ არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ქართველებს რეალისტური მიზნების დასახვაზე მეტად ოცნებით გართობა გვირჩევნია? ოცნებას კაცი რომ არ მოუკლავს ყველას კი გვსმენია, მაგრამ ვენახი გასწავლით, რომ ფუჭ ოცნებას ისევ ნამდვილი მიზნის დასახვა სჯობს, რადგან საკუთარი მიზნის წინაშე პასუხისმგებელი თავადვე იქნებით. თქვენს ბედ-იღბალს არა საკუთარ მომავალს, არამედ თქვენსავე თავს მიანდობთ და გეცოდინებათ, რომ რაც გაქვთ, თქვენივე შრომითა და ჯაფით დაიმსახურეთ, და თუ ფიქრობთ, რომ მეტი გეკუთვნით, ამაში სხვისი დადანაშაულების მაგივრად ისევ საკუთარ თავში სჯობს მიზეზების ძებნა და საკუთარივე ნაკლოვანებების გამოსწორება. ასე რომ, დაისახეთ მიზნები და შეუჩერებლად იმუშავეთ მათ მისაღწევად − ვენახშიც და ცხოვრებაშიც! თუნდაც შედეგის მისაღებად რამდენიმე წლის ლოდინი დაგჭირდეთ!

თანმიმდევრულობა

სად, თუ არა ვენახში, საჭიროა თანმიმდევრული საქმიანობა? დარგვას მორწყვა მოსდევს, მორწყვას მოთოხნა, მოთოხნას გაკვირტვა, გაკვირტვას შეწამვლა, შეწამვლას ისევ გაკვირტვა და ასე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლით წინსვლა დასახული მიზნისკენ, ვიდრე საუკეთესო შედეგს არ მივაღწევთ და ჩვენი ნალოლიავები ვაზიდან საუკეთესო ყურძენს არ მოვკრეფთ, მისგან კი საუკეთესო ღვინოს არ დავაყენებთ.

ნებისყოფა

ვენახთან მუშაობას უნდა ნებისყოფა თუ უნდა. როგორც ცხოვრებაში, ვენახშიც შესაძლოა წუთიერმა ცდუნებამ ჩვენ მიერ დასახული დიდი მიზნების მიღწევაში ხელი შეგვიშალოს. იქნებ არ არის საჭირო ამდენი ჯაფა? იქნებ მარტივადაც გამოვძვრებით? ღირს კი ამდენი დროისა და ფულის ხარჯვა? თანაც რომ ამ მთავრდება? ეს შეკითხვები მაშინ უფრო შეგვახსენებს თავს, როცა თქვენ მიერ დახარჯული რესურსის შედეგი ჯერ ისევ არ არის ხილული და ეს იმდენად დამთრგუნველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებულ საქმეზე ხელის აღებაც კი გაფიქრებინოთ, მაგრამ ვენახი გასწავლით, რომ ნებისყოფის გარეშე არაფერი გამოვა და თუ აქამდე სხვა საქმეებში მიღწეული წარმატებებით იწონებდით თავს, სადაც სუსტ ნებისყოფას ხელი დიდად არც შეუშლია, მიხვდებით, რომ ვენახს სხვა წესები აქვს. მიხვდებით, რომ აქ მხოლოდ ნებისყოფიანი, ძლიერი ხასიათის, ასკეტური სულისკვეთების მამაკაცებისა და ქალების ადგილია. სადაც დიდი გამარჯვება, უპირველესად, საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება!

შეუპოვრობა

ყოველი ჩავარდნილი ნერგი, დაკარგული დრო, მოშლილი ნერვები, იმედგაცრუება, უამინდობითა და სტიქიით დაზიანებული ვენახი, მატერიალური ზარალი და სხვა არასასიამოვნო დაბრკოლებები, რაც ვენახის გაშენების განსაკუთრებით პირველ წლებში შეგხვდებათ, უმკაცრეს გამოცდას გიწყობენ შეუპოვრობაში. თუ დაწყებულ საქმეს არ მიატოვებ, ბოლომდე მიყვები, შეგეშლება, მაგრამ გამოასწორებ, კეთების პროცესშიც ისწავლი და სხვას, შენზე გამოცდილებსაც დაეკითხები ჭკუას, არ დანებდები, ხელს არ ჩაიქნევ, გულს არ აიცრუებ, ყურებს არ ჩამოყრი, განცდილი მარცხის მიუხედავად ენთუზიაზმს და შემართებას არ დაკარგავ, კიდევ ერთხელ ცდი, ცდას კვლავაც არ დააკლებ, მაშინ ვალში ვენახიც არ დაგრჩება – უხვი და ხარისხიანი მოსავლის გარდა, ყველაზე დიდი, ყველაზე აღმატებული და ცხოვრებაში ყველაზე საჭირო თვისებით – შეუპოვრობითაც დაგასაჩუქრებს, რომელიც მთელი ცხოვრება შენი მუდმივი თანამგზავრი იქნება და შეუძლებელს შეგაძლებინებს.

და მაშინ, როცა ამ ყველა თვისებას – შრომისმოყვარეობას, მოთმინებას, მიზანდასახულობას, თანმიმდევრულობას, ნებისყოფასა და შეუპოვრობას, შენი ხელით დარგული და მოვლილი ვენახი, მრავალწლიანი შრომის შემდეგ, საუკეთესო ყურძენსაც მოაყოლებს ბონუსად, მისგან დაწურული ღვთიური სასმლის გასინჯვისას, შეგიძლია თავს ცოტაოდენი განტვირთვის უფლებაც მისცე და უყოყმანოდ დაეთანხმო საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ ღვინოშია ჭეშმარიტება!

მადლობა ღმერთს, ღვინის სამშობლოში რომ გამაჩინა!

In Vino Veritas!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge