Get All Access for $5/mo

"ნებისმიერ საქმეში მთავარია მოხერხებული იყო" - ევა ლონგორია მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მართალია, ის ცნობილი მსახიობია და თავისი როლებით გაითქვა სახელი, მაგრამ მისი ნამდვილი მისია იყო ბოსი გამხდარიყო და იმ ქალებისთვის მიეცა შესაძლებლობები, რომლებსაც სხვაგვარად ეს არასოდეს ექნებოდათ.

ევა ლონგორია ტელესერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები" გადაღების შემდეგ გახდა ცნობილი. პარალელურად, ვინ აღარ მიმართავდა თხოვნით საქველმოქმედო დახმარება გაეწია. "კვირაში 1000 ადამიანი მაინც მთხოვდა დახმარებას, და რის გამო აღარ − იაპონიაში დელფინების გადარჩენა იქნებოდა ეს, აფრიკაში შიდსის საწინააღმდეგო პროექტებში მონაწილეობის მიღება თუ ტაილანდში სექს-ტრეფიკინგის", – ამბობს ის, – "ამ ყველაფრის გამოსწორება ნამდვილად მნიშვნელოვანია, ხომ ასეა? მაგრამ დიდი დრო არ დამჭირვებია იმის სასწავლად, რომ ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. მე რაღაც ერთის დაცვისთვის უნდა მომეკიდა ხელი".

მენტორი უბიძგებდა თვითონ დაედგინა, რაზე სურდა ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა და მიხვდა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლათინოამერიკული საზოგადოების დახმარება იყო. ამასთან, მას მხოლოდ იმ ბარიერებზე კი არ სურდა საუბარი, რომლებსაც მისი მსგავსი ქალები ეჯახებოდნენ, არამედ მათი დაძლევის გზებზეც სურდა ყურადღების გამახვილება. "როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა და როგორ უნდა მიაღწიოს იგივე წარმატებას სხვა სფეროში?" – კითხულობს ის.

შოუბიზნესის ინდუსტრია აშკარად კარგი ადგილი იყო ამ საქმიანობის დასაწყებად. ლონგორია თავისუფალ დროს "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გადასაღებ მოედანზე პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, კინემატოგრაფისტებთან და სცენარისტებთან ატარებდა და მათ სამუშაოებზე ესაუბრებოდა. სურდა გაეგო, რა როგორ კეთდებოდა, რათა შემდეგ თვითონ შესძლებოდა გამეორება, მაგრამ − საკუთარი პირობებით.

მან 2005 წელს შექმნა თავისი საპროდიუსერო კომპანია, Unbelievable Entertainment, სადაც მიზანმიმართულად ცდილობდა ახალი პროექტების შექმნას და ახალი ტალანტების აყვანას. მისი მიზანი გახლდათ, მარგინალიზებული თემები ფართოდ ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი − როგორც კამერების წინ, ისე მის უკან. "როდესაც პროდიუსერი ხარ, ყველა უნდა შემოიკრიბო გარშემო, საუკეთესო ადამიანები უნდა აიყვანო და სამუშაო ადგილები შექმნა. ეს ყოველთვის მაინტერესებდა", – ამბობს ლონგორია. შემდეგ იგი სხვადასხვა ტიპის ფართო სპექტრის ტელეშოუს პროდიუსერი და რეჟისორი გახდა. აგვისტოში თავისი სადებიუტო სარეჟისორო ფილმის გადაღებები დაასრულა. ეს ბიოგრაფიული ფილმია, სახელად Flamin' Hot, მექსიკელ-ამერიკელი დამლაგებლის ისტორია, რომელმაც პოპულარული არომატი − Cheetos გამოიგონა.

როგორც ანტრეპრენერმა და აქტივისტმა, ლონგორიამ ჰოლივუდის საზღვრებიც გადალახა და არაკომერციული ორგანიზაცია Eva's Heroes დააარსა, რომელიც უფრო მრავალფეროვანს ხდის განსაკუთრებული ინტელექტუალური მოთხოვნილებების მქონე ადამიანთა ცხოვრებას. ის Latino Victory Fund-ის თანადამფუძნებელიცაა. მისი მთავარი მიზანია, ყველა სამთავრობო დონეზე ისმოდეს ლათინურამერიკული ხმები. გარდა ამისა, ის ციფრული პლატფორმა Poderistas-ის დამფუძნებელიცაა, რომლის მიზანია, ლათინურამერიკელებს თავიანთი ცხოვრებისა და საზოგადოების შეცვლის შესაძლებლობა მისცეს.

სექტემბერში კი, ახალი, ძვირადღირებული ტეკილა Casa Del Sol გამოუშვა. მას საქველმოქმედო ინიციატივები აქვს, გუნდს კი უმეტესად ქალები ხელმძღვანელობენ. ყოველივე ამის შემდეგ ამბობს, რომ თავიდანვე ფიქრობდა, ლონგორიას მისია ყოველთვის მის ნებისმიერ პროექტზე დიდი უნდა ყოფილიყო, რომელზეც მუშაობდა. "სატელევიზიო რეიტინგებსა და თქვენი ფილმების შემოსავლებზე უფრო დიდი საქმეებიც არსებობს", – ლონგორია ამ სიტყვებს ხშირად უმეორებს პოტენციურ პარტნიორებს, – "ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი მსოფლიოში და ამისთვის თქვენი დახმარებაა აუცილებელი".

ის საუბრობს იმის თაობაზე, თუ როგორ შეცვალა საკუთარი კარიერა და მისი აზრით, რის გაკეთება შეუძლიათ ქალებს, რათა საკუთარ ინდუსტრიებში მძლავრი და გრძელვადიანი ცვლილებები მოახდინონ.

როგორ მოემზადეთ მსახიობიდან პროდიუსერ-რეჟისორის როლზე გადასასვლელად?
ნებისმიერ საქმეში მთავარია მოხერხებული იყო. ეს გაკვეთილი დედაჩემმა მასწავლა. მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც ვუთხარი: "დედა, მშია". და მან მიპასუხა: "კარგი, რაკი გშია, უმჯობესი იქნება, თვითონ თუ მიხედავ საკუთარ თავს". და მეც მივხედე.

სკამი გაზქურისკენ მივწიე, ავანთე და კვერცხი გავტეხე. მახსოვს, როგორ მომეცა ამის ძალა. ეს მე თვითონ, საკუთარი ხელით გავაკეთე. რის სურვილიც უნდა მქონოდა, მაგალითად, ვინმეს გულშემატკივარი მინდოდა ვყოფილიყავი ან კოლეჯში დამეწყო სწავლა, დედამ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გამერკვია და ის მასწავლა, რომ ცხოვრებაში მოხერხებული უნდა ვყოფილიყავი და ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა.

ასეთი მიდგომა მაქვს ყველაფრის მიმართ. როდესაც პროდიუსერობა მოვინდომე, ამ საქმიანობაზე წიგნების კითხვა დავიწყე, ტერმინოლოგიაში მინდოდა გარკვევა. გარდა ამისა, ბიუჯეტებისა და აგენტის მოძებნის შესახებაც წავიკითხე წიგნი. მეც დავსვი ბევრი შეკითხვა. მინდოდა ღრუბელივით შემეწოვა ყველაფერი. როგორც კი სამსახიობო ოსტატობაში მივაღწიე წარმატებას, მიღებულ გამოცდილებას ისე ვიყენებდი, როგორც ჩემს კინოსკოლას.

თითქმის ათი წელიწადი გავატარე შოუში "სასოწარკვეთილი დიასახლისები", და უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ისწავლი რაღაცებს, თუ ყურადღებით ხარ და შეკითხვებს სვამ. ჩემთვის ვფიქრობდი: საინტერესოა, კიდევ როდის მომეცემა შესაძლებლობა ასე ახლოს ვიყო იმასთან, რის გაკეთებაც ნამდვილად ძალიან მინდა? გამიმართლა, რადგან რამდენიმე დიდი მენტორი მყავდა, და იმაშიც გამიმართლა, რომ ისინი მთელი ჩემი ცნობისმოყვარეობითა და შეკითხვებით დაინტერესდნენ. ასე რომ, თუ საზრიანი ხარ და ბევრ შეკითხვას სვამ, ბევრსაც სწავლობ.

ხშირად თქვენ იმას სწავლობდით, რასაც აკეთებდით. რა უპირატესობა აქვს ასეთ მიდგომას?
მგონია, ზოგადად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები, სრულყოფილებაზე ფიქრობენ და ამით საკუთარ პროგრესს უშლიან ხელს. როგორც წესი, ვფიქრობთ, რომ "მე ჯერ კიდევ არ ვარ მზად, საკმარისი ცოდნა არ მაქვს". "არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას". მაგრამ საქმე ის არის, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ სწავლობს, როდესაც რაღაცას აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა, რით დაიწყებთ. მხატვრული ფილმით დაიწყეთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმით დაიწყეთ, ან ტელევიზიით დაიწყეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რის გაკეთება გსურთ − ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ, უნდა დაიწყოთ. მე საერთოდ არ ვიცოდი, რეჟისურა რა იყო. ამ საქმეში გავერკვიე, როგორც შემეძლო, ვისწავლე, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი ყველაფერი რეჟისურის შესახებ. ამის მიუხედავად, ისე მოვკიდე ხელი ამ საქმეს, რომ ლოდინი არ დამიწყია, როდის შევისწავლიდი ყველაფერს რეჟისურაზე. თუ თქვენც ასე არ მოიქცევით, ვერასოდეს ვერაფერს დაიწყებთ.

გაქვთ თუ არა რაიმე სახის თანდაყოლილი უნარები, რომლებმაც თქვენი აზრით, წარმატებისთვის მოგამზადათ როგორც ანტრეპრენერი, პროდიუსერი, რეჟისორი და ქველმოქმედი?
მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ იღებენ სტუდიები უფრო მეტს ქალს. ჩვენ დაბადებიდანვე ვართ საკუთარი ცხოვრების რეჟისორები. ჩვენ პრობლემების გადაჭრის გზები ვიცით და სწორედ ეს არის რეჟისორობა. მე შესანიშნავი სამუშაო ეთიკა მაქვს − თუ რაიმე საქმეა შესასრულებელი, ის აუცილებლად შესრულდება. სხვა გზა არ არსებობს. "კეთილი, და ვინ გააკეთებს?" − თქვენ გააკეთებთ. ჩემთვის დაბალი რანგის სამუშაო არ არსებობს. მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, კიბეზე ასვლისას ყველა საფეხურს შევხებივარ − სტატისტად და ასისტენტად მუშაობით დაწყებული, და რეჟისორობით დამთავრებული. ვფიქრობ, ამან მომცა უნარი, გადასაღებ მოედანზე ყველა ამოცანაში გავრკვეულიყავი. ნუ შეგეშინდებათ ამ კიბის საფეხურებზე ასვლის და შემდეგ ნურც საკუთარი კიბის შექმნის შეგეშინდებათ.

გქონიათ თუ არა ოდესმე თვითმარქვიას სინდრომი, როგორც თვითნასწავლსა და ფერადკანიან ქალს ინდუსტრიაში, სადაც ქალები და ფერადკანიანები ფართოდ არ არიან წარმოდგენილნი?
დიახ! ნამდვილად მქონია. სანამ რაღაცის გაკეთებას მოვახერხებდი, თავს ვაჩვენებდი, თითქოს შემეძლო. და უნდა ვთქვა, რომ ყოველი გადაღებისას, პირველი დღის ახლაც კი საშინლად მეშინია. ყოველთვის, როდესაც კამერის უკან ვდგები, ჩემს მუცელში "პეპლები დაფარფატებენ". ვფიქრობ, ისინი ხვდებიან, რომ არ ვიცი, რასაც ვაკეთებ. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ამ დროს, ნამდვილად ვიცი, რასაც ვაკეთებ. მე მშვენივრად ვართმევ თავს ჩემს სამუშაოს. მე ნიჭიერი ვარ. უბრალოდ ჩემი მიზნების საკვებად და გასაძლიერებლად ვიყენებ ამ შფოთვას. იმ პეპლებს ვიყენებ, მუცელში რომ მიფარფატებენ.

როგორ ახერხებთ შფოთვის პროდუქტიულ ენერგიად გარდაქმნას?

ბევრს ვმედიტირებ და ეს მაყენებს სწორ გზაზე. შინიდან რომ გამოვდივარ, ვამბობ: "დღეს ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემიძლია", და ეს ნამდვილად ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ამ დღის მიმართ. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ სიტყვებს, რომლებსაც საკუთარ თავთან სასაუბროდ იყენებთ. და მე ამის გამო შევცვალე სერიოზულად ჩემი ლექსიკა. იმის ნაცვლად, რომ ვთქვა: "მე ძალიან დაკავებული ვარ", ვამბობ: "მე ძალიან პროდუქტიული ვარ". იმის ნაცვლად, რომ ვთქვა: "ამ შეხვედრაზე მთელი ქალაქის გავლით უნდა წავიდე", წინადადებას ვცვლი და ვამბობ: "მე უნდა მივიდე ამ შეხვედრაზე". ჩვეულებრივ, მთელი დღე ისეთი საქმეებით ვარ დაკავებული, რომლებიც იმასთან მიმიყვანენ, რის მიღწევასაც ვცდილობ. ამიტომ, ვფიქრობ, როდესაც ეს შფოთვა დაგეწყებათ და თვითმარქვიას სინდრომი მოგეპარებათ, საკუთარ თავს უნდა დაელაპარაკოთ და კეთილგანწყობილი უნდა იყოთ თქვენი თავის მიმართ. ეს დაგეხმარებათ გულწრფელი იყოთ საკუთარ თავთან, და თვითმარქვიას სინდრომის დახმარებით, სწორედ ის უნდა დაარწმუნოთ. დიახ − საკუთარი თავი.

თქვენი საპროდიუსერო კომპანია Unbelievable Entertainment-ის საშუალებით საკუთარ მისიად იმ ტალანტების პოვნა და მხარდაჭერა აქციეთ, რომლებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საზოგადოებაში. რა არის თქვენი სტრატეგია?

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამო საპროდიუსერო კომპანია შევქმენი: მინდოდა საშუალება მქონოდა და ის ამეყვანა სამსახურში, ვინც მე მინდოდა და შესაძლებლობები მიმეცა ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ ეს შესაძლებლობები არ ექნებოდათ. ცუდად ვხდები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ტალანტები არ არსებობენ.

ტალანტები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ეს მწერლის სამუშაო იქნება, რეჟისორის თუ მსახიობის, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს დიდი გამოცდილება იმის საჩვენებლად, რომ ამ საქმის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. პრობლემის ნაწილი ტალანტების ამ კონვეიერის შექმნაა, როგორც კამერის წინ, ისე მის უკან.

თქვენ როგორ ქმნით ამ კონვეიერს?

ეს ჩემს გარიგებებში მაქვს შეტანილი. მე კარტ ბლანში მაქვს საკუთარ ბიუჯეტთან დაკავშირებით. მსურს ფულის გამოყენების საშუალება მქონდეს, ეს თანხა იმ სცენარისტს ან რეჟისორს უნდა დავახარჯო, რომლებისაც მჯერა. ჩვენ სულ ახლახან გადავიღეთ Viacom-თან ერთად ჩვენი პირველი ფილმი. რეჟისორი ლათინურამერიკელი იყო, ოპერატორი ქალი გახლდათ და წამყვანი − ლათინურამერიკელი. და Viacom-მა მთლიანად დაუჭირა ამას მხარი. ისინი ამბობდნენ: "მიდი, გააკეთე, გაბედე". მათ არც კი უკითხავთ, როგორი გამოცდილება ჰქონდა რეჟისორს. ისინი მე მენდობოდნენ, მე უნდა დამედგინა, რა შეეძლო. ჩემი რეჟისორი კი, ტიროდა. ეს მისი პირველი ნამუშევარი იყო.

ასე რომ, ახლა ის შემდეგ სამუშაოზე გადადის, და შეუძლია თქვას, რომ თავისი ფუნქცია შეასრულა. ტელევიზიაშიც ასეა. მე ბევრი ლათინურამერიკელი სცენარისტი დავიქირავე და ახლა ისინი წინ წაიწევენ კარიერულ კიბეზე, რადგან მათ რეზიუმეში აღნიშნულია, რომ ტელეშოუ გააკეთეს. ახლა მათ შეუძლიათ შემდეგ შოუზე გადავიდნენ და იმ შესაძლებლობებით ისარგებლონ, რომლებიც ჩვენ მივეცით. ეს ყოველთვის ასეა. რაღაცით ხომ უნდა დაიწყო?..

როგორც ჩანს, თქვენ სერიოზულად უყურებთ, რომ ადამიანების სამსახურში აყვანის შესაძლებლობა გაქვთ.

დიახ, ნამდვილად ასეა. ქალებსა და ფერადკანიანებს გაუცნობიერებლად კი არ ვუკეთებ იგნორირებას, ისინი სრულიად გააზრებულად ამყავს სამსახურში. ჩემი აზრით, სტუდიების ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ ისინი ამაში უბრალოდ ვერ ერკვევიან. მახსოვს, სერიალის Grand Hotel პროდიუსერი ვიყავი და ქალი ოპერატორის აყვანა მინდოდა. მათ კი ტომი, დიკი და ჰარი გამომიგზავნეს. ამის შემდეგ იძულებული გავხდი ქალი ოპერატორი მომეთხოვა. მათ რამდენიმე მოიყვანეს და მათგან ერთ-ერთი ავიყვანე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ისინი უმეტესწილად სრულიად გაუაზრებლად გვიკეთებენ იგნორირებას.

ისინი შეთქმულებებს არ გეგმავენ თავიანთ ოფისებში, და კი არ ამბობენ: "მოდი, ნუ დავიქირავებთ ქალებს და ფერადკანიანებს". უბრალოდ, ტომზე, დიკიზე და ჰარიზე ფიქრობენ, რომლებთან ერთადაც ბოლო სამ პროექტზე იმუშავეს. და ამიტომ აქვთ ეს ახალი ინფორმაცია დაფიქსირებული გონებაში. ჩემს შემთხვევაში კი სხვაგვარადაა − ჩემს გონებაში დაფიქსირებული ახალი ინფორმაცია ქალებსა და ფერადკანიანებს ეხება. როდესაც მათ რაიმეს ვთავაზობ, ისინი ნამდვილად გამომეხმაურებიან. და როდესაც მათ წარვუდგენ ადამიანებს, ისინი ნამდვილად გამომეხმაურებიან. უბრალოდ, ეს საქმიანობა უნდა გავაგრძელო და ჩვენი საზოგადოების მეტი წარმომადგენელი უნდა წარვუდგინო საჭირო ადამიანებს.

თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მედიის საშუალებით კულტურის შეცვლას ისახავთ მიზნად. რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ ტრანსფორმაციული მედიის შესაქმნელად − თქვენი საპროდიუსერო კომპანია იქნება ეს თუ ციფრული ცხოვრების წესის საზოგადოება, Poderistas, რომლის თანადამფუძნებელიც ხართ?
მხატვარი და აქტივისტი ფავიანა როდრიგესი ამბობს, რომ კულტურული ცვლილებები ყოველთვის წინ უძღვის ცვლილებებს პოლიტიკაში, ჩვენ შეგვიძლია ეს კულტურა მედიის საშუალებით შევცვალოთ. მაგალითად, ნახეთ როდის გადიოდა სერიალი I Love Lucy ტელევიზიით. ადამიანები სიამოვნებით უყურებდნენ საკუთარ სახლებში რიკი რიკარდოს. შემდეგ კუბის კრიზისი მოხდა, და ყველა ერთ აზრზე იყო, რომ კუბელები დიდებულები იყვნენ. ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ქორწინების თანასწორობის შესახებ. სანამ უზენაესი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, ადამიანებს ისეთი სატელევიზიო შოუები ანუგეშებდნენ, როგორიცაა Ellen and Roseanne.

რაც შემეხება მე, ყოველთვის ვფიქრობ იმ სახეებზე, რომელთა შექმნაც შეგვიძლია. ისინი იმ ადამიანებმაც უნდა დაინახონ, რომლებიც ჩვენთან არ ურთიერთობენ. მე იმაზე ვფიქრობ, თუ რა შემიძლია მათ ვაჩვენო, რა უნდა იყოს ისეთი, რაც მათ გააცინებთ, რაც მათ ურთიერთობებისკენ უბიძგებთ, აატირებთ და გაართობთ, და კიდევ, რა გახდით მათ უფრო გაბედულებს, რა დაეხმარებათ აღარ იყოყმანონ გადაწყვეტილებების მიღებისას ან ნაკლებად ეშინოდეთ ცვლილებების. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კულტურა ტელევიზიისა და კინოს საშუალებით შევცვალოთ.

მასთან ერთად, თქვენ საზოგადოებას გონივრულად უცვლით წარმოდგენებს საკუთარ თავზე. ეს ისეთი შთამაგონებელი ფილმების საშუალებით ხდება, როგორიცაა მაგალითად, Flamin 'Hot, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე. ან ისეთი ტელესერიალების, როგორიცაა Devious Maids, რომლებიც ისტორიულად დაჩაგრულებს აძლევს შესაძლებლობებს. თქვენ ამ საზოგადოებებს უჩვენებთ მაყურებელს და განადიდებთ მათ, როგორებიც უნდა იყვნენ და სადაც უნდა იყვნენ ისინი. როგორ გახდა თხრობის ეს ფორმა ასეთი ეფექტური, რომ მთხრობელებმა შესაძლოა კულტურული შეხედულებების შეცვლაზეც კი მოახდინონ გავლენა?
მინდა, ჩვენი საზოგადოების ყველა ფერს მივაგო პატივი ისტორიაში და ყველა ლამაზი ადამიანი ვაჩვენო ყველა ფენიდან საზოგადოებას. მახსოვს, როდესაც Devious Maids გადავიღე, და მითხრეს: "ოჰ, თქვენ სტერეოტიპებს აგრძელებთ, რომ ლათინურამერიკელები, როგორც წესი, ყოველთვის მოახლეები არიან". დავიწყოთ იმით, რომ ეს პირველი სერიალია, რომელშიც მთელი სამსახიობო გუნდი ლათინურამერიკელი გახლდათ. შემდეგ, სამივე მსახიობის დედა მოახლე იყო და ისინი ძალიან განაწყენდნენ. მიზეზი რა იყო? უბრალოდ, მსახიობებს ეგონათ, რომ მათი დედების ისტორიები არ იყო ისეთი, რომ მოყოლად ღირდა. და მესამე − მოახლეები შოუს მორალური კომპასის როლს ასრულებდნენ. შოუ მათ ცხოვრებაზეა.

ისინი არ იყვნენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. არც კარიკატურულები იყვნენ. ეს ისტორიები მთლიანად მათ მიჰყავდათ. შემდეგ Grand Hotel გადავიღე − ისტორია მდიდარი ლათინურამერიკული ოჯახის შესახებ, რომლებიც სასტუმროს მფლობელები იყვნენ და ყველა რასის პერსონალი ჰყავდათ. ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენ ერთ მთლიანობად მიგვიჩნიოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს განსხვავებული ისტორიები უჩვენოთ მაყურებელს და ამავე დროს, მაინც შეეხოთ და აღნიშნოთ ის უნივერსალური თემები, როგორიცაა ოჯახი, სიყვარული და საზოგადოება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"