MVCR GROUP - საშემფასებლო, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია მრავალფეროვანი სერვისებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში სწრაფად ვითარდება, რაც საკონსულტაციო სერვისების საჭიროებას ზრდის. კომპანიებისა და ინვესტორებისთვის ბაზრის ტენდენციების ანალიზი და შედეგად სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების გამოკვეთა ერთგვარი გამოწვევაა. ინოვაციური მიდგომებითა და მრავალფეროვანი სერვისებით სწორედ ამ გამოწვევის გადაჭრას ისახავს მიზნად MVCR GROUP, რომელიც 2024 წლის აპრილში დაფუძნდა.
MVCR GROUP არის მრავალპროფილური კომპანია, რომლის ძირითადი სერვისები მოიცავს ბიზნესის, უძრავი ქონებისა და მოძრავი აქტივების შეფასებას; საუკეთესო გამოყენების, ასევე ფინანსური მიზანშეწონილობის ანალიზს; საკონსულტაციო მომსახურებას უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით; კვლევებს უძრავი ქონების ბაზარზე და გაყიდვების აუთსორსინგს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ქრისტინე მარგველაშვილი, აღნიშნავს, რომ MVCR GROUP-ის შექმნა წლების გამოცდილებისა და მომავლის ხედვაზე დაყრდნობით გადაწყდა.
ქრისტინე მარგველაშვილი:
"ბიზნესი და ინვესტორები ხშირად აწყდებიან ბაზრის გამოწვევებს. ამ გამოწვევებს შორის არის სიცოცხლისუნარიანი საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბაზრის არაპროგნოზირებადი ტენდენციების ნავიგაცია; უძრავი ქონებისა და ბიზნესპროექტების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება; უძრავი ქონებისა და ბიზნესის განვითარების კომპლექსური ინიციატივების ეფექტიანად განხორციელება და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; მორგებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიწოდება, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ ბიზნესმიზნებს.
ადგილობრივი ბიზნესის და უცხოელი ინვესტორების მზარდმა საჭიროებებმა გამოკვეთა ინდუსტრიაში საიმედო და ინოვაციური პლატფორმის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს გადაჭრიდა. ბიზნესისა და უძრავი ქონების შეფასების, ფინანსური ანალიტიკის, საკონსულტაციო და კვლევით მიმართულებებში 15 წელზე მეტი გამოცდილებით, გადავწყვიტე დამეარსებინა კომპანია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებითა და მაღალი სტანდარტით დააკმაყოფილებდა ბაზრის საჭიროებებს და უზრუნველყოფდა კლიენტის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას".
როგორც ქრისტინე მარგველაშვილი აღნიშნავს, კომპანია თითოეული პროექტის მიმართ ინოვაციური და ინტეგრირებული მიდგომით გამოირჩევა. MVCR GROUP-ის გუნდი შედგება პროფესიონალებისაგან, რომლებსაც შეფასების, კვლევისა და კონსულტაციის მიმართულებით 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. კომპანიის გუნდი ასევე ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული ISO სტანდარტის სერტიფიკატებს შეფასების მიმართულებით.
ქრისტინე მარგველაშვილი:
"დაარსების პირველივე დღიდან ჩვენმა გუნდმა არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშავა. ვეხმარებით როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს, რათა შევუქმნათ ძლიერი ბაზარი, შევთავაზოთ მრავალფეროვანი და საერთაშორისო სტანდარტის სერვისები, რაც ქვეყანაში მეტი კაპიტალის შემოდინებას შეუწყობს ხელს".
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბაზარზე ნდობის მოპოვება იყო, რაც MVCR GROUP-მა ძირითადად გუნდის პროფესიონალიზმის, მაღალი ხარისხის სერვისებისა და კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით მოიპოვა. როგორც ქრისტინე მარგველაშვილი ამბობს, კომპანიის დამფუძნებლისთვის შთაგონების წყარო საინტერესო პროექტებზე მუშაობა, მიღწეული წარმატება და კლიენტების უკუკავშირია.
"კონკურენცია საკუთარ თავთან, მუდმივი განვითარების სურვილი, საკუთარ თავზე მუდმივი შრომა და მიზანდასახულობა საუკეთესო საშუალებაა იდეების რეალიზებისთვის. ყველა საქმესა თუ პროექტში მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებ, რაც საბოლოოდ შედეგებზე აისახება. სასიამოვნოა ჩემს გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც კომპანიის მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს", - ამბობს ქრისტინე მარგველაშვილი.
MVCR GROUP ფოკუსირებულია მდგრად განვითარებაზე და უახლოეს მომავალში გეგმავს სერვისების გაფართოებას, თანამშრომელთა მუდმივი განვითარების ხელშეწყობას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. "ჩვენი მიზანია, გავხდეთ ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე", - აღნიშნავს ქრისტინე მარგველაშვილი.