Get All Access for $5/mo

"მტევინოს" წარმატებული წელი 2020 წლის ანგარიში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წლის ბოლო საუკეთესო დროა გასული წლის შეჯამებისა და მომავალი წლის გეგმების დასახვისთვის. ამ თვალსაზრისით, 2020 წელი განსაკუთრებულია, რადგან ყველასათვის მოულოდნელმა გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მოცემულობა, კომპანიების უმრავლესობას სწრაფად გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება დასჭირდა, რაც არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა, როგორც კრიზისულ პერიოდებს ახასიათებთ, 2020 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. ENTREPRENEUR "მტევინოს" დამფუძნებელს ნიკა ზაუტაშილს დაუკავშირდა და ჟურნალის მკითხველისთვის გასული წლის შეჯამება და მომავალი გეგმების გაზიარება სთხოვა.

როგორ დაიწყო კომპანიისთვის 2020 წელი? როგორ აისახა პანდემია თქვენზე, რა სირთულეები შეგექმნათ?

ვინაიდან ჩვენი კომპანია სულ რაღაც ერთი წელია, რაც შემოვიდა ბაზარზე, წინა წლებთან შედარებას ვერ გავაკეთებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში დასაწყისისთვის კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ავითვისეთ როგორც შიდა ბაზარი, ასევე გავდივართ ექსპორტზე. დინამიკა მზარდია. ამასთან, მეღვინეობა "მტევინო"ღვინის წარმოების გარდა, მასპინძლობის მიმართულებითაც ოპერირებს. გვაქვს სასტუმრო და კვების სივრცე საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში.

2020 წლის 1 აპრილს იგეგმებოდა სასტუმროს მასშტაბური გახსნა. ჩვენი გათვლებით, შიდა ტურიზმის გარდა, საერთაშორისო ტურისტებსაც ველოდით, თუმცა 1 აპრილს შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აღნიშნული ღონისძიება ცხადია ვერ ჩატარდა. ამჟამად, ვმუშაობთ შიდა ტურიზმის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ "მტევინოს" 5-ნომრიანი სასტუმრო (ასევე საწარმო), მდებარეობს ტურისტულად მიმზიდველ კახეთის რეგიონში, თბილისთან ახლოს, 40 კმ-ში, აეროპორტიდან 20 წუთის სავალ გზაზე. გვაქვს იდეალური გარემო სტუმრების მისაღებად და რაც მთავარია, მიმზიდველი პროდუქტი − ღვინო. სირთულეები შეიქმნა იმ კუთხით, რომ სასტუმროსა და მასტერკლასების დატვირთვის მოლოდინი 70-80% იყო საერთაშორისო ტურისტების მხრიდან. გათვლილი შემოსავალი ცხადია, შეიცვალა ციფრებში.

როგორ მოახდინეთ რეაგირება პანდემიით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე? ბიზნესპროცესი, წარმოება / მომსახურება, ადამიანების მენეჯმენტი...

Horeca-მიმართულება მთლიანად გადავერთეთ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ვცდილობთ მივიღოთ სტუმრები საქართველოს ყველა კუთხიდან; მაქსიმალურად ავამოქმედეთ მარკეტინგული აქტივობები, სოციალური მედია, სოცქსელები − Facebook, Instagram. სასტუმრო გამოჩნდა ყველა შესაძლო პლატფორმაზე. მუდმივად გვაქვს აქციები, შეთავაზებები, გათამაშებები. მაქსიმალურად ვეცადეთ, მიგვეწვდინა ხმა ყველასათვის.

ძალიან საინტერესო პროექტი იყო შემოდგომის რთველი, რომელიც გავთვალეთ სკოლებზე, გავაკეთეთ შეთავაზებები და რეგულაციების დაცვით ვუმასპინძლეთ საკმაოდ დიდ ჯგუფებს, ასევე კორპორაციულ ღონისძიებებს.

ზოგადად, როგორ შეაჯამებდით 2020 წლის ბიზნესსაქმიანობას? როგორი შედეგებით ასრულებთ წელს? შეასრულეთ წლის დასაწყისში დასახული გეგმები? თუ არა, აპირებთ გადახედოთ მთავარ ინდიკატორებს მომავალი წლისთვის?

2020 მომსახურების სექტორისათვის განსაკუთრებით რთული წელი გახლდათ. მიუხედავად ბევრი სირთულისა და იმისა, რომ "მტევინო" საკმაოდ კონკურენტულ მხარეში მდებარეობს, სადაც უამრავი შატოა, ვფიქრობ, შევძელით ის, რომ სულ რამდენიმე თვეში "მტევინო" გაიცნო და შეიყვარა ბევრმა ადამიანმა. ამასთან, ვფიქრობ, ის, რაც აქამდე შესაძლოა მინუსად ჩათვლილიყო − მცირე ზომის სასტუმრო, ახლა ჩვენს პლუსად მიიჩნევა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სტუმრებს არ უჩნდებათ სურვილი მრავალრიცხოვან სასტუმროებში დაისვენონ. სტუმრებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ჩვენთან, დახვდათ მეგობრული, ოჯახური გარემო, მათზე ორიენტირებული მომსახურე პერსონალი, არაჩვეულებრივი "მტევინოს" ღვინო და ჩვენი გემრიელი კერძები.

"მტევინომ" წელს ფაქტობრივად აამოქმედა ყველა ის მიმართულება, რომელიც Horeca-კუთხით გვქონდა დაგეგმილი. ვიღებდით სტუმრებს, მაქსიმუმ 3-4 დღით, გვქონდა ქორწილები, კორპორაციული ღონისძიებები, კონფერენციები; აღინიშნა მრავალი დაბადების დღე ჩვენს სივრცეში, ვუმასპინძლეთ სკოლის მოსწავლეებს რთველზე, მათ თავად დაკრიფეს ყურძენი, იმუშავეს კულინარიული მასტერკლასების სივრცეში − ამოავლეს ჩურჩხელა, გამოაცხვეს პური და ა.შ.

ვფიქრობ, "მტევინომ" 7 თვის განმავლობაში დაუღალავი შრომით მოიპოვა ერთგული და კმაყოფილი დამსვენებლები.

როგორია კომპანიის გეგმები ახალ, 2021 წელს?

უპირველეს ყოვლისა, იმედი გვაქვს, რომ "კოვიდ"-სიტუაცია გამოსწორდება და აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ კიდევ განვავითაროთ ჩვენი სივრცე, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ. სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლასაც ვიმედოვნებთ და ცხადია, ჩვენც არ შევწყვეტთ განვითარებას.

ჩვენთვის ნებისმიერი სტუმარი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია, და ვეცდებით კიდევ უფრო გამორჩეული მომსახურება, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და მშვიდი და მყუდრო დასვენება შევთავაზოთ დამსვენებლებს ვენახებით გარშემორტყმულ იდეალურ სივრცეში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან