NFT ბილეთები vs "შავი ბაზარი": როგორ ცვლის sTickets ქართულ რეალობას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ღონისძიებაზე დასწრება ხშირად ორ ნაწილად იყოფა: სიამოვნება უშუალოდ ღონისძიებისგან და სტრესი, რომელიც ბილეთის შოვნას ან გადაყიდვას ახლავს თან. სწორედ ამ დისბალანსის აღმოფხვრა გადაწყვიტა სამმა თანამოაზრემ – ნიკო ორმოცაძემ, სანდრო ტოზაშვილმა და ლუკა ხიმშიაშვილმა. კომპანია sTickets-ის დამფუძნებლები ბაზარზე ახალ თამაშის წესებს ნერგავენ, სადაც თაღლითობის ადგილი აღარ რჩება.
იდეა პირადი გამოცდილებიდან დაიბადა. როგორც ღონისძიებების აქტიურ დამსწრეებს, დამფუძნებლებს არაერთხელ გამოუცდიათ საკუთარ თავზე ის ქაოსი, რაც ბილეთების მეორად ბაზარზე ხდება.
"საქართველოში ბილეთების ყიდვისა და განსაკუთრებით გადაყიდვის პროცესი ყოველთვის იყო სტრესული, დროში გაწელილი და ხშირ შემთხვევაში სარისკო. Facebook ჯგუფებში ბილეთის ძებნა, უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია, არასანდო გადარიცხვები – ყველაფერი ქმნიდა გარემოს, სადაც მომხმარებელი, პრაქტიკულად, დაუცველი რჩებოდა", – აცხადებენ sTickets-ის დამფუძნებლები.
გუნდის მიზანი მარტივი, მაგრამ რევოლუციურია: ბილეთი აღარ უნდა იყოს მხოლოდ QR კოდი. sTickets-მა შექმნა NFT ტექნოლოგიაზე აგებული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საკუთრების სრულიად ახალ განცდას აძლევს.
"ჩვენთვის აღმოჩნდა ნათელი, რომ ბილეთი, როგორც ციფრული ობიექტი, უნდა იქცეს აქტივად, რომელსაც აქვს ღირებულება, უსაფრთხოება და სავსებით ახალი შესაძლებლობები. ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც გამორიცხავს თაღლითობას, ქმნის უსაფრთხო გადაყიდვის სივრცეს, ორგანიზატორს კი აძლევს კონტროლსა და დამატებით შემოსავალს".
ბაზარზე, სადაც მომხმარებელი და ბიზნესი წლების განმავლობაში მიჩვეულია ერთგვაროვან სისტემებს, Web3 ტექნოლოგიების შემოტანა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. sTickets-ის გუნდის მთავარი გამოწვევა რთული ტექნოლოგიისა და მარტივი მომხმარებლის გამოცდილების (UX) სინთეზი აღმოჩნდა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა არის თანამედროვე ტექნოლოგიისა და მომხმარებლის ტრადიციული გამოცდილების სრულყოფილი სინთეზი. ჩვენს მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს კრიპტოსაფულე, რთული რეგისტრაცია ან ტექნიკური ცოდნა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოწვევები მივიყვანეთ იდეალურ დონემდე: შევქმენით გამოცდილება, სადაც სიძლიერე ბლოქჩეინიდან მოდის, ხოლო სიმარტივე – კლასიკური UX-დან".
მათი თქმით, ასევე რთული იყო:
- ქართულ ბაზარზე NFT ტერმინის სწორი ინტერპრეტაცია
- ორგანიზატორების ნდობის მოპოვება
- "რატომ უნდა გადავიდე ახალ პლატფორმაზე?" – ამ შეკითხვისთვის დამაჯერებელი პასუხის გაცემა
- უსაფრთხო გადაყიდვის არქიტექტურის დაგეგმვა, რომელიც ტექნიკურად არ დატოვებდა შეკითხვებს
დამფუძნებლების მთავარი მოტივაცია ის ემოციაა, რომელსაც ადამიანები ფესტივალებზე, კონცერტებსა თუ სპორტულ ღონისძიებებზე იღებენ. მათ სურთ, რომ ბილეთის შეძენის პროცესიც ისეთივე პოზიტიური იყოს, როგორიც თავად ღონისძიება.
"როცა ხედავ, რამდენი შესანიშნავი გამოცდილება იქმნება ღონისძიებაზე დასწრების მომენტში, გრჩება კითხვა: რატომ უნდა იყოს ბილეთის ყიდვა ყველაზე უსიამოვნო და სტრესული ნაწილი?"
sTickets-ის გეგმები მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება. კომპანია მიზნად ისახავს, გახდეს რეგიონული ლიდერი და დაამკვიდროს ახალი სტანდარტი, სადაც მომხმარებელი იღებს უსაფრთხო და მარტივ გამოცდილებას, ორგანიზატორი – კონტროლს და ახალ შემოსავლის წყაროს, ხოლო ბაზარი – გამჭვირვალე, სანდო და ინოვაციურ პროდუქტს.
"მომდევნო ერთი წელი sTickets-ისთვის გადამწყვეტი ეტაპი იქნება. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ბილეთების გაყიდვის სივრცეს; ვაშენებთ ეკოსისტემას, რომელიც მომავლის სტანდარტს ჩამოაყალიბებს", – ამბობს გუნდი.