Nexia Georgia - 2024 წლის შეჯამება და 2025 წლის გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?
ბორის მეგრელიშვილი, გელა მღებრიშვილი, დავით მამრიკიშვილი, დავით ლომიძე
Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორები
2024 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის. 10 წლის იუბილე მასშტაბური ღონისძიებებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით დავხურეთ. უპირველესად, ეს არის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების რეიტინგის ხუთეულში შესვლა და "წლის კომპანიის" პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო Nexia International-ისგან, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიის, ინვესტიციების, სერვისებისა და გუნდური ძალისხმევის ეფექტიანობის აღიარებაა და კიდევ უფრო ამყარებს Nexia Georgia-ს პოზიციას აუდიტორულ ბაზარზე.
გასულ წელს ფოკუსირებული ვიყავით ინოვაციებზე, სერვისების გაფართოებაზე, კლიენტებისა და თანამშრომლების ლოიალობის პროგრამებსა და ჩვენი გლობალური ქსელის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გავხდით პირველი აუდიტორული ფირმა საქართველოში, რომელმაც ბუღალტრულ და ფინანსურ ოპერაციებში პროცესების ავტომატიზაციისთვის რობოტული ტექნოლოგიების (RPA) გამოყენება დავიწყეთ და ახლა ქსელის წევრ კომპანიებს ვეხმარებით მის დანერგვაში.
წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კიბერუსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ზომების მიღება და ISO27001 სტანდარტის დანერგვაა. ამით ჩვენ გავხდით პირველი კომპანია როგორც აუდიტორულ, ასევე საფინანსო სფეროში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბითაც, რომელმაც კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის უახლესი, 2022 წლის ვერსია დავნერგეთ და შესაბამისი სერტიფიკატიც მივიღეთ.
2024 წელი თანამშრომელთა რაოდენობის ზრდითაც რეკორდული აღმოჩნდა: ამ ეტაპზე ჩვენს გუნდში 250 ადამიანია დასაქმებული. აუდიტორულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ვართ ბუღალტერიის მიმართულებით და ყველაზე დიდი საგადასახადო გუნდი გვყავს. ასევე, პირველი აუდიტორული კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც ტრანსფერ პრაისინგისა და ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის ცალკე დეპარტამენტები აქვს. აღსანიშნავია CFO აუთსორსინგის მიმართულებაც, რომლის გუნდიც 1 წელიწადში 4-დან 15 თანამშრომლამდე გაიზარდა.
თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, დგება მათთვის კომფორტული სამუშაო სივრცის მოწყობის საკითხი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და საკმაოდ დიდი ინვესტიცია გავიღეთ გაფართოებისთვის. უკვე 1 წელია King David-ის ბიზნესცენტრში, განახლებულ ოფისში განვაგრძნობთ საქმიანობას. ასე რომ, 2024 წელი ჩვენი გუნდისთვის ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორც აღვნიშნეთ, 2024 წელს ჩვენი თითქმის ყველა სერვისი გაიზარდა და გაფართოვდა, ასევე, განვავითარეთ სრულიად ახალი მიმართულებები ბიზნესის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ზრდას, ბუნებრივია, თან ახლავს გამოწვევებიც და ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მაღალი სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნება კლიენტების მზარდი მოთხოვნის ფონზე.
სწორედ ამიტომ გასულ წელს პრიორიტეტად დავსახეთ და განსაკუთრებით დიდი ინვესტიცია ჩავდეთ სასწავლო პროგრამებსა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებში. უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული მენეჯერული რგოლი და კლიენტებთან ურთიერთობის გუნდიც, რომლებიც მუშაობდნენ კლიენტების საჭიროებების გამოვლენასა და უკუკავშირზე სხვადასხვა მომსახურებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აუდიტორულ სფეროში რეპუტაცია და მაღალი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბევრ წარმატებასა და მიღწევას შორის ყველაზე საამაყო წლის ბოლოს მიღებული "წლის კომპანიის / The Firm of the Year" ჯილდოა, რომელიც ქსელის წევრ 800-მდე კომპანიას შორის ჩვენ, ქართულმა ოფისმა მოვიპოვეთ. სხვათა შორის, Nexia Georgia ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ეს მთავარი ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა.
ეს ჯილდო იმ კომპანიების აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში, წარმატებით პოზიციონირებენ ადგილობრივ ბაზარზე და მუდმივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ 2025 წელი ბიზნესსამყაროსთვის პოზიტიური იქნება. იცით, რომ ბიზნესზე ყოველთვის ახდენს გავლენას გეოპილიტიკური ფაქტორები და ლოკალური პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ, როგორც საკონსულტაციო კომპანიას, ამ კუთხითაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება: ჩვენს კლიენტ კომპანიებს, - 700-მდე პარტნიორ ბიზნესს, - უნდა მივცეთ ნავიგაციისა და ბიზნესის განვითარების ხედვა ყველანაირ გამოწვევასთან საპასუხოდ.
ზოგადად, თანამედროვე, ტრანსფორმაციულ ეპოქაში წარმატების მისაღწევად, ბიზნესმა ყოველთვის უნდა უპასუხოს გამოწვევებს და შეძლოს მოერგოს ტენდენციებს. მომდევნო წელს კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კიბერუსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე, კომპანიის მონაცემების დაცვაზე კიბერშეტევებისგან, რაც უფრო სავარაუდოა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის დროს და ასევე, რობოტული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის ინსტრუმენტების უფრო ფართო გამოყენებაზე ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ კუთხით ჩვენ უკვე გვაქვს გეგმები და სტრატეგია და გვჯერა, რომ ციფრულ ინოვაციებსა და ადამიანურ პოტენციალს შორის ბალანსის შენარჩუნებით შესაძლებელია სწრაფი განვითარება.