Noosh Flowers: პრემიუმ ფლორისტიკის ახალი სახე საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყვავილები ხშირად უბრალოდ საჩუქრად აღიქმება, თუმცა Noosh Flowers-ისთვის ისინი ბევრად მეტია, – ხასიათი, ემოცია და გზავნილი. ბრენდის შექმნის იდეა სწორედ იმ განცდიდან დაიბადა, რომ ბაზარზე ნამუშევრები ერთმანეთს დაემსგავსა: სტანდარტული თაიგულები და შეფუთვა, რომლებშიც ინდივიდუალობა ნაკლებად იგრძნობოდა.
როგორც ნუკა შენგელია აღნიშნავს, ბრენდის მთავარი სურვილი იყო, ყვავილებისთვის მკაფიოდ მიენიჭებინათ ემოცია და სტილი.
"გვინდოდა, ყვავილი ყოფილიყო ხასიათი. როდესაც საყვარელ ადამიანს ჩუქნი, ეს უნდა იყოს გააზრებული, ლამაზი და ბევრის მთქმელი. იდეა ძალიან ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ესთეტიკის, ფერებისა და დეტალების სიყვარული დროთა განმავლობაში უფრო კონკრეტულ ხედვად იქცა".
ნუკა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში შეიძლებოდა უფრო დახვეწილი, მინიმალისტური ფლორისტიკის შექმნა, – ნაკლები ქაოსი და მეტი გემოვნება. ეტაპობრივად ეს იდეა ბრენდად იქცა და საკუთარი იდენტობა შეიძინა.
Noosh Flowers-ის ჩამოყალიბება გაბედულებასაც მოითხოვდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე საკუთარი ხედვის ერთგულად დარჩენა იყო საჭირო.

"არ მინდოდა მეინსტრიმი. მინდოდა, განსხვავებული ხელწერა გვქონოდა, და ეს ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული. თუმცა მუდამ მჯეროდა, რომ ხარისხსა და სტილს თავისი აუდიტორია ყოველთვის ჰყავს".
ბიზნესის გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა სტაბილურობის შენარჩუნება და გუნდის ჩამოყალიბება აღმოჩნდა. ყვავილები ცოცხალი პროდუქტია, რაც მუდმივ ყურადღებასა და კონტროლს მოითხოვს. ლოგისტიკა, ხარისხი, სეზონურობა, – თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთი გუნდის შეკრება, რომელიც ბრენდის ხედვას გაიზიარებდა. როგორც ნუკა ამბობს, სწორედ ამ პროცესში გაუმართლა ყველაზე მეტად. ადამიანების პოვნა, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და სტილს იზიარებენ, ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ბიზნესმა მას პასუხისმგებლობა და სიმშვიდე ასწავლა. გააცნობიერა, რომ იდეალური დრო არ არსებობს და თუ რაიმეს გაკეთება გინდა, უნდა დაიწყო.
"დამწყებებს ვეტყოდი, ნუ დაელოდებით 100%-იან მზადყოფნას. ქალებს განსაკუთრებით – ნუ შეიზღუდავთ თავს. ხშირად ჩვენ თვითონ ვაყენებთ საკუთარ თავს ჩარჩოში. ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვინც იდეას პასუხისმგებლობით ეკიდება და მზად არის, რთულ პერიოდშიც არ გაჩერდეს".

ინსპირაციის მთავარი წყარო მისთვის საბოლოო პროდუქტზე ფიქრი და მომხმარებლის რეაქციაა. ძალიან მნიშვნელოვანი ის განცდაა, რომ შექმნილი თაიგული ვიღაცისთვის განსაკუთრებული მომენტის ნაწილი ხდება.
ბოლო პერიოდში Noosh Flowers-ისთვის საინტერესო მიმართულებად იქცა სივრცე, როგორც გამოცდილება. ბრენდი აღარ მოიცავს მხოლოდ ყვავილებს, ის თანდათან კრეატიულ ჰაბად იქცევა.
დღეს უკვე ტარდება კერამიკის მასტერკლასები და იგეგმება ხელნაკეთი ნივთების სხვა მასტერკლასების დამატებაც. მიზანია, სივრცე გახდეს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ ყვავილის საყიდლად, არამედ დროის ლამაზად გასატარებლად და ახალი გამოცდილების მისაღებად.
ასევე, იგეგმება უფრო თანამედროვე და განსხვავებული ფლორისტიკის კურსების დამატება მათთვის, ვისაც სურს პროფესიულად ან ჰობად შეისწავლოს ეს სფერო ბრენდის ხედვის შესაბამისად.
Noosh Flowers აქტიურად მუშაობს კორპორაციულ მიმართულებაზეც, იღებს კორპორაციულ შეკვეთებს, აფორმებს ქორწილებს, ივენთებსა და სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებს. ეს მიმართულება სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, დაიხვეწოს და გაძლიერდეს.
უახლოესი ერთი წლის მიზნები მკაფიოა: სივრცის განვითარება, როგორც კრეატიული ჰაბის, მეტი კოლაბორაცია, კორპორაციული და ივენთმიმართულების მასშტაბირება, და ბრენდის კიდევ უფრო მკაფიო პოზიციონირება პრემიუმ სეგმენტში.
საბოლოო სურვილი კი ასეთია: როდესაც ვინმეს სტილური, განსხვავებული და ხარისხიანი ფლორისტიკა გაახსენდება, Noosh Flowers ავტომატურად მოიაზრებოდეს.