Get All Access for $5/mo

ნიკოლა ტესლა - მეცნიერებისა და მაგიის გასაყარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ინოვაციური გამოგონების ავტორები თვალის დახამხამებაში მილიარდერები ხდებიან და საყოველთაო აღიარებას იხვეჭენ, თუმცა ისტორიას ახსოვს ერთი მეცნიერის სახელი, რომლის გამოგონებების გარეშე, ჩვენ დღეს განვითარების დონით, დაახლოებით 100 წლით უკან აღმოვჩნდებოდით. ეს მეცნიერი სიღარიბეში გარდაიცვალა, ვერ ეღირსა ნობელის პრემიას და რომ არა ილონ მასკი, ფართო საზოგადოებისათვის მისი სახელიც კი უცნობი იქნებოდა. საუბარია ნიკოლა ტესლაზე − ფენომენ ადამიანზე, რომელიც ერთი მხრივ უამრავი მითითაა გარემოცული, ხოლო მეორე მხრივ, ამ მითების გამო ხშირად ივიწყებენ მის წვლილს ტექნიკურ პროგრესში.

ნიკოლა ტესლა 1856 წელს ავსტრიის იმპერიაში დაიბადა. მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ ევროპის რუკამ უამრავი ცვლილება განიცადა, რის გამო ამ მეცნიერის სამშობლოს ტიტულისთვის არაერთი ქვეყანა გამოთქვამს პრეტენზიას. ტესლა ეროვნებით სერბია, თუმცა სოფელი, სადაც ნიკოლა დაიბადა, დღესდღეობით ხორვატიის შემადგენლობაშია და ბოსნიელებიც მეცნიერს თავისიანად აღიქვამენ. ყველაფერს კი ტესლას ამერიკული მოქალაქეობა აგვირგვინებს, რომელიც მას 1891 მიანიჭეს, ვინაიდან მშობლიურ ევროპაში, რბილად რომ ვთქვათ, საქმე ვერ წაუვიდა. ნიკოლას ოჯახი მას სასულიერო მსახურებისთვის ამზადებდა, თუმცა ახალგაზრდა ტალანტი მალევე შეამჩნია სახელოვანი მეცნიერ-მეწარმის, თომას ედისონის კომპანიის პარიზის ფილიალმა და ტესლა საფრანგეთში გადაბარგდა. სწორედ ედისონის კომპანიაში შეეჩეხა ტესლა პირველად სამყაროს სისასტიკეს, როდესაც სტრასბურგის სარკინიგზო სადგურის განათების პროექტის წარმატებით შესრულების შემდეგ, მან დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღო. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...

აშშ-ში გადასახლების შემდეგ, როდესაც მან ედისონის სათავო ოფისში დაიწყო მუშაობა, იგი არაერთხელ მოატყუა თავად ედისონმა, რომელმაც ახალგაზრდა მეცნიერს მისი ელექტრომობილის გაუმჯობესებაზე მუშაობა შესთავაზა. ტესლამ დროის მცირე მონაკვეთში ედისონს გაუმჯობესების 24 სხვადასხვა ვარიანტი და რამდენიმე რევოლუციური დეტალი შესთავაზა. ედისონი მას ამ სამუშაოში 50 000 დოლარს ჰპირდებოდა, თუმცა სასურველი შედეგის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, რომელიც ტესლამ ვერ გაიგო. ნიკოლა მალევე წამოვიდა ედისონის კომპანიიდან და ამ დროისთვის, უკვე საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა აშშ-ის სამეცნიერო წრეებში.

ჯერ კიდევ ევროპაში, 1883 წლისთვის ტესლა ასინქრონულ ელექტროძრავზე მუშაობდა, რომელიც მომავალს შეცვლის. ამავდროულად, ტესლა ატარებდა ცდებს მბრუნავ მაგნიტურ ველებზე, რისი დამსახურებითაც ედისონთან გახმაურებული კონფლიქტის შემდეგ მას დიდხანს არ უშიმშილია. სწორედ ტესლას ხელში იყო ედისონის იმპერიის განადგურების გასაღები, სახელად ცვლადი დენი, რომლითაც დღეს თითქმის ყველა ჩვენი გაჯეტი საზრდოობს.

ცვლადი დენი ტესლას არ გამოუგონებია, მან მიაგნო იმ მეთოდს, თუ როგორ შეეძლო ადამიანს მისი "მორჯულება", რითაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ე.წ. "დენების ომთა" მსვლელობაში, რომელზეც სულ ახლახან ჰოლივუდში ფილმიც კი გადაიღეს.

ორიოდე სიტყვით თომას ედისონსაც უნდა შევეხოთ, რომელიც კარგი მეცნიერი გახლდათ, თუმცა ბევრად უკეთესი იგი ბიზნესის მართვაში აღმოჩნდა. მან გადაწყვიტა აშშ-ის ქალაქების ქუჩები ნათურებით გაენათებინა, რისთვისაც უზარმაზარი კორპორაცია დააფუძნა და აშშ-ის მთავრობასთან კოლოსალური მასშტაბის კონტრაქტებს აფორმებდა. ედისონმა მთელი ენერგოინფრასტრუქტურა გამართა, ნათურების წარმოებიდან მსხვილ ელექტროსადგურებამდე, თუმცა საქმე ისაა, რომ ეს სისტემა დამოკიდებული იყო მუდმივ დენზე, რაც საბოლოოდ შეიწირავს კიდეც ედისონის იმპერიას.

მარტივად რომ ავხსნათ, მუდმივი დენის შორ მანძილზე გადაცემა დიდი გამოწვევაა. მას რთული მოწყობილობები სჭირდება და რაც მთავარია, მისი ძაბვის ცვლილება ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ეს მთავარი წინააღმდეგობაა, რომელიც მუდმივი დენით მოწყობილობების მომარაგებას ართულებდა და აძვირებდა. სწორედ ამიტომ აიყვანა ედისონმა სამსახურში ტესლა, რომელსაც მუდმივი დენის ოპტიმიზაციის საკითხზე უნდა ემუშავა.

მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, ედისონის იმპერიას უკვე ასობით ელექტროსადგური ჰქონდა ტესლას დამსახურებით, თუმცა ნიკოლა მაინც ცვლადი დენის იდეის ერთგულად რჩებოდა, რაც ბევრად იაფი, ტექნოლოგიურად მოწინავე და პოტენციურად ბევრად წარმატებული იქნებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, ედისონი ხშირად დასცინოდა და ამცირებდა ტესლას მისი ცვლადი დენის მიმართ ასეთი სიყვარულის გამო.

"დენების ომის" მეორე მხარეს ცვლადი დენის მომხრეები იყვნენ, მეცნიერ-მეწარმე ჯორჯ უესტინგჰაუსის თაოსნობით, რომელიც კარგად ხედავდა მუდმივი დენის ნაკლოვანებებს, თუმცა ედისონისგან განსხვავებით, გავლენიანი მეგობრები არ ჰყოლია და მის იდეებს არავინ იზიარებდა. სასწაულებრივად, მან 1887 წელს დაფინანსების მოპოვება შეძლო და შექმნა კომპანია, რომელიც განათების ბაზარს სწრაფი ტემპით იპყრობდა. დაახლოებით ამ დროს გადაიკვეთა ტესლასა და ჯორჯის გზები. ედისონთან კონფლიქტის შემდეგ, ტესლას ძალიან გაუჭირდა, იგი მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ საკანალიზაციო არხებს თხრიდა და ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძოდა, როდესაც უესტინგჰაუსმა ნიკოლა საკუთარ კომპანიაში აიყვანა.

ტესლა ბიზნესისგან შორს იჭერდა თავს. მას გამოგონებები იტაცებდა და ფულს ყურადღებას არ აქცევდა. ცვლადი დენის ქსელების, თითქმის დღევანდელი სახით მისაღებად, უესტინგჰაუსმა ტესლას მილიონი დოლარი გადასცა, თუმცა სერბს ეს თანხა არც აინტერესებდა − მას ედისონის დამარცხება უნდოდა. საბოლოო გამარჯვებამდე, ტესლამ და უესტინგჰაუსმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს. საკუთარი გავლენების დახმარებით, ედისონმა ნამდვილი ანტი PR-კამპანია ააგორა ცვლადი დენის წინააღმდეგ. იგი მისი მეშვეობით ცხოველებს ხოცავდა, შექმნა ელექტროსკამი და ყველანაირად აჯერებდა საზოგადოებას, რომ ცვლადი დენი ბოროტებაა. თუმცა, საბედნიეროდ, ბიზნესის კანონები ტესლას მხარეს იყო, ვინაიდან მისი ტექნოლოგიები გაცილებით იაფი, ეფექტური და მარტივი იყო.

"დენების ომი" უესტინგჰაუსისა და ტესლას მიერ ნიაგარას ჩანჩქერზე უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურის აშენებით დასრულდა, რომელმაც ცვლადი დენით ქალაქ ბუფალოს უზრუნველყოფა შეძლო. ედისონი საბოლოოდ დამარცხდა, მისი კომპანია გაკოტრდა და შეერწყა კონკურენტ General Electric-ს, რომელიც დღესაც კი ოპერირებს.

ომის დასრულების შემდეგ, ტესლას შეეძლო მილიონერი გამხდარიყო, თუმცა მან უარი თქვა უესტინგჰაუსთან მუდმივ თანამშრომლობაზე და "ფრილანსერად" გააგრძელა მუშაობა. იგი ბევრს მოგზაურობდა, ატარებდა ექსპერიმენტებს, აშენებდა უზარმაზარ კოშკებს და დენის უსადენო გადაცემის იდეით შეპყრობილი, გიჟურ პროექტებს ახორციელებდა. მალევე, ტესლამ მოახერხა დენის რამდენიმე კილომეტრის მანძილზე უსადენოდ გადაცემა, მან პირველმა წამოჭრა იდეა უსადენო კავშირზე და მობილურ ტელეფონებზე. ტესლამ გამოიგონა რადიო, ფლუორესცენტული ნათურა, რენტგენის სხივი და უამრავი სხვა ტექნოლოგია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის პრაქტიკული გამოყენებისათვის და საზოგადოებისთვის გასაცნობად, ნიკოლას არასოდეს ეცალა, რის გამოც მან მეცნიერთა სანატრელი ნობელის პრემია ვერ დაიმსახურა.

საინტერესოა რადიოს პატენტის ისტორიაც, როდესაც იგი ტესლას მაგივრად, რომელმაც საავტორო განაცხადი ჯერ კიდევ 1897 წელს შეიტანა, მარკონის და ბრაუნს გადასცეს 1907 წელს, რაშიც ედისონის ხელი იყო გარეული. სამართლიანობა მხოლოდ 1943 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აღადგინა, გააუქმა მარკონის პატენტი და რადიოს ნამდვილ ავტორად ნიკოლა ტესლა დაასახელა.

ტესლას გამოგონებათა სიაში ისეთ წარმოუდგენელ მოწყობილობებს შეხვდებით, როგორებიცაა: ვერტმფრენი, ლაზერი, ოზონის გენერატორი, დისტანციურად მართვადი ელექტრო წყალქვეშა ნავი, თუმცა მათ უმეტესობას რადიოს ბედი ეწია. დღესაც კი, მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია და საცავებში ინახება.

ფინანსების მიმართ ასეთი გულგრილობის გამო, ტესლა სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა. გადაუჭარბებელი იქნება თუ ვიტყვით, რომ მის გარეშე კაცობრიობის ისტორია შესაძლოა სულ სხვა გზით განვითარებულიყო. სხვა რომ არაფერი, ნიკოლა ტესლა შთაგონების წყაროდ იქცა უამრავი ახალი თაობის მეცნიერისთვისაც, რომლებმაც ჩვენს ხელთ არსებული თანამედროვე გაჯეტები, სწორედ ტესლას გამომგონებლური სულისკვეთების ინსპირაციით შექმნეს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი