ნათია ნასრაშვილი "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანი გახდა
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ალტე უნივერსიტეტი" ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობის 20-წლიან ისტორიას ითვლის და 17 ქვეყნის 2 100-ზე მეტ სტუდენტს 5 სკოლაში აერთიანებს. მათ შორის ერთ-ერთია ბიზნესის სკოლა, რომელსაც ახლა ნათია ნასრაშვილი უხელმძღვანელებს.
ბიზნესის სკოლის სასწავლო კურსებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სფეროს წამყვანი პროფესიონალები უძღვებიან, რაც ერთი მხრივ, კონტაქტების ქსელის გაფართოების უნიკალური შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, გამოცდილების გაზიარების შეუცვლელი საშუალებაა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც კურსდამთავრებულების პოტენციური დამსაქმებლები და ბიზნესპარტნიორები არიან.
Entrepreneur-თან საუბრისას, ბიზნესის სკოლის ახალმა დეკანმა საკუთარ გამოცდილებასა და იმ ხედვებზე ისაუბრა, რასაც ალტე უნივერსიტეტის გუნდთან ერთად განახორციელებს.
ნათია ნასრაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და კერძო თუ საჯარო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. მოწვეულ ლექტორად მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნათია ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ოპერაციების მართვას ასწავლის.
"პირველი სამუშაო გამოცდილება საჯარო რეესტრში მქონდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც, ქვეყანაში უძრავ ქონებასა და საკუთრების უფლებაზე რეგისტრაციის ახალი ფორმირება იწყებოდა და ელექტრონული მართვის სისტემები იქმნებოდა. საჯარო რეესტრიდან, იუსტიციის სახლში გადავედი. ფაქტობრივად, მათ იუსტიციის სახლის კონცეფციის შექმნის პროცესიდან შევუერთდი და მომსახურების ოპერაციების მიმართულებით ვმუშაობდი, რაც მომხმარებლის გამოცდილებისა და თანამშრომლების განვითარების მიმართულებას გულისხმობს. იუსტიციის სახლიდან კერძო სექტორში გადავინაცვლე, კერძოდ, სამედიცინო კორპორაცია "ევექსში", რომელიც მაშინ ახალი იყო ბაზარზე. აქ გუნდს, მომხმარებლის გამოცდილებისა და მომსახურების ოპერაციების მიმართულებით შევუერთდი. 2019 წლიდან კი ევექსშივე შევიცვალე პოზიცია და გადავედი ევექსის ჰოსპიტლების სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში და ახლაც, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, ერთი მხრივ, ევექსი ჰოსპიტლების სტრატეგიული დაგეგმვის და განვითარების პროცესზე და მეორე მხრივ, საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით", - განმარტავს ნათია ნასრაშვილი.
მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, ნათიას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილებაც აქვს. იგი გრენობლის ბიზნეს სკოლის, ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს ფლობს. ასევე, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის ხარისხს.
ნათიას თქმით, საჯარო რეესტრში მუშაობისას, უძრავი ქონებითა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებით დაინტერესდა. ამიტომ შეარჩია სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც უძრავი ქონების მართვასა და განვითარებაზე იყო ფოკუსირებული. იქ დაგროვებულ ცოდნას კი საკმაოდ აქტიურად იყენებდა საჯარო რეესტრში მუშაობისას.
"ჩემი კარიერული და პროფესიული განვითარება ყოველთვის კავშირშია იმასთან, რასაც ვსწავლობ. მჯერა, რომ პასიურად რაღაცის სწავლა ჩვენ გონებაში ილექება და შემდგომ ამის აპლიკაცია ხდება. მაგრამ, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, რომ პარალელურ რეჟიმში თან სწავლობდე და თან ამას პრაქტიკაში ახორციელებდე, ეს პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება და საქმეზეც ეფექტურად აისახება", - განმარტავს ნათია.
Entrepreneur-თან საუბრისას ნათია ნასრაშვილმა აღნიშნა, რომ ევექსთან განშორებით დიდ სევდას გრძნობს, რადგან მან და მისმა გუნდმა უამრავი რამ გააკეთა ჰოსპიტალურ სექტორსა და ინდუსტრიაში ზოგადი ხარისხის განვითარებისთვის. თუმცა, ამ სევდას ალტე უნივერსიტეტი და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა წონის.
"უნივერსიტეტთან ერთად, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შეგიძლია მისწვდე სტუდენტის პატარა ნაპერწკალს და აანთო - დაანახო გზა, რეალურად რისთვის სწავლობს და რა უნდა მომავალში. ჩემთვის, განათლება დღევანდელ გარემოში, არ არის მხოლოდ აკადემიური და თეორიული ცოდნის მიცემა. ესაა დაეხმარო სტუდენტს, გაიაზროს, რისი კეთება უნდა მომავალში, სად აქვს ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალი. სწორედ ასეთ გარემოს უნდა ქმნიდეს თითოეული ლექტორი თუ საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტისთვის", - განმარტავს ნათია.
ბიზნესის სკოლის ახალი დეკანისთვის, "ალტე უნივერსიტეტი" სწორედ ისეთი ადგილია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შექმნას გარემო, რომელშიც ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა იპოვოს და შექმნას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
"ჩემთვის ალტე უნივერსიტეტი არ არის სტანდარტული უნივერსიტეტი, რომელიც მხოლოდ რაღაცას მასწავლის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი საქმეს დიდი გრძნობით აკეთებდეს და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. დღეს, ბიზნესს ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები სჭირდება. პროფესიული უნარები ყველას გვაქვს, მაგრამ, წარმატებას ვაღწევთ მაშინ, როდესაც კავშირი გვაქვს ჩვენს იმ სურვილებთან, რესურსებთან და პოტენციალთან, რომელიც ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანს გაგვაჩნია. სწორედ, ამ რესურსებისა და პოტენციალის აღმოჩენის ადგილია ალტე უნივერსიტეტი", - ამბობს ნათია.
ნათიას თქმით, ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და კიდევ ბევრი რამაა დაგეგმილი. როგორც დეკანი, პრაქტიკული თვალსაზრისით, ბიზნეს სკოლაში რაიმე დრამატულ ცვლილებებს არ გეგმავს. რადგან მისივე თქმით, სწორედ უნივერსიტეტის მიერ დასახულმა გეგმამ და სტრატეგიამ მოიყვანა იგი აქ. მისი მიზანია, გააგრძელოს ალტე უნივერსიტეტის სტრატეგია - შექმნას გარემო, სადაც სტუდენტს შეუძლია აღმოაჩინოს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები. ამას კი, აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებს.
"ეს პროცესი უკვე დაწყებულია. განსაკუთრებით აქტიური ამ ნაწილში ისაა, რომ უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია ისეთი ლექტორებით, რომელთაც შეუძლიათ სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმების ბაზართან მარტივად დააკავშიროს. რა თქმა უნდა, სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებითაც გვაქვს გადადგმული ნაბიჯები. ახლაც, ვაწარმოებთ სხვადასხვა უნივერსიტეტთან მოლაპარაკებას თანამშრომლობის თაობაზე", - განმარტავს ნათია ნასრაშვილი.