მსოფლიო ვარსკვლავები ანტრეპრენერების როლში და მათი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად გვევლინებიან ანტრეპრენერებად − სახის მოვლის საშუალებებით დაწყებული, ფინანსურ სექტორში ფულის დაბანდებით დამთავრებული, სელებრითების ინტერესის სფეროები ძალიან ფართოა.
ერთად გადავავლოთ თვალი ყველაზე განხილვად და წარმატებულ ბრენდებს, რომელთა სათავეში სელებრითები არიან.
კიმ კარდაშიანი − SKIMS, KKW
რეალითი შოუს ვარსკვლავი საკმაოდ წარმატებული ბიზნესვუმენიცაა. კიმ კარდაშიანი ტანსაცმლის ხაზ SKIMS-ს და კოსმეტიკის ბრენდ KKW-ს ფლობს. კარდაშიანის ქონება $1.7 მილიარდს აღწევს.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, SKIMS 4-მილიარდიანი ბიზნესია, ხოლო KKW $680 მილიონამდე აღწევს.
რიანა − Fenty
მომღერალი, მსახიობი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი პლანეტის ყველაზე მდიდარ ქალებს შორისაა $1.4 მილიარდით. რიანა ერთნაირად აქტუალურია მუსიკალურ ინდუსტრიასა და მოდის ბიზნესში, მისი ბრენდი Fenty კი სელებრითების ბრენდებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო წამოწყებად მიიჩნევა.
რიანა ბრენდს ფრანგულ მოდის კონგლომერატ LVMH-თან ერთად ფლობს და სხვადასხვა მონაცემით, 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. გარდა კოსმეტიკისა, რიანას ბრენდი კოლაბორაციებს ქმნის ტანსაცმლისა და თეთრეულის ხაზშიც. მაგალითად, ძალიან წარმატებული იყო Savage x Fenty ქალის თეთრეულის ხაზი, ასევე, Puma x Fenty კაფსულ-კოლექცია.
რიანა თავის ბრენდს ყველგან უწევს რეკლამას, მათ შორის, ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ფინალისთვის გამართულ შოუზეც კი.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">a businesswoman first and foremost <a href="https://t.co/O3JRUZkBnx">pic.twitter.com/O3JRUZkBnx</a></p>— matt (@mattxiv) <a href="https://twitter.com/mattxiv/status/1624948518883295237?ref_src=twsrc%5Etfw">February 13, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
სელენა გომესი − Rare Beauty
"დისნეის" ვარსკვლავობიდან ბიზნესვუმენობამდე სელენა გომესმა დიდი გზა გაიარა. მომღერალი და მსახიობი კოსმეტიკურ ბრენდ Rare Beauty-ის ფლობს, მსოფლიოს 45 ქვეყნის 1700-მდე მაღაზიაში იყიდება და სელებრითების დაფუძნებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა.
გარდა წარმატებული ბიზნესისა, გომესი ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული − ბრენდიდან შემოსავლის 1% ირიცხება მისსავე დაარსებულ Rare Impact Fund-ში. ორგანიზაცია მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და სერვისს აწვდის ადამიანებს, რომლებსაც ამის საშუალება არ გააჩნიათ.
Instagram-ზე გამომწერების რაოდენობით N3 ვარსკვლავი საკუთარ სოც.მედიაპლატფორმებს აქტიურად იყენებს ბრენდის რეკლამისათვის.
კაილი ჯენერი − Kylie Cosmetics
კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელმა კოსმეტიკის ბიზნესში ბედი 18 წლისამ სცადა − მაშინ კაილიმ ტუჩსაცხების ნაკრები ჩაუშვა გაყიდვაში. რამდენიმე ფერისგან შემდგარი ნაკრები წარმატებით გაიყიდა, ხოლო ჯენერმა კოსმეტიკის სრული ხაზის გამოშვება გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც ინდუსტრიაში კანის ჯანმრთელობაზე საუბარი უფრო აქტუალური გახდა, ჯენერმა სახის მოვლის ხაზიც შექმნა. ჯენერის წარმატებაზე საუბრისას ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც Instagram-ზე გამომწერების დიდი რაოდენობა ბიზნესად გარდაქმნა. მისი ქონება ამჟამად $680 მილიონადაა შეფასებული.
რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი
რეინოლდსისა და ლაივლის ოჯახში ანტრეპრენერობა ისეთივე წარმატებული საქმიანობაა, როგორც შოუბიზნესში ყოფნა. ერთი მხრივ, რეინოლდსი ფლობს რამდენიმე ბიზნესს, ხოლო ლაივლიმ არც ისე დიდი ხნის წინ ჩაუშვა სასმელების საკუთარი ბრენდი გაყიდვაში.
თანამედროვე შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად და კომიკურ წყვილს მათი სოციალურ მედიაში პოზიციონირება კარგ უპირატესობას ანიჭებს − ცოლ-ქმარი ხშირად ხუმრობს ერთმანეთზე და ამას პარტნიორები ბიზნესპრომოუშენშიც იყენებენ.
რეინოლდსი ფლობს მარკეტინგულ კომპანია Maximum Effort-ს, უელსის საფეხბურთო კლუბ "ვრექსჰემსა" და მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Mint-ის 25%-იან წილს.
ბლეიკ ლაივლი კი სამეწარმეო საქმიანობაში 2021 წელს ჩაერთო, როცა გამაგრილებელი სასმლის ხაზი Betty Buzz გამოუშვა.
წყვილის საერთო ქონების ღირებულება $700 მილიონამდე აღწევს.
იან სომერჰალდერი და პოლ უესლი − Brothers Bond Bourbon
"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავები − იან სომერჰალდერი და პოლ უესლი სერიალის დასრულების შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ საერთო საქმის წამოწყებაზე. ბურბონისადმი ორივეს სიყვარული და კარგი მარკეტინგული გათვლა, სერიალიდან გამომდინარე, დაეხმარათ მისულიყვნენ დასკვნამდე − ალკოჰოლური სასმლის წარმოება საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. სწორედ ასე დააარსეს Brothers Bond Bourbon − მათი პერსონაჟების საყვარელი სასმელი ვამპირული საგადან.
ბრენდი 2021 წელს დაფუძნდა და მაღალი მოთხოვნის გამო, ერთი წლის შემდეგ, ლიმიტირებული ხაზებიც დაემატა. მსახიობები ამბობენ, რომ შოუბიზნესი და ალკოჰოლის ბიზნესი ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სფერო აღმოჩნდა. სომერჰალდერის თქმით, საუკეთესო რჩევა, რაც მას მიუღია, იყო: "ბიზნესი არ არის ის, რასაც ხედავ, არამედ ის, თუ რა არ ჩანს".
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი წარმატებული ბიზნესით ვიქტორია და დევიდ ბექჰემები არიან − ყოფილი მომღერალი მოდის სახლს ფლობს და მთლიანად დიზაინზე არის გადართული, ხოლო ინგლისელი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ამერიკული კლუბის მფლობელად მოგვევლინა. წყვილის საერთო ქონების ღირებულება $450 მილიონამდე მერყეობს.
ვიქტორია ბექჰემმა მისივე სახელობის ბრენდი 2008 წელს დააფუძნა. მალევე, დიზაინერის ხაზი ნიუ იორკის მოდის კვირეულის განრიგში ვიხილეთ, ხოლო 2018 წლიდან ლონდონის კვირეულში მონაწილეობს. მიუხედავად პოპულარობისა, 2022 წლის მონაცემებით, ბრენდს $70 მლნ-მდე ვალი ჰქონდა.
მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კი 2018 წლის კლუბ "ინტერ მაიამის" თანამფლობელია, ხოლო 2005-2009 წლებში ინგლისში საფეხბურთო აკადემიასაც ფლობდა. მის ამჟამინდელ კლუბთან სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა დაკავშირებული − ბექჰემის გუნდს 2023 წლის სეზონზე ლიონელ მესი შეუერთდა.