მწვანე ეკონომიკა, როგორც განვითარების შესაძლებლობა – ელენე ღვინიანიძე საქართველოს კლიმატური დღის წესრიგის შესახებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ელენე ღვინიანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, გარემოსდამცველი, კლიმატის ცვლილების სპეციალისტი და ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში UNIDO-ს მიერ სერტიფიცირებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) ექსპერტი.
2021 წლიდან ელენე ღვინიანიძე ჩაერთო ევროკავშირის რეგიონული პროგრამის EU4Environment ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, "ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები: რესურსეფექტური და სუფთა წარმოება და ეკოინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის".
2022-2023 წლებში ელენე მიწვეული იყო იტალიასა და გერმანიაში, კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (KIT) და H-FARM კოლეჯში, სადაც მონაწილეობდა სასწავლო კურსებში, რომელიც ფოკუსირებული იყო განახლებადი ენერგიისა და ენერგოსისტემების ტრანზიციის საკითხებზე.
იგი მონაწილეობდა EU Sustainable Energy Week-ის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციებში 2021, 2022 და 2023 წლებში, ასევე გავლილი აქვს მრავალი საერთაშორისო ტრენინგი კლიმატის ცვლილების, ცირკულარული ეკონომიკის, ენერგეტიკული აუდიტის, განახლებადი ენერგიისა და მწვანე ინდუსტრიის მიმართულებით.
ამჟამად ელენე მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის, პროგრამებისა და სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობას.
Entrepreneur ელენეს საქართველოსა და მსოფლიოში კლიმატის ცვლილებების პარალელურად მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფარგლებში რა არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა და როგორ შეიძლება საერთაშორისო გამოცდილება ამ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს?
ჩემი აზრით, საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მთავარი გამოწვევა სტრატეგიებიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადასვლაა, განსაკუთრებით ადაპტაციის მიმართულებით. ქვეყანას ახასიათებს მაღალი მოწყვლადობა და მკვეთრი რეგიონული განსხვავებები, აღმოსავლეთ საქართველოში – გვალვა და გაუდაბნოება, დასავლეთში კი წყალდიდობები და მეწყერები, რაც ერთიანი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას ართულებს. ამას ემატება ინსტიტუციური კოორდინაციის სირთულეები და ადგილობრივ დონეზე არსებული შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური რესურსები.
საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის წარმატებული პრაქტიკების გაზიარების, სექტორთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისა და კლიმატის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საერთაშორისო მოდელების დანერგვა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება დაეხმარება საქართველოს, სტრატეგიული დოკუმენტები რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებად გარდაქმნას.
როგორ შეიძლება მცირე და საშუალო საწარმოებმა საქართველოში წარმატებით განავითარონ რესურსეფექტური და სუფთა საწარმოო პრაქტიკა და რა ბარიერები არსებობს ამ პროცესში?
რესურსეფექტური და სუფთა წარმოება მიზნად ისახავს ნაკლები ბუნებრივი რესურსით მეტი პროდუქციის წარმოებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს მოიცავს ნედლეულის, ენერგიისა და წყლის ეფექტიან გამოყენებას, ასევე ნარჩენების, ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული გაფრქვევების მინიმიზაციას.
ამ მიდგომის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი ერთდროულად გარემოსდაცვითად და ფინანსურად მოგებიანია, საწარმო ამცირებს თვითღირებულებას, აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხსა და ზრდის კონკურენტუნარიანობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სადაც მცირე დანაზოგსაც კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს.
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ რესურსეფექტური პრაქტიკის დანერგვა ეტაპობრივად და შედარებით დაბალი დანახარჯებით. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესების ანალიზი, რაც ხშირად ავლენს ენერგიის, წყლისა და ნედლეულის დანაკარგებს. მარტივი მართვითი ცვლილებები, ტექნოლოგიური რეჟიმების გაუმჯობესება, ნარჩენების პრევენცია და პერსონალის ჩართულობა სწრაფ და თვალსაჩინო შედეგებს იძლევა.
2020-2023 წლებში ამ პროცესებში ჩემი მონაწილეობისას გამოიკვეთა ძირითადი ბარიერები: ინფორმაციისა და ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა, საწყისი ინვესტიციების მიმართ შიში, მართვითი სისუსტეები და დაფინანსებაზე შეზღუდული წვდომა. მიუხედავად ამისა, ენერგოეფექტურობის გაზრდა საწარმოებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ შეამცირონ ხარჯები, არამედ შეამცირონ სათბურის აირების გაფრქვევა და გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მაჩვენებლები.
თქვენი აზრით, პრაქტიკულად როგორ უნდა დაინერგოს ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია საქართველოში, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან მსუბუქი ინდუსტრია?
ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკული დანერგვა საქართველოში უნდა ეფუძნებოდეს ეტაპობრივ და ეკონომიკურად გამართლებულ მიდგომას, სადაც ნარჩენი აღიქმება რესურსად და არა პრობლემად.
სოფლის მეურნეობაში ეს შეიძლება განხორციელდეს ბიონარჩენების კომპოსტირებითა და ბიოგაზის წარმოებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მეორადი გამოყენებითა და წყლის რესურსების უფრო ეფექტური მართვით. ეს ერთდროულად ამცირებს ნარჩენებს, ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებასა და ფერმერთა შემოსავალს.
ენერგეტიკაში ცირკულარული მიდგომა გულისხმობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე გადასვლას და ნარჩენების ენერგიად გარდაქმნას, მათ შორის ბიომასისა და ბიოგაზის მეშვეობით. მსუბუქ ინდუსტრიაში კი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ეკოდიზაინი, გადამუშავებადი მასალების გამოყენება და ხელახალი მოხმარების სერვისების განვითარება, განსაკუთრებით ტექსტილის სექტორში.
ამ პროცესს უნდა ახლდეს შესაბამისი რეგულაციები, ფინანსური სტიმულები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა ცირკულარული ეკონომიკა რეალურ და მდგრად პრაქტიკად იქცეს.
თქვენი სწავლებისა და საველე გამოცდილების საფუძველზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს შესაძლებლობებს განახლებადი ენერგიის ტრანზაციის პროცესში, მათ შორის ჰიდროენერგიისა და სხვა "მწვანე" ენერგომომარაგების მიმართულებით?
საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა მისი სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია ენერგომიქსის დივერსიფიკაცია, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული რეგულაციები და გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება. ქვეყანას ძლიერი საწყისი პოზიცია აქვს ჰიდროენერგიის მიმართულებით, თუმცა ასევე მაღალია ქარის, მზის, ბიოენერგიისა და გეოთერმული ენერგიის პოტენციალი.
მხოლოდ ქარის რესურსების სავარაუდო სიმძლავრე 1 450 მგვტ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ქმნის მყარ საფუძველს განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის. ამასთან, ენერგოეფექტურობის ერთიანი მიდგომა აუცილებელია სისტემის საერთო ეფექტიანობის გასაზრდელად.
რა იქნებოდა საქართველოსთვის ყველაზე ეფექტიანად ადაპტირებადი პრაქტიკები ან სტრატეგიები, კლიმატის ცვლილების შემცირებისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერისთვის?
საქართველოსთვის ყველაზე ეფექტიანი მიდგომა არის ინტეგრირებული, სექტორთაშორისი სტრატეგია, რომელიც აერთიანებს განახლებად ენერგიას, ენერგოეფექტურობას, მწვანე ტრანსპორტს, რესურსეფექტურ წარმოებასა და ეკოსისტემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაბალი და ნულოვანი ემისიის ტრანსპორტის წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ბიოსაწვავის გამოყენება. შენობების სექტორში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება სწრაფი უკუგების მქონე ღონისძიებებია.
შენობების სექტორში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების მქონე სპეციალისტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სერტიფიკატის მისაღებად "ენერგოეფექტურობის ცენტრის" კურსდამთავრებულები დაიშვებიან სახელმწიფო გამოცდაზე და შეძლებენ დამოუკიდებელი ექსპერტის წოდება მოიპოვონ.
მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში რესურსეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტიულობას ზრდის და ემისიებს ამცირებს. ნარჩენებისა და ტყის მართვის მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადამუშავებას, დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენასა და ნახშირბადის შთანთქმის გაზრდას.
რა გზით შეიძლება ახალგაზრდა სპეციალისტებმა, რომლებიც კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ინოვაციების მიმართულებით სწავლობენ, რეალურად შეუწყონ ხელი ქვეყნის მდგრად განვითარებასა და პოლიტიკის გაუმჯობესებას?
ახალგაზრდა სპეციალისტებს შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკული წვლილის შეტანა საქართველოს მდგრად განვითარებასა და კლიმატის პოლიტიკის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თეორიული ცოდნა რეალურ პროცესებს უკავშირდება.
ახალგაზრდები, როგორც წესი, სავსე არიან ენთუზიაზმითა და ახალი იდეებით, და შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ცნობიერების ამაღლებასა და ქცევითი ცვლილებების წახალისებაში როგორც ადგილობრივ თემებში, ისე ბიზნესსა და აკადემიურ წრეებში, რაც მდგრადი განვითარების წარმატებისთვის აუცილებელია.
ჩვენი სპეციალობები, ეკოლოგია, გარემოსდაცვის ინჟინერია და სხვა მონათესავე დარგები, მიმდინარე წელს დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალში მოხვდა, ხოლო ეკოლოგიას ამ სიაში მესამე ადგილი უჭირავს. კადრების არარსებობა ან ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა ამ სფეროში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს დარგის განვითარების პროცესებზე, რადგან ადამიანური რესურსი ნებისმიერ სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დღეს სტუდენტებს ვურჩევდი, რომ თუ დაინტერესებულები არიან და სურთ ამ მიმართულებით განვითარება, აქტიურად ისარგებლონ სტაჟირების პროგრამებით, რომლებშიც ჩვენი სამინისტროც აქტიურად არის ჩართული. მათ ასევე შეუძლიათ გახდნენ "მწვანე სტიპენდიატები". ეს არის პროგრამა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ქსელი ახორციელებს და ვფიქრობ, სამინისტროში ჩემი კარიერის გაგრძელება სწორედ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ "მწვანე სტიპენდიატი" ვიყავი.
ახალგაზრდა სპეციალისტების ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ მათ შეუძლიათ ცოდნის მარტივად პრაქტიკაში გადატანა, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელება.
თქვენი საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთვის, რათა ქვეყანა კლიმატის ცვლილებას ეფექტიანად მოერგოს და მწვანე ეკონომიკა განავითაროს?
როგორც ცნობილია, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის მსგავსად, საქართველოსაც აქვს კონკრეტული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების მიმართულებით. ქვეყნის გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის (LT-LEDS) შესაბამისად, საქართველო მიზნად ისახავს სათბურის აირების ემისიების ეტაპობრივ შემცირებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას. ამასთან, საქართველოს მიერ 2020 წელს წარდგენილი ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშუალოვადიან ვალდებულებებს სათბურის აირების ემისიების შემცირების მიმართულებით.
აღნიშნული მიზნების განხორციელების მიზნით დამტკიცებულია კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც გაწერილია ემისიების შემცირების კონკრეტული ღონისძიებები და სექტორული აქტივობები. პარალელურად, მომზადებულია ახალი ეროვნულად განსაზღვრული წვლილის, NDC 3.0-ის დოკუმენტი, რომელიც უფრო ამბიციურ მიზნებს განსაზღვრავს.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ და დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდთან (GEF) კლიმატის ფინანსების მობილიზებისა და მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.
ამასთან, მიმდინარეობს თანამშრომლობა გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან: UNEP-თან, FAO-სთან, მსოფლიო ბანკთან, EBRD-თან, ADB-სა და ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, რომლებიც მხარს უჭერენ კლიმატის პოლიტიკისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.
ჩემი აზრით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება კერძო სექტორის როლის კიდევ უფრო გაძლიერება კლიმატის პოლიტიკის განხორციელებაში, რადგან ემისიების შემცირების ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.
გადამწყვეტია კლიმატის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, დანერგოს თანამედროვე, სუფთა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, შეამციროს ხარჯები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
აუცილებელია კლიმატის პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირება, მწვანე ეკონომიკა უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობა. ძლიერი ინსტიტუციური კოორდინაცია, გრძელვადიანი ხედვა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა შექმნის საფუძველს, რომ საქართველო არა მხოლოდ ეფექტიანად მოერგოს კლიმატის ცვლილებას, არამედ მომდევნო ათწლეულში მდგრადი და კონკურენტუნარიანი მწვანე ეკონომიკა განავითაროს.