ორი ქართველი ანტრეპრენერის NFT-სტარტაპმა - Rarify $100-მილიონიანი ვალუაციის ინვესტიცია მოიზიდა სტარტაპის ტექნოლოგიური გუნდის უმეტეს ნაწილს უკრაინელები შეადგენენ, რომლებიც ამ დრომდე, უკრაინის ტერიტორიაზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას
By არჩილ გელაშვილი •
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ორი ქართველი ანტრეპრენერის NFT-სტარტაპმა Rarify, A საინვესტიციო რაუნდზე $12 მილიონის მოზიდვა მოახერხა, $100 მილიონიანი ვალუაციით, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Pantera Capital-ისგან, რომელიც ერთ-ერთი პირველი კრიპტომიმართულებაზე ორიენტირებული ფონდია. Pantera-ს ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია Rarify-ის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც NFT-ების შექმნასა და გაყიდვას ამარტივებს.
„ჩვენი მიზანია გავამარტივოთ ეს პროცესი დაახლოებით ისე, როგორც Square-იმ გაამარტივა გადახდების მიღება", − აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი რევაზ წივწივაძე, − „დღეისათვის უმსხვილეს NFT-პლატფორმაზე OpenSea შეღწევა 14-ნაბიჯიანი პროცესია, რომლის ჩამოყვანა სულ რაღაც სამ ეტაპამდე გვსურს". Rarify-ში მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ ისინი შექმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას NFT-ის საინვესტიციო ღირებულების შესაფასებლად, რომელიც დღემდე ვოლატილური და დაურეგულირებელი აქტივის კლასად რჩება.
კომპანია Rarify-ის თანადამფუძნებელი, ქართველი რევაზ წივწივაძე გახლავთ, რომელიც ხუთი წელი კომპანია Shutterstock-ის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Shutterstock-მა ხელი მოაწერა Rarify-ის ტექნოლოგიის ტესტირების შესახებ ხელშეკრულებას. საწყისი რაუნდის ინვესტიციის მოცულობამ $3 მილიონი შეადგინა და მასში მონაწილეობა კომპანიებმა − Greycroft და Einac Ventures მიიღეს.
Rarify-ის 14 თანამშრომლიდან 4, მათ შორის ტექნიკური დირექტორი და მთავარი ინჟინერი, ამ დროისთვისაც უკრაინაში რჩებიან, სადაც საომარი ვითარების დაწყებამდეც ცხოვრობდნენ. კომპანიის მეორე ქართველი თანადამფუძნებელი − ლაშა ანთაძე აგრეთვე უკრაინაში ცხოვრობდა, თუმცა ქვეყანა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
ანთაძის თქმით, უკრაინაში დარჩენილ თანამშრომლებთან კავშირის დამყარება ომის პირობებში საგრძნობლად გართულდა. „ისინი ამ დროისათვის უკრაინის ორ უმსხვილეს ქალაქში − კიევსა და ხარკოვში იმყოფებიან, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილებს წარმოადგენენ", − განმარტავს ლაშა ანთაძე.