NBSG - ქართველი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი მულტიფუნქციური ინოვაციური გაჯეტები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან, Alte University-ის ინიციატივით საქართველოში პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ-მარათონი ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებში სამეწარმეო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად. მე-9, მე-10, მე-11 და მეთორმეტეკლასელებმა, ამ პროექტის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გარდა, თავიანთი იდეების ხელშეწყობის შესაძლებლობები მიიღეს, რაც მათი ანტრეპრენერული მომავლისაკენ მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ.
Entrepreneur Georgia ტრადიციულად მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს და არც Alte University-ის ღონისძიება ყოფილა გამონაკლისი. ამჯერად, გამოცემის რჩეული გუნდი და მარათონის ერთ-ერთი გამარჯვებული, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა სტარტაპი − NBSG გახდა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე საინტერესო გაჯეტების შექმნაზე მუშაობს. მეტს ამ სტარტაპის შესახებ, Entrepreneur-ს იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, დემეტრე საზონოვი უამბობს.
"თავდაპირველად, სხვადასხვა იდეის განხილვა მე და ჩემმა კლასელებმა მეთერთმეტე კლასის დასაწყისში დავიწყეთ. ერთხელაც, ჩვენს მენტორთან საუბრისას, გაჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა რაიმე ხელთათმანის ან დამხმარე გაჯეტის არსებობა, რომლის მეშვეობითაც ვირტუალურ სამყაროში საგნებთან შეხებას რეალურად იგრძნობდი. ამ იდეით მოტივირებულებმა, დავიწყეთ კვლევის ჩატარება, არსებობდა თუ არა მსგავსი რამ ბაზარზე, ან როგორ შეგვეძლო მისი დამოუკიდებლად შექმნა. ჩვენი მენტორის დახმარებით აღმოვაჩინეთ ე.წ. "ჭკვიანი ნივთიერება" − ნითინოლი, რომელსაც უნიკალური თვისებები აქვს და ზედმიწევნით ერგებოდა ჩვენს კონცეფციას. ნითინოლი რთულად გამოსაკვლევი, თუმცა საინტერესო მასალაა, რომელსაც ფორმის "დამახსოვრება" შეუძლია და ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამჟამად, სწორედ ამ ნივთიერებას ვიყენებთ ჩვენი ხელთათმანის მთავარ შემადგენელ კომპონენტად. მას შეუძლია ფიზიკურად შეგვაგრძნობინოს ვირტუალური რეალობა, ანუ შექმნას ერთგვარი წინაღობა და ამავდროულად, აქვს უნარი დამხმარე ძალად იქცეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გაჯეტი სამი ძირითადი დანიშნულებით იმუშავებს, ესენია: სავარჯიშო აპარატი, რომლის დახმარებითაც ადამიანი სახლის პირობებშიც შეძლებს ვარჯიშს, სარეაბილიტაციო საშუალება კიდურების პრობლემების მქონე ადამიანთათვის და რა თქმა უნდა, ვირტუალურ რეალობაში შეხების ფიზიკურ სამყაროში აღქმულ შეგრძნებებად გადმოტანა", − გვიამბობს დემეტრე საზონოვი.
დემეტრე საზონოვი
დღესდღეობით, NBSG-ის უკვე აქვს დამზადებული ხელთათმანის სადემონსტრაციო მოდელი, რომელიც გამართულად მუშაობს და მისი კონტროლი გუნდის მიერ სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციით ხორციელდება. ამავდროულად, გუნდი განაგრძობს მუშაობას საკუთარი გამოგონების დახვეწასა და განვითარებაზე, და საკმაოდ ამბიციურ სამომავლო გეგმებსაც ისახავს.
აღსანიშნავია, რომ ამ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტის მიღმა ზუსტი და ტექნიკური მეცნიერებების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი სკოლის − კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე, გიგი ჩალაგაშვილი და კონსტანტინე ბახუტაშვილი დგანან.
სანდრო ლორთქიფანიძე
სანდრო ლორთქიფანიძე და სანდრო ღლონტი ძირითადად პროგრამირებით არიან დაკავებული. გიორგი ფიზიკის წრის აქტიური მონაწილე და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. გიგი პროგრამირების ხუთ ენას ფლობს და გუნდის ახალ წევრთან, კონსტანტინე ბახუტაშვილთან ერთად, NBSG-ისთვის ვებსაიტის შექმნასა და დიზაინზე მუშაობს. კონსტანტინე პროგრამირებითაა დაკავებული და სტარტაპის ბიზნესმხარეზე ზრუნავს. რაც შეეხება დემეტრეს, იგი სამომავლოდ ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით ციურიხის უნივერსიტეტში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. როგორც თავად გვიყვება, მას ბავშვობიდან იტაცებდა ტექნოლოგიების სფერო, მოსწონდა "ტრანსფორმერები", გაიარა "ლეგოს" კურსები, ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში ვარჯიშობდა და გამომგონებლობაზე ოცნებობდა.
გიორგი ჩხიკვაძე
"ჩვენი გუნდის ამჟამინდელი წევრები, მეშვიდე კლასიდან მოყოლებული, თანაკლასელები ვართ. უკვე დიდი ხანია, რაც სხვადასხვა იდეაზე ვმუშაობთ. NBSG-ის პროექტის ფარგლებში, უკვე მივიღეთ მონაწილეობა "ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში" და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში "ლეონარდო და ვინჩი", რომელშიც გრანპრის მოპოვება მოვახერხეთ. გარდა ამისა, გასულ წელს NASA-ს ჰაკათონის ლოკალური გამარჯვებულები გავხდით", − აცხადებს დემეტრე, − "მინდა აღვნიშნო ჩვენი პროექტის წარმატებაში ჩვენი მენტორის − გიორგი ჯიქიძის წვლილიც, რომელიც კომაროვის სკოლის ლაბორატორიის გამგეა და ამჟამად ელექტროინჟინერიის მიმართულებით აგრძელებს სწავლას. გიორგისგან ბევრი რამ ვისწავლეთ − ე.წ. პლატების ხაზვით დაწყებული, ექსპერიმენტების ჩატარებით და პროგრამების წერით დამთავრებული, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩვენი იდეის განხორციელების გზაზე".
სანდრო ღლონტი
საინტერესოა, როგორ მოახერხეს სკოლის მოსწავლეებმა ამ ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობისათვის საჭირო რესურსის მოძიება. დემეტრეს თქმით, პირველი ფულადი რესურსი ნითინოლის შესაძენად, მათ "ათასწლეულის ინოვაციათა კონკურსზე" მოიპოვეს, რითაც პირველი მოდელი ააწყვეს, ხოლო სადემონსტრაციო ვერსიისათვის, უკვე თავიანთი პირადი დანაზოგებიდან მოუციათ ინვესტიციის განხორციელება. სტარტაპ-მარათონზე NBSG-ის პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რჩეულიც გახდა, რაც გუნდს FabLab-ით სარგებლობის შესაძლებლობას და GITA-ს 15 000-ლარიან საგრანტო კონკურსზე გასვლის საშუალებას მისცემს.
კონსტანტინე ბახუტაშვილი
როგორც სტარტაპერები აცხადებენ, მათი პროექტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია. "ჭკვიან მასალებს" საქართველოში ამჟამად არავინ იკვლევს, NBSG-ის გარდა, რაც მათ წამოწყებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აღსანიშნავია, რომ ნითინოლი საკმაოდ რთულად გამოსაყენებელი და არც ისე გავრცელებული ნივთიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ნითინოლი უნიკალური თვისებებით ხასიათდება, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი მარტივი ცვეთა და წინაღობის ფუნქციის დაქვეითებაა, თუმცა სტარტაპი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. "ჩვენს პროექტს ნითინოლის ფუნქციური ცვეთა ნაკლებად ემუქრება, ვინაიდან NBSG-ის გაჯეტით სარგებლობა დღის განმავლობაში 2-3 ჯერ მოუწევს მომხმარებელს, რაც ნივთიერებას სიცოცხლისუნარიანობას უხანგრძლივებს", − აცხადებენ სტარტაპში.
გიგი ჩალაგაშვილი
რაც შეეხება NBSG-ის სამომავლო გეგმებს, საჭირო დაფინანსების მოზიდვის შემდეგ, სტარტაპი სამი ფუნქციური მოდელის აწყობას აპირებს: ვირტუალური რეალობის, ფიტნესისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.
"სარეაბილიტაციო გაჯეტის მიტანას კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვგეგმავთ, სადაც ფიზიკური რეაბილიტაციის კათედრის ექიმები შეძლებენ გაეცნონ მოწყობილობას, გატესტონ და მნიშვნელოვანი უკუკავშირი დაგვიბრუნონ. სავარჯიშო მოდელს სხვადასხვა ფიტნესდარბაზებში წარვადგენთ და უშუალოდ მომხმარებლებისაგან მივიღებთ კომენტარებს, ხოლო ვირტუალური რეალობის გაჯეტით, შევძლებთ სკოლის მოსწავლეებს ან უნივერსიტეტის სტუდენტებს სატესტო რეჟიმში VR-თამაშებზე გამოვაცდევინოთ ჩვენი გამოგონება. როდესაც ყველა მონაცემს მოვაგროვებთ და საზოგადოების დამოკიდებულებას გავიგებთ, შევჯერდებით, რომელიც ვარიანტი უფრო მომგებიანია და იმ მიმართულებით უფრო აქტიურად განვვითარდებით. მხოლოდ საქართველოში საბაზრო ზომა რომ გამოვთვალეთ, ჩვენი აუდიტორია 3-4 წლის წინანდელი მონაცემებითაც კი, დაახლოებით 20 000 მომხმარებელზე ავიდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ჩვენთვის სატესტო ბაზარი, ხოლო სამომავლოდ, ჩვენს პროდუქტს გლობალურ სარბიელზეც გავიტანთ", − ამბობს დემეტრე საზონოვი.
Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა დემეტრე თანატოლებს, რომლებიც ტექნოლოგიების და რაიმე ახლის შექმნით, მეცნიერებით არიან დაინტერესებული, რაზეც იგი გვპასუხობს: "ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც თავში რაიმე იდეა მოგივათ, მაქსიმალურად ეცადოთ განახორციელოთ იგი და დარწმუნდეთ მის ფასეულობაში. აუცილებელია სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობაც, სხვა ადამიანების დარწმუნება და თქვენ მხარეზე გადმობირება, გუნდის დაკომპლექტება, ვინაიდან ასეთი კონკურსები ძირითადად გუნდური პრინციპით ფუნქციონირებს. მსგავსი კონკურსებით აუცილებლად მიიღებთ პასუხს შეკითხვებზე, ღირებულია თუ არა თქვენი იდეა და ღირს თუ არა განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არდანებება. შესაძლოა ერთხელ დამარცხდე, ორჯერ, სამჯერ, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იმედგაცრუების საბაბად. ჩემი აზრით, მხოლოდ 5-6 წარუმატებლობის შემდეგ შეიძლება ცოტა სხვანაირად დავფიქრდეთ, რაიმე შევცვალოთ და ჩავასწოროთ ჩვენს პროექტში".