Get All Access for $5/mo

ნიკოტინის როლი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიაში ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების ძირითად მიზეზს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ადამიანები ნიკოტინისთვის ეწევიან, თუმცა ისინი კუპრის შედეგად კვდებიან" - ეს ფრაზა თამბაქოზე დამოკიდებულების ერთ-ერთ პირველ მკვლევარს, პროფესორ მაიკლ რასელს ეკუთვნის, რომელიც მან ჯერ კიდევ 1976 წელს გააჟღერა.

დღეს კი ეს ფაქტი არაერთი სამეცნიერო კვლევით დასტურდება. მეცნიერები თანხმდებიან, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი ის ათასობით მავნე ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც თამბაქოს კვამლში გვხვდება.

მაიკლ რასელის სიტყვებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც (FDA) ადასტურებს.

"მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორებიც არის: ფილტვების სხვადასხვა ფატალური დაავადება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) და კიბო, იწვევს მავნე ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა, მაგრამ არა ნიკოტინი", - ვკითხულობთ FDA-ს განცხადებაში.

ისეთი მავნე ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა, როგორებიც არის: მხუთავი აირი, ფორმალდეჰიდები, ამიაკი, წყალბადის ციანიდი და სხვა, ქმნის კუპრს - ბლანტ, ყავისფერ სითხეს, რომელიც თამბაქოს ფოთლების წვის შედეგად გამოიყოფა და მწეველის მიერ შეისუნთქება.

მათგან განსხვავდებით, ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების ძირითად მიზეზს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკოტინი კოფეინის მსგავსია - ეს არის საკვებში არსებული ნივთიერება, რომელსაც მასტიმულირებელი და დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია.

მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად, აშშ-ში ჩატარებული კვლევა (HINTS) აჩვენებს, რომ აშშ-ს ეროვნული კიბოს ინსტიტუტის (US National Cancer Institute) მკვლევართა 57% არასწორად მიიჩნევს, რომ სწორედ ნიკოტინი წარმოადგენს ტრადიციულ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს. უფრო მეტიც, ამავე კვლევაში მონაწილე მკურნალთა 80% იზიარებს აღნიშნულ შეხედულებას.

ათასობით კვლევა კი საპირისპიროს ადასტურებს. სწორედ ამიტომ, დღეს ექიმები ნიკოტინს მწეველი პაციენტებისთვის როგორც მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობ საშუალებად ნიშნავენ. ეს არის თამბაქოს ჩამნაცვლებელი თერაპიის (NRT) მთავარი იდეა, რომელიც აღიარებს, რომ ტრადიციული სიგარეტის კვამლი წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული ზიანის გამომწვევ მიზეზს და არა - ნიკოტინი.

თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მწეველთა სიგარეტზე დამოკიდებულება არ არის განპირობებული მხოლოდ ნიკოტინით.

"თუ დავუშვებთ, რომ მხოლოდ ნიკოტინი არის სიგარეტზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზი, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ მწეველს, რომელიც ნიკოტინის პლასტერს იყენებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავი დაანებოს მოწევას. მიზეზი ნიკოტინზე შორს მიდის - ეს არის ნიკოტინისა და მოწევის რიტუალის ერთობლიობა, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას მწეველს, მარტივად დაანებოს თავი ტრადიციული თამბაქოს მოხმარებას", - აღნიშნავს ვაშინგტონში დაფუძნებული მომხმარებელთა ადვოკატირების ცენტრი "Consumer Choice Center".

აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, დევიდ სვეანორი, თამბაქოს კონტროლის ექსპერტი, აღნიშნავს, რომ ტრადიციული თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, მწეველს მიაწოდონ ნიკოტინის სასურველი დონე და შეამცირონ მათი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

"მეცნიერებას შეუძლია გვითხრას, რა იწვევს დაავადებას. ჩვენ კი ამ გამომწვევ მიზეზს უნდა გავუმკლავდეთ. ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებას წარმოადგენს, " - ამბობს დევიდ სვეანორი, თამბაქოს კონტროლის ექსპერტი.

ნიკოტინის შემცველი ტრადიციული თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენა ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების შემცირებას იწვევს. მაგალითად, ნორვეგიაში ბაზარზე თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების ლეგალიზაციის შემდეგ სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, ისლანდიაში ეს მაჩვენებელი 40%-ით დაეცა, იაპონიაში კი 34%-ით შემცირდა.

"დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევამციროთ თამბაქოს მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, დავაჩქაროთ მწეველთა ტრანზიციის პროცესი და გადავარჩინოთ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე", - აღნიშნავს დევიდ სვეანორი.

თამბაქოს ზიანის შემცირება (THR) წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მწეველს, რომელიც ვერ ანებებს თავს მოწევას, შეამციროს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად საკუთარი და მის გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტს კი ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო პროდუქტები - ელ. სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები წარმოადგენს.

დღეს საქართველოში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები ტრადიციული სიგარეტის მსგავსად რეგულირდება. საქართველოს საკანონმდებლო და ჯანდაცვის სისტემა არ ითვალისწინებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციურ უპირატესობებს. ეს კი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა საქართველოში მცხოვრები 800 000 მწეველისათვის, რომელიც აგრძელებს სიგარეტის- ყველაზე მავნე პროდუქტის მოხმარებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი