ორიონი - ბრენდი, რომელიც მოგონებებს ორიგინალურ სამკაულებად აქცევს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხმის ფიქსაცია, ემოციის შენახვა და მის სამკაულად ქცევა - ასე გაჩნდა "ორიონი". ბრენდი, რომელიც უკვე მეხუთე წელია, მომხმარებლებს სთავაზობს, ხმოვანი ჩანაწერები, ფოტოსურათები და ძვირფასი მოგონებები ორიგინალურ სამკაულებად აქციონ.

"მთელი ცხოვრება მიყვარდა ძვირფასი ადამიანებისთვის სიმბოლური საჩუქრების ჩუქება. მინდოდა შემექმნა ნივთი, რომელსაც საჩუქრის ადრესატი სულ თან ატარებდა და თან მნიშვნელობის მატარებელიც იქნებოდა", - იხსენებს ბრენდის დამფუძნებელი, მარიამ სუჯაშვილი.

პირველი ჩანაწერი, რომელიც სამკაულად იქცა, თავად მარიამის ნათქვამი სიტყვები იყო: "შენთან ერთად დაგროვებული მოგონებები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია". იდეა გარშემო მყოფებს იმდენად მოეწონათ, რომ მალე მარიამ სუჯაშვილმა ინტერნეტში საცდელად გვერდიც შექმნა. ინტერესიც დაუყოვნებლივ გაჩნდა, და ამ დღიდან "ორიონმა" არაერთი უნიკალური ნივთი შექმნა.

თავდაპირველად ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილი იყო - ემოციური კავშირისთვის ფორმის მიცემა. თუმცა ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ეს იყო საჭიროება, რომელსაც ადამიანები ეძებდნენ: შესაძლებლობა, გახდეს ხმა, მოგონება ან მცირე ფრაზა სამახსოვრო სიმბოლო, რომელიც თავად ან მათ საყვარელ ადამიანებს მუდამ თან ექნებათ.

"ხშირია შეკვეთები შეყვარებულისთვის, დედისთვის, მეგობრისთვის. ასევე, გვხვდება ემოციურად ძალიან რთული შეკვეთები, როცა მომხმარებელი გარდაცვლილი ადამიანის ხმას ინახავს სამკაულზე", ამბობს "ორიონის" დამფუძნებელი.

აქსესუარის მეშვეობით ხმოვანი ან ვიზუალური მასალის შენახვა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მომხმარებელში. ეს ტექნოლოგიასა და ნაკეთობების დიზაინს აერთიანებს.

მაგალითად, აქსესუარზე QR-კოდია ამოტვიფრული და მისი დასკანერების შედეგად შესაბამის ხმას მოვისმენთ ან ფოტოს ვიხილავთ. სწორედ ხმოვანი კოდის სამკაულზე გრავირება იქცა ბრენდის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეტაპად. თავდაპირველად მომხმარებლები ხმოვან კოდს სტიკერის სახით იღებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათ თავად მოითხოვეს კოდის სამკაულზე გადატანა.

"პრაქტიკულად ერთი წელი დამჭირდა ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიე შედეგს - სამკაულზე კოდის გრავირება შევძელი".

ბიზნესის დაწყება მარიამისთვის მარტივი არ ყოფილა. ის კორონას პირველი ტალღის პერიოდს დაემთხვა - მაშინ არც სტაბილურობა არსებობდა და არც გარანტია, რომ ინოვაციური იდეა გაამართლებდა.

"არ მქონდა არანაირი განათლება ბიზნესის მიმართულებით. მიწევდა მთელი ღამე მეძებნა და მეკითხა საჭირო ინფორმაცია. თუმცა ნელ-ნელა პრაქტიკით ყველაფერი ვისწავლე და ყველაფერი გამოვიდა", - გვიყვება მარიამი.

გარდა ტექნიკური სირთულეებისა, მარიამ სუჯაშვილს ხშირად უხდებოდა სტერეოტიპებთან, განსაკუთრებით კი გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება.

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენს გამოვიმუშავებდი - ხშირად მამაკაცებისგან ირონიულ დამოკიდებულებას ვაწყდებოდი, როცა ვამბობდი, რომ ბიზნესი მქონდა", - იხსენებს მარიამი.

საბოლოოდ სწორედ ეს დამოკიდებულება იქცა მისთვის დამატებით მოტივაციად და დღეს წარმატებული ბიზნესი აქვს.

"საკუთარი თავისთვის მუშაობა ფასდაუდებელი საჩუქარია. ვისწავლე, რომ თუ მზად ხარ არ დაზოგო თავი, შედეგიც აუცილებლად იქნება. მჯერა, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. მჯერა, რომ ქალებს იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ამას საზოგადოება გვაჯერებს. არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს. ყველაფერი გადალახვადია, თუ სათანადო ენერგიას ჩადებთ ამაში", - ეს არის მთავარი რჩევა, რომელსაც მარიამი დამწყებ ანტრეპრენერებს, განსაკუთრებით კი ქალებს აძლევს.

ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი შემოქმედებით სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესისთვის, ინსპირაციას დიდი ძალა აქვს.

მარიამ სუჯაშვილისთვის ეს ინსპირაცია ყოველთვის ადამიანები არიან - მათი ემოციები, ურთიერთობები, განცდები.

"ადამიანური სიყვარული, სევდა, ბრაზი - სწორედ აქ ვეკვეთებით ერთმანეთს. ემოციები ისაა, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. და მე მიყვარს ადამიანები, მათი ნაკლითა და ფასეულობებით", — ამბობს "ორიონის" დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე "ორიონს" უკვე აქვს პირველი სტენდი "თბილისი მოლში" და მომავალში კიდევ ორის დამატებას გეგმავს.

ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი კი ცვალებადი შინაარსის სამკაულის შექმნას უკავშირდება - სამკაულის, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ ისტორიებს შეითავსებს.

"წარმოიდგინეთ სამკაული, რომელზეც დღეს თქვენი ქორწილის ვიდეოა ჩაწერილი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მას თქვენი შვილის პირველი სიტყვები ემატება. შემდეგ - პირველი ნაბიჯები, სკოლის პირველი დღე...

ეს იქნება ნივთი, რომელიც არა მხოლოდ ერთ ძვირფას მომენტს, არამედ მთელ ცხოვრებას მოუყრის თავს", - მარიამ სუჯაშვილი.

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი