Get All Access for $5/mo

''ონვეი დელივერის'' 2021 წლის შეჯამება და ახალი წლის გეგმები თამარ გოგოლაშვილი - "ონვეი დელივერის" დამფუძნებელი და დირექტორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წელი ერთგვარად ამოსუნთქვა იყო კორპორაციული სამყაროსთვის. ბევრი სფერო რადიკალურად შეიცვალა, ბევრმა უმნიშვნელო ნიუანსებს სახე უცვალა საიმისოდ, რომ მომხმარებლის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა და მის ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.

ENTREPRENEUR დაინტერესდა, რა ასწავლა 2021-მა წელმა ქართულ კომპანიებს, რა საკითხები გადააფასებინა და რაზე შეახედა განსხვავებული კუთხით.

ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება "ონვეი დელივერის" დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ გოგოლაშვილმა გაგვიზიარა:

2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკური ბაზრის გასაძლიერებლად. არსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლებს შესყიდვების ელექტრონულად განხორციელებისკენ უბიძგა. მრავალთვიანი "ლოკდაუნების" ფონზე, ელექტრონული შესყიდვების კულტურა ქართველ მომხმარებელში დარჩა და დღეს ეს ბაზარი უკვე სტაბილურად ვითარდება. ვინაიდან "ონვეი დელივერის" ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ყოველთვის წარმოადგენდა ელექტრონული კომერცია, ამ ბაზრის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახა ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვნად გაფართოებაზე.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "ონვეიმ" ეს შესაძლებლობა საუკეთესოდ გამოიყენა. 2020 წელს მიუხედავად ბაზრის არნახული ზრდისა, ჩვენმა გუნდმა შეძლო და ფაქტობრივად ფორსმაჟორულ რეჟიმში მოერგო ახალ რეალობას. 2020 წლის გამოცდილებამ საშუალება მოგვცა 2021 წელი გაცილებით უკეთ დაგვეგეგმა, გაგვეთვალისწინებინა ყველა შესაძლო დაბრკოლება და ყველა პრობლემა გამოწვევად გვექცია. ასე დავიწყეთ კომპანიის თითოეული განყოფილების აუდიტი და ეტაპობრივად სრულად განვაახლეთ და დავხვეწეთ ბიზნესპროცესები. გავზარდეთ კადრები, მათი კომპეტენციები, გავზარდეთ ფილიალების რაოდენობა მთელ საქართველოში და გავაუმჯობესეთ ჩაბარების ვადები, რაც საფოსტო-საკურიერო კომპანიისთვის უმთავრესია. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა კი საახალწლო პერიოდში ჩავაბარეთ, როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილ შეკვეთებს სრული საოპერაციო მზადყოფნით შევხვდით. საბოლოოდ, 2021 წელი მნიშვნელოვანი ზრდით დავხურეთ − როგორც გზავნილების რაოდენობის, ასევე ხარისხობრივი და პროფესიული მიმართულებით.

2021 წელს "ონვეის" მთავარი გამოწვევა იყო ერთდროულად საოპერაციო და ფინანსური ეფექტიანობის მიღწევა. მოულოდნელმა ზრდამ კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ჩვენი გუნდი დადგა ამოცანის წინაშე: შეგვემცირებინა საოპერაციო ხარჯები, თუმცა ამავდროულად უნდა აგვემაღლებინა მომსახურების ხარისხი. ამ გამოწვევის დასაძლევად "ონვეის" მთელი გუნდი გავერთიანდით. ჩავატარეთ შიდა აუდიტი, შევისწავლეთ ფინანსები და ბიზნესპროცესები; შედეგებიდან გამომდინარე კი გავატარეთ არაერთი რეფორმა, რომელმაც საბოლოო ჯამში გაზარდა კომპანიის ეფექტიანობა და თანამშრომლების კეთილდღეობა.

ჩემი აზრით, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, ელექტრონული კომერციის განვითარების შეუქცევად პროცესს მისცა ბიძგი. დღეს მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის ელექტრონულად პროდუქციის შეძენა ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელთან შედარებით, გასულ წელს ზრდა შედარებით შენელდა, ეს ინდუსტრია ძალიან სტაბილურად ვითარდება და როგორც კვლევები გვიჩვენებს, ახლო მომავალშიც განაგრძობს ზრდას. ამ ბაზრის ზრდასთან ერთად, ონლაინ მაღაზიებიც აფართოებენ პროდუქციის ასორტიმენტს და ხვეწენ მომსახურების ხარისხს. ჩემი აზრით, რაც უფრო ხარისხიან მომსახურებას მიიღებს მომხმარებელი ონლაინსივრცეში, მოთხოვნა ამ ინდუსტრიაზე კიდევ და კიდევ გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ლოგისტიკურ სერვისებზე.

პანდემიის პერიოდში, გზავნილების ზრდასთან ერთად, დავინახეთ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ "ონვეი" დაარსების დღიდანვე იყენებდა საერთაშორისო ლოგისტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას, მისი ფუნქციონალი ბევრ ჩვენს ბიზნესპროცესს ვერ ფარავდა. აქტიურად დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და მალე ეს გადაწყვეტა იქცა ჩვენს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად.

"ონვეიმ" სამუშაო პროცესში სხვადასხვა კომპანიისათვის განსაკუთრებული სერვისები შევქმენით. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შევქმენით სრულიად ახალი ფუნქცია − თითოეულ "თრექინგზე" მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ოფიციალური ცნობა და მიიღოს ის ციფრულ ფორმატში. პროცესი იმგვარად არის აწყობილი, რომ ამ ცნობის წარდგენა კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოშიც შეუძლია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბაზაზე, რომელშიც სასამართლოს წარმომადგენელი ცნობის ავთენტურობას პირადად გადაამოწმებს.

2021 წლის მთავარი სიახლე ახალი ქართული საფოსტო-საკურიერო "სოფტია", რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით და დღეს ის უკვე "ონვეიში" ინერგება. ასეთი პროგრამის შექმნის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. წლები ვაგროვებდი გამოცდილებას ლოგისტიკისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებით, პანდემიის პერიოდი კი ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა პროექტის დასაწყებად. მთელი წლის მუშაობის შემდეგ, ახალი სოფტის დანერგვა 2021 წლის ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორ კომპანიას, რომლებმაც ამ პროგრამის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა და მოგვცეს საშუალება უფრო მეტი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ახალი, დახვეწილი ფუნქციონალი.

დღეს, "ონვეის" ახალ საკურიერო პლატფორმაზე დარეგისტრირება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. რა ფუნქციონალი დახვდებათ მათ აქ? − შეკვეთის ან შეკვეთების ონლაინრეგისტრირება, გზავნილების მოძრაობის სრული მონიტორინგი, აღებისა და ჩაბარების ვადების გამოთვლა და მომხმარებლებთან ავტომატური შეტყობინებების დაგზავნა, დეტალური ფინანსური ანგარიში, რაც განსაკუთრებით ინტერნეტმაღაზიებისთვის იქნება ხელსაყრელი, სტატისტიკის მოდული და სხვა მრავალი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ინტერნეტმაღაზიებთან ინტეგრაცია. ინფორმაციის ავტომატური გადაცემა ორივე მხარეს მნიშვნელოვან ადამიანურ და დროით რესურსს გვიზოგავს.

მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემთვის, პანდემია იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ რა სირთულის წინაშეც უნდა იდგეს ადამიანი თუ კომპანია, აუცილებლად უნდა განაგრძოს მოძრაობა და განვითარება. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა 2022 წელს − განვაგრძოთ დაწყებული საქმე, განვავითაროთ და გავზარდოთ ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით, ვიმუშაოთ ახალი "სოფტის" დახვეწაზე, მისი ფუნქციონალის გამრავალფეროვნებაზე და ლოგისტიკური სფეროსა და ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის განვითარებაზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას