მომავლის ხელსაწყო ინფლუენსერებისთვის – გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი HopShop
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
HopShop სტარტაპია, რომელიც სოციალურ მედიაში მოდის ინფლუენსერებს საკუთარი გავლენის მონეტიზებაში ეხმარება. რას ნიშნავს ეს? სოციალური მედიის სქროლვისას მოდის ინფლუენსერების სტილი მათ გამომწერებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, შესაბამისად, ბევრ მათგანს სურს გაიგოს, სად შეიძლება შეიძინოს ესა თუ ის ნივთი. მიუხედავად ინტერესისა, კონტენტის შემქმნელებისთვის აღნიშნული ინტერესის მონეტიზაცია გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, რადგან ეს პროცესი მანუალურ მართვას, ბრენდებთან მოლაპარაკებებს, ვებგვერდის შექმნას, განახლებას და კონტენტის ადაპტირებას მოითხოვს.
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა HopShop-ი, რომელიც კონტენტის შემქმნელებს აძლევს წვდომას ავტომატურ "მაღაზიებზე" და ხელოვნური ინტელექტის ვიზუალური ძიების მეშვეობით, პოსტზე ტანსაცმლის ზუსტ ანალოგებს ან მსგავს ალტერნატივებს ნიშნავს.
სტარტაპის დახმარებით, 500-ზე მეტი ბრენდი და 6 მილიონზე მეტი პროდუქტი ერთ სივრცეში ხდება ხელმისაწვდომი. ამასთან, ინფლუენსერები პოსტის დახმარებით გაყიდულ თითოეულ ნივთზე 15%-იან საკომისიოს იღებენ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება: საჭიროა პროფილზე მაღაზიის მისამართის მითითება, შედეგად, "ფოლოვერები" ლინკზე გადადიან, სადაც ირჩევენ და ყიდულობენ სასურველ ტანსაცმელს.
HopShop-ს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს: აღმასრულებელი დირექტორი ტიგრან ჩახალიანია, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს გაყიდვებსა და ბიზნეს დეველოპმენტში, სამველ მინასიანი მონაცემთა ექსპერტია, ჰაიკ ჰაკობიანს 15-წლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის განვითარების მიმართულებით და უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Nestle და BAT. მეოთხე დამფუძნებელი, არამი კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორია და CTO-ს როლს ითავსებს.
ამჟამად სტარტაპი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა. HopShop-ის უკეთესად გასაცნობად კი დამფუძნებლებს გავესაუბრეთ.
რამ განაპირობა HopShop-ის შექმნა?
სანამ ეს იდეა გაჩნდებოდა, თავდაპირველად მოდის SHAZAM-ის შექმნაზე ვმუშაობდით. ეს იყო ცალკე აპლიკაცია, სადაც შეგეძლო ინტერნეტში ნანახი ან თუნდაც შენივე გადაღებული ფოტო აგეტვირთა და ზუსტად იგივე ან მსგავსი ტანსაცმელი გეპოვა. ამ აპლიკაციით ერთ წელიწადში 50 ათასი ძებნა მოვაგროვეთ. შემდეგ ეს მონაცემები გავაანალიზეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ფოტოების 70% Instagram-ისა და TikTok-ის ინფლუენსერების სქრინშოტები იყო.
რატომ არის HopShop განსაკუთრებული?
მხოლოდ ინსტაგრამზე, 60 მილიონზე მეტი კონტენტის შემქმნელია "გაჭედილი" ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ოპერაციულ ორომტრიალში იმისთვის, რომ საკუთარი სტილის მონეტიზება შეძლონ.
სხვა პლატფორმებიც ეხმარება შემქმნელებს კონტენტისგან ფულის შოვნაში, თუმცა, ამ პლატფორმებზე ყველა ნივთის სათითაოდ ატვირთვა და შეყვანა აუცილებელი პირობაა. გიწევს სულ გამახვილებული ყურადღებით ამოწმო: ნივთის სიზუტე, ლინკების სისწორე, ტანსაცმლის მარაგი მაღაზიაში… ამდენი დაბრკოლების დაძლევის შემდეგაც, პოტენციური მონეტიზების დაახლოებით 70% პროცენტი იკარგება, რადგან ინფლუენსერებს კონკრეტულად ერთი ნივთი აქვთ მონიშნული პოსტზე. თუ გამომწერი ზუსტად იმავე ნივთს ფინანსურად ვერ შესწვდება, თვითონ დაგუგლავს მსგავსს და იმას იყიდის: ინფლუენსერის პოტენციური შემოსავალი იკარგება.
HopShop-ზე ზუსტად იმავე ჩანთასთან ერთად სხვა, მსგავს ჩანთებსაც იპოვი: პლატფორმაზე 500-ზე მეტი ბრენდია გაერთიანებული! მოკლედ, ინფლუენსერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ყველა ფოლოვერისგან გამოიმუშაონ პოტენციური შემოსავალი, განურჩევლად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა.
რამ გადაგაწყვეტინათ 500 Georgia-ში მონაწილეობა?
ჩვენი სტარტაპი ახლახან ჩავუშვით სომხეთში და პირველ ინფლუენსერებთანაც ვითანამშრომლეთ: მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით პატარა ცვლილებები შევიტანეთ პროდუქტში და დავიწყეთ მზადება ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზრისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. შესაბამისად, ცვლილებები გვჭირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ 500 Global-ი აქსელერაციის პროგრამების ლიდერია, ვიცოდით, რომ ძალიან გამოგვადგებოდა პროგრამის გავლა და იმის შესწავლა, თუ როგორ შევქმნათ სასწაული. ამისათვის კი 500 Georgia-ში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობა იყო - თანაც, პროგრამა გეოგრაფიულადაც ახლოა იმ ქვეყანასთან, რომელშიც ამჟამად ვმუშაობთ და… უბრალოდ საუკეთესო აქსელერატორია.
როგორ ფიქრობთ, 500 Georgia-ს შემდეგ როგორი იქნება HopShop?
მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავეშვებით, ასე რომ ამერიკელ ინფლუენსერებს ვუკავშირდებით. 500 Georgia-ს გამოცდილი მენტორები ყოველდღიურად, დაუღალავად გვეხმარებიან გაყიდვებში, პროდუქტისა და ბიზნესის განვითარებაში, გვასწავლიან როგორ ვესაუბროთ ინვესტორებს და როგორ მოვიზიდოთ ფულადი სახსრები.
პროგრამის ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს და გვაიძულებს სწრაფად განვვითარდეთ.