MobineX-ი - პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელიც სრულ სატელეფონო მომსახურებას გთავაზობთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
mobineX-ი არის დიდი გამოცდილების მქონე ეკოსისტემის წევრი კომპანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს, და არა მხოლოდ ქართველებს, სთავაზობს სრულ სატელეფონო მომსახურებას, მათ შორის: ადგილობრივი თუ საერთაშორისო ზარები, SMS-ები და მობილური ინტერნეტი. რატი ახვლედიანისა და მარიამ კაკაბაძის მიერ დაფუძნებული "მობინექსი", ჰოლდინგში შემავალ სხვა კომპანიებთან ერთად, აერთიანებს ისეთ სერვისებსა და მომსახურებებს, როგორებიცაა საერთაშორისო საფოსტო და ფულადი გზავნილები.
"mobineX-ის შექმნის მიზანი იყო, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის სატელეკომუნიკაციო მომსახურება და დამატებით მიგვეწოდებინა ჩვენი ეკოსისტემის სხვა სერვისები განსაკუთრებულ ფასად, თან − მშობლიურ ენაზე. გარდა ამისა, ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო, მიგვეღო მობილური სატელეკომუნიკაციო ბიზნესის მართვის საერთაშორისო გამოცდილება.
დიდ ბრიტანეთში მობილურ ოპერატორად არსებობამ საშუალება მოგვცა საქართველოს ბაზრისთვის შეგვექმნა ნიშური პროდუქტი − mobineX Travel Sim. ეს არის SIM-ბარათი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ კაკაბაძე.
როგორ მუშაობს mobineX-ი? მომხმარებელი მისი საჭიროებიდან გამომდინარე ონლაინ არჩევს სასურველ ინტერნეტპაკეტს და სრულიად დისტანციურად ყიდულობს SIM-ბარათს. ამასთან, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით ან SIM-ბარათი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში არსებული ე.წ. გატანის წერტილებიდან წამოიღოს.
"მოგზაურობის დაწყებამდე მომხმარებელი SIM-ბარათს ათავსებს ტელეფონში და თვითმფრინავის დაფრენისთანავე აქვს 5G უსწრაფესი ინტერნეტი და შესაძლებლობა, "სქროლოს მთელი ევროპა", − განმარტავს რატი ახვლედიანი.
მარიამ კაკაბაძის აღნიშვნით, ამ ბიზნესის დაწყება უდიდეს გაბედულობასა და სიმამაცეს მოითხოვდა გუნდისგან. თუმცა, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დღევანდელ დღეს, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მანძილი ნამდვილად აღარ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს და როცა რაიმე მასშტაბური და გლობალური იდეა გაქვს, უნდა მისცე შენს იდეებს განხორციელების საშუალება, თუნდაც შენ გვერდით მყოფებს ამ იდეაზე ეღიმებოდეთ.
"თითქოს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ბიზნესის მართვა, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ როცა მასშტაბურად ფიქრობ, არ უშინდები გამოწვევებს, შეგიძლია ყველა დაბრკოლება გადალახო", − განმარტავს მარიამი.
გუნდში მიაჩნიათ, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვინც მასშტაბურად ფიქრობს, გამოწვევების ახალ შესაძლებლობად გარდაქმნის უნარი შესწევს და სჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა ბიზნესს, mobineX-საც შეხვდა დაბრკოლებები, თანადამფუძნებლებმა, გუნდთან ერთად, გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების გზები აღმოაჩინეს და პროდუქტი წარმატებით დანერგეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
"როდესაც ამ ბიზნესზე ფიქრი დავიწყეთ, საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური გეგმები გვქონდა. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საერთაშორისო უმსხვილეს პარტნიორებთან კომუნიკაცია, რომლებთანაც საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაგვჭირდა. უპირველესად, ვიწყებდით ჩვენი ქვეყნის გაცნობას, ვსაუბრობდით ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, რათა მათთვის საინტერესო და ღირებულ პარტნიორად ჩამოვყალიბებულიყავით.
მეორე, და ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემად მიგვაჩნდა ბიუროკრატიული საკითხები. მოგეხსენებათ, ბრიტანეთის კონსერვატიული დამოკიდებულებებისა და ბიუროკრატიის შესახებ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით და დღეს სრულყოფილად ვფუნქციონირებთ როგორც ბრიტანულ ბაზარზე, ისე საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა რეგიონებში.
ამ საქმეში ინსპირაციას გვძენს საქმის შინაარსი და ჩვენი გუნდი. გულწრფელად მჯერა და მწამს, რომ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ და ამასთან, ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ერთნაირად იზიარებენ ინდივიდუალურ და საერთო პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ერთად ვმარცხდებით (იშვიათად) და ერთად ვიმარჯვებთ (უფრო ხშირად)", − აცხადებს რატი ახვლედიანი.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმასა და პერსპექტივას, მარიამი აღნიშნავს, რომ mobineX-ი მომხმარებლებს 2024 წლიდან ელექტრონულ SIM ბარათს (eSIM) შესთავაზებს. სამომავლოდ ანტრეპრენერები გეგმავენ, გასცდნენ ევროპის საზღვრებს და საკუთარ აბონენტებს სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ. გარდა ამისა, mobineX-ი აქტიურად იმუშავებს ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც.